ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 მაისი, 2021


ბათა თუთარია /საბჭოთა მითი /

                                                        ბათა თუთარია

                                                    /  საბჭოთა მითი  /
                    ( ყველა მსგავსება, დამთხვევა და შედარება შემთხვევითია )


– ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის!
კანტი-კუნტად მყოფნი წამოიშალნენ.  კარმა ანჯამებში დაიჭრიალა, გულისგამაწვრილებელი წრიპინით გაიღო და სამი  ზუსტად ერთნაირი მოსამართლე, უშიშროების ჯარების „ტროიკა“, შემოვიდა.
      –  დასხედით, –  თქვა შუაში მდგომმა მოსამართლემ და სამივემ ერთდროულად მოავლო დარბაზს გამჭოლი ყვითელი მზერა.
მშობლები დასხდნენ. მხოლოდ მსჯავრდებულები, უწვერული ბიჭები, იდგნენ ფეხზე.
– განაჩენი საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადებისათვის  შექმნილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია „თეთრი არწივის“ წევრების საქმეში . –    გამოაცხადა მოსამართლემ, ცეცხლივით გააკვესა თვალები და ახალგაზრდებისთვის წაყენებულ ბრალდებებს სამხედრო კოდექსის შესაბამისი მუხლებიც დაურთო. 1944 წელი იდგა და ქვეყანაში სამამულო ომი ბობოქრობდა.
განაჩენის კითხვის პროცესი დიდხანს გაგრძელდა, ბოლოს მოსამართლემ დაადასტურა, რომ სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს ყველა ბრალდებას და უსჯის მავანთ და მავანთ სასჯელის უმაღლეს ზომას, დახვრეტას, ხოლო  ჭაბუკა ამილახვარს 25 წლის პატიმრობას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით /„გაციმბირებით“/.
დარბაზში გნიასი ატყდა და ტირილი ისმოდა.
––
    გზა ციმბირისკენ უსასრულოდ გაიწელა. პატიმრები ნახირივით  გადაჰყავდათ „სტოლიპინის“ ვაგონებით.
ასეთი გაწვალებული მგზავრობის შემდეგ, სუფთა ჰაერზე გამოსვლამ შვება მოჰგვარა. თუმცა ჯერ კარანტინი უნდა გაევლო.  ეს გამოცდაც მტკიცედ ჩააბარა და ბარაკში შესულს სხვადასხვა ასაკის ქართველები დახვდნენ. იქვე გაიცნო ისინი და დაიახლოვა. ცოტანი იყვნენ, თუმცა ძლიერად იდგნენ.
––
– თქვენი სურვილისამებრ გამოვცხადდი, გრაფო! – გაიღიმა ჭაბუკამ და გაიჯგიმა.
გრაფი სებედი სრულიად გალეული და დამდნარი იწვა. თვალებით ანიშნა, დაჯექიო.
– დიადმა შემოქმედმა გამომიგზავნა შენი თავი. პირდაპირ საქმეზე გადავალ. აქ რომ მომიყვანეს, ბიბლიოთეკაში გამამწესეს, ბევრი საჭირო წიგნი გამოვიწერე, ქართული  ლიტერატურა არ იყო და დამრთეს ნება. წერაც თავისუფლად შემეძლო და რომანი დავწერე  „ბათა თუთარია“, მედდა სვეტლანამ გაიტანა კოლონიიდან დანომრილი ფურცლები. გარე დასახლებაში, თავისთან ინახავს. მე ვეღარ ვეღირსები აქედან გასვლას, ვკვდები და აქვე დავიმარხები უპატრონოდ. შენ ახალგაზრდა და ჯან–ღონით სავსე ხარ. სვეტლანას გავაფრთხილებ და როცა გახვალ, თან გაგატანს. აბა, შენ იცი, არ დამიკარგო შრომა და აუცილებლად გამომიქვეყნე. შენც წერ და მიმიხვდები.
– თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც თქვენ ამბობთ და აქედან ცოცხალი გავედი, თან წავიღებ საქართველოში.
– ოღონდ არავის უთხრა, არავინ იცის. ჩვენ შორის დარჩეს.
– დაე, ასე იყოს, ჩვენ შორის დარჩეს!
––
1972 წელს  ლიტერატურულ ჟურნალ „ციცაგში“ დაიბეჭდა რომანი „ბათა თუთარია“.
1979 წელს ჭაბუკა ამილახვარმა ლიტერატურის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიიღო.
––
„ ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება ...“


მზია თვალაბეიშვილი
დაწერილია 2020 წელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები