ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 ოქტომბერი, 2020


ვამაყობ!

„ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს, და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი, საქვეყნოდ ვაცხადებთ: კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს“.

ეს ივერიელთა ერთობის ტრაქტატის შინაარსია. ივერიელთა ერთობის ტრაქტატი პატრიარქის ინიციატივით გამოვიდა 2009 წლის ოქტომბერში. ჯერ სვეტიცხოველში იყო წარმოდგენილი, ხოლო ერთი წლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო ხელის მოწერა, პატრიარქი საზოგადოებას ტრაქტატის ხელმოწერისკენ მოუწოდებდა. ბევრმა მოაწერა ხელი. ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მეც მაქვს ხელი მოწერილი, ვამაყობ!

ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:

,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.

გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.

მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ფიცი

ვფიცავ, ჩემს ქართულ ხასიათს,
ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას,
დიდგორს, შამქორს და ბასიანს,
ცრემლშეუშრობელ რიწას.

მანდილს - ქართველი ქალისას,
სიყვარულივით წმინდას,
გოგლას უმწიკვლო მარიტას,
ფხოვს, ჩარგალს, სტეფანწმინდას.

ვფიცავ, მთაწმინდის მთვარეს,
ნაციონალურ ცეკვებს,
ვაჟას შვლის ნუკრის თვალებს,
ალგეთში დაზრდილ ლეკვებს,

რომ სანთელივით იწვის
მკერდქვეშ მართალი გული,
ესმის ყივილი მიწის,
უსმენს სულგანაბული.

გულწრფელ სტრიქონებს ვუწერ
მე ცხრა აპრილის გმირებს,
დედას, რომელიც ურწევს
აკვანს პატარა შვილებს.

ვფიცავ, სიმღერას გედის,
დედის სამარეს წმინდას,
ღუღუნს მშვიდობის მტრედის,
გრემს, გელათს, ნიკორწმინდას,

რომ უთქმელადაც მიყვარს
ყველა მამულიშვილი,
აქ ნათქვამ არც ერთ სიტყვას
არ მიადგება ჩრდილი.

ოთარ რურუა

2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები