ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პროზა
29 ნოემბერი, 2020


ოცნება: ავსტრალია (1. ტყვეობა)

                             
  უსაშველოდ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს ძლივს დავაშორე და დაბინდული მზერა ირგვლივ მოვატარე. ჩაბნელებული ოთახი, სავსე ტომრებითა და კასრებით, ჭერში მოკონწიალე ერთადერთი მბჟუტავი ნათურით რეალობად ვერ აღიქვა გონებამ. აშკარად სიზმარს ვხედავდი და სასწრაფოდ გამოღვიძება ვუბრძანე საკუთარ თავს, თვალები ჯიუტად დავხუჭე და ისევ გავახილე მაგრამ არაფერი შეცვლილა. ხელის პირისკენ წაღება ვცადე, იქნებ კბენას მაინც გავეღვიძებინე მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. ტვინს განგაშის სიგნალი მისწვდა, მე ხელფეხშეკრული ხის იატაკზე გვერდულად ვეგდე...
  ძვლები ერთიანად მტეხდა და განძრევას ვერ ვახერხებდი. საშველად დავიყვირე მაგრამ გამშრალი პირიდან ხმაც კი არ ამომსვლია. ღმერთო, ოღონდ ახლა ამ სიზმრიდან გამომაღვიძე და ჩემს ოთახში, ჩემს საწოლზე დამაბრუნე, ჩუმად დავიწყე ლოცვა.
    წამოჯდომა ვცადე, იდაყვს დავეყრდენი, მთელი ძალით წამოვიწიე, გაბუჟებული მკლავი მყარად ვერ გავაჩერე და ისევ მოწყვეტით დავასკდი იატაკს. ჩუმი კვნესა აღმომხდა პირიდან, რამდენიმე წუთს ღრმად ვსუნთქავდი და ძალების მოკრებას ვცდილობდი. მეორე ცდა უკეთ გამომივიდა და ზურგით კედელს მივებჯინე. ხის იატაკი და ხის კედლები დაბალ ხმაზე ჭრიალებდა, სმენის დაძაბვის შემდეგ კი ჩემს სმენას ტალღების კედელზე მიხეთქების ხმა მოესმა. სად ვარ ღმერთო?! გემის ტრიუმი რომაა ეს აშკარად ჩანდა მაგრამ ასე გაკოჭილი რატომ ვარ?!  გონების კუნჭულები დავჩხრიკე და უკანასკნელი რაც გამახსენდა სამგზავრო გემბანი, ჩემს ირგვლივ მდგარი სხვადასხვა ეროვნების ტურისტი, უეცრად ჩაბნელებული ზეცა და აღელვებული ზღვა იყო.
    სად გაქრა ამდენი ადამიანი ან მე აქ საიდან მოვხვდი, ამას ვერანაირი მეხსიერების დაძაბვით პასუხი ვერ გავეცი. დაყვირება მეორედ ვცადე და ისევ ხროტინის მაგვარი ამომცდა პირიდან, ფეხებიც ისე მაგრამ მქონდა შეკრული წამოდგომას ვერანაირად ვერ მოვახერხებდი. არც ხოხვით გადადგილება იქნებოდა რაიმეს მომცემი რადგან ოთახის უკეთ შესწავლის შემდეგ მხოლოდ  ურთიერთსაპირისპირო მხარეს, ადამიანის სიმაღლეზე ორი ფანჯარა დავინახე, ისინიც  ნახევრად წყალს  დაეფარა და მოძრაობისას ხან ივსებოდა და ხან ყრუ ზათქით ეხეთქებოდა გარეთა მხრიდან. 
    ჩახლეჩილი ხმით რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე, ხის კედლებმა ჩემი ხმა თითქოს იქვე ჩაახშო. ჩავახველე და კიდევ ერთხელ დავიძახე, ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა ტალღების ყრუ გუგუნის გარდა.
    ესაც ჩემი ოცნება?! მწარედ გავიფიქრე და თავი სიმწრით გავიქნიე. ყოველთვის ავსტრალიაში მოგზაურობაზე ვოცნებობდი. ახლა კი დავრწმუნდი რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა მარტო მოგზაურობის გადაწყვეტილება იყო.
    იმას გარკვევით ვხვდებოდი რომ ჩვენი სამგზავრო გემი შტორმში მოხვდა, ამას მიდასტურებდა ჩემს მეხსიერებას შემორჩენილი უკანასკნელი ფრაგმენტი მაგრამ შემდეგ რა მოხდა აბსოლუტურ სიბნელეში იყო ჩაძირული.
    ამასობაში საკმაო დრო გავიდა, ჩემს საათს დავხედე, უტყუარად მუშაობდა, საღამოს შვიდ საათს უჩვენებდა.
    ჩემი ყურთასმენა გასაღების ჩხრიალის ხმამ მიიპყრო, სამსაფეხურიანი კიბის თავზე გამოჭრილ კარს ვიღაც აღებდა. თვალებად და სმენად ვიქეცი, ადგილზე მივიკუნჭე. კარი გაიღო და მსხვილმა მამაკაცმა კიბეზე მძიმედ ჩამოაბიჯა, ისეთი მზერა მომაპყრო რომ ხერხემალზე ცივმა ნიავმა ჩამიარა.
      მაღალსა და ჩასხმულს უტეხი და მძიმე გამომეტყველება უფრო მეტად საშიშ იერს აძლევდა. მკრთალად მოკიაფე სინათლეზე თვალები მოვჭუტე და უკეთ დავაკვირდი, მისი სახე თითქოს სიზმრად ნანახს მაგონებდა.
    ამასობაში მომიახლოვდა და გამოფხიზლებული და წამომჯდარი რომ დამინახა რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა. მივხვდი ხმა უნდა ამომეღო და რაიმე გამერკვია ჩემს მდგომარეობაზე. გამშრალი ტუჩები ერთმანეთს დავაცილე და ინგლისურად „სად ვარ?“ ჩავილაპარაკე. მის კუშტ სახეს თვალს შიშით ვერ ვუსწორებდი. პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა ან ვერ გაიგო რა ვკითხე და ამჯერად რუსულად ვცადე. არც ამას მოჰყოლია რაიმე შედეგი. იდგა, ჯიუტად მათვალიერებდა და ჩემი თითქოს არც ესმოდა. იტალიურიც მოვსინჯე და რომ მივხვდი ჩემი ენების მარაგი ამოიწურა და ის პასუხის გაცემას არ აპირებდა უმწეოდ მივაჩერდი და გავჩუმდი.
    უსიტყვოდ შეტრიალდა და კიბე უკან აიარა. კარი გაიხურა მაგრამ აჯერად გასაღების ხმა აღარ გამიგია. ათიოდე წუთში დაბრუნდა და პატარა ლანგრით საჭმელი ჩამომიტანა. წინ დამიდგა და გატრიალება დააპირა რომ უცებ მობრუნდა თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და ზუსგსუკან მტკიცედ გაკრული ხელები შემიხსნა. ასევე ხმისამოუღებლად შებრუნდა და ამჯერად კარი გარედან ისევ ჩაკეტა.
    მიუხედავად იმისა რომ შიმშილით გული მიმდიოდა ორი ლუკმა მძლივს გავღეჭე და ლანგარი გვერდით მივაცურე, ყოველთვის ასე ვიცოდი როცა ვნერვიულობდი.უცებ მივხვდი რომ ხელები გახსნილი მქონდა და ფეხზე წამოდგომას შევეცადე, საყრდენად კასრი გამოვიყენე, ფანჯარასთან მისვლა და გარეთ გახედვა მინდოდა იქნებ სანაპირო დამენახა ან რაიმე რაც ჩემს ადგილმდებარებას მიმახვედრებდა. დავიხარე და თოკს დავებღაუჭე, გახსნას შევეცადე მაგრამ კვანძი ისე იყო გამოკრული თავი და ბოლო ვერ გავუგე. ისევ კასრები დავიხმარე და ფანჯარამდე სკუპებით მივაღწიე.
    არაფერი... სრულიად არაფერი ღია, უსასრულო ზღვის გარდა, ისეთმა შფოთმა შემიპყრო ისტერიკამდე აღარაფერი მაკლდა,ერთიანად კანკალმა ამიტანა და ხელებით ფანჯარას ჩავეჭიდე რომ არ დავცემულიყავი, ფეხებში ძალა სრულიად გამომეცალა. რამდენიმე წუთი დამჭირდა თავის ხელში ასაყვანად. ახლა ყველაზე ნაკლებად ისტერიკა მჭირდებოდა, საღი გონებით უნდა მეფიქრა ჩემს მდგომარეობაზე და აქედან თავის საღწევის საშუალება მომეძებნა. ამ უკანასკნელის  იმედი იმენად მცირე იყო რომ უსუსურობის გრძნობამ მახრჩობელასავით წამიჭირა ყელში. ცხადი მხოლოდ ის იყო რომ მე მხოლოდ გადარჩენილი არ ვიყავი, მე დატყვევებული ვიყავი... ვის მიერ ან რატომ ეჭვადაც ვერ ვხვდებოდი.  აქედან თავი რაღაც სასწაულით რომც დამეღწია შუა ზღვაში თუ ოკეანეში სად უნდა გავქცეულიყავი, ბედს შევგუებოდი და მხოლოდ ღმერთმა იცოდა რას მიქადდა მომავალი ან სად მივყავდი.
    გადავწყვიტე ცოტა ხანს მშვიდად მომეცადა, შემორჩენილი მხნეობა მომეკრიბა, თუკი საერთოდ კიდევ მქონდა და როგორღაც გამეგო რაიმე, თუნდაც უმცირესი ინფორმაცია. ერთადერთი საშუალება ამისთვის ის იყო დავბრუნებულიყავი ისევ იატაკზე და ჩემი მეთვალყურისთვის დამეცადა, ამჯერად იქნებ ეპასუხა ჩემს კითხვებზე. ისევ ასკინკილით დავბრუნდი უკან და ჩავჯექი. კედელს მივეყრდენი და თავი უსიამოვნო ფიქრებისგან მოსაშორებლად მკვეთრად გავიქნიე. ფეხები წინ გავშალე და ცდა დავიწყე..
    ლოდინში გვარიანად ჩამობნელდა. კიდევ ერთი ლუკმა გაჭირვებით გავღეჭე, გადავწყვიტე მეჭამა და ძალა მომეკრიბა, თუ რაიმე საშუალებას გამოვნახავდი გასაქცევად ძალღონე დამჭირდებოდა. გემის რწევა აკვანში დასაძინებლად ჩაკრულივით მოქმედებდა ჩემზე და თვალებს იძულებით ვახელდი, არავინ ჩანდა.. ის იყო ჩამთვლიმა რომ კარი გაიღო და ჩემი გამტაცებელი კვლავ გამოჩნდა. მძიმე ჩექმების ბრაგუნით ჩამოიარა კიბე, ჩემს ნახევრად შეჭმულ  ვახშამს უტყვად დახედა და ისევ თოკი აიღო ხელში.
    -არა, გთხოვთ, ასე დამტოვეთ, გაქცევას ისედაც ცხადია ვერ შევძლებ!- მუდარით შევხედე. ღმერთო, მგონი ყრუმუნჯია ეს კაცი, ისე იქცევა თითქოს არცკი ესმოდეს რომ ველაპარაკები. უხეშად მოქაჩა ჩემი მაჯები, თოკი მაგრად დამახვია და შეკრა. გატრიალდა, კარი ისევ გადაკეტა და დამტოვა კვლავ საწყის მდგომარეობაში.


მოგესალმებით მეგობრებო! პირდაპირ გეტყვით შეფასებისთვის ვაქვეყნებ, მაინტერესებს თქვენი აზრი გავაგრძელო წერა თუ დროს ტყუილად ვკარგავ. სიამოვნებით მოვისმენ თქვენს კრიტიკას

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები