ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2020


ეცადე

როცა სიტყვები მნიშვნელობას დაგვიკარგავენ,
ამოვა მთვარე, სავსე მთვარე, სავსე და ლურჯი,
რაღაც მთავარი სულ მარტივად დაგვავიწყდება.
ასეც არ იყოს, კროსვორდივით, თქმა უნდა, ურჩი
ფერია, ჩვენ კი საორჭოფოდ გვექნება საქმე.

ვუსმენ ალბომებს მოპოეტო ესპანელ მწერლის.
ქუჩა ისეთი მარტივია, ქუჩა სადაა.
და ვინაიდან და რამეთუ ბალახზე ვწვები
და ვინაიდან და რადგანაც მე მიყვარდა სხვა
ქალი, საპფოსებრ ცნობიერი მეტასტაზებით.
ვეუბნებოდი - მელამაზება შენი აქცენტი, ფრანგული ოდნავ.

ძირს დავარდნამდე ქალებს მუდამ ჰაერი იჭერთ.
მის თვალებში კი არაბული ღამე ყვაოდა
და ერთნაირად ადარდებდა მთვრალებს და ბიჭებს.

ჩემი ხელების
ჩემი თითების
ჩემს თვალებამდე
მანძილში დიდი ჩიტები წვანან.
ის ამბობდა, რომ ძალზე უნდოდა
თოვლში სირბილი. მეც წამიყვანა.

როცა ხდებოდნენ ასე სიზმრები, როგორც ფაქტები მოისტორიო,
მე დავიშალე, მის ხელებს დავრჩი, როგორც ქურუმს ან კრემატორიუმს.

მას სხვანაირად ესმის ფიზიკა და ქიმიური ელემენტების
სახესხვაობით შენაერთებში იპოვა ჩემი პარამეტრები.

ახლა ქარია და ჩემში ვიღაც
ამ გაუგონარ მუსიკას უკრავს.
ახლა ქარია და ქარის მხარეს მთვრალი უსხედან ძმები სხვა სუფრას.

როგორ წავიდე, როცა მარტო ვარ. როცა სივრცეში დარჩა ხმაური.
როცა სიზმრები არტისტულია. გაღვიძებები - სულ უცნაური.

აღარც თვალები ყვებიან მითებს. აღარც ტუჩები იორთქლებიან.
ვზივარ. ვეწევი და ჩემი ღამე
თითქოს პაოლოს ტრიოლეტია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები