ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ნოემბერი, 2020


წიგნებზე, პროზასა და პოეზიაზე

ბავშვობიდან მიყვარს წიგნები, წიგნების კითხვა. წიგნი ჩემთვის მარტოოდენ ცოდნის მიღების საშუალება არ არის, მეგობარიცაა... როგორც ადამიანს სჭირდება მეგობარი, ისე მჭირდება მე წიგნი... წიგნს კომპიუტერი ვერასოდეს შემიცვლის.

ჩემი ეს ლექსი სწორედ ამის დადასტურებაა:

ერთ დროს ხევსურულ ჩოხაში
გამოწყობილი ვცეკვავდი,
სევდაც არ მქონდა ბოხ ხმაში,
გულიც ცეკვისთვის ფეთქავდა.

თუმც ცეკვას წიგნი ვარჩიე,
ცოდნის წყაროა წიგნი და...
მხოლოდ წიგნიდან გავიგე
ციხე რომ ტყდება შიგნიდან.

მიყვარს... ხშირ-ხშირად ვკითხულობ
გალაკტიონს და ტერენტის,
მათი ლექსების კითხვისას
მეც მომდის ელეთმელეთი.

ასათიანიც წინ მიდევს,
აქ არის მირზას კრებულიც,
კვლავ პოეზიით სულდგმულობს
ერი - მათ მიერ ქებული.

ვიდრე ამქვეყნად ვჯანმრთელობთ,
ვიდრე ჩვენც გვქვია ქართველი,
ცოცხლებმა ჩვენგან წასულებს
დავუნთოთ თითო სანთელი.

პირველი ნაწარმოები - რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე წავიკითხე, ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“ გახლავთ. მაშინ კარგად ვერ გავიგე შინაარსი, მხოლოდ წლების შემდეგ ჩავწვდი მის არსს.

ერთგულება, სიყვარული და ღალატი - თემები, რომლებიც არასოდეს ძველდება, დღესაც აქტუალურია. ერთგულება თავისთავად დიდი ნიჭია, სიყვარული თავად ღმერთია, ღალატი კი... ჰმ... ღალატი! დღემდე არ დადის ჩემამდე: რატომ უნდა უღალატო საყვარელ ადამიანს? მნიშვნელობა არა აქვს ბიჭია თუ გოგო, კაცია თუ ქალი! ერთმანეთს ღალატობენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღონ! არ შეიძლება ღალატის პატიება, ღალატი ღალატია! მოღალატეს მეორე შანსი არ უნდა მისცე, თორემ ერთხელ კიდევ აუცილებლად გიღალატებს.

გიყვარდეთ ერთმანეთი წრფელი გულით, ნუ უღალატებთ ერთმანეთს, როგორც ძიძიამ უღალატა გუგუას, გიყვარდეთ თქვენი მოყვასი სიკვდილამდე და საიქიოშიც გააგრძელეთ ურთიერთობა, თუ რა თქმა უნდა უფალთან მოხვდებით, უფალს კი მხოლოდ კარგები უნდა თავისთვის.

რაც შეეხება პოეზიას, პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია. რომ არა ლადოს პოეზია, ალბათ არ გავაფრენდი, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა!

სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.

ლადო ასათიანის „სალაღობო“ ყოველდღე უნდა იკითხო ქართველმა ადამიანმა, რომ უფრო მეტად შეიგრძნო ქართველობა, ქართველობის სიამაყე! ეს მხოლოდ ლექსი არ არის, სიმღერაცაა, რომელსაც ყოველდღე უნდა უსმინო, თუ გინდა, რომ არასოდეს დაკარგო რწმენა! ასეთ ლექსებს გენიოსები წერენ, სხვა რომ არაფერი დაეწერა, ჯერ მარტო „სალაღობოთი“ დარჩებოდა ქართულ პოეზიაში!

ლადოს „სალაღობო“ თამამად შეგვიძლია დავაყენოთ აკაკის „განთიადის“, ტატოს „მერანის“, გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ გვერდით!

გაუმარჯოს ლადო ასათიანის საქართველოს! გაუმარჯოს იმ ქართველ ქალს, რომელიც ლადო ასათიანის ლექსს მღეროდა ფანდურზე - 1989 წლის 9 აპრილს!

ლადო ასათიანის შემდეგ, ჩემთვის განსაკუთრებული პოეტი მორის ფოცხიშვილია (რუსთაველზე, გურამიშვილზე, ბარათაშვილზე, ვაჟა-ფშაველაზე, ტერენტი გრანელსა და გალაკტიონზე აღარაფერს ვამბობ, ისინი სულ სხვა ფენომენები იყვნენ, სულ სხვა განზომილებაში არიან)!

მორის ფოცხიშვილის პოეზია მადლიანი პოეზიაა, ტკბილ მალამოდ ედება გულს. როცა მორისის ლექსებს ვკითხულობ, ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძნელია უცრემლოდ წაკითხვა. სევდა, სიხარული, დაცემა და ამაღლება... ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი მის შემოქმედებაში.

პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდა, ქართული ესტრადისთვის ყველაზე დიდი სამსახური სწორედ მორის ფოცხიშვილს აქვს გაწეული.

მორისის ლექსებს დღესაც მთელი გულით მღერიან, როგორც ძველი თაობის, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები.

მორის ფოცხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, 1980-იანი წლების ბოლოს. სწორედ მის ლექსზე შექმნა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

ქართველი პოეტებიდან ყველაზე ალალი და კეთილშობილი პიროვნება იოსებ ნონეშვილი იყო. ყველას ეხმარებოდა, განურჩევლად ეროვნებისა. მსახიობმა გოგი გეგეჭკორმა პოეტს ,,სიკეთის მფანტველი“ უწოდა. ნონეშვილი ყველაზე ბოლოს შედიოდა მწერალთა სახლში.

ერთხელ თურმე ორი ბიჭი მანქანაში ჩაისვა, თბილისიდან ქუთაისში ჩაიყვანა, რაღაც პრობლემა მოუგვარა და შემდეგ დაბრუნდა უკან.

ბებიაჩემს არ უყვარდა გალაკტიონი, რაღაცნაირი ლექსები აქვსო, გულს უფრო მიდარდიანებს, ვიდრე მიკეთებსო. სამაგიეროდ იოსებ ნონეშვილი უყვარდა ძალიან, სურათიც აქვს ნონეშვილთან ერთად გადაღებული, ხალასი ლექსები აქვსო კარდენახში დაბადებულ პოეტს. იშვიათად მინახავსო ნონეშვილისნაირი ალალი და კეთილშობილი პიროვნება, ყველას ეხმარებოდაო განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა, სიკეთეს უანგაროდ ჰფანტავდაო.

მოგეხსენებათ როგორი რთული ვითარება იყო 90-იანი წლების თბილისში, ქართველი ქართველს ტყვიას ესროდა რუსთაველის პროსპექტზე. პოეტის ვაჟმა სანდრო ნონეშვილმა: ,,იოსებ ნონეშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, თბილისში სულ სხვა ვითარება იქნებოდა“-ო, ძნელია არ დაეთანხმო.

გალაკტიონი მწერალთა კავშირში მიბრძანდა და ირაკლი აბაშიძე იკითხა. უთხრეს, ირაკლი არ გახლავთ, მაგრამ კლუბში შებრძანდით, იოსებ ნონეშვილი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ლექციას კითხულობს.

- რა თემაზე კითხულობს? - დაინტერესდა გალაკტიონი.

- საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი საფრანგეთში.

- საფრანგეთში ნამყოფი ვარ და ვიცი, როგორ ცხოვრობენ ფრანგები. როცა იმაზე ჩაატარებს ლექციას, თუ როგორ ვცხოვრობთ ქართველები საქართველოში, დამირეკეთ და აუცილებლად მოვალ, მიუგო გალაკტიონმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები