ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2020


ლიტერატურული კონკურსი - მინიატურის ჟანრში "ერთგულება" III პრემია შვილიშვილი

  მზემ გამოანათა თუ არა ღრუბლის საფარიდან, მოხუცმა ცოლ-ქმარმა თავთავიანთი ხელჯოხები ხალებიან ვაშლის ხესთან მიაყუდეს და წელში გამართულნი შეუდგნენ ფაციფუცს... კაცმა შავი, თეთრკუდა ძაღლი სახლის უკან გადააბა, ისე მსუბუქად დააბიჯებდა ეზოში, ვერავინ იფიქრებდა 80 წლის თუ იყო; ქათმის სისხლითა და ბუმბლით გაპოხილი კორძიანი ჯირკიდან მსხვილტარა ნაჯახი ამოაძრო და სათონის თავზე შემოწყობილ ფიჩხებს შორის მიმალა, მერე კიბის ასასვლელთან ჯაჭვი გაჭიმა.
-რას შვრები კაცო, რაღა დროს ჯაჭვია, მოვნათლეთ უკვე ბავშვი,-გამოელაპარაკა საქმეში გართული ცოლი.
-იყოს აქ! რა შავდება! - იხტიბარი არ გაიტეხა ბერიკაცმა და იქვე კიბის მოაჯირზე მიყუდებული საქონლის გასარეკი ჯოხი შორს მოისროლა.
-კარგად მოავლე ეზოს თვალი, ისეთი არაფერი ეგდოს ბავშვმა რომ რამე იტკინოს, -ისევ გასძახა 80 წელს მიტანებულმა ქალმა და მკვირცხლად შედგა სკამზე, კარადის თავიდან გაზეთში გახვეული ქლიავისა და ვაშლის ჩირი ჩამოიღო, ხის დაწნულ კალათაში ჩაალაგა და მაგიდის შუაგულში ჩადგა,მერე თავის ხალათში შენახული,შვილიშვილის ვარდისფერი, ფერადი გულებით მოხატული ფეხსაცმელები გამოიღო და კარებთან დაალაგა.
-აგერ, ესეც გაურეცხე ბავშვს, დამტვერილია, -ფუმფულა სათამაშო ბაჭია მიაჩეჩა ქმარმა.
ქალს გაეღიმა, მერე კაბის ბოლოთი ბაჭიას პლასტმასის შავი თვალები გაუპრიალა და გულზე მიიკრა...
  იმ ზაფხულს შვილიშვილის ზრუნვაში გართულ მოხუცებს ტკივილი და დაღლა არ უგრძვნიათ, მხოლოდ ის აღელვებდათ განშორების დრო რომ ახლოვდებოდა.
-რა დროს ამის სკოლაში წასვლააო, -ბრაზობდა ბაბუა, ბებია კი დღე და ღამე ლოცულობდა, მალე არ მოსულიყო სექტემბერი, თუმცა ჯიუტად შემობრძანდა შემოდგომის პირველი თვე...
ჯერ ისევ იგრძნობოდა სითბო, მოხუცები კი წუხდნენ,- ადრიანად აცივდა,როგორი ღრუბლიანი დღეაო...
  ქალაქიდან ჩამოსულმა მშობლებმა ბევრი ტკბილეული ჩამოუტანეს ლონდასა და მოხუცებს.
ლონდას წასვლა არ უნდოდა, მუცლის ტკივილს იმიზეზებდა და ტიროდა.
-ქალაქში რომ წავალთ ჰოვერბორდს გიყიდი,-დაუყვავა მამამ.
-მატყუებთ! გინდათ რომ აქედან წამიყვანოთ!-არ ცხრებოდა.
-არ გატუებთ, აი ნახე... -მობილურში ჰოვერბორდის სურათი აჩვენა დედამ.ლონდას ოდნავ შესამჩნევლად აენთო თვალები. -აი კიდევ... -როგორიც გინდა ისეთს გიყიდით. ცრემლიანი თვალებით დააჩერდა ნაირ-ნაირ სასკოლო ჩანთებს ლონდა და ხელისგულებით ამოიმშრალა თვალები, -ჩიფსს მიყიდით?
-ჩიფსიც გიყიდეთ უკვე და ხრუსტინებიც, მანქანაში დაგხვდება...
გოგონა ხელიდან დაუსხლტა მამას, ბებია და ბაბუა მოფერებით მოისიყვარულა, -არ იდარდოთ, მალე მოვა ზაფხული და ისევ ჩამოვალ!- ტკბილი, წკრიალა ხმით დააიმედა ორივე და უკანმოუხედავად გაიქცა მანქანისკენ...
  მონატრებით გულშეკუმშული ბებია და ბაბუა დიდხანს გასცქეროდნენ გზას...სიჩუმე ქალმა დაარღვია და ქმარს შესჩივლა:
-უფ, რაღაც წელი ამტკივდა.
-მეც, ისევ გამიკავდა ეს ოხერი ფეხი...
მერე ნელი, მძიმე ნაბიჯებით მილასლასდნენ მოხუცები ხალებიან ვაშლის ხესთან და მივიწყებული ხელჯოხები აიღეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები