ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
9 დეკემბერი, 2020


ქარაფებზე მოსიარულე (III)

***
ვივიენთან ბოლო შეხვედრამ მართალია, სარას გული დასწყვიტა, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. არასოდეს აძლევდა თავს უფლებას, წარუმატებლობას დაეჩოქებინა. ამიტომ გონებას სხვა საფიქრალი მიუჩინა -დაიჩემა, მაღაზიის ხელფასიდან გარკვეულ თანხას პროფესიონალი ვიზაჟის შემსწავლელი კურსებისთვის გადადებდა და სამთვიანი სიარულის დასრულებისა და სერტიფიკატის მიღებისთანავე დამატებითი სამუშაოს ძებნით დაკავდებოდა.
ასეც მოიქცა, იმ დღეებში, როდესაც მაღაზიაში მუშაობა არ უწევდა, ვიზაჟის კურსებზე დაიწყო სიარული და შესაძლებლობებიც პირველივე კვირებში გამოავლინა. ყველასთან შედარებით, ძალიან მოწადინებული იყო. რაც მოეთხოვებოდა, იმაზე მეტს აკეთებდა და სამთვიანი კურსის მასალა ორ თვეში უკვე ისე აითვისა, მისნაირად ვერავინ უძღვებოდა სახის კანის ტიპების და ასაკობრივი ხაზის გათვალისწინებით პროფესიულ დონეზე ყველანაირი მაკიაჟის გაკეთების ხელოვნებას. ამის გამო, ხშირად ამკობდა კმაყოფილი ინსტრუქტორი შესაშური ეპითეტებით და ერთხელ სხვების წინაშე ღიად აღნიშნა, მაკიაჟის მთავარი წესების ზედმიწევნით ცოდნა არაფერია, თუ მიღებულ ინფორმაციას თქვენებურ შტრიხებს არ დაურთავთ და არ დახვეწთ, როგორც ამას მაგალითად თქვენი თანაგუნდელი სარა ახერხებსო.
საოცრად შრომისმოყვარე იყო სარა, ნებისმიერ საქმეს იქამდე არ ეშვებოდა, სანამ სრულყოფილ შედეგამდე არ მიიყვანდა.

***
ერთ დღეს მორიგი ლექციის დასრულების შემდეგ ინტერესმა სძლია, ცდუნებას ვეღარ გაუძლო და თვალისმომჭრელად ლამაზ „Macy’s” სავაჭრო ცენტრში შევიდა. პირველ სართულზე განთავსებულმა პარფიუმერულმა და კოსმეტიკურმა განყოფილებამ საკმაოდ დიდი დრო დააკარგვინა. ყველაფერი აინტერესებდა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალ პროფესიას ეუფლებოდა და კოსმეტიკურ საშუალებებთან მწყრალადაც არ იყო. სავაჭრო პროდუქციის გაყიდვის იმედად მომხმარებლის წინ ღია სივრცეში მდგომი ვიზაჟისტები მთელი ენერგიით ცდილობდნენ მათთვის ძვირადღირებული და ხარისხიანი კოსმეტიკური ხაზის ნაწარმი მოეწონებინათ და საბოლოო ჯამში ყიდვაზე დაეყოლიებინათ. ამისთვის უფასო მაკიაჟს სთავაზობდნენ, რათა უფრო მეტად დაერწმუნებინათ საკუთარი სიტყვების სიმართლეში.
სარა შორიახლოს იდგა და ყველაფერს აკვირდებოდა. ზოგიერთ ვიზაჟისტს მუშაობის დროს შეცდომაც კი აღმოუჩინა, თუმცა ჩარევა არც უფიქრია, ან რა მისი საქმე იყო? კვლავ აგრძელებდა „შანელის“, „დიორის“, „ლანკომის“, “ესტე ლაუდერის“ და კიდევ ბევრი ბრენდის პროდუქციის სავაჭრო დახლებთან ტრიალს, მათ გაცნობას და არ ბეზრდებოდა.
მოულოდნელად თვალი მოჰკრა ნიშანს, სადაც სართულების მიხედვით განლაგებული განყოფილებების ლოკაციები იყო მითითებული. დააინტერესდა და ცნობისმოყვარეობა რომ დაეკმაყოფილებინა, ესკალატორით ზედა სართულზე ავიდა.
როგორც ყოველთვის, ტანსაცმლის განყოფილებები სავსე იყო მყიდველებით. ხალხი ბუზებივით ირეოდა.
-ახლა საითკენ წავიდე?- საკუთარ თავს ბუტბუტით ეკითხებოდა და დაბნეული სახით იყურებოდა ჭრელა-ჭრულა სამოსით სავსე საკიდებისკენ.
-ლამაზია, არა?- ერთ-ერთმა მომხმარებელმა დონა კარანის კაბაზე მიუთითა და ხელი შეავლო.
-დიახ,- გაუღიმა სარამ და აზრი რომ ჰკითხეს, იქ ყოფნისთვის მეტი სითამამე მიეცა - სხვა მხარეს გადავიდა და თვალიერებას შეუდგა.
ბრენდებში კარგად ვერ ერკვეოდა, ვერც თანამედროვე სტილის ტანსაცმლის ტარებით დაიკვეხნიდა. მასში ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ჰასიდიზმის გავლენა, ვერ გაეხადა მათი სექტისთვის შესაფერისი ტანსაცმელი, ვერ იგლიჯავდა დროთა განმავლობაში კულტურის მიერ გაჩენილ და ჩარჩენილ ჩვევას, რომელიც იმ სამყაროში ოცდასამწლიანი ცხოვრების შედეგად ჯერ კიდევ ეწებებოდა.
დადიოდა და თვალები ზედ რჩებოდა ფერად კაბებზე, პერანგებზე, შარვლებზე, ჩანთებზე, ფეხსაცმელზე და სხვადასხვა აქსესუარებზე...
-გაბედე და გადალახე სირცხვილი! გადი იმ ნაშალიდან, რაც წარსულმა დაგიტოვა! -ეუბნებოდა შინაგანი ხმა და აცდუნებდა.
-არა, უნდა წავიდე, აქ ყველაფერი ძვირია. მე კი არაფრის საშუალება არ მაქვს, ტყუილად შემოვედი. - თავისთვის ჩაილაპარაკა.
-ვის ატყუებ? შენ რომ ბროწეულის ყვავილისფერი კაბა მოგეწონა, არც ისეთი ძვირი იყო,- ჩაეცინა ხმას.
-ოთახის ქირის თანხას ვაგროვებ,- გაუბრაზდა ხმას.
-მეც და შენც კარგად ვიცით, რომ გრცხვენია გულამოღებული სამოსის ტარება, კომპლექსები გაწუხებს.
-ჰმ! ასე არ არის!
-ნუ ჯიუტობ. გამოტყდი, რომ მისი ყიდვა ძალიან გინდა, მაგრამ ვერ ბედავ.
სარა გასასვლელს ეძებდა, ნერვები მოუშალა ხმამ და შენობაში ყოფნა უკვე ძალიან აღიზიანებდა.
-რას ან ვის გაურბიხარ, სარა? შენ არც არაფერი და არც არავინ დაგრჩა აწმყოში, ვინ განგსჯის? აი, შეხედე, რომელიმეს ადარდებს რა გაცვია? გაიხედე მარჯვნივ, მერე მარცხნივ, გნებავს წინ, გნებავს უკან.
სარა შეჩერდა და მართლაც დაუწყო ხალხს დაკვირვება. არავინ უყურებდა, ყველას თავის საქმე ჰქონდა.
-ჩვენს საზოგადოებაში ასე არ იყო. ყველა ყველაფერს აკვირდებოდა, მათ შორის, ვის რა ეცვა და რამდენად სათანადოდ.
-ის საზოგადოება დაივიწყე და მითხარი, ვინმე გიყურებს და აინტერესებს შენ რა გაცვია?
-არა.
-მგონი ახალი კაბის ყიდვის დროა.
-ჯანდაბა! დამარწმუნე,- წაიბურტყუნა და ისევ იმ სართულზე დაბრუნდა, სადაც ბროწეულის ყვავილისფერი კაბა ეგულებოდა.
ასე გახდა ის შენაძენი სარასთვის გარდამტეხი, რომელმაც ორიოდე კვირაში თავიდან პარიკიც მოახსნევინა და კიდევ რამდენიმე ხელი სამოსი დაამატებინა გარდერობში.

***
ერთ საღამოს, როდესაც ანა სტუმრად ეწვია, სარა სიზმარში ნანახ „მაგედარზე“ მუშაობას ასრულებდა. მეგობარს მიუბრუნდა და სურათი მისკენ შეაბრუნა:
-შენი შეფასება მჭირდება. როგორია?
ანას თვალები გაუფართოვდა და რუმინულად წამოიყვირა:
-Este superb! - ყოველთვის ასე ემართებოდა, ზედმეტი ემოციებისას მშობლიურ ენაზე იწყებდა საუბარს.
სარამ დროებით ფუნჯი გვერდზე გადადო და საღებავით დათხვრილი ხელები სამზარეულოს ქაღალდის რულონით შეიწმინდა:
-მიხარია, რომ მოგწონს.
-ღმერთო ჩემო, სარა. ამას მოწონება არ ჰქვია. ეს დიდებულია. ეს... ეს... სიტყვები არ მყოფნის... -ენა დაება ქალს.
-კარგი, დამშვიდდი. აქეთ წამოდი, ყავაზე და კოკოშზე* გეპატიჟები.
-ცოტა ხანიც მაცალე,- ხელი მოკიდა ანამ და სარასთან ერთად მიუახლოვდა ნახატს.
სარამ მეგობარს შეატყო, რომ ქალში ჩახატულ სამ გულს მიშტერებით უყურებდა.
-ეს მე ვარ. გულში ამოზრდილ ორ გულს ჩემი სიცოცხლის გაგრძელებებს, ესთერს და იაკობს ვუკავშირებ.
-ჰო, ასეც ვიფიქრე.- შემდეგ მზერა ბუნებაზე გადაიტანა.
-ეს „მაგედარია“.
-რა?
-დადგება დღე, როცა ეს ადგილი თავადვე მომიახლოვდება. იქ აუცილებლად მოვხვდები, თანაც ჩემს შვილებთან ერთად. ნახე, იქით ბავშვებიც ჩანან, ჩემკენ მორბიან.
ანა გულჩვილი იყო. მეგობრის სიტყვებმა თვალებში ცრემლები გაუჩინეს. თავად სარა სარი კლდესავით იდგა, წარბიც არ შეუხრია, ჩვეულებრივად აგრძელებდა საუბარს.
-შენ თუ ასეთ ორიგინალურ ნამუშევრებს შექმნი, მალე გამოფენაზეც მოგვიწევს ფიქრი,- გააჩერა მეგობარი.
ხალხმრავალ ადგილებში ტრიალი და ახალი ურთიერთობები მისი ინტერესის სფერო არასოდეს ყოფილა. ხმაურის გარეშე ფუსფუსი და შრომა უფრო აინტერესებდა, თუმცა ისიც კარგად ესმოდა, რომ მისი ხელოვნებისადმი მიდრეკილება თავისთავად მოითხოვდა ხალხში ტრიალსაც და მათთან ურთიერთობების დამყარებასაც. ხმა არ ამოუღია, სამზარეულოში  გავიდა და ყავის მომზადებას და ნამცხვრის დაჭრას შეუდგა. 
უკვე ღამე იყო. ანა ახალი წასული იყო. ჯერ კიდევ არ ეძინებოდა. ვიდრე ძილი მოერეოდა, თავი რაღაცით რომ შეექცია, ტელევიზორი ჩართო. რამდენიმე არხი უხალისოდ გადაამოწმა და ვივიენის გადაცემას წააწყდა. თემა საეჭვოდ გაუჩინარებულ ოლივიას ეხებოდა, რომლის ამბის გამოძიებასაც უკვე მეოთხე გადაცემას უთმობდა. ვივიენი შოკისმომგვრელ ფაქტებს ასაჯაროებდა- ამოცნობილი იყო ხელთ არსებულ მასალაში გადაღებული სახლი, რომელიც ისეთი პიროვნების სახელით იყო ნაქირავები, რომელიც აშშ-ს მოქალაქე არ გახლდათ და არც ოფიციალურ დონეზე დასტურდებოდა მისი ლეგალური ცხოვრების უფლება. ერთი სიტყვით, საქმეში ისეთი ფიგურანტები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც კლანის კიდევ უფრო დიდ და გასაიდუმლოებულ მასშტაბებზე მიუთითებდნენ. ვივიენის და მისი ჯგუფის წყალობით, საქმეში ჩართული იყო პოლიციაც, რომელიც პარალელურად სწავლობდა უმძიმეს დანაშაულს. ოლივიას ოთახის დათვალიერებისას გადაცემის წამყვანის მიერ გამოთქმული ეჭვები გამართლდა. კედელზე გაკრული შპალერი და ახლად დაგებული რბილი იატაკი სისხლის ლაქებს მალავდნენ. უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ბავშვი მოკლული იყო. კიდევ იყო უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რაზედაც ცხარე კამათი  გაემართათ გადაცემის სტუმრებს.
სარამ მხოლოდ ოცი წუთი შეძლო, გადაცემისთვის თვალყური ედევნებინა, შემდეგ ვეღარ გაუძლო და ტელევიზორი გამორთო. ფანჯარასთან მივიდა და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გამოაღო. შინაგანად აფორიაქებული საფეთქლების თითებით სრესვას მოჰყვა. ნანახი კადრებიდან ვივიენის, მოწმეების, პოლიციელების, უამრავი ხალხის სახეები და სიტყვები განუწყვეტლივ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ცომივით იზილებოდნენ, ფუვდებოდნენ და გადმოდიოდნენ... 
როგორ ებრძოდა მიღებულ ემოციებს, რომ წვიმაში გაწუწული ძაღლივით დაეფერთხა და მშვიდად დაეძინა, მაგრამ ვაი, რომ ვერაფრით ახერხებდა...

***
იჯდა მორიგი გადაცემის თემებზე ფიქრში ახლართული ვივიენი დივანზე, ხელში საყვარელი ბრენდის ვისკით სავსე ჭიქა ეჭირა და გვერდით ეჯდა განუყრელი მეგობარი სახელად „მარტოობა“. ასე გრძელდებოდა წლები. დროთა განმავლობაში აგებული  მდგომარეობა ორგანულად ჰქონდა შეწოვილი და გათავისებული. სხვაგვარად ცხოვრება ვერც წარმოედგინა, ან თუ წარმოედგინა, მხოლოდ ფანტასმაგორიულ ბოდვად ეჩვენებოდა. ადამიანებს მხოლოდ იმ ტერიტორიამდე უშვებდა, რომლებიც საქმიან ურთიერთობებს უკავშირდებოდა. ამგვარად, ყოველდღიურობის გადარეულ რიტმს ყოველთვის მოჰყავდა ადამიანები, მოჰქონდა აუარებელი სალაპარაკო და თავზესაყრელი სამუშაოც. თუკი ოდესმე დეპრესიული იმპულსების მოახლოებას გრძნობდა, საქმეს საქმეს უმატებდა და პირად ცხოვრებაზე ფიქრისთვის დროს არ იტოვებდა. არც გრძნობების აყოლას უწონებდა საკუთარ თავს, ყოველთვის პატარა ბავშვივით ტუქსავდა და ასე აძალებდა, დაეჯერებინა, რომ ბედნიერება და ლამაზი ცხოვრება დედამიწაზე უბრალოდ არ არსებობდა. მისთვის რომ ვინმეს ამ სიტყვების განმარტებები ეთხოვა, ირონიულად გახედავდა, შემდეგ ცალყბად ჩაეცინებოდა და ეტყოდა, რომ ის გულუბრყვილო ადამიანების მოსატყუებელი საკენკი იყო, რომლის ძიებაშიც სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეეძლოთ დრო უაზროდ დაეხარჯათ.
ხშირად ფიქრობდა ბოროტების ბადეში გახვეულ მსოფლიოზე, სადაც უიღბლო თევზებივით მოტყუებულები ფართხალებდნენ გულჩვილები, მგრძნობიარეები, ალალები, კეთილები, სიყვარულის მაძიებელი ადამიანები და ყველა ეცოდებოდა, ძალიან ეცოდებოდა...
ასეთი იყო წარსულისგან და აწმყოსგან გამოძერწილი ვივიენ კარტერი, რომელიც თავის ხასიათით, შარმით და იდუმალებით მუდამ იზიდავდა ადამიანებს. ვინ უწყის? იქნებ მისი მიზიდულობის საიდუმლო სწორედ მის გაუხსნელობასა და დასამარებულ გრძნობებში იმალებოდა?
ფიქრებიდან სატელეფონო ზარმა გამოიყვანა. აცნობეს, რომ ოლივია უებერის ცხედარი კონექტიკუტის შტატშივე მისი საცხოვრებელი მისამართიდან რამდენიმე ქალაქის მოშორებით მდებარე ტყეში ნახეს. გოგონას სხეული დანაწევრებულ მდგომარეობაში შავი ცელოფნის პარკში იყო მოთავსებული და ხის ძირში დამარხული.
-ჩვენი გადამღები ჯგუფი სად არის? -ქალს მიღებული ინფორმაცია არ შეუცხადებია.
როგორც კი დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო, ახალი ამბის მაცნეს მადლობა გადაუხადა, მეორე დღის სამუშაო გეგმაზე შეუთანხმდა და ტელეფონი გაუთიშა.
-მდა!- მრავალმეტყველი მზერით ჩაილაპარაკა და ხელთ არსებული ვისკიანი ჭიქა ბოლომდე გამოცალა. მერე ყელში დავლილი სიმხურვალისგან თვალები დახუჭა, ჭიქა ხმაურიანად დადგა ჟურნალების მაგიდაზე და საძინებლისკენ გაემართა.
ვიდრე საღამურს გადაიცვამდა, თვალი მოჰკრა ტუმბოზე დადებულ ტყავისყდიან რვეულს, რომელზეც დამლაგებელ ქალს პატარა ფურცელი დაეტოვებინა შემდეგი წარწერით: ეს რვეული თქვენი საწოლის ქვეშ ვიპოვე.
ვივიენმა ტყავისყდიანი რვეული ხელში აიღო და შეათვალიერა:
-უცნაურია, აშკარად არ ჰგავს ჩემს ნივთს.
სწრაფად გადაფურცლა და არც ხელწერა ეცნო. შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და პირველ გვერდს გაეცნო:

ჩემი ქოხი
ჩემი ქოხი აქედან შორს, ერთ ფლატეზე ავაგე და ყველაზე მეტად თუკი სადმე წასვლა და დარჩენა მიხარია, სწორედ ის ადგილია. მას ვერავინ ხედავს, იმ ადგილის არსებობის შესახებ მხოლოდ მე ვიცი. სანამ იქამდე მივალ, გზაზე დამსხვრეული მინებით სავსე ბილიკებს გავდივარ. ფეხებზე არაფერი მაცვია ხოლმე. წესია ასეთი, აქ ნავალი ფეხსაცმელით იქ ვერ შევალ. აქაურობას და აქაურებს იქ ვერ შევიყვან, არც მინდა და არც შეიძლება. შიშველი ფეხები მინის ნაწილებზე მესერება და მტკივა, მაგრამ მაინც მივდივარ, არ ვჩერდები, ქოხამდე მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ.
გზაზე ბნელა, რატომღაც ღამის საათებში მიწევს სიარული. ბუ გაჰკივის და ცოტა შიშს მგვრის, მაგრამ იმ ფლატეზე გადასვლის სურვილი იმდენად დიდი მაქვს, ვერც გზაზე შემხვედრი გაურკვეველი, უცნობი არსებები და ვერც საშინელ ხმაზე მომკივანი ბუ ვერ მაჩერებენ.
ქოხს რომ ვუახლოვდები, ციდან წამოსული გუგუნი მანიშნებს. უეცრად რაღაც ნათდება და ზარების რეკვა ისმის. შემდეგ მდინარის ნაპირთან დატოვებული ნავი მხვდება, წყალში შესაცურებლად კიჩოში ხელს ვავლებ, ჩემი ოთახიდან წამოღებულ, აკრძალული თემებით სავსე კალათას შიგნით ვდებ, მერე ვჯდები და მშვიდ დინებას მივყვები. არც კი ვიცი ეს მერამდენე კალათაა, რომელიც იმ ქოხში დასამალად მიმაქვს. მათი არსებობის შესახებ რომ გამიგონ, კარგი არაფერი მოხდება, ამიტომ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ საშიში კალათებიც. ისე, კალათები ჩემი შექმნილი არ არის. ისინი ჩემგან დაშორებული, რეალური სამყაროს ფსკერიდან ამოღებული კალათებია, რომლებიც კაცობრიობისგან სხვადასხვა დროს და ადგილას შეიქმნენ. მათ სახელებიც ჰქვია. მაგალითად, კინო, თეატრი, მუსიკა, ცეკვა, მხატვრობა, ისტორია, კულტურა, ასტრონომია, ლიტერატურა... რასაც მე ბიბლიოთეკიდან ვეზიდები და ვეცნობი, ჩემი სექტისთვის ყოვლად დაუშვებელია. ასე, რომ უცხო მწერლების მიერ დაწერილ წიგნებს მატრასის ქვეშ ვმალავ, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან თავს ვიკატუნებ, ნამდვილი სატმარივით ვცხოვრობ და თან მიღმიერ სამყაროს ჭუჭრუტანიდან ვუყურებ.
ჩემი ქოხი ამ ორ სამყაროს მიჯნაზე დგას. არც იქით არის და არც აქეთ, მაგრამ რაც შიგნით არის, ყველაფერი მიღმიერი სამყაროდან გამოვზიდე.
მე სარა ჰოროვიჩი გახლავართ, ამ ქოხის მესაკუთრე და მიცნობდეთ!

ვივიენმა დღიურს ხელი გაუშვა და საწოლზე დადო. დიდხანს უყურებდა, ფიქრობდა გაეგრძელებინა კითხვა, თუ არა. რას მისცემდა სარა ჰოროვიჩის წარსულში ქექვა? იქნებ არც არაფერი მიეცა, ან პირიქით, მის შესახებ იმდენი რამ გაეგო, ტელევიზიაშიც მიეწვია და მისი დახმარებით კიდევ ერთი საინტერესო გადაცემა ჩაეწერა. ყველა შემთხვევაში ბოლომდე უნდა გასცნობოდა ჩანაწერებს. საბანი გადაიფარა, ტუმბოზე მდგარი სანათი აანთო და ნახევრადჩაბნელებული, მყუდროდ მოწყობილი ოთახიდან სატმარების ცხოვრებაში შეიჭრა:

ჩვენ, ჰასიდები
დედა, მამა, ოთხი ძმა და მე. ეს ჩემი ოჯახია. ჰასიდთა თემის წარმომადგენელი სატმარები ვართ და ამ განშტოებისთვის დამახასიათებელი ყველა წესის დაცვით ვცხოვრობთ. დედაჩემი ცხრამეტი წლის ასაკში გათხოვდა. მაშინ მამა ოცი წლის ყოფილა. მათი ქორწინება ეგრეთწოდებული მაჭანკლის დამსახურებაა, რომელიც დასაქორწინებელ ბიჭებს და გოგონებს აწყვილებს. ვიდრე ოჯახებისთვის კანდიდატების შეთავაზება ხდება, მაჭანკალი აბსოლუტურად ყველა დეტალს სწავლობს სავარაუდო წყვილის შესახებ და შემდეგ  მშობლებს სთავაზობს, რომ მათმა შვილებმა ერთმანეთი გაიცნონ.
მე თექვსმეტი წლის ვარ -ყველაზე უფროსი ჩემს დედმამიშვილებში. დედას სახლის საქმეებსა და მათ აღზრდაში ვეხმარები. ეს ნორმალურია, ჩემი თანატოლი გოგონებიც სწორედ ასე იქცევიან. სახლის საქმეების გაძღოლას და ბავშვების აღზრდას ჩვენს რელიგიაში ძირითადად ქალებს აკისრიათ. მამაკაცებს ფინანსური საკითხების უზრუნველყოფა და რელიგიის ღრმა ცოდნა მოეთხოვებათ.
როდესაც ქუჩაში დავდივართ, ხშირად გვაკვირდებიან. ვატყობ, რომ გამორჩეულ ხალხად გვთვლიან. ჩვენი გამორჩეულობა პირველ რიგში გარეგნული მახასიათებლებიდან მომდინარეობს, რომელიც ისევე როგორც მთელი ცხოვრება, ისიც რელიგიასთან არის კავშირში. მამაკაცები გრძელ წვერს, საფეთქლებთან გაზრდილ სპირალისებურ თმას, ქუდებს და გრძელ შავ პლაშებს ატარებენ. ქალები კი ძალიან მოკრძალებულად, მუხლის ქვემოთ დაშვებული კაბებით, ქვედაბოლოებით, დახურული ზედატანებით, დაბალძირიანი ფეხსაცმლით და ქუდებით, ან პარიკებით იმოსებიან. მე რომ გავთხოვდები, იგივე მომიწევს, ერთი ღერი საკუთარი თმის გამოჩენაც ამეკრძალება.
ქუჩაში ბევრჯერ შემიხედავს მაღალ ქუსლებზე შემდგარი თავმომწონე ქალბატონებისთვის, ჯინსის შარვლებით და მაისურებით შემოსილი, ერთმანეთში მხიარულად მოსაუბრე გოგო-ბიჭებისთვის,  და სიმართლე ვთქვა, მეც მომდომებია, მათსავით თავისუფალი, ჭრელი და ფერადი ვყოფილიყავი, მაგრამ...
ჰასიდიზმი მეთვრამეტე საუკუნიდან იღებს სათავეს. ეს მიმდინარეობა რაბინ ბენ ელაეზერის, მოგვიანებით წოდებულ ბაალ შემ ტოვის მიერ დაარსდა აღმოსავლეთ ევროპაში. იგი არ უარყოფდა წიგნში დაწერილ სიბრძნეს, ებრაული სულიერი კულტურის ტრადიციებს და რელიგიურ რიტუალებს, მაგრამ მიმდევრებს უქადაგებდა, რომ ჰასიდის ღვაწლი უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე თალმუდის მცოდნე და რელიგიური წესების შემსრულებლის. ჩვენს რელიგიაში მთავარი ყურადღება პიროვნებისკენ და მის გადარჩენაზეა მიმართული. პიროვნება საკუთარ თავს უნდა უღრმავდებოდეს. მის განუმეორებლობას უნდა სწავლობდეს, თუმცა მიზანი ღვთის ძიებაა როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვაში და აბსოლუტურად ყველაფერში.
ჩვენ საკუთარი სკოლები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სახანძრო დაწესებულებები და პოლიცია გვყავს. სკოლებში გოგონები და ბიჭები ცალკე სწავლობენ. ბიჭების სასწავლო პროგრამა განსხვავებულია და დატვირთულია რელიგიური მოძღვრებებით.
ამ ეტაპზე სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა. ახლა ამ დღიურს დავმალავ, მერე წავალ და ჩემს ძმებს ძილის წინ წიგნს წავუკითხავ. დროც აღარ მაქვს მეტი წერის გასაგრძელებლად. ოთახში რომ შემოვიდნენ, ფაქტზე წამასწრებენ და დედას მიუტანენ ამბავს. მე კი არ მინდა ჩემი ახალი წამოწყება დასაწყისშივე მოვკლა. წერა მსიამოვნებს, თითქოს რაღაც ტვირთისგან მათავისუფლებს.

სუქოთი
ჰასიდების ფუნდამენტური პრინციპია - შევცვალოთ არაფერი! როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, ყველა წესი ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. სიახლეებს თემი არაფერში ღებულობს. მათ შორის, არც ჩაცმულობასა და სამზარეულოში. ჰასიდები, კერძოდ ბიჭები და მამაკაცები მათი ცხოვრების დიდ ნაწილს სინაგოგაში სიარულს უთმობენ. რაბისთან ერთად დღესასწაულებზე ხშირად იკრიბებიან და ლოცვის შემდეგ პროცესი რომ სახალისო გახადონ, ხშირად მღერიან და ცეკვავენ. რაბი სექტის ერთპიროვნული მმართველია და აბსოლუტურად ყველა რელიგიური დღესასწაული მისი ზედამხედველობის და მოძღვრების ქვეშ მიმდინარეობს.
ამ დღეებში ჩვენი თემი სუქოთს აღნიშნავს. სუქოთი ებრაულად კარავს ნიშნავს და ის პირველად დაბადების წიგნში გვხვდება: {დაბ:33-17}
“იაკობი კი სუქოთისკენ დაიძრა, თავისთვის სახლი აიშენა და პირუტყვსაც გაუკეთა სადგომები.”
სუქოთი აგრეთვე გვხვდება იმ ადგილას, სადაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა ეგვიპტიდან, ასევე სადაც ისინი უდაბნოში ცხოვრობდნენ.{ლევ. 23 :34-35-36-42-43}

“უთხარი ისრაელის შვილებს: კარვობის დღესასწაულია მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან, შვიდი საუფლო დღე.
წმიდა შეკრებაა პირველ დღეს: არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
შვიდ დღეს შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; მერვე დღეს წმიდა შეკრება იყოს თქვენთვის და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; საზეიმო შეკრებაა ეს – არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს.
აჰა, დღესასწაულები უფლისა, რომლებსაც წმიდა შეკრებად გამოაცხადებთ, რათა მიართვათ უფალს: სრულადდასაწველი საცეცხლო შესაწირი, პურეული ძღვენი, დასაკლავი მსხვერპლები და შესაწირი სასმელი – თითოეული თავის დღეს,
გარდა უფლის შაბათებისა, თქვენი ძღვენისა, აღთქმული შესაწირისა და ნებაყოფლობითი მისატანისა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს.
მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა ქვეყნის მოსავალს მოაგროვებთ, იზეიმეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს: პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა.
აიღეთ პირველ დღეს მშვენიერი ხის ნაყოფი, პალმის, სქელფურცლოვანი ხისა და ნაკადულის ტირიფის რტო და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე.
შვიდი დღე იზეიმეთ წელიწადში ეს დღესასწაული უფლისთვის: საუკუნო წესია ეს თქვენს თაობებში; მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.
კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე; ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კარავში იცხოვროს,
რათა იცოდეს თქვენმა შთამომავლობამ, რომ კარვებში დავასახლე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
ამგვარად, სუქოთი  ებრაული კალენდრის ერთ-ერთი დღესასწაულია, რომლის დროსაც ებრაელები საგანგებოდ მოწყობილ სეფაში, რომელიც შესაძლოა ბინის აივანზე ან კერძო სახლის ეზოში აიწყოს, შვიდი დღით იკრიბებიან და მონობიდან გამოსვლის შემდეგ უდაბნოში გატარებულ ორმოცწლიან პერიოდს იხსენებენ. იგი მოსავლის აღების დღესასწაულიცაა და სწორედ ამიტომ ამ დიდ დღესასწაულზე მიდის კარვებში გადაცხოვრება და დღეების უდიდესი ნაწილის იქ გატარება. ზოგიერთი ძილისთვისაც იქ რჩება. მახსოვს, რამდენჯერმე მამაც მოიქცა ასე, თუმცა წელს ამას ვეღარ ახერხებს, ხერხემლის ტკივილმა შეაწუხა და მკურნალობის კურსს გადის. 

***
წიგნი და ინტერნეტი
ახლაც მახსოვს პირველი დღე, როდესაც ძლივს გავბედე და ჩემი უბნის ბიბლიოთეკაში წავედი. მალ-მალე ვამოწმებდი ვინმე ხომ არ მითვალთვალებდა. გადავრჩი, არავის დავუნახივარ. შემდეგ იქამდე მისასვლელი შემოვლითი გზები კარგად შევისწავლე და როცა დროს ვიხელთებ, მაშინვე ახალი წიგნის მოსაპოვებლად გავრბივარ. 
პირველად რომ შევედი, წიგნების უჩვეულო სურნელი ვიგრძენი. ძალიან მესიამოვნა, კითხვა კიდევ უფრო მომინდა. რეგისტრაცია გავიარე და დადუმებული აზრების საცავში ღრმად შევაბიჯე. ჰო, ასე შევარქვი იმ ადგილს, სადაც ბრძენი ადამიანების მიერ გამოწურული აზრები იყრიან თავს. სანამ თავად არ მიუახლოვდები და მათ ნაშრომებს არ გადაშლი, მანამდე არ ხმაურობენ. მერე სასწაული ამბები ხდება. იწყება უამრავი ისტორიის, თავგადასავლის და ინფორმაციის შენში შემოდინება და მოსვენება გეკარგება. ასე დამემართა ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხის“ კითხვისას. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც გავეცანი. ძალიან ავფორიაქდი და უძილო ღამეებისგან მიღებულმა ემოციებმა მოსვენება დამიკარგეს. არ მესმის, ზოგი ადამიანი რატომ უნდა ექცეოდეს მისგან განსხვავებულებს ასე სასტიკად? ვერც ვერასოდეს გავიგებ...
ამას წინათ, როდესაც დაზოგილი თანხით სმარტფონის ყიდვა მოვახერხე, ინტერნეტში შევძვერი და შევიტყვე, რომ აღნიშნული რომანი რეალურ სიუჟეტებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელმაც ხალხის აზრი ორად გაჰყო -ზოგს ძალიან მოსწონდა, ზოგსაც მოსვენება დაჰკარგვოდა. ფაქტია, რომ „ბიძია თომას ქოხი“ ერთგვარი საყრდენი აღმოჩნდა, შემდგომში ამერიკის შეერთებულ შტატებში მონათმფლობელობის მოსპობის მიზნით მასშტაბური ღონისძიებები ჩატარებულიყო. ამ მიზეზის გამო, ლიტერატორებს ბევრი წიგნის დაწერა მოუხდათ, სადაც უარყოფილი იყო შავკანიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
მიყვარს ასეთი სკანდალური რომანები. როგორც წესი, მათში მეამბოხე და განსაკუთრებული პერსონაჟები ბინადრობენ. სწორედ ასეთ ადამიანებს მიუძღვით წვლილი, შეცვალონ ის, რაც არ მოსწონთ და შეუცვალონ სხვებსაც არასწორი შეხედულებები.
ახლა, როცა ინტერნეტთან წვდომა მაქვს, ბიბლიოთეკაში სიარული ნაკლებად მიწევს. აქ უამრავი ინფორმაციაა, რაზედაც ჩემს კითხვებს პასუხებს მისი დახმარებით ვუძებნი.

ელიაზარი
რამდენი ხანია ამ რვეულს არ გავკარებივარ. შეიძლება ხუთი თვე, ან ექვსიც. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩანაწერებს არ ვათარიღებ. ისევე, როგორც წარმოსახვით ქოხში, ასევე ამ რვეულშიც საათი, კალენდარი და დროსთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა რამ არ არსებობს.
დღევანდელმა განწყობამ ისევ მომიყვანა ფურცლებამდე და მეწყერივით მოვარდნილმა შეგრძნებებმაც დაუყოვნებლივ გადმოსჩქეფეს. მიზეზი ჩვენი ნათესავი ელიაზარი და მისი პატარა შვილი არონია.
ელიაზარი არც ისე დიდი ხანია დაქვრივდა და მას შემდეგ მარტო ზრდის ობლად დარჩენილ თერთმეტი წლის ბიჭუნას. მეუღლის დაკარგვის შემდეგ ცხოვრება დიდ ტვირთად დააწვა. ყოველ დილით არონი სკოლაში მიჰყავს, შემდეგ სამსახურისკენ მიიჩქარის და ქაშერული მაღაზიის საწყობში შრომობს. მამა ამბობს, ძალიან მკაცრ პირობებში უწევს მუშაობა და თანაც ანაზღაურება მიზერული აქვსო. ამიტომ ხშირად უხდება ნათესავებსა და ახლო სანაცნობოში ვალის აღება. მისი ძმა ხელმოცარულად მოიხსენიებს. თვლის, რომ არაფერი გამოსდის, მათ შორის რელიგიური წესების მკაცრად დაცვა და კარგი იქნება, თუ არონს გასაზრდელად მის ოჯახს გადასცემს, მაგრამ ელიაზარი ამის წინააღმდეგია -თავად უნდა შვილი აღზარდოს და გვერდიდან არ მოიცილოს. ძმა საყვედურობს, ბავშვს არასათანადო ყურადღება ეთმობა, სრულფასოვნად ვერ გაიზრდება და ვერ ეზიარება ნამდვილ ჰასიდურ ოჯახურ სითბოს, სიყვარულს, რელიგიურობას და გარემოსო. ბევრჯერ უხსენა, ცოლი შეერთო, მაგრამ ყურსაც არ ათხოვებს - ალბათ, არ უნდა, პირველი და ერთადერთი სიყვარული ნაძალადევად შემდგარ ურთიერთობაზე გაცვალოს.
ჩვენთან სიყვარული ქორწინებამდე არ მოდის. ის ქორწინების შემდეგ ჩნდება. ნეტა რამდენი ქორწინებაში მყოფი წყვილი ელოდება სიყვარულის მოსვლას დღემდე? ამაზე ღიად არავინ საუბრობს... 
ელიაზარს გაუმართლა და ნამდვილი სიყვარული ეწვია. მერე რა, რომ მეუღლე დღეს ცოცხალი აღარ ჰყავს? მისი არსებობა მხოლოდ ფიზიკურად არ დასტურდება, მაგრამ სადღაც ხომ არის? სიყვარული მაინც გრძელდება...
ჰო, რატომ დავწერე ამდენი? იმ დღეს ელიაზარმა ცოლის სულის მოსახსენიებელი ვახშმის გასამართად წინასწარ დაიჭირა თადარიგი და რომ არაფერი შეშლოდა და ყველაფერი კარგად მოემზადებინა, რამდენიმე დღით ადრე დედაჩემს კარტოფილის კუგელის და ხორცის ბურთულების რეცეპტი სთხოვა. დედაჩემმა დახმარება შესთავაზა, მე გაგიკეთებო, მაგრამ ხელები გაასავსავა - თავად მინდა, მოვამზადოო.
დღეს შვილთან და რამდენიმე მამაკაც ნათესავთან ერთად სასაფლაოზე გავიდა, ყველა წესი დაიცვა და შემდეგ სტუმრებს სუფრით გაუმასპინძლდა. შუა ვახშმობისას ელიაზარმა ბავშვს სთხოვა, დედამისის საყვარელი სიმღერა შეესრულებინა და ისიც დათანხმდა. თურმე ძალიან ემოციური მომენტი ყოფილა. არონს კარგად შეუსრულებია და სუფრის წევრების შექებაც დაუმსახურებია.
მამამ აღნიშნა, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა და მოუხერხებელმა ელიაზარმა ყველას გასაკვირვად არაჩვეულებრივად გაართვა თავი ყველაფერსო.
რამხელა ძალა ჰქონია სიყვარულს. ნეტა როგორია? რა ფერია? რა ძალას ატარებს?
მეც მინდა ელიაზარივით გამიმართლოს და გულწრფელი სიყვარული მეწვიოს. 


შოა (ჰოლოკოსტი)
დღეს დედაჩემის ბებია მოვინახულეთ. საავადმყოფოდან ახლახან გამოწერეს, მაგრამ მაინც მძიმედ არის, მკურნალობის გაგრძელება სჭირდება. მისი წარსულიდან გამომდინარე, ოჯახის წევრები განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებენ და ეპყრობიან. ცდილობენ ბავშვობაში მძიმედ დალექილი მოგონებები სიყვარულით გაუქარწყლონ. იგი 1927 წელს უნგრეთში დაბადებული ებრაელია, რომელიც ჰოლოკოსტს სასწაულად გადაურჩა და მოგვიანებით, 1958 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვა თავშესაფარი. მსგავსი ისტორიებით არც თუ ისე ცოტა ძველი თაობის წარმომადგენელი ჰყავდა ჩვენს თემს, თუმცა დრო მიდის, არ ჩერდება და ისინი გვაკლდებიან...
როგორც დედაჩემი ამბობს, ბებიას არასოდეს უყვარდა ნაცისტების მიერ ორგანიზებულ, ებრაელი ხალხის მასიური განადგურების შესახებ დეტალურად საუბარი. იშვიათად ახსოვს ვინმეს, რომ შოას შესახებ სასაუბროდ ინიციატივა გამოეთქვა, მაგრამ თუ ოდესმე ვინმე რამეს შეეკითხებოდა, ცდილობდა, განსაკუთრებით მძიმე კადრები გონებიდან ამოეჭრა, შედარებით მსუბუქი ფრაგმენტები გაეხსენებინა და ნაკლებად რთული მოსასმენი გაეხადა ის საშინელი ისტორია, რაც ჩვენმა მოდგმამ გამოიარა.
საუბარს ეგრეთწოდებული „ბროლის ღამით“ იწყებდა, რომელიც გერმანიის ანტისემიტური ისტერიის გამო 1938 წლის 9-10 ნოემბერს ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივი გაჩანაგებებით დაიწყო. შემდეგ 1939 წლის დასაწყისში ჰიტლერის დავალებით შექმნილ ოთხწლიან გეგმაზე საუბრობდა, რომელიც ებრაელების ქვეყნიდან განდევნას ითვალისწინებდა და ნელ-ნელა გადადიოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე, როდესაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გერმანელების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უამრავი გეტო იქნა ლიკვიდირებული. თვალები ცრემლებით ევსებოდა, როდესაც გარდაცვლილ ახლობლებს იხსენებდა და მათი მკვლელობების უსასტიკეს მეთოდებზე უხდებოდა საუბარი. იმ არეულ პერიოდში არავინ იცოდა ვინ სად ხვდებოდა, ან როგორ კვდებოდა, მაგრამ მეთოდები უსასტიკესი იყო - დახვრეტები, გაზის კამერები, კრემატორიუმები...
ბებია აუშვიცში დედასთან, და-ძმებთან და უამრავ სხვა ებრაელთან ერთად მატარებლით გადაჰყავდათ. ახლაც ახსოვს ხალხით გატენილი ვაგონები, უჰაერობა და გონდაკარგული და, რომელიც შიმშილისგან უღონოდ შეიქნა და წაიქცა. მოულოდნელად მატარებელი გაჩერდა და დაბომბილი ლიანდაგების გამო ორი დღე მოუხდათ ერთ ადგილას ყოფნა. ებრაელებს დრო უხელთებიათ და მაშინ როცა ზედამხედველები ერთმანეთში საუბრობდნენ, ვისაც გამბედაობა ეყო, ვაგონებიდან გადმოსულან და ახლო-მახლო ტერიტორიებზე მიმოფანტულან. ბებიამ და მისმა ძმამ ერთ-ერთ სოფელში ვიღაცის თავლას შეაფარეს თავი.
გაქცეულ ებრაელებს დადევნებული გერმანელები ყველგან ეძებდნენ, რომ უკან დაებრუნებინათ. ეს იყო ცოცხლად გამოცდილი სიკვდილი და შიში იმისა, რომ მისი სიცოცხლე უგზო-უკვლოდ და არაფრის გამო იკარგებოდა. მოშიებულ ძმას უკითხავს დისთვის, წყალი მაინც არ შეიძლება რომ სადმე ვიშოვოთო? ბებია წყლის საძებნელად თავლიდან გასულა და ნაცისტს გადაჰყრია. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რომ ჩემი სიცოცხლე იქვე დასრულდაო, მაგრამ გერმანელს ტირილი დაუწყია და უთქვამს, ჩემს გარდაცვლილ შვილს ძალიან ჰგავხარ და ხელი როგორ დაგაკაროვო? სთხოვა, ძეწკვზე ჩამოკიდული ებრაული ვარსკვლავი ყელიდან მოეხსნა და შემდეგ ძმასთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაუყვანია. ასე გადარჩნენ ბებია და მისი ძმა სიკვდილს, ხოლო დედ-მამის და დანარჩენი და-ძმის ბედი იმ ებრაელთა ბედის მსგავსია, რომლებიც ექვსმილიონიან გენოციდურ წმენდას შეეწირნენ.
მას შემდეგ, რაც ბებიის მძიმე წარსულის შესახებ შევიტყვე, ხშირად ვეცნობი ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებულ ფილმებს. ყველა ერთი მეორეზე მძიმე და სევდიანია, მაგრამ მე მაინც სტივენ სპილბერგის „შინდლერის სიას“, ალან ჯეი პაკულას „სოფის არჩევანს“, რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერიას“ და მარკ ჰერმანის და როზი ელისონის „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ გამოვყოფდი.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები