ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: მაკიაველი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2020


სპექტაკლი

არხევს სუბსტანცია სულის - საფშვინველში
თესლს წინა ცხოვრების და ნაყოფს ახლისას...
უცდის მომავალი - დღეს ჩვენი გაჩენის,
ფესვი სიყვარულის გულს თუ გახლიჩავს...

მაგრამ ამაოა დღეს ცა ოცნებების
ფუჭია ყოველი გასული თიბათვე,
ახლა გვიანია დაყრა მონეტების,
ვერცხლის - რომელსაც შენ სული მიანდე.

ღმერთო გამოგართმევ იმ ძველ ანაფორას
ბედის ლურსმანზე რომ საგზლად ჩამოკიდე
იქნებ ამომიღო ტანჯვის სამსჭვალები
რომ ამ ბურანიდან ცხადში გამოვიდე

ცხადი - ისე ვამბობ... ვიცი ყველგან ძილი
მეფობს - დასაბამისსავე პირველ დღიდან..
თითქოს არასოდეს გეთქვას ის სიტყვები...
ნათელი არასდროს გაგეყოს წყვდიადიდან...

ისევ შეფარულად გებრძვით, გადარჩენის
ინსტინქტით ვამართლებთ ცხოვრებას - პალინდრომს...
ისევ სიმწრით ვწყევლით დღეს ჩვენი გაჩენის...
და თავს ვიმშვიდებთ - უფალი დაგვინდობს...

ჩვენი მოაჯე... მოწყალეა... დაგვინდობს ღმერთი..
ჩვენ ეს სიცოცხლე მოგვისაჯე ხოდა ჩვენც ვეცვით
ჯვარს და შენსავით ვერ აღვსდექით... რწმენა არ გვეყო...
თუმცა ცხოვრებაც არ გვეთმობა ხოდა ვაგრძელებთ...

ჯვარცმულის თამაშს, სამჯერ უარს, მრავალ გაცემას...
უარგყობთ რადგან სისხლი შენი ცოდვილებს გვმართებს...
აქ ამ სპექტაკლში ნამდვილია მხოლოდ თამაში...
იმ სიცოცხლეში ტყუილია მხოლოდ სიმართლე...

ჩვენ სისხლი გვმართებს... სიცოცხლე გვმართებს... და ჩვენ გიბრუნებთ -
უბნელეს გულებს... ჩამოვგლიჯოთ - უხმარი ჯვრები,
ჯვრებსაც გიბრუნებთ... რომ ნაჭდევები დარდით ამევსოს...
მე ჩემ თავს გიძღვნი როგორც ტარიგს, როგორაც საკლავს...
და მე ვულესავ ჩემთან მოსულ იმ შენს ანგელოზს
ჩემს სულის ფსკერზე მოსამკველი ჯეჯილის ნამგალს.

ეშვება ფარდა... ინთება შუქი, უფალიც დგება...
და ჯერ არ ვიცი განაჩენი როგორი მელის..
დარბაზში ერთი მაყურებლით - სიჩუმე დნება.
და ფარდის უკან მომაკვდავი ეს სული მღერის... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები