ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2020


ჩიტი-მზეწვია

ნინო დარბაისელი

ჩიტი-მზეწვია
- - -
(მზეო გოგოჭურს)

იცით, როგორი კაცი იყო?
ერთხელ ნაპირზე ამოდიოდა ნაცურავები, ხელში ლასტებით
და კაცი კი არ მოაბიჯებდა,
თავად აპოლონ მუსაგეტი მოანათებდა,
აფროდიტესგან ნახევარ-დურად მოკვდავების  მოსაკითხად  მოვლინებული.
ქროდა ნიავი
და ბრინჯაოსფერ სხეულზე სხივი დასთამაშებდა.
გახევებული შესცქეროდა მთლად საქალეთი,
ზოგიერთნი  კი ჩუმად კბილებს-ღა  აჭრიალებდნენ,
სიმშვიდისა და მოჩვენებითი გულგრილობის საფარქვეშიდან.

სადმე, მიწურში
კარის ჭრიალით რომ შევიდოდა,
აკვანზე დახრილს,
ბოლომდე ძუძუგამოღეჭილ ქალს ბამბაზიისხალათიანს
ეახლებოდა  ისეთი კრძალვით და  აღტაცებით,
სიგარეტისგან ოდნავ ფერნაცვალ
იმ მარმარილოს გალავანივით კბილებს გულღიად გამოაჩენდა,
სიტყვას იტყოდა და
მეყვსეულად იმ  მიწურს  ჯადო აეხსნებოდა.

განათდებოდა ირგვლივ ყოველი,
გამოჩნდებოდა თაღმრავალი დარბაზების
ძოწისფერი კრეტსაბმელები,
ოქროს აკვანში იწვა პრომეთე თუ ამირანი,
თავთ უჯდა დედა-დედოფალი ცისფრად მოსილი,
თემიდა იყო თუ კლიმენესი
და გადმოსჩქეფდა  იმ დარბაზის შადრევნებიდან
რძისა და თაფლის მდინარეები,
პირფარეშები ფეხაკრეფით მიმოდიოდნენ
და ამბროზიის თასებით სავსე იყო ლანგრები
და წკრიალებდა, გუგუნებდა ხმაშეწყობილად
გუმბათებამდე,
იმათ ზემოთ, ვარსკვლავებამდე,
და ვარსკვლავის ვარსკვლავთა ზემოთ
ათასი ზარი, ზანზალაკი, 
ათიათასი არფა თუ ჩანგი.

მოჰქონდა ოქრო,
გუნდრუკი,
მური
და სამი მოგვი მოდიოდა აღმოსავლეთით,
აღმოსავლეთით,
აღმოსავლეთით!

ერთხელ კი იგი სულ  შემთხვევით,
სულ მარტო ვნახე.
კარი შევაღე.
იჯდა თავისთვის ერთ ყრუ ოთახში,
მაგიდასთან,
დიდრონ ხელებში სახეჩარგული,
თვალცრემლიანი
და ისე მძიმედ ამოიგმინა,
თითქოს გულიდან მთელმა სამყარომ ამოატანა.
კარები ჩუმად გამოვიხურე.

მაგრამ ერთხელაც მყიფე  გულში ჩიტი ეწვია,
სულ შემცივნული,
პატარა ჩიტი,
ჩიტი- მზეწვია,
შიგ დაიბუდა და აგალობდა ...
აცოცხლა კიდევ,
ვიდრე ერთ დღესაც ნისლიან გზას გაუყვებოდა
იმ შორეული ოლიმპოსაკენ.

რა შუაშია გამოგონება,
მას ყველა სცნობდა,
ყველა იცნობდა,
მაგრამ დიაცნო თვალწარმტაცნო,
ანდა თქვენ, კაცნო - ზნე-მამაცნო,
მზეწვიას მეტმა,  მისი არსება
ვინ  გაიცნო თუ გამოიცნო!

როცა სიცოცხლე  - ბეწვისხიდია,
ხიდია, მაგრამ მაინც ბეწვია.
ასეთი გარგო ბედმა ქალობა, -
ბეწვისა ხიდზე კენტად გალობა,
მზექალო,
მზეო,
ქალო - მზეწვია,
მზეწვია!

Mzekala Gogochuri

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები