ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
13 დეკემბერი, 2020


ოპოზიცის შეცდომათა კანონზომიერებ (დასასრული)

  ოპოზიცის შეცდომათა კანონზომიერება
                დასასრული)

წინასაარჩევნოდ ყველა ოპოზიციური პარტია საკუთარ სტრატეგიას ირჩევს, თუმცა უმეტესი მათგანი არასწორს, შეუსაბამოს. რატომღაც აქცენტი მუდმივად გამარჯვებაზე და მთავრობის დაკომპლექტებაზე კეთდება. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას სურს ,,პოლიტიკის საგარმატხას“ დაპყრობა, მაშინ, როცა არათუ ამ უმაღლესი მწვერვალის, პატარა გორაკის ,,დადრეკაც“ კი ხელარეწიფებათ.

ჩვენ უკვე ზემოთ გავარკვიეთ თუ რა სჭირდება საარჩევნო კამპანიის წარმართვას, ამიტომ ,,მძლეთა-მძლე პარტიებისადმი“ შესაბამისი დასკვნების გამოტანა რთული არ არის. მათ მომავალიც არ სწყალობს და ადგილებსაც ბარიერს მიღმა ინაწილებენ ... მეათეს, ორმოცდამეათეს და ა.შ. სამოცდამეექვსეს ... ეს უკანასკნელი კი პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს, რადგან ისტორია ,,ნაბოლარებს“ ხშირად არა, მაგრამ მაინც სწყალობს, რაღაც მომენტში, მისი გახსენება ხდება ... რა მნიშვნელობა აქვს როგორი კუთხით? მთავარია მატიანის ,,გაყვითლებულ ფურცლებს“ რამენაირად შემორჩე.

სატირის ადრესატებს ბოდიშს მოვუხდი და ქვემორე არავის აღარ გავკენწლავ, რადგან პოლიტიკით დაყოფილი საქართველოს არცერთი მოქალაქე, ჩემგან საყვედურს არ იმსახურებს ... გაერთიანებას, ერთად დგომას ალტერნატივა არ გააჩნია და მე არ მსურს  ,,დინების საპირისპიროდ“ მივყვე ცურვას, ანუ თხრობას.

ახლა, როცა ... არა! გალაკტიონის ლექსს არ ვყვები ... პოსტსაარჩევნო გადასახედიდან ვაფასებ ოპოზიციურ პარტიათა წინასაარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკას, აქედან გაცილებით ადვილი შესამჩნევია მათ მიერ დაშვებული შეცდომები, რამაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, 

დიდად განსწავლული არ გახლავართ ბოტანიკაში, მაგრამ გამიგონია, რომ ფლორის წარმომადგენელთა ზოგიერთი სახეობა რამდენიმე ათეულ წელიწადში ერთხელ მაინც ჰყვავის. მაშ, რა ემართება ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, არათუ მომწიფდა,  ,,დამტვერვაც“ კი ვერ შეძლო? ... როდემდე უნდა იჯახირონ ასე? ...

ვიდრე საკითხის საფუძვლიან განხილვას დავიწყებთ, შეგახსენებთ სუვოროვთან დაკავშირებულ ერთ გამონათქვამს: ,,გამარჯვებულებს არ ასამართლებენო“, რომელიც ეკატერინე II-მ შეწყალების სახით წააწერა დიდი მხედართმთავრის სასიკვდილო განაჩენზე.

ეს შეხსენება მე არ მჭირდება, ჭირდება ოპოზიციას. ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია, რომ რომელიმემ აღნიშნული ფრაზა პირველად გაიგონა, მაგრამ ,,შეცდომებზე არ სწავლობენ“ და ჩერჩილისა არ იყოს, რომელმაც ასეთი რამ თქვა: ,,ყოველთვის მზად ვარ ვისწავლო, მაგრამ ყოველთვის არ მომწონს როცა მასწავლიანო“- სწავლა არათუ არ მოსწონთ, ჩვეულებრივ მითითებაზეც მძაფრად რეაგირებენ.

ავიღოთ მათი ლექსიკა. ,,ჩაიხვევენ“ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით რაღაც მოსაზრებას და იწყებენ იმის მტკიცებას, რომ კიტრი მწვანეა, თუმცა მთავარი ვიწყდებათ, ის მომწიფების შედეგ ყვითლდება კიდეც.

აი, ამგვარი ნახევარსიმართლით უნდათ ,,ერთიდაიგივე წყალში“ ორჯერ კი არა, მრავალჯერ შესვლა და ვინც შეეწინააღმდეგება ან რუსეთუმია, ანაც სატანის მოციქული.
ხოლო, რაც შეეხება გამარჯვებულს, რადგან შეგნებული მაქვს ზემოთ წარმოდგენილი, მასთან დაკავშირებული ფრაზის დედააზრი, ამიტომ სულელი, გიჟი, ფანატიკოსი და ა.შ. არ გახლავართ და ვერ დავიწყებ მათ განსჯას, ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს დავით აღმაშენებლის ,,დიდგორული ეპოპეადან“ კი შეგახსენებთ.

მან, ორასი მებრძოლის მტრის შუაგულში შეგზავნით, იმთავითვე მოიპოვა სტრატეგიული უპირატესობა და მტერზე გამარჯვება შეტაკების დასაწყისშივე უზრუნველყო. დანარჩენი კი ქართველთა ვაჟკაცობისა და ,,დავითფერულის“ სიელმეს უნდა გადაეწყვიტა ... გადაწყვიტა კიდეც.

ეს ხრიკი როგორ განვსაჯოთ? დავითმა გამარჯვება მოიპარა? ... იგი ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქრით პირისპირ უნდა შებმოდა უთვალავ მტერს? ... მიხვდით, რას ნიშნავს გამარჯვება?

ამიტომ  ,,მივადგი კიბე“ ოპოზიციას. წარსულს უნდა ჩაბარდეს დესტრუქცია და ,,ხვანხვალის ილუზია“. მორჩა! ოპოზიციურმა მიტინგებმა ეს ყველას თვალნათლივ დაანახა. ,,კრიტიკული მასა“, რომელსაც ხელეწიფება რევოლუციის მოხდენა, ქუჩაში არ გამოვიდა.

რა რჩება გამოსავლად? ყველა დონის არჩევნები. მაშ, მივადექით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - არჩევნებს, რომელიც განსაზღვრავს გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც, უფრო სწორად დაუმარცხებელსაც, რადგან ქვეყნის პარლამენტში შესვლა, თუნდაც უმცირესობით, მაინც გამარჯვებაა (ეს საკითხი განმარტებას ალბათ არ საჭიროებს).

ვიცი ჩემს არგუმენტს ოპოზიცია რასაც დაუპირისპირებს. არჩევნებში მათ არათანაბარ შესაძლებლობებს. საქმეც სწორედ ამაშია ... გაგახსენოთ ,,დიდგორი“? ... ,,აგრე, სად არის ბაბაო“? - ბრძოლაში ყველა მხარე მოგებისთვის შედის და არა ...

,,ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა“ არ არის გამართლებული. ვისაც სურს, შეუძლია იქნიოს, მაგრამ მხოლოდ ჰაერთან ჭიდილი გამოუვა, ,,წყლის ნაყვა“.

ამ შემთხვევაშიც ვიცი მორიგი თავის მართლება რაც იქნება. გაყალბება, მოსყიდვა, ,,საჯარო მოხელეები“, ,,შავი სამყარო“ და ... (თქვენ მაინც დაასახელებთ) - ეკლესია.
რატომ არასდროს დაგისვამთ ასეთი შეკითხვა: ,,რატომ არ გემხრობიან ისინი“?
დავიწყოთ აღნიშნულის მუხლობრივი განხილვა.

- გაყალბება და მოსყიდვა ხდება და ყოველთვის მოხდება, მაგრამ ეს სწორი პასუხი ნამდვილად არ გახლავთ. თუმცა აქ საკუთარ თავს მორიგი შეკითხვა უნდა დაუსვათ, თქვენ რას უპირისპირებთ აღნიშნულს? ... თითქმის არაფერს, გარდა საჯარო განცხადებისა.

მე, ნამდვილად არ მაქვს ამ დარღვევის ,,გულს მოსაფენი მალამო“ და საბუნებისმეტყველო ფორმულის სახით ვერაფერს შემოგთავაზებთ, თუმცა შეგახსენებთ, რომ ოპოზიციიდან წარმოდგენილმა კომისიის წევრებმა, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვანი დარღვევები ვერ აღმოაჩინეს. მეტიც, მათ  უპრობლემოდ მოაწერეს ხელი ,,შემაჯამებელ ოქმებს“.

აი, აქ კი ,,ნიშანს მოგიგებთ“. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიათა თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა ვერ, ან არამყარი კადრებით აკომპლექტებს კომისიებსა და წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე და ოლქებშიც.

არავის სურს ზედმეტი თავისტკივილი და ვინც მაინც იტკიებს მას, ესენი არიან ოპოზიციონერთა ოჯახის წევრები, ორთოდოქსი მხარდამჭერები და ,,ფულს დახარბებული“ ადამიანები. ისინი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ,,ნაბავენ თვალებს“ კონისიებში და მოგებაც ფეხებზე ჰკიდიათ და წაგებაც. მათ არავინ უტარებს შესაბამის ინსტრუქტაჟს, არ ასწავლიან გაყალბების სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს, აკლიათ ბრძოლის ჟინი და არ ფლობენ აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

ეს, კარგ შემთხვევაში, საერთოდ ოპოზიცია კი ქუჩა-ქუჩა დაეძებს დიოგენივით კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს, რაც შემდგომში იმის წინაპირობა ხდება, რომ ისინი სინდისის ქეჯნის გარეშე მიმიკრირდებიან და მოწინააღმდეგის მხარეს გადადიან.

ადგილებზე, ოლქებში ოპოზიციონერთა შტაბები დაკავებული არიან მხოლოდ იმით, რომ როგორმე დააკომპლექტონ კომისიები, შემდეგ ეს ,,დიდი შრომა“ წარმატებით ,,მიასაღონ“ თავიანთ ზემდგომებს ,,ცენტრებში“ და თავი დადონ მათ ერთგულებაზე.

დამერწმუნეთ, ვიცი რასაც ვლაპარაკობ. თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება ჩემში, რადგან ეს საკითხი განხილვის თემა არ გახლავთ, შემიძლია შევხვდე და ავუხსნა, რომ პოლიტიკაში ჩავები 1988 წლიდან და მაშინდელი მილიციის ხელკეტიც მიგემია. ყოფილ 26 კომისრების მეტროსთან მერაბ კოსტავას მიტინგზეც მდგარვარ, და იმ დღიდან მოყოლებული, ყველა პოლიტიკური პროცესიც გამივლია. მათ შორის 9 აპრილის მონაწილეც გახლავართ. ამასთან, ოპოზიციიდან ორჯერ ვიყარე კენჭი ადგილობრივ თვითმმართველობაში მაჟორიტარად და გუნდთან ერთად მმართველობით ორგანოშიც მოვხვდი ... მე ვიცი  ,,ოპოზიციური გამარჯვების“ გემო!

თქვენ გგონიათ, ,,მოქ.კავშირი“ არჩევნებს არ გვიყალბებდა? ... ჩვენ შეუპოვრად ვებრძოდით ყოველ კანონდარღვევას და უბნებზე 20-25%-იანი გაყალბების ნაცვლად, ერთეულამდე დაყვანილ მაჩვენებლებს ვღებულობდით.

თავ-პირის მტვრევაც იყო, მუქარაც და დედის გინებაც ... არ მინდა ამის გახსენება. ახლა, როცა თმაშევერცხლილი დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ვხვდებით, მუდამ ერთ შეკითხვას ვსვამთ: ,,რას ვერჩოდით ერთმანეთს“? ...

ამჟამად ვარ აპოლიტიკური, რადგან ვეწევი სამწერლო საქმიანობას. კარგი ვარ თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია, თუმცა შვიდი წიგნი გამოვეცი და რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსშიც გავიმარჯვე. ამიტომ ჩემი ნეიტრალური თვალი, დირესაც ამჩნევს და ბეწვსაც( ბოდიშს გიხდით საკუთარ თავზე საუბრისათვის).

სხვათაშორის გაყალბებასა და მოსყიდვას ოპოზიციაც მიმართავს, ოღონდ ,მოგუდულად“. იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რის საშუალებასაც აძლევს ,,ქისის სიმძიმე“ (მოდით, ამაზეც ნუ შემეკამათებით).

გადავიდეთ შემდეგ საკითხზე - საჯარო მოსამსახურეთა როლზე და მათ დამოკიდებულებაზე ოპოზიციისადმი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თითქმის ყველა საჯარო მოსამსახურე განუდგა მაშინდელ ხელისუფლებას და იცით რატომ? ... ნაც.მოძრაობა მათ მიმართ ხშირად აწყობდა პროვოკაციებს და საცდუნებლად მათ პერმამენტულად უგზავნიდა ათასი რჯულის პროვოკატორებს ... ასი ლარის ქრთამის შეთავაზების გამო, ცხრა წლით უშვებდა ციხეში (ამ შემთხვევაშიც ნუ შემეკამათებით, შემიძლია პირდაპირ საუბარში მხოლოდ მე, არათუ გაგონილი, ჩემს საახლობლოს თავს გადამხდარი ათეულობით საქმე მოგითხროთ).

მათ მიმართ დაწყებული ,,აუგი საქმე“, ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასულმა ნაც.მოძრაობამ და ,,ევროპულმა საქართველომ“ არათუ დაივიწყა, განაგრძო კიდეც. ამდენი თავდასხმა საჯარო მოსამსახურეებზე აქამდე არასდროს მსმენია. რას არ უწოდებენ მათ ... ამადლიან შრომით აღებულ ხელფასს და ტელევიზიებით პირდაპირ ქარ-ცეცხლში ატარებენ.

,,პატივცემულო ოპოზიციონერებო“! ასე გულდასმით რომ ითვლით საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებს, პრემიებს, რომელიც თქვენი მცდელობის შემდეგ მათ გაუუქმეს, თქვენი ხელფასებიც დათვალეთ. თქვენ რაში იღებთ პარლამენტარის, საკრებულოს წევრის ხელფასებს? ... ინტრიგანობაში? ... მომიტევეთ, მაგრამ ასეთი პასუხი გეკუთვნით, რადგან თუ რომელიმე საჯარო მოხელე სჩადის დანაშაულს, ეს ყველაზე არ ვრცელდება ... ე.ი. ვინც თქვენთან არ არის, ის ... ეს ხომ ფაშისტების ცნობილი ფრაზაა? ... იფიქრეთ ამაზეც (ამ შემთხვევაშიც შემიძლია პირადად ვესაუბრო ნებისმიერ თქვენგანს).
 
ე.წ. შავ სამყაროსთან მიმართებით, ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ის კი მსმენია, ციხეში მოხვედრილი ადამიანი წინა ხელისუფლებას რა დღეშიც ჰყავდა. ამიტომ მათ თქვენს მიმართ ,,ბუნებრივი რეაქცია“ გააჩნიათ. არასდროს დაგიჭერენ მხარს. დამნაშავე რომ უნდა დაისაჯოს, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ რატომ უნდა იძალადო მასზე? ჩემთვის ეს გაუგებარია და ვერც ვერასდროს გავიგებ.

იცით, სამწუხარო რა არის? როცა თქვენს შეფასებებს ვისმენ, ვხედავ აღგძნებულ თვალებს, მეეჭვება ის, რომ თქვენ კვლავ ისე არ მოიქცევით როგორც იქცეოდით ... მე არ მჯერა ,,უბრალო მოკვდავს“ და ,,ბრალიანმა“ რატომ უნდა დაგიჯეროთ? ... ამაზეც იფიქრეთ!

ეკლესია! ... ერთ რჩევას მოგცემთ! ... არა! რჩევებს არ ვიძლევი! ... რატომ? ... იმიტომ, რომ არ შეისმენთ. მხოლოდ შეგახსენებთ:

პუნქტი  1.
  - ქართველებმა (ქართველურმა ტომებმა)  ქართული სახელმწიფო დააარსეს ოცდათხუთმეტი საუკუნის წინ (ავიღე აიეტის კოლხური სახელმწიფოს არსებობის თარიღი), რომელიც შესაძლებელია კიდევ უფრო ადრინდელიც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ესეც საკმარისია.
  - მაშასადამე ქართველ ერს სრული უფლება ჰქონდა ქრისტეს შობიდან 320 წელს (ესც თანამედროვე გამოთვლებით დასტურდება) ეღიარებინა ახალი რელიგია - ,,წმინდა ნინოს რელიგია“ და ის სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა ... უბრალოდ აეღო, ეღიარებინა და გამოეცხადებინა.
- მაგრამ, ეს მხოლოდ ,,უბრალოება“ არ გახლდათ, თუმცა კიდევ განვმეორდები, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ისე, უბრალოდაც შეეძლო, რადგან მას იმ დროისათვის სახელმწიფოებრივი არსებობის დაახლოებით თექვსმეტსაუკუნოვანი გამოცდილება გააჩნდა, რომელიც ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობას არ უზღუდავდა.
  - მიუხედავად ამისა, მომავლისაკენ მზირალ ქართველ ერს, კარგად ესმოდა ეპოქებში ვინ უფრო შეეწეოდა: ბომონი-არმაზი - ,,გაცით“ და ,,გაიმით“ თუ განკაცებული ძე-ღვთისა ...
- მან ზედმიწევნით სწორი არჩევანი გააკეთა ... ,,მამული, ენა სარწმუნოება“ შემოქმედში განაზოგადა და მის სამსახურში ჩადგა (ღმერთო ჩემო! არ მკითხოთ, სწორი არჩევანი რატომ იყოო? ... იმიტომ, რომ ქართველებმა ოცდამეერთე საუკუნეში ,,ჩვენი ფეხებით“ შევაბიჯეთ, ხოლო ატლანტიდელთა,  შუმერთა და სხვა დიდ ხალხთა მხოლოდ ნასახლარები შემორჩა დედამიწას).
- და, რადგანაც ქართველმა ერმა ეს არჩევანი გააკეთა, ამ არჩევანს საქართველოში მცხოვრებმა ყველა ერმა თუ ეროვნებამ პატივი უნდა მიაგოს. ქართველი კაცის ფიზიკურად გადარჩენა ხომ მათი ფიზიკურად გადარჩენაც იყო. აღარაფერს ვამბობ სულიერ გადარჩენაზე, რადგან საქართველოს დედაქალაქში - ჯალალ ად-დინის, ლანგ-თემურის, ბუღა-თურქის, აბას-შაჰის, აღა-მაჰმად-ხანის სხვათა და სხვათა რბევას გამოვლილ ჯვარცმულ საქართველოს წმინდა ქალაქში - დედა-თბილისში - ,,მეიდანზე“ დღესაც აღევლინება ერთი ღმერთისადმი სხვადასხვა ენაზე ლოცვა.

პუნქტი  2.
  - მართლმადიდებლურმა რელიგიამ ამის შემდეგ აგერ უკვე თექვსმეტსაუკუნოვანი ეპოქა გამოგვატარა და ვფიქრობ, რომ აპოკალიფსისამდე ამ სარწმუნოებით მიგვიყვანს.

პუნქტი  3.
- ძნელბედობის ჟამს, მართლმადიდებლური რელიგიის მსახურნი ანაფორას განიძარცვავდნენ და ხმლით ხელში სამშობლოს დამცველთა რიგებში დგებოდნენ,  თავსაც სწირავდნენ (ზოგიერთი კომფესიის მიმდევარს კი მშვიდობიანობის დროს არ სურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახური).
   
პუნქტი  4.
- მართლმადიდებლობას საკუთარი სიცოცხლე ერთდროულად ანაცვალა ასიათასმა ქართველმა მოწამემ, რომელთაც მხოლოდ ერთი უბრალო ნაბიჯი აშორებდათ  ხორციელად გადარჩენამდე ...  დიახ! ერთი ,,უბრალო ნაბიჯი“! ... ხატების გავლით, მტკვარზე გადებულ ხიდზე გადასვლა ...

პუნქტი  5.
- დედა-ეკლესიამ ქართველ ერს შეუქმნა და შემოუნახა სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები, სახელმწიფოებრიობა, ეკლესია-მომასტრები, ხატები, დამწერლობა, საგალობლები, ადათ-წესები, ზნეობრივი ნორმები,  წიგნები, ტრაქტატები და სხვა დოკუმენტები.

პუნქტი  6.
- წმინდანად აღიარა და სამარადჟამოდ უკვდავყო მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის წამებული არაეთნიკური ქართველი მამულიშვილნიც;

პუნქტი 7.
- ეკლესია მუდამ საკუთარი ქვეყნის სამსახურში იდგა. შიდა ბრძოლებსა და არეულობების პერიოდში ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოდიოდა. არასდროს მოუთხოვია თეოკრატიული მმართველობის შემოღება (ამ მხრივ ცალკეულ მცდელობებს არ ვგულისხმობ), რადგან ეს გზა იყო,  გზა - არასაით ... დიახ! არსაით! ... არც წინ და არც უკან, არამედ მოუსავლეთში, თუმცა ამ მოთხოვნის შესაძლებლობას ქართველი კაცის ხასიათი ხშირად იძლეოდა.

პუნქტი  1500 მერაღაცე ...
- ისე, აჯობებს წაიკითხოთ საქართველოსა და დედა-ეკლესიის ისტორია.

  დასკვნა ერთია: დედა-ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში განუზომელია, თუმცა მას ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი არასდროს უყვარდა. მისთვის ქართველიც და არაქართველიც ორივე ღვთის შვილია და საუკუნეების მანძილზე რელიგიური დარბევები არასდროს განუხორციელებია, რასაც ვერ ვიტყვით თითქმის ვერცერთ სხვა სახელმწიფოზე ან რელიგიურ კონფესიაზე (ჯვაროსნული ომები, ჯიჰადი, ებრაელთა მასობრივი დარბევები, ჰოლოკოსტი და სხვ).

  ასე გაზარდა და შთააგონა ქართველ კაცს დედა-ეკლესიამ მოყვასისადმი სიყვარული, რწმენა და თმენა, სხვა ერებთან თანაცხოვრება და საერთო საქმის ერთად კეთება, ბევრი ,,თან“ და ბევრი ,,ებ“ ...

ქართველ კაცსაც, კარგად აღზრდილსა და გაზრდილს, არასდროს გაუფერმკრთალებია თანამოქალაქე სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ქართული საქმე.

ისტორიის ფურცლებს ამშვენებს სიდონიასა და აბიათარის, შუშანიკის, აბოს, სომეხი ტერტერას, ხუდიას, სხვათა და სხვათა ზნეობრივი თუ მოწამეობრივი გმირობის მაგალითები.

,,მამული, ენა, სარწმუნოება“- წმინდა ნინოსთან გააიგივა და ამით მუხლი მოიდრიკა კაბადოკიელი ასულის წინაშე ... ნინო და საქართველო  მისთვის ერთი სახატე გახდა  .. რა გითხრათ მეტი? ...

პატარა P. S. ოპოზიციაში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი საქმიანობს. მე ვიცი უმეტესი მათგანი ეკლესიას რატომაც ებრძვის. პოლიტიკა არ უნდა გამოიყენოთ ამ ბრძოლისათვის. ახლა ოცდამეერთე საუკუნეა და რელიგიური სწავლებებით უნდა წარმართოთ პაექრობა (მე სპეციალურად არ ვახსენე საპატრიარქო, რადგან მასთან ბრძოლა, სწორედ დედა-ეკლესიასთან ბრძოლაა. შემიძლია ამაზეც გეკამათოთ).

ოპოზიციას პოსტსაარჩევნო პერიოდის შემდეგ, ორი გზა ჰქონდა, ან პარლამენტში შესვლა, ,,საგამოძიებო კომისიის შექმნა“ და არჩევნების გაყალბების მასშტაბების დადგენა, ანაც ქუჩა! ... სამწუხაროდ მათ მეორე გზა აირჩიეს.

რატომ, სამწუხაროდ? ... საქართველოს პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია.

და კიდევ:
ისევ განვმეორდები. თუ რამ ცუდი მოხდა, ამაში თქვენი პატარა წვლილიც დევს.. თქვენ გაყალბების ფაქტებზე შესაბამისი საჩივარი, ალბათ ცუდად გქონდათ შედგენილი. მე არც მინახავს ისინი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე იქნებოდა ... ძველი გამოცდილება მკარნახობს ამას.

- იმან ზედმეტი ბიულეტენი ჩააგდო ურნაშიო, ამან ვიღაცას ფული მისცაო, ის დააშინესო, იქ ,,კარუსელი“ დაატრიალესო, აქ ,,მარაოო“! ... კარგით, რა! ...გეძინათ თქვე დალოცვილებო? ... ფაქტები შეიძლება არის, მაგრამ მტკიცებულებები? ... ეჰ!  ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ“!

,,კარუსელსა“ და მარაოს“ ვერ არჩევთ და რა მტკიცებულებებს მოიპოვებდით? ... კარუსელი ის არის, ცარიელ ბიულეტენს რომ ატრიალებ საარჩევნო უბანზე და მარაო კი ისა, სხვადასხვა უბანზე რომ აძლევს ხმას ერთიდაიგივე ამომრჩეველი (რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს ვუსმენდი ტელევიზიით ამასწინათ და ეს ფაქტი მაშინ დავაფიქსირე) ... გაიგეთ?

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე, ოპოზიციის ოთხპუნქტიან მოთხოვნაზე. ჯერ გავიხსენოთ ისინი და წერილობითი სახით ისე წარმოვაჩინოთ, როგორაც თქვენ პუნქტების მიხედვით ე.წ. მოლაპარაკების მაგიდაზე დადეთ.

1. ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები;
2. საარჩევნო კოდექსის რეფორმა;
3. ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება;
4. პოლიტ.პატიმრების გათავისუფლება;

საინტერესოა,  ვის მოაფიქრდა ამგვარი ... აღარ ვიტყვი სისულელე? პირველი პუნქტიდან განა დანარჩენი სამი თავისთავად არ გამომდინარეობს? ...

კარგით, დავუშვათ საჭირო იყო აღნიშნული პუნქტების შეტანა შეთანხმებაში. ამ შემთხვევაშიც ის იურიდიულად ძალიან ცუდად იყო შედგენილი და უნდა ყოფილიყო ასე:

1. პუნქტი. ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები:
ა). საარჩევნო კოდექსის რეფორმირება;
ბ). ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება;
2. პუნქტი. პოლიტ.პატიმრების გათავისუფლება;

ხედავთ განსხვავებას? ... ამ შემთხვევაში თქვენ გექნებოდათ ორპუნქტიანი შეთანხმების პროექტი და არა ოთხპუნქტიანისა. ხომ გახსოვთ 8 მარტის შეთანხმება? ... წმინდა პროპორციული არჩევნების მოთხოვნა როგორ იქცა შერეულ სისტემად? თანაც ეს წინადადება წამოვიდა ,,რესპუბლიკური პარტიიდან“. რაღაც ნახევრად გერმანული თუ რეგიონალურ-პროპორციული მოდელის გამოყენებით.

ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნები შემოგთავაზათ და ოპოზიციის ერთმა ნაწილმა,  ვითომ საკონსტიტუციო ქვორუმის გვერდის ავლით, ამჯერადაც სისულელის დემონსტრირებით, სხვა გზა აირჩია.

საერთოდ ვინ ეკითხებოდა ,,არამკითხე პარტიას“  პროპორციებს, რა მათი საქმე იყო სოლომონ ლეონიძობა? ...

თქვენს ოთხპუნქტიან შეთანხმების პროექტში ხელისუფლება მოდის ააარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე. ე.ი. აზრს აძლევს მოლაპარაკებებს და გთავაზობთ, რომ რაღაც თქვენც დათმოთ .

დიახ! ასეა! შეთანხმება ამას ნიშნავს ... კომპრომისს! ... სხვათაშორის რამდენიმე პარტია ასეთ შეთავაზებას წარმატებად მიიჩნევს და თანახმაა პოლიტიკური პროცესები პარლამენტის კედლებში გადაიტანოს.

ჩემს შემთხვევაში კი აღნიშნული დათმობა არა პუნქტის სტატუსის მატარებელი, არამედ ქვეპუნქტისა იქნებოდა და პირველი პუნქტიდან დამოუკიდებლად ის ვერ განიხილებოდა.

ჩაწვდით სიღრმეებს? ... ჩახვედით ,,მარიანის“ ფსკერამდე? ...

ჩვენს ქვეყანას უდიდესი გამოწვევები აქვს. იცით ეს ჩემზე კარგად. გაიხსენეთ საქართველოს ისტორია, ეპოქების მანძილზე ყველა ხელისუფლებას ჰყავდა ოპოზიცია. სისხლიც ბლომად დაღვრილა, მაგრამ მერე მაინც შერიგებამდე მისულა საქმე.

ეს არის ჩემი თვალით დანახული მოკლე ინფორმაცია. თუმცა არც ისე მოკლე, თუ დასაწყისსაც ჩავთვლით, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვაქვეყნე. ასე, რომ სუსტია დღევანდელი ოპოზიცია და ეს მათ თავადაც უწყიან.

მინდოდა სათითაოდ დამეხასიათებინა ყველა ,,ბარიერგადალახული“ ოპოზიციური პარტია, მაგრამ თავი შევიკავე. თქვენ გზაგასაყარზე დგახართ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რა სჯობს ჩვენი ქვეყნისთვის ... ისე, იქნებ მეცადა თქვენი დახასიათება? ... არ გეგონოთ დაგინდობთ, თუმცა ჯერ განიმუხტოს სიტუაცია.

შეთანხმებამდე!!! ...
 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები