ნაწარმოებები



ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2020


სხვის მაგივრად დაწერილი ლექსი



მე ის ქალი მიყვარდა შენში,
ყოველ დილით ობლის კვერივით ნაფერებ სითბოს რომ მაყოლებდა
კარიდან გასულს.
საღამოობით კი დაღლილ სხეულზე
დედის თავშალივით სიმშვიდის სუნიან
ალერსს მახვევდა,
არ შემიცივდესო.
მე ის ქალი მიყვარდა შენში,
სიყვარულგაჯერებული თვალებით რომ მინათებდა
სავალ გზას,
ფეხი არსად წამოკრას და არ წამექცესო,
უბეში შეყუჟულ ორ წყვილ თვალს
მთრთოლავი თითებით ეფერებოდა
და ჩემს სიყვარულს ასწავლიდა.
ჰო!
მე ის ქალი მიყვარდა შენში...
რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ
დაუნანებლად მოვკალი,
ჯვარს გავაკარი და სამუდამო ტკივილი მივუსაჯე.
მე ახლა მკვლელი ვარ...
შენ კი,
ლამაზსხეულიანი და ტკივილგახელილთვალებიანი
ჩემი ქვრივი ცოლი,
რომელიც სასთუმალთან აღარ მიწყობს
თითებს მოსაფერებლად,
კარის ზღურბლთან აღარ მხვდება
თბილი ღიმილი,
მე ვერ დაგიწყე თბილ კალთაში ბეგონიები...
და ახლა,
შენს მხარმოტეხილ სასთუმალთან ფესვები ჩაეზარდა
მარტოობას, შენს ერთგულ მეწყვილეს.
და ახლა ყოველ დილით
შენი მსუბუქი ნაბიჯებით
თავდახრილი მიუყვები გზას,
რომელიც აღარასდროს მოგიყვანს ჩემთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები