ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 ნოემბერი, 2020


ოპოზიციის შეცდომათა კანონზომიერება

      ოპოზიციის შეცდომათა კანონზომიერება
დავიწყოთ იმით, რომ ჯერ შევაფასოთ ცნობილი გამონათქვამი: ,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, რომელსაც უმეტესი ჩვენთაგანი გაუცნობიერებლად, დაფიქრების გარეშე იყენებს საუბარში ან მოქმედებაში.

ეს სიტყვა - ბრძოლა, ზოგადი ხასიათის ქმედება არ გახლავთ და ის კონკრეტულ დაპირისპირებას გამოხატავს, რომელსაც მინიმუმ ორი ან რამდენიმე მხარე წარმოადგენს, მაგრამ გამარჯვებული ყველა ვერ იქნება, ბრძოლას დამარცხებულიც ჰყავს. ამასთან ზოგჯერ ისეც ხდება, რომ წაგება წინასწარ არის შესამჩნევი, თვალნათლივ დასანახი.

ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე დაპირისპირებული მხარე მოუმზადებელია. არ გააჩნია შესაბამისი აღჭურვა, ტექნიკური საშუალებები, ფინანსური და ინფორმაციული უზრუნველყოფა და სხვ.
ე.ი. გვხვდება ისეთი შემთხვევაც, როცა რომელიმე მხარე იმთავითვე უშვებს საკუთარი დამარცხების შესაძლებლობას ... მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ბრძოლას? არავითარი და იგი უფრო ავანტურაა, ვიდრე წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობა.

მაშასადამე ბრძოლა ყოველთვის არ არის გამართლებული და ასეთ შემთხვევაში ასარჩევია სხვა ტაქტიკა. ვთქვათ მოლაპარაკებით დროის მოგება და სათანადოდ მომზადება ან ,,ერთი ნაბიჯი უკან“.
ამიტომ, ვინც გამართლებულად მიიჩნევს ნებისმიერი სახის ბრძოლას, ან ავანტურისტია, ანაც ბეყე. ბრძოლას იგებს ის, ვინც ამისთვის კარგად მოემზადება. ხოლო აზრი აქვს თუ არა მას, ამას კი გამარჯვება განსაზღვრავს, თუმცა ბრძოლის მუდმივად წარმოების მომხრენი განმარტავენ, რომ იგი აწრთობს ადამიანს და დამარცხების სიმწარე, გამარჯვებას უახლოებს.
ეს შეიძლება ასეც იყოს იმ მომენტამდე, ვიდრე ბრძოლის რაღაც, თუნდაც მცირე რესურსი მაინც გაგაჩნია, მაგრამ მუდმივი ბრძოლის თანმდევი პროცესი დასუსტებაა, რესურსებისა და შესაძლებლობების უნიჭოდ ფლანგვა. რესურსებში კი პირველ რიგში ადამიანური ფაქტორი იგულისხმება, რომელიც ამოწურვადია, თუმცა თუ ამ უკანასკნელს, ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს მიაჩნდათ, გამოვრიცხავთ და მას სტატისტიკურ სიდიდეში გადავიყვანთ, მაშინ ბრძოლას აზრი ნამდვილად ექნება, ოღონდ რის ხარჯზე? აი ეს გახლავთ საკითხავი. იგი უბრალოდ დროში გაიწელება და მაინც დამარცხებამდე მივა. ასე დაემართა რომის იმპერიას, ის გერმანულმა ტომებმა კი არ დაამხვეს, არამედ თავად რომაელებმა, საუკუნეების მანძილზე წარმოებული მუდმივი ომებით.

თითქოს ფრანკების ტომისთვის მუდმივ ბრძოლას აზრი კი ჰქონდა, მაგრამ აღარ ჰქონდა იმ ათეულობით ტომისთვის, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით გაქრნენ და მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე შემორჩნენ. მათი ,,ნაოფლარი“ სხვამ, ამ შემთხვევაში ფრანკებმა დაისაკუთრეს.
კიდევ ერთიც. ჩვენი დიდი მეფენი არასდროს იბრძოდნენ უაზროდ. აღმაშენებელმა დაიწყო ისეთი ბრძოლების გამართვა, რომლებიც მას იმ ლოკალურ დროსა და სივრცეში მოუტანდა გამარჯვებას, ხოლო თბილისზე გალაშქრება იმ მომენტამდე ,,შემოინახა“, ვიდრე ფეხზე არ დააყენა მამული. დემეტრე თავდადებულსაც შეეძლო ბრძოლის გამართვა, მაგრამ სათუო დაპირისპირებას საკუთარი თავის გაწირვა ამჯობინა.
ჩემი აზრით ოპოზიცია სწორედ ამგვარად იქცევა. მუდმივი ბრძოლის ,,კატეხიზმოს“ აღიარებს. სანახევროდ ემზადება ნებისმიერი ბრძოლისთვის, რომელსაც მუდამ ,,დიდგორად“ აცხადებს და სანახევროდაც იმარჯვებს. სწორად არ ესმით  ,,პოლიტიკური ბრძოლის“ არსი, რომელიც სხვა ბრძოლებისაგან სპეციფიკურობით გამოირჩევა.

რაში გამოიხატება მისი სპეციფიკურობა ანუ თავისებურება? ... აი, რაში: 
   
პოლიტიკის იარაღი ბოროტებაა, თავად პოლიტიკა ბოროტების ბუდეა. პოლიტიკაა ყველაფერი ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, რაც მომხდარა და აწი მოხდება.

ადამიანის გაჩენის საწყის ეტაპზე, სამოთხეში უხსენებლის მიერ ევას ცდუნებაც  პოლიტიკა გახლდათ. სატანის პოლიტიკა, რომელსაც არ აწყობდა ედემის ბაღში გამეფებული იდილია. ლეღვის ჩრდილქვეშ ,,წამოგნარული“ ადამის მუდმივად ხილვა. იმ აზრთან შეგუება, რომ მისი ,,მეუფება“ არავიზე და არაფერზე არ ვრცელდებოდა და არც არსადროს გავრცელდებოდა. მას რაღაც უნდა ეღონა, რათა შემოქმედსა და ადამს შორის (ადამიანსა და ღმერთს შორის) არსებული სულიერი დამოკიდებულება, როგორმე დაერღვია, შექმნილი სიტუაცია საკუთარ კონტროლს დაექვემდებარებინა ... იღონა კიდეც ...
სატანის ცდუნება რომ არა, ადამიანი სამოთხეში დღესაც მხარ-თეძოზე წამოწოლილი ინებივრებდა და ხილულ სამყაროს ვერასდროს იხილავდა.

  პატივცემულო მკითხველო!   

  სამოთხიდან გამოძევების შემდეგ, ადამიანმა ,,სისხლში ამოსვრილი“ ხელებით დაიწყო ცხოვრება. კაცობრიობის მაშინდელმა ერთმა მეოთხედმა - კაენმა, მოკლა მეორე მეოთხედი - აბელ.

და ესეც პოლიტიკა  იყო! ... პოლიტიკა, რადგან კაენის მიერ: ,,არცა მართლად გაყოფილი და არცა მართლად შეწირული“ ძღვენი საბაბი აღმოჩნდა შურისა და შემდგომ ,,სისხლისა“, იმიტომ, რომ მის სხეულში შემოქმედის მარადიულ სულთან ერთად უკვე თანაარსებობდა სატანის ბოროტი ,,გენიც“, რომელსაც ხელეწიფებოდა ადამიანის სულში ,,ხელების ფათური“.

  მაშ, კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობის გარიჟრაჟზე ადამიანთან ერთად იშვა რაღაც ირეალური, საოცრად მოქნილი და სიცოცხლისუნარიანი მიმდინარეობა, რომელიც მის ყოველდღიურ ყოფიერებაში პოლიტიკის სახელით შევა. ის თავის არსენალში შურს, მზაკვრობას, გაუტანლობას, მტრობას და კიდევ ბევრ სხვა უბედურებას გააერთიანებს და ამასთან ადამიანს საოცარ შესაძლებლობებს შესთავაზებს, ოღონდ უანგაროდ, უცერემონიოდ, გულღიად და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რითაც მისი ცხოვრების წესის განმსაზღვრელი შეიქმნება. ასე გახდება იგი პოლიტიკა,  HOMO SAPIENS-ის’ მარადიული ტანდემი და გონითი შესაძლებლობების გზის მანათობელი.

  მანამდე კი კაენი, ქვეცნობიერად თუ ,,ცნობიერად“ (გააზრებულად) გეზს უჩვენებს ჯერ კიდევ  ,,უცნობ პოლიტიკას“ და მომავლისკენ ჯიუტად ,,მზირალს“ გზას დაულოცავს, თუმცა პოლიტიკა მარტო ამას არ იკმარებს და როგორც ცოცხალი ორგანიზმი, არსებობისათვის სასიცოცხლო სივრცეს მოითხოვს. მოითხოვს და მიიღებს კიდეც, ადამიანი უყოყმანოდ დაუთმობს თავის საცხოვრისს, პლანეტა დედამიწას.
  დღევანდელი ,,გადასახედიდან“ უკვე ძნელია იმის განსაზღვრა თუ რა სჯობდა, სამუდამოდ სამოთხეში დარჩენა თუ ბოროტების შეცნობა. თუმცა, არ იქნებოდა ეს უკანასკნელი, მაშინ ადამიანი ვერასდროს იხილავდა მატერიალურ სამყაროს, ვერასდროს შეძლებდა სიცოცხლით ტკბობას.

  ასე გადაიხლართა ერთმანეთში სიკეთე და ბოროტება, რომელთა ჭიდილიც ,,დასასრულამდე“ გაგრელედება, კაცობრიობის არსებობის დასასრულამდე. ამიტომ ჩვენთვის უკვე ,,ერთი ჭირია“, ბოროტებაა პოლიტიკის იარაღი თუ პირიქით, ამით ადამიანის ცხოვრების წესი არ შეიცვლება.
  რა არ მოიგონა ეპოქების მანძილზე HOMO SAPIENS-მა თავისი სახიერის მოსაკვდინებლად,  რა არ მოიგონა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ისე არაფერს გაუმართლებია, როგორც პოლიტიკას, მიზნის მიღწევის უმოკლეს და უტყუარ საშუალებას ... დიახ! საშუალებას!

  პოლიტიკა მართლაც საშუალებაა და არა მიზანი. ის განსაზღვრავს, როგორც კონკრეტული ადამიანის, ასევე ნებისმიერი ერის და კაცობრიობის ყოფიერების ,,ცხოვრების წესს“. მისი ,,დახვეწა“ ადამიანის გონითი შესაძლებლობების დახვეწის პარალელურად ხედებოდა, რითაც ,,გარემოსთან“ ადაპტაცია არ გასჭირვებია. მისმა მოქნილობამ და მასშტაბებმა ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ თანამედროვე ეპოქაში ბოროტების სინონიმადაც კი იქცა.

  პოლიტიკა ღვთიურ კანონებს არ ემორჩილება, ის სულ სხვა სივრცესა და დროში არსებობს, ეს სამყარო არც აბსტრაქტულია და არც მიწიერი, მასში დრო არც მიედინება და არც ერთ ადგილზე დგას. აქ რეალობა სინგულარულია, აზრი კი კოლაფსირებული, მისაღებიც და მიუღებელიც ისეა ერთმანეთში შერწყმული, რთულია მათ შორის ზღვარის გავლება, დასაშვებია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნის მიღწევას ემსახურება, რითაც მიზანი ამ შემთხვევაში ნამდვილად ამართლებს საშუალებას.

  იულიუს ფუჩეკმა ასეთი რამ თქვა: ,,თუ შენ გინდა ახვიდე მაღლა, ადი საკუთარი ფეხით, ნუ მოინდომებ აგიტანონ იქ და ნურც დაჯდები სხვის ზურგსა და თავზე“ (ჩვენებურად ალბათ იგულისხმება კისერზე. მას ქვემოთ ისევ დავუბრუნდებით).

  რა დიდებული შეგონებაა! ... ალბათ უფლის ათი მცნების შემდეგ, ამგვარი ჭეშმარიტება ძნელად თუ უთქვამს ვინმეს, მაგრამ ასევე ძნელად თუ გაუთვალისწინებია ისევ იმ ვინმეს.

  პოლიტიკაში სხვა ზნეობრივი ფასეულობები არსებობს, ,,სხვის ზურგსა და თავზე“ წამოსკუპება ჩვეულებრივი ნორმაა ისე, როგორც გამარჯვების მოპარვა ,,კვანტის დადებით“, სამწუხაროდ მას არ აქვს მკვეთრად გამოხატული ქცევის წესები, მისი მოქმედების არეალი ,,დაუწერელი კანონებით“ განისაზღვრება (,,დაუწერელ კანონში“ რაღაც სამართლებრივი აქტების ერთობლიობა არ იგულისხმება,  არამედ ამ ცნების ჭეშმარიტი არსი, დაფუძნებული სისასტიკესა და ძალადობაზე), რომელსაც ,,ფესვები“ შორეულ წარსულში აქვს გადგმული.

  პოლიტიკა მუდმივ განახლებას განიცდის სივრცესა და დროში, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ყოველი გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ, ,,თამაშის წესების“ დახვეწის ხარჯზე, ის უფრო მოქნილი და ფსევდოცივილიზებული ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე პოლიტიკა ,,გაკეთილშობილებული“ ავანტურაა.

  წავიდა ის დრო, როცა ხელისუფლება ,,ქვაფენილზე ეგდო“ და ,,ამღები“ არ ჩანდა, ასეთ სისულელეს პოლიტიკამ საბოლოოდ უთხრა უარი. ხელისუფლების ხელში აღების შიში წარსულს ჩააბარა.
  ეს გახლავთ ადამიანის საქმიანობის ერთადერთი სფერო, სადაც სიკეთეს ვერასდროს მოიმკით, რადგან ყველაზე კარგ შემთხვევაში, მაქებარიც და მაგინებელიც თანაბრად გეყოლებათ, მიუხედავად იმისა, რომ მაგინებელთა უმრავლესობა შეიძლება თვალით არასდროს გყავდეთ ნანახი.

  პოლიტიკა დიდი ,,ნაგავსაყრელია“, რაც მეტად გაქექთ, მით მეტად აქოთდება. აქ ყველაფერს იპოვით, თვით ,,ხალას ოქროსაც“ კი. მთავარია დროულად შენიშნოთ იგი. თუ შენიშნავთ კარგია, მაშინ არჩევანი ,,ნეხვსა და ოქროს“ შორის მოგიწევთ, ეს კი ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ ...

  მაშ, გაუმარჯოს პოლიტიკას და პოლიტიკოსებს! მათ გარეშე ხომ მოსაწყენი შეიქმნებოდა ჩვენი ცხოვრება? ...  დიახ, მოსაწყენი!

ახლა კი წარმოვადგინოთ ადამიანის ,,საარსებო სივრცის“ იმ ტერიტორიის ერთგვარი დახასიათება, რომელიც იწოდება სახელმწიფოდ.

მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, თავისთავში ძალადობრივ სისტემებს აერთიანებს, რომელთა გამოყენებაც კანონის უზენაესობის აღსრულების მოტივით ხდება და ამ აღსრულებას (ძალადობას) სამართლის და მისი სახელით ახორციელებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელია ძალადობის (დათრგუნვის) მწყობრი სისტემა და შესაბამისი ინსტიტუტები. რაც უფრო გამართული და გამჭვირვალეა ეს სისტემა და ინსტიტუტები მონოლითური, მით უფრო დემოკრატიულია იგი. თუმცა პარადოქსი ის გახლავთ, რომ სახელმწიფო, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, არ შეიძლება დემოკრატიული იყოს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სადაც ძალადობაა, იქ დემოკრატიას არაფერი ესაქმება. ისე, გულზე ხელისდადებით თუ განვაცხადებთ, თვით დემოკრატიაც ფარსია და მირაჟი, რაადგან ის მხოლოდ იდეაში არსებობს, რომელსაც, რაც უფრო ,,უახლოვდებით“, მით მეტად ,,გშორდებათ“, ამას სწორედ დემოკრატიის იდეის აბსურდულობა განაპირობებს, რომლითაც ინიღბება სახელმწიფოში შემავალი ერთი ან რამდენიმე პოლიტიკურ (შეიძლება სოციალურ) ჯგუფთა ინტერესები.

  ეს უაკნასკნელი, როგორც სახელმწიფოს მართვის ჰუმანური და სამართლიანი სისტემა, მაშინ მოქმედებდა, როცა ადამიანი სამოთხეში დროს ნეტარებით ატარებდა. ადამს და ევას არც მეფე ჰყავდათ და არც ნაზირ-ვეზირები, მხოლოდ უზენაესს მორჩილებდნენ და ეთაყვანებოდნენ.

  ამიტომ ვთვლი, რომ მატერიალურ გარემოში დემოკრატია სატანური ძალის მატარებელი ერთგვარი სატყუარაა, რადგან მისი ფუნქცია ძალადობის აღსრულებაა ... თუკი ასეა, მაშინ, რატომ თვლიან მას ,,ზეციდან“ გადმოცემულ სწავლებად? ... მიზეზი მარტივია. დემოკრატია ნამდვილად ,,ზეციურია“, მაგრამ დედამიწაზე მისი მართებული სახით ,,დანერგვა“ ადამიანმა ვერ შეძლო ან არ ისურვა. ადამის მოდგმა ხომ ცდუნებისადმია მიდრეკილი. ძალაუფლებას (ხელისუფლებას) არა სრულქმნისთვის, არამედ სხვაზე ძალადობისთვის (ბატონობისთვის) იყენებს. ეს, რომ უფრო  მარტივად გასაგები იყოს, სხვა კუთხით ერთ საკითხს განვიხილავ.

  შემოქმედმა ათი მცნება გვიბოძა, რომლითაც დედამიწაზე ზოგადად ადამიანის ცხოვრების წესი განსაზღვრა, მაგრამ ჩვენ მას ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ (აქ არ იგულისხმებიან სასლიერო პირები) ან თუ ყურადღებას საერთოდ ვუთმობთ, ცუდად ვუთმობთ, რადგან ჩვენი ცხოვრების ყოველი ახალი დღე, ახალი ცოდვებით იხუნძლება. არადა მათი დაცვა და მართებულად გამოყენება, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს. უფალთან მისასვლელი გზა უფრო მარტივია ვიდრე სატანასთან და ეს ,,სიმარტივე“ რწმენაზე გადის ...

  პირველი სანადირო იარაღის შექმნამ HOMO SAPIENS-ი ზეციურ დემოკრატიას სამუდამოდ დააშორა. მისმა გონმა ,,ქროლვა“ სხვა მიმართულებით დაიწყო, რამაც ფსევდო-დემოკრატიას აზიარა. ის ჯიუტად ეძებდა და ცხოვრებაში ნერგავდა თავისი სახიერის დათრგუნვის, დამონების და თუ საჭიროება მოითხოვდა, მოკვდინების ქმედით საშუალებას. ამ მიზნით ქმნიდა კანონებს, აყალიბებდა და სრულყოფდა  სახელმწიფოს მართვის ინსტიტუტებს, მოქმედებდა  ,,ძმობა, ერთობა, თავისუფლების“ სახელით და ეთაყვანებოდა ბოროტებას ...

სახელმწიფოები იყოფიან ვეშაპებად, ღლავებად და ჭინჭყილებად. ვეშაპები ადგენენ ,,საერთო თამაშის“ წესებს, ღლავები ამ წესებს იღებენ და ისე ირგებენ, როგორც მათ ეროვნულ ინტერესებს სჭირდება, ხოლო ჭინჭყილები არც არაფერს იღებენ და არც არაფერს ირგებენ.

საკუთარი თამაშის წესებით მოქმედების სურვილი რომ არ გაუჩნდეს ,,ლიფსიტას“ (მოდით შევცვალოთ ამ სიტყვით ჭინჭყილა), სწორედ ამისთვის არის მოგონილი სხვადასხვა ,,ბარიერი“, იქნები მორჩილი, გადარჩები. თუ არა და, მოვა ,,თავგასიებული ბუა“ და ჩაგახრამუნებს. მიიღებ რელიგიურ, ეთნიკურ ან სხვა სახის ომსა და რევოლუციას.

  არამგონია ჩვენს პლანეტაზე მოიძებნებოდეს ისეთი ერი, რომელსაც ,,გულს უთბობდეს“ სხვა ერებისა და რელიგიებისადმი ტოლერატული დამოკიდებულება (გთხოვთ, მართებულად გამიგოთ), მაგრამ აბა დააკვირდით, როგორ იქცევიან ,,დიდი ერები“? ყოველმხრივ ხელს უწყობენ ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობათა დაცვას და მათი კულტურის წარმოჩენას. რად ღირს მარტო დავით აღმაშენებლის გახსენება, როგორ ექცეოდა ის თანამოქალაქე მუსლიმებს, რა იდილია სუფევდა, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით ქართულ სახელმწიფოში და ეს დამოკიდებულება, როგორ აისახებოდა ამ სახელმწიფოს ძლიერებაზე?

  აქვე არ შეიძლება ზოგადად არ შვეხო, არატრადიციულ კომფესიათა ექსპანსიის საკითხს ,,ლიფსიტა“ ქვეყნებში, რომელიც ამ ქვეყნებისთვის სერიოზული და საშიში პრობლემა გახლავთ.

  თუ დემოკრატიის ზოგადი პრინციპებიდან ამოვალთ, ადამიანი რწმენაში თავისუფალია. ეს შეიძლება მართლაც ასე იყოს, მაგრამ რწმენის თავისუფლება სხვა ,,რაღაცეებს“ არ ნიშნავს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა შეიძლება შევადაროთ თეთრი ყვავის ცხოვრებას მის ,,შავ“ თანამოძმეთა შორის. თუმცა ადამიანიები უხსოვარი დროიდან მოყოლებული, მუდმივად იცვლიდნენ რწმენას, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ამ საზოგადოებაში ყველაფერი რიგზე არ იდგა. მიუხედავად ზედაპირული შეხედულებებისა, არის თუ არა საზოგადოების ასეთი რელიგიური დიფერენცირება დემოკრატიის გამოვლინების უმაღლესი პრინციპი, მას ჩემი აზრით სხვა ქვეტექსტი და საკმაოდ ფეთქებადი მუხტი გააჩნია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ზემოთ ნახსენები რელიგიური ექსპანსია, ,,საერთო თამაშის“ წესების ნაწილია, დაარღვევ მას, მიიღებ რელიგიურ ომს. ძმა მახვილს აღმართავს ძმაზე და ყველა იბრძოლებს ყველას წინააღმდეგ (სწორედ ეს განასხვავებს მას სამოქალაქო და სხვა სახის ომისაგან) და ყველა კი სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

  ე.ი. საერთო თამაშის წესები ბოროტებაა, რომელსაც ხარკად უნდა შესწიროთ არა კვერცხი და ქათამი, არამედ მზეთუნახავები-ხასებად; მზეჭაბუკები-მეომრებად; გაასხვისოთ მიწა, ბუნებრივი რესურსები, შერყვნათ რელიგია და ეროვნული ცნობიერება ... ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ და თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, მას ,,ჩვენეული ამონახსნი“ უნდა მოვუძებნოთ. სხვა გზა არ არსებობს, რადგან მაშინ ეს ყველაფრის დაკარგვის ტოლფასი იქნება. ხოლო ყველაფრის დაკარგვას, ნაწილის დაკარგვა გვიჯობს. ჰოდა, თქვენ თუ კიდევ იტყვით: ,,დინების საწინააღმდეგოდ ვიცურებ კალმახივითო“!- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, საფლავი უკვე გაგითხრიათ და ეგ არის. არა, თქვენთვის კი არა! ქვეყნისთვის გაგითხრიათ და რას ერჩით ისედაც დაქცეულ ქვეყანას?

  ... ყველაფრის დაკარგვა ჩვენს შემთხვევაში, ერის იდენტურობის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ უნდა მოიძებნოს ამ მრავალუცნობიანი ,,პოლიტიკური განტოლების“ ზუსტი ამონახსნის ქართული ვარიანტი ...
  დადგა დრო, დავსვათ ყველაზე მარტივი  შეკითხვა:

-ვინ ადგენს ამ თამაშის წესებს? ...

- ვინ და, სიკოს ბაბუა კლავდიოზი.

არ მითხრათ ახლა, სიკო ვინ ჯანდაბაა ან კლავდიოზი ვინ ოხერიაო?  ...

  თამაშის წესებს ადგენს ის, ვინც ადგენს ... ჩვენი ვალია ვაღიაროთ ,,დადგენილი“ და ჩვენს ინტერესებს მივუსადაგოთ. ამ სიტუაციაში ერი და ბერი, პოზიცია და ოპოზიცია ერთ აზრზე უნდა იყოს, რათა მტკივნეული პროცესები შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართოს.

  ... ღორმუცელა ისტორია თავის შვილებს ჭამს“. ასე შეჭამა მან ისინი, ვინც შექმნა ეს ისტორია. გადარჩნენ მხოლოდ ,,რჩეულები“, რომლებმაც ,,პოლიტიკის ლაბირინთებში“ გამჭრიახი გონებით შეძლეს  მშვიდობიანად გაღწევა.

  მოდით ახლა და გავიხსენოთ ის, რაც ისტორიის მანძილზე ქართველ კაცს ჭირთათმენით გამოუვლია: ზეობა, თავგანწირვა, ვაჟკაცობა, ღალატი, სიძულვილი, სიყვარული, ,,ერთი ნაბიჯი უკან“, გაუტანლობა, შური და მტრობა ... მიუხედავად ამისა ქედი არსადროს დაგვიდრეკია. ჩვენი ისტორია ფარნავაზს, ვახტანგს, ნინოს, აშოტს, ბაგრატს, დავითს, დემეტრეს, თამარს, გიორგის, ქეთევანს, ერეკლესა და სხვათაც გაუჭედავთ.

  ისტორიის ლაბირინთებში როგორ ვიარეთ, ამის განსაზღვრა არც ისე ძნელია, რადგან გადავრჩით, გაბოროტებული ერი არ გვეთქმის. ჩვენ, ქართველებმა ვიცით რა ვაკეთოთ, მაგრამ არ ვიცით რა არ ვაკეთოთ. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი უბედურების ის დილემა, რომლის გააზრების შემდეგ, ,,სტატუსში“ ავმაღლდებით და კვლავ შევიქმნებით ,,მჭედელნი მსოფლიო პოლიტიკისა“.

მაშ, ასე! მივადექით შემდეგ კომპონენტს, საყოველთაო, თანასწორ და თავისუფალ არჩევნებს... არჩევნებს, რომელიც წარმოადგენს ბოროტების თერმობირთვულ იარაღს. ეს რომ ნამდვილად ასეა, ჩემი გამოცდილებიდანაც კარგად ვუწყი, რადგან წარსულში უამრავ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა.
  რა შინაარსის მატარებელია სიტყვა ,,არჩევანი“? ... ალბათ ამის გახსენება არ გვაწყენდა. ეს არის ის, როცა ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა რაიმეს  არჩევისა, მან ამ სიტყვის არსიდან გამომდინარე, კარგი არჩევანი უნდა გააკეთოს და აირჩიოს წარმოდგენილ მრავალფეროვან ასარჩევთა შორის ყველაზე საუკეთესო. თავმდაბლობა და ზრდილობის გამოხატვა არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში თვთონ არჩევანის არსი აზრს დაკარგავს და ის დაემსგავსება ფსევდოარჩევანს, რომელიც უარყოფითი მახასიათებლით წარმოჩინდება, ხელთ შეგრჩებათ ნაგავი და არა ოქრო. ეს ზოგადი განმარტება ეხება ყველა ე.წ. მიმართულებას, ნივთის  თუ ადამიანის არჩევას.

  სამწუხარო ის გახლავთ, რომ თანამედროვე ცხოვრებაში არჩევანი არა საუკეთესოს პრინციპით, არამედ, ნივთის შემთხვევაში - რეკლამირებითა და ადამიანის შემთხვევაში ფულის მასის რაოდენობის  მიხედვით ხორციელდება. ე.ი. ,,რაც ,,ბრჭყვიალებს“ ყველაფერი კარგია.

  ადამიანის ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც დგება ისეთი მომენტი, რომლითაც განისაზღვრება მისი შემდგომი მომავალი. მთავარია, ასეთ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. არ დაკარგოთ ის ერთადერთი შანსი, რომელიც გიწყალობათ სატანამ, რადგან ერთხელ განცდილი წარუმატებლობა    (ხელმოცარულობა, მარცხი, კრახი, ,,ჯაჭვური რეაქციის“ კვლავწარმოების პრინციპით, ქრონიკულ წარუმატებლობად არ გადაგექცეთ. სატანას წყალობა კი იმიტომ იქნება ეს ყველაფერი, რომ საარჩევნო ბატალიები  არ გახლავთ ღვთიური.

  პოლიტიკასთან წილნაყართ, მოგიწევთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რომელზეც დამოკიდებული იქნება, თქვენი და თქვენი ოჯახის კეთილდღეობა, დიდება, პატივი და ბევრი ისეთი რამ, რომელსაც დარჩენილი უბრალო მოკვდავად, ვერასდროს შეიგრძნობთ. მაგრამ ეს რეგალიები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც პოლიტიკაში წარმატება მოგიტანთ. თქვენ გახდებით HOMO-ს გვარის ძლიერი წარმომადგენელი - HOMO POLITICAN-ი და ხელში დაიჭერთ ძალაუფლების სიმბოლოს -  ჯადოსნურ კვერთხს.

ძალაუფლება ანუ ხელისუფლება კი ნარკოტიკივითაა. რაც უფრო შეტოპავთ, მით უფრო მეტად მათრობელა მოგეჩვენებათ იგი. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, როგორც ნარკოტიკზე, მასზეც დამოკიდებული გახდებით.

  მაგრამ სამწუხაროდ წარმატებას წარუმატებლობაც ახლავს თან. აი, მაშინ ნახეთ არასახარბიელო პერსპექტივა. ისეთ ფსიქოლოგიურ დარტყმას მიიღებთ, ბაწრით ,,სხლის ხეზე“ დაეკიდებით. ამიტომ, გულახდილად გირჩევთ, პოლიტიკიდან თავი შორს დაიჭიროთ ... მაშ, რა აკეთოთ? ... რა ვიცი, რაც გინდათ ის აკეთეთ. თუ გნებავთ მახათს წვერი წაუმახვილეთ!  ...  მაშინ ფანდურზე დაუკარით!
  პოლიტიკაში საქმიანობის წარმატებას არჩევნები განაპირობებს, რომელშიც შეიძლება წარმოდგენილლი იყოთ, როგორც კანდიდატი ან მხარდამჭერი. თუმცა ამ უკანასკნელის სტატსუსით აღჭურვა ბევრს ვერაფერს გარგებთ, მაგრამ ,,ემოციებს“ ნამდვილად აღგიძრავთ.

  ჩემი სიტყვების არსს რომ ნათლად ჩაწვდეთ, მოვახდენ ,,სოციალიზმის ბელადის“ ერთი გამონათქვამის პერეფრაზირებას, რომელიც მიესადაგება არჩევნების ე.წ. ხასიათს, მის ბუნებას: ,,არჩევნები, ოპიუმია ხალხისათვის“!

დარწმუნებული ვარ ამ გამონათქვამის ჭეშმარიტებაში მკითხველთა უმრავლესობას ეჭვიც არ შეეპარება და მოცემულ განსაზღვრებას განიხილავს არა როგორც სატირულ ფრაზას, არამედ, როგორც დიდ უბედურებას, რადგან არჩევნები ზოგადად მართლაც უზღვავი უბედურებაა. მას იმდენი ბოროტება ახლავს თან, რომ ადრე თუ გვიან, მათ აუცილებლად იწვნევთ საკუთარ თავზე. 

  ამიტომ ვიდრე არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მიიღებთ, მნიშვნელობა არ აქვს, როგორც მხარდამჭერი, კოორდინატორი, კომისიის წევრი, შტაბის ხელმძღვანელი თუ კიდევ ათასი ჯანდაბა და მხარში ამოუდგებით რომელიმე კანდიდატს, კარგად დაფიქრდით, ღირს კი თქვენი ჯანმრთელობა, რეპუტაცია და ერთგულება იმად, რომ პატივცემული კანდიდატის დამარცხების ან თუნდაც გამარჯვების შემთხვევაში, საზღაურად მიიღოთ ის, რაც ადამიანისათვის ყველაზე მძიმე ასატანია ... სამი თითის კომბინაცია!  ...  და აი, რატომ? ...

  არჩევნებს დიდი ,,სტომაქი“ აქვს. ბევრი ,,საკვები“ სჭირდება ,,ზეციური მანი-მანის“ სახით. ამიტომ მხარჯავი სუბიექტი ნაკლებად ფიქრობს (ან სულაც არ ფიქრობს) თავისი ქმედების მორალურ მხარეზე. ის ნებისმიერ საარჩევნო პროცესს ,,სოვდაგარის“ (მომიტევეთ, მაგრამ ალბათ უფრო ჩარჩის) თვალით უმზერს და შეფასებასაც შესაბამისს აძლევს: ,, ფული გადაიხადა, საქონელი იყიდა“.

მისთვის ზნეობრივ ნორმებს, ზოგადსაკაცობრიო იდეალებს, ეროვნულ ინტერესებს და ერთგულებას ,,ჩირის ფასი“ აქვს. გაიხსენეთ, თქვენც ხომ ფულით გიყიდათ და გადაიხადა ზუსტად იმდენი, რამდენიც ღირხართ ... არც მეტი, არც ნაკლები ... ეს თქვენ გგონიათ, რომ თქვენში ცოტა თანხა გაიღო ან ბევრი დაცინცლეთ, მაგრამ დამერწმუნეთ, ასე არ არის. ყველამ კარგად უწყის: ,,ჰუ, იზ ჰუ“ და საზოგადოებაში რა რეპუტაციით სარგებლობს (აქ, არის ერთი გამონაკლისი. სახელისუფლებო კანდიდატს უმეტესობა საჯარო სამსახურში მუშაობის გამო ემხრობა  ან ,,ამხრობიებენ“, მაგრამ ესეც, ხომ ფულთან, ანუ ხელფასთან არის დაკავშირებული). 

  ნაყიდი ერთგულება კი მარტის თოვლივითაა, უკვალოდ ქრება. ,,გამყიდველიც“ და ,,მყიდველიც“ ამას კარგად გრძნობს, რადგან პირველს სურს მასში ბევრი გადაიხადონ და მეორეს - ნაკლები გასცეს.
მათი მიზანი არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით, ნამდვილად თანმხვედრადია, მაგრამ განსხვავდება პირადი ინტერესების თვალსაზრისით ... ,,დაფნის გვირგვინით“ შემკული გამარჯვებული კანდიდატის ,,დიდი თავი“ მაშინ ხდება საამაყო მხარდამჭერისთვის, როცა ამ უკანასკნელის მგლური ბუნება (პირდაპირ ვთქვათ, ფულზე მოთხოვნილება) ასე თუ ისე დაკმაყოფილდება, მიიღებს გასამრჯელოსაც და პრემიასაც (,,ასე თუ ისე“ იმიტომ, რომ არ არსებობს ზღვარი, რომლის მიღწევის შემდეგ ადამიანი ფულის რაოდენობით კმაყოფილი დარჩება. ამ შემთხვევაში, მოქმედებს ,,დაუწერელი კანონი“ - რაც მეტი, მით უკეთესი), რადგან კანდიდატის ნებისმიერი მხარდამჭერი თვლის, რომ მას კანდიდატის გამარჯვებაში  ,,ლომის წვლილი“ თუ არა, მისი ნახევარი მაინც მიუძღვის.
 
  როგორ უნდა შეძლოთ მეტი თანხის დაცინცვლა ისე, რომ თქვენი ,,დაღვრილი ოფლი“, ორმაგად თუ არა, სათანადოდ მაინც ‘’დაფასდეს“? ... სრულიად მარტივად, ფასი დაადეთ იმ შრომას, რომელიც არჩევნების პერიოდში უნდა გასწიოთ. ამგვარი გარიგება პრაგმატულია და გამორიცხავს ,,გვერდით მოვლენებს“:  გადაგდებას, ღალატს, უნდობლობას და სხვ.

  ჯამაგირის მოთხოვნისას ნამდვილად გმართებთ ზომიერება. ჭირვეულობა აუნაზღაურებელ ზიანს მოგაყენებთ, ყველაფერს დაკარგავთ. ნუ ,,გაიჭყლიტებით“ ორ უკიდურესობას შორის,  მოძებნეთ ,,აურეა მედიოკრიტასი“, რითაც ბოლოსდაბოლოს მთელის ნაცვლად ნაწილს დაკარგავთ. გაითვალისწინეთ ის, რომ თუ თქვენ არა! ... მაშინ, სხვა მოიძებნება ... თქვენისთანა ციცერონები ხომ ,,ეგერ ყრია ე, ღობის ძირში“! ... არჩევნებს იგებს კანდიდატი, საარჩევნო შტაბთან ერთად და არა ცალკე აღებული რომელიმე წევრი (ამ საკითხს ქვემოთაც შევეხები).

  საარჩევნო პერიოდში სენტიმენტალიზმი და ზნეობრივი ნორმები ,,გვერდზე გადადეთ“, ამ პროცესში ორივე სრულიად უსარგებლოა. საქმეს მიუდექით პროფესიონალურად. მოატყუეთ სხვები, რათა თავად არ დარჩეთ მოტყუებული (ეს ,,კატეხიზმო“ ეხება საარჩევნო შტაბებში შემავალ ყველა პერსონალს. მათი ,,ცინცხალი ტყუილი“ ზოგჯერ კანდიდატისას სჯობს). გამოხატეთ აგრესია სხვების მიმართ, რათა იგივე არ გააკეთონ თქვენს მიმართ. და ა.შ.

  რამდენად მართებულია ამ ,,შეგონების“ სადემონსტრაციოდ, აქ  ბოროტების დოქტორის იოზეფ გებელსის სიტყვების მოტანა, შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ მან ფილიგრანულად ზუსტი განსაზღვრება მოგვცა ,,გემრიელი ტყუილისა“:

,,ტყუილი რაც უფრო დაუჯერებელია, მით უფრო სარწმუნოა“...

  მაშასადამე თუ გსურთ  არჩევნებში წარმატების მიღწევა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი გამონათქვამი, რადგან ,,არჩევნები“  ზოგადად ბოროტებასთან წილნაყარია და ტყუილის გარეშე გამარჯვებაზე ფიქრიც კი უაზრობაა ...

  - აჰ, მომიტევეთ, პატივცემულო სერ! (სენიორა!) რაღაც გინდოდათ, გეთქვათ? ... ტყუილის თქმას ჩვეული არა ხართ? ... მდა-ა!  ... ,,ასე ბოვში არ გეყოლებათ“! ... შეეშვით პოლიტიკას და ამჯერად მახათის ნაცვლად ქვასანაყი მოძებნეთ!

  ო-ო! რა სასიამოვნოა ,,მათრობელა ტყუილის სურნელი“, შეგრძნება იმისა, რომ შენს დაკვრულზე დავლურს უვლიან გაბითურებული ამომრჩევლები ... არ მოერიდოთ არაფერს, დასაშვებსა თუ დაუშვებელს, ნუ აგიჩუყებთ გულს ადამიანური გრძნობები. თქვენ ხომ გამარჯვება გჭირდებათ. მართალია, ალექსანდრე დიდმა კი თქვა: ,,გამარჯვებას არ ვიპარავო“, მაგრამ მან ისიც თქვა: ,,გამარჯვებულს არ ასამართლებენო“ (ისე, შევეშვათ ალექსანდრეს, რადგან მასთან თავის გატოლება დამღუპველია)!

  და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ მეოცე საუკუნის ორი ცნობილი ადამიანის გამონათქვამი. პირველი,  ყველაზე დიდი ,,უხსენებლისა: ,,პოლიტიკა თამაშია, სადაც დასაშვებია ნებისმიერი ეშმაკობა“ და მეორე, ზემოთ ხსენებული იულიუს ფუჩეკისა: ,,თუ შენ გინდა ახვიდე მაღლა, ადი საკუთარი ფეხით, ნუ მოინდომებ აგიტანონ იქ და ნურც დაჯდები სხვის ზურგსა და თავზე“.

  როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში კანდიდატმა და საერთოდ პოლიტიკოსმა, რომელით უნდა იხელმძღვანელოს? ... პირველით? ... კარგია! ... თქვენგან დიდი გაიძვერა დადგება, თუმცა დარწმუნებული ვარ, პროტესტის გრძნობა უკვე გაგიჩნდათ, სად ფუჩეკი და სად ის უხსენებელიო?... მეც მაგას არ გეუბნებით? ... მათი შედარება აზრადაც არ მომსვლია, უბრალოდ შეგახსენეთ, რომ პოლიტიკოსთა უმრავლესობა ფუჩეკივით ფიქრობს, მაგრამ ფიურერივით მოქმედებს ...
 
  ,,მოიპარეთ გამარჯვება“, ნუ შეგაწუხებთ ისეთი ქიმერა, როგორიც სინდისია. ისტორია ამ ქურდობისთვის არ გაგასამართლებთ და არც სანაგვეზე მოგისვრით. სინდისი თქვენამდე უამრავ ადამიანს ჰქონია და დაუკარგავს, თანაც წინა ეპოქებთან შედარებით, დღეს სხვა ზნეობრივი ნორმები მოქმედებს.
  პირიქით, თუ ასე არ მოიქცევით, ისტორია მართლა მოგისვრით სანაგვეზე, მარტო იმისთვის, რომ შესაძლებლობა სათანადოდ არ გამოიყენეთ. არც ბედკრული შთამომავლობა მოგექცევათ პატივისცემით, ამავე მიზეზის გამო.

  ნებისმიერი დონის არჩევნები ძალიან ძვირი ,,სიამოვნებაა“, ამასთან მასშტაბურიც. მასში ჩართულია მთელი ქვეყნის მოსახლეობის წონადი ნაწილი. იხარჯება დიდძალი ფული და ენერგომატარებლები. იხლიჩება საზოგადოება, უკეთეს შემთხვევაში მინიმუმ ორ ნაწილად მაინც. საგრძნობლად ქვეითდება სახელმწიფო-ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობა (მანამდე ხომ თავბდღვირს იყრიან). გეომეტრიული პროგრესიით იზრდება კანონდამრღვევთა რიცხვი, ადგილი აქვს ისეთ ექსტრემალურ პროცესებს, რომელთა პროგნოზირებაც შეუძლებელია.

  ასეთი შეფასების შემდეგ, ალბათ უპრიანია დაისვას მარტივი შეკითხვა: ,,არის კი არჩევნები დემოკრატიის, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვრის ხარისხობრივი მაჩვენებელი?
  ამ კითხვას ორი პასუხი აქვს, დადებითიც და უარყოფითიც, მაგრამ ვერცერთი HOMO SAPIENS-ი ვერ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ არჩევნებმა, როგორც ასეთმა, აღკვეთა ხელისუფლების მიტაცების, მისი უზურპაციის მცდელობა, რადგან არჩევნებში გამარჯვებას განსაკუთრებული ხიბლი აქვს.

  არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკის შერჩევა. საარჩევნო პროგრამა შეიძლება იყოს: წმინდა პოლიტიკური, წმინდა სოციალური, წმინდა ეროვნული და შერეული მიმართულებებისა. სად რომელი და როგორ უნდა იქნას გამოყენებული ეს კანდიდატზე და შტაბის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული. ასე, მაგალითად: ადგილობრივ არჩევნებში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, უმჯობესია აქცენტი სოციალურ პრობლემებზე გაკეთდეს და დანარჩენი ისე წარმოჩინდეს, როგორი მოთხოვნილებაც არის ,,საარჩევნო ბაზარზე“ (ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ტყუილი უნდა აფრქვიოთ?).

  საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის საჭიროა სამი ძირითადი რესურსის მოზიდვა: ფულის, დროის და ადამიანებისა.  ხოლო, რაც შეეხება კიდევ ერთ რესურსს; ,,ექსნახვრეტიან“ წითელ აგურს, რომელიც ,,საზეიმო განწყობისთვის“ დაგჭირდებათ,  კანდიდატმა სახლში უნდა შეინახოს და ,,ცივი ნიავი“ არ მიაკაროს, რადგან წაგების შემთხვევაში, ,,დარდების გასაქარვებელი“, მასზე ეფექტური საშუალება კაცობრიობას ჯერ  არ მოუგონებია (მაგალითად რიყის ქვა თავს გაგიტეხთ და მეორე არჩევნებს ვერ მოესწრებით) ...

  როგორც კი კანდიდატი რესურსებს თავს მოუყრის და სისტემაში მოიყვანს, ამის შემდეგ უნდა შედგეს საარჩევნო კამპანიის გეგმა, რომელშიც ნებისმიერი ნაბიჯი და ქმედება გაიწერება, რამაც გავლენა უნდა იქონიოს შემდგომ გამარჯვებაზე.

  საარჩევნო  გეგმის შემადგენელი ნაწილებია:
  - სტრატეგია და ტაქტიკა;
- პოლიტიკური ნაწილი (საარჩევნო პერიოდში საშინაო და საგარეო პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი);
- ბიუჯეტი;
- გრაფიკი;
- ქელეხი ან ნადიმი (ერთ-ერთი აუცილებლად დაგჭირდებათ);
  გეგმაში უნდა აღიწეროს ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი, რადგან წვრილმან-მსხვილმანი ინფორმაცია ამ შემთხვევაში არ არსებობს. ორივე მსხვილმანია.
  აი, რა ინფორმაციის ფლობაა აუცილებელი:
- მუნიციპალიტეტის მდებარეობა (საზღვრები, რუკა, სახნავი მიწის ფართობი, ბუნებრივი რესურსები, მდინარეები, ტბები, ზღვები, ოკეანეები - თუკი გააჩნია);
- მოსახლეობის რაოდენობა;
- სიმაღლე ზღვის დონიდან (მაღალმთიანი ზონის შემთხვევაში, ყურადღების გამახვილება მათ პრობლემებზე);
- საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა;
- დემოგრაფიული მონაცემები;
- მცირე და საშუალო ბიზნესი;
- არასამთავრობო ორგანიზაციები;
- ამომრჩეველთა რაოდენობა და მათი მონაწილეობის პროგნოზირება არჩევნებში;
- პარტიათა რაიონული ორგანიზაციები. მათი ლიდერები. საარჩევნო შტაბის შემადგენლობა. (სასურველია ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება, ისიც კი, ვინ რამდენჯერ დადის იქ, სადაც ,,მეფენი  თავისი ფეხით დაიარებოდნენ’’);
- ყველა მოწინააღმდეგე კანდიდატის სახელი. მათი რელიგიური აღმსარებლობა, ბიოგრაფია, მაკომპრომიტირებელი მასალები (მექალთანეა თუ მეძავი). მეგობრები, დაახლოებული პირები. სუსტი და ძლიერი მხარეები;
- მუნიციპალიტეტის ცნობილი პიროვნებები,  კოლორიტები;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ხელმძღვანელები, თანამშრომლები;
- ჯანმრთელობის მუნიციპალური პროგრამები, დაფინანსება, მომსახურების ხარისხი;
- შიდა საუბნო-სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობა. მოძრაობის გრაფიკი, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათები. საქალაქთაშორისო გადაზიდვები. ბილეთის ფასი;
- ომის ვეტერანები (ოჯახის წევრები, სოციალური სტატუსი და სხვ.);
- წვევანდელები (ანალოგიური ინფორმაცია);
- კრიმინალური მდგომარეობა (,,შავი სამყაროს’’ დამოკიდებულება კანდიდატთა მიმართ);
- პენსიონერები. მათი პრობლემები (სააფთიაქო მომსახურება და სხვ);
- ენერგომატარებლები (ფასები და სხვ.);
- სახნავ-სათესი მიწები, სასოფლო სამუშაოები (ტრაქტორები, შხამ-ქიმიკატები, გვალვა, წვიმები და სხვა სახის ,,დაქცევა.’’ სტიქიური მოვლენები, დაზღვევა);
- საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. სარეიტინგო გამოკითხვები;
- ახალგაზრდები. მათი გაერთიანებები, პრობლემები;
- სოციალურად დაუცველები. პრობლემები, სტატისტიკური აღწერის შედეგები;
- მშენებლობები, მუნიციპალური და ფედერალური სახსრები;
- განათლება, კულტურა, სპორტი, ტურიზმი, ძეგლთა დაცვა. პრობლემები, პერსპექტივები;
- ადგილობრივი ბიუჯეტი. შესრულება, ხარჯები. განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები;
- დებატები;
- ბაზრები და  ბაზრობები (მოვაჭრეები). ტაქსისტები;
- ეკლესიები და მრევლი.
- სხვა, რა ჯანდაბაც მოგაფიქრდებათ, ყველაფერი;

  მაშ, ასე, ეს ინფორმაცია იმისთვის არის საჭირო, რომ საარჩევნო შტაბმა კანდიდატთან ერთად, აუცილებლად შეძლოს საინტერესო პროგრამის შედგენა, რაზეც აიგება გამარჯვების სტრატეგია. გასათვალისწინებელია უხვი დაპირებების გაცემაც. სიცრუის სისტემატიაზაცია და მოსახლეობაში მათი ,,გაფრქვევის“ დოზირება.

  დაპირება ტყუილის მიმზიდველი ფორმაა, რომელსაც ყველა შემთხვევაში არავინ ასრულებს ან უკეთეს შემთხვევაში, ნაწილობრივ ასრულებს. ამიტომ სიცრუე უნდა იბნეოდეს მარჯვნივ და მარცხნივ ,,ვითარცა ლარი“, რადგან სად არის ამდენი ნამდვილი ლარი? ... კანდიდატი ისეთი ორატორი უნდა იყოს, როგორიც ოსტაპ ბენდერი გახლდათ  ... ,,სინდისის ქეჯნა“ არ გამაგონოთ, ამაზე უკვე შევთანხმდით.
  საარჩევნო კამპანიას იმდენი წვრილმანი ნიუანსი ახლავს თან, რომ მათი აქ განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ დაიმახსოვრეთ მთავარი:

გაეცით დაპირება, დაპირება და კვლავ დაპირება! ... ამასთან ყურადღება მიაქციეთ პირად და ამალის ჩაცმულობას, ტრანსპორტით გადაადგილებას. არ შეიძლება ამომრჩეველთან ძალიან მდიდრული ტანსაცმლით მისვლა, ასე მათ დააფრთხობთ, მაგრამ არც ჩამოძონძილი მისვლა ივარგებს, ასე გააცინებთ. ასევეა ტრანსპორტის შემთხვევაშიც. თუ მოფახფახებული ,,ზაპოროჟეცით“ მიფახფახდებით, იცოდეთ იტყვიან: ,,ამას თავის თავისთვის ვერ მიუხედავს და ჩვენ რას მოგვხედავსო“? ... არც ლიმუზინით მისვლა ივარგებს, ,,ზევიდან მაყურებელი“, ამომრჩეველს აღიზიანებს და სხვ. ასევე სრულიად უადგილოა ხუთი-ათი მანქანით გადაადგილება. საჭირო არ არის ერთ მანქანაში თქვენ იჯდეთ, მეორეში  ,,პაპკა“ გედოთ და მესამეში ცილინდრი.

  ახლა ხომ გასაგებია, რატომ ვუწოდე არჩევნებს ბოროტება? ...

ამას ყველაფერს, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ოპოზიცია არ ითვალისწინებს და ამიტომაც მუდმივად მარცხდება.

პოლიტიკა ასეა მოწყობილი და მას ჩვენ ვერ შევცვლით. როგორი დემოკრატიულოი ქვეყანაც უნდა აიღოთ, ანალოგიური პროცესები იქაც ვითარდება. რა თქმა უნდა მეტ-ნაკლებად.

პოლიტიკური ბრძოლისთვის კარგად უნდა მოემზადო. ერთი თავით მაინც უნდა იდგე მაღლა სახელისუფლებო პარტიაზე და შენი სტრატეგია აგებული უნდა იყოს არა ამაზე: ,,მოვალთ და ყველას კისერს მოგიღრეცთო“! ... რევანშიზმზე, არამედ მიტევებაზე. ეს ერთადერთი დაპირებაა, რომელიც გამარჯვების შემდეგ აუცილებლად უნდა შეასრულო, რადგან ამ უბედურებას თავი ჯერ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ დააღწია.

(გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები