ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2020


ხანდახან 1+1 = უსასრულობა

მისი ფრთებმოკვეთილი გული
დამოგზაურობს დიაპაზონში
ტკივილიდან ბედნიერებამდე.
თუმცა, ბედნიერება ისე შორსაა,
როგორც უსასრულობაა ათვლის სათავიდან.

ბედნიერება ილუზიააო უთხარი და
მისი ფრთებიც სიტყვებს გააყოლე.
უნდოდა ეთქვა, მშვიდად ,
რომ ბედნიერება შენთანაა,
მაგრამ სიმშვიდე დაეკარგა
და სიტყვებიც მას გააყოლა.

შენ ისე მკვახედ მიუხურე კარი,
რომ ვეღარასდროს მომწიფდება
ახალგაფურჩქნული კვირტი,
მუდამ კვირტად დარჩება და ბოლოს,
ტკივილებს მიეკვრება ნეშომპალად.

გადაარჩინე გარდაცვალებით და მოკალი ფერისცვალებით.
ახლა დადის ყველაზე მკვდარი ცოცხალი
მიწადაყრილი, ტკივილის მატლებშეჭმული,
მაგრამ ტკივილიღა თუ ახსენებს მას არსებობას.

მაინც შეძლო და დიაპაზონი შეამცირა,
ნაბიჯ-ნაბიჯ ბედნიერებას მიუახლოვა და
ამ დროს დიაპაზონი სინუსოიდად უქციე,
გაურკვევლობის სინუსოიდად,
მხოლოდ გულისფეთქვას რომ აგონებს
და ყურში მკვეთრად ჩაესმის
საკუთარი მკერდიდან გამოწოვილი ბგერები,
რადგან სხვა ყველაფერი გაჩუმებულა
და თუმცა, ვაკუუმში ბგერებიც არ ვრცელდება,
მას მაინც ესმის!

საკუთარ არსებობას გამართლება მაინც გამოუძებნა,
იქნება დაგაჯერა, რომ ბედნიერება ახლოსაა,
მოიწვდი, თუნდაც კავით და მოსწყვეტ, თუ კი მოგინდება.
ოღონდ ამასაც ხომ თავის დრო უნდა-
არც მკუხე ვარგა და არც ზედმეტად გადამწიფებული.
და შენ თუ ელი ვინმეს, რომელიმე ჟანრის
სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს,
უნდა იცოდე რომ ის თავის კონკურსების
პირველ ადგილოსანია,
საკუთარი კრიტერიუმებისა და პარამეტრების,
იდეალებისა და გემოვნების სილამაზის კონკურსის,
რომელიც თავად დაუწესა საკუთარ თავს.
და თუ კუზივით გამოიზარდა ამ ცხოვრებაში, რომლის გარეშეც
აქლემი შეიძლება უფრო ლამაზი და კოხტა ყოფილიყო,
ბედნიერების ის ულუფები აქვს, რომელსაც გონიერი მოგზაური
საგზლად ინახავს და უგუნური კი_
ვერ ან არ ინელებს.

მანძილი ვერ მიხვედრებსა და არ მიხვედრებს შორის
ისე მცირეა შენთვის, როგორც მისი სიცოცხლე.
მისთვის კი _დიდი და უკიდეგანო.
მცირეა მისი ერთგულებაც და გრძნობებიც,
თანადგომის უნარი და მზრუნველობა.
და რაღა დაგიმალო, ისიც დამცირდა,
დაპატარავედა და ახლა ადამიანებს,
მიწის ქვეშეთის სიმდაბლიდან უყურებს.
ყველაში შენს სიდიადეს ხედავს.
ყველას შენი სიმაღლით ზომავს და
სადღაც მიწის წიაღში დაიკარგა.

და განა ეშინია?
და ნუთუ მართლა ფიქრობ რომ ეშინია?!
მწარედ ცდები!
მისთვის აღსასრული მხოლოდ შვება იქნება და
მასაც უფალს ანდობს!

მისი სახელი მიწიერს ნიშნავს და მას,
ყველაზე მიწიერს, ტიტანი შეეჭიდე ორაზროვნებით და განზოგადებებით?!
არც რომ ქონია რამის იმედი?!
მხოლოდ მეგობრობის იმედად დაგდებული,
ასაგდები მონეტა გამოდგა,
კამათელი,
რომელსაც გასართობად აგორებენ და
თუ კი შაში არ დაჯდა,
მოისვრიან ურნაში.

და განა რამეს ნანობს?!
სულაც არაფერს!
და თუ ახლა მიწის მატლია,
იმ მიწას აფხვიერებს,
სადაც მისი მოგონებების ცხედრები მარხია,
სადაც სიყვარულს დამარხავს თავთან ერთად,
უკანასკნელ სიყვარულს და აბა, ამაზე ლამაზი,
ამაზე უფრო ფაქიზი და შესაშური შეიძლება კი
არსებობდეს ამ ქვეყნად რამე?!

ბრმა სიყვარული დაიკარგა და მაინც,
ამ ლაბირინთზე უფრო საოცარი არაფერი ყოფილა მის ცხოვრებაში.
ახლა კი ....
იცი რომ ბედნიერია?!
რადგან ასეთი სიყვარული რჩეულთა ხვედრია-უპირობო და სუფთა სიყვარული!

შენ ისე შეგითვისა, ისე მისი გახდი,
ისე აავსე და გააპიპინე,
რომ მისთვის არ დარჩა ადგილი და
ახლა, ცარიელი სიყვარულია.
და მერე რა, თუ მის მიერ გამოწვდილი ხელი მოიკვეთე ბასრი დანით?!
ასტრალური ხელი მუდამ შენთან იქნება და ამას იგრძნობ ძილში, ყველაზე მეტად.

იმის ნატვრაღა დარჩენია
_მისი სისავსე იყოს კარგად,
რათა სიცოცხლის გაგრძელება კვლავაც შეძლოს.
_ნეტა შენც შეძლო ამდაგვარი სიყვარული, თუნდაც სხვისი,
ოღონდაც მისი,  ცალმხრივობის დედოფლის ბედს
შენ არ გისურვებს, თუმცა მისი ოცნებების ტიტანი და შენ ვფიქრობ აცდენაში ხართ.

მან შეძლო და
ცივი და თბილი ემოციებისგან დატრიალებული
მაგნიტური ქარები ძაბვად აქცია,
უარყოფით დაბეჭდილი კომპლექსები-სიძლიერეებად,
ოცნებები - მიზნებად და სიყვარული მამოძრავებელ ძალად,
რათა ვერავის, ვერასდროს ენა არ მოუბრუნდეს სათქმელად:
როგორ მეცოდებაო!
რადგან სუფთა და ფაქიზია მისი გული!
რადგან გულწრფელია მისი სიტყვები!
რადგან ძალიან ხანმოკლეა სიცოცხლე!
რადგან ცვალებადია ცხოვრება და მრავალსახოვანი!
რადგან ყველაფერი წარმავალია,
გარდა ჩვენს შუბლის ხაზებზე დაწერილი ისტორიისა.
რადგან ყოველთვის 1+1 არაა ორი,
ხანდახან ის უსასრულობასაც უდრის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები