| ავტორი: აგრო ჟანრი: პროზა 7 დეკემბერი, 2020 |
ჩვენი პირველი თოვლია... ან შეიძლება არც ქვია ამას თოვა,უბრალოდ რამდენიმე ფანტელით თბილისს თავი შეახსენა,ის ხომ წლებია უკვე ხშირი სტუმრობით აღარ გვართობს და ჩვენი შვილების,ან მეზობლის ცხვირ აწითლებული,ცაში მუდარით თავ აწეული ბავშვებისთვის უკვე გაცვეთილი ისტორიების მოყოლა გვიწევს,რომ ამ ქალაქსაც წლების წინ,როცა მისი ტოლები ვიყავით,არ აკლდა თოვლი და ზუსტად იმ ციგებით ვსრიალებდით მამამისს რომ ეკუთვნოდა და ახლა რომ მისი ეზოს რომელიმე ნესტიან კუთხეში ჟანგს ებრძვის.თავიდან ამ ისტორიებს მოყვებოდა გაფართოებული თვალები,მოულოდნელი კითხვები(ალბათ ჩვენც ვსვამდით სანამ წლების მატების საბაბით ფიქრებს საზღვრები დავუწესეთ და უცნაურობა და ზღაპრულობა ემოციებთან ერთად შორს დავტოვეთ) ახლა კი როცა ეს მოგონებები ჩვენთვისაც ძალიან შორეული გახდა,ბავშვებსაც აღარ ართობდათ,მითუმეტეს რომ ამ ისტორიების სინამდვილის დადასტურებას ამ ქალაქის ზამთრები წლებია აღარც ფიქრობდნენ.
...და მაინც,ახლა ვდგავარ და ვხედავ ფიფქებს,რომელიც ჩვენთვის პირველია. მოულოდნელი და დაუგეგმავი იყო შენი მოსვლა ჩემი გაცრეცილი ყოველდღიურობისთვის და ასეთივე მოულოდნელი ფიფქები ახლა ჩემ თავს ზემოთ ფრთხილ მოძრაობებს აკეთებენ,თითქოს ემზადებიან სახე მომისინჯონ,ვღირვარ თუ არა მათი დაშვების ადგილად.შუაღამის სიჩუმეში,ზუსტად ისეთში თოვას რომ უხდება,ვდგავარ კისერ გადაწეული,ცისკენ სახე მიშვერილი და ვგრძნობ ღიმილს რომელიც მე არ მემორჩილება,თითქოს იმ ასაკის მიზეზით მოგონილს საზღვრებს მიღმა ჩემ ბავშვობას ეხება,იმ კისერ გადაწეულ ბავშვობას,მთელი სახე რომ ფიფქებით ევსებოდა და ცისკენ ყურებას არ ეშვებოდა,იმ შეგრძნებას ვუღიმი,ასე თავ აწეულს რომ გგონია ფიფქები კი არ ჩამოდიან,შენ ადიხარ ამ ჯადოსნურ უსასრულობაში.
...და მაინც,ახლა ვდგავარ და ვხედავ ფიფქებს და ვცდილობ დავიმახსოვრო ყველა,რადგან ეს ჩვენი პირველი თოვლია და არ მინდა ციდან თვალის მოშორება და მიწაზე დაბრუნება,რადგან გამახსენსება რომ ამ პირველი ფიფქებით დასველებული,სახლში რომ შევბრუნდები,სიმშვიდით და შენი სუნთქვით სავსე ოთახი არ დამხვდება,არ დამხვდება შენი სუნი საერთო ბალიშზე და ვერ შევძლებ პირველი ფიფქების სისველე,შენი თმის ტალღებზე,სახის ჩამალვით გადავიტანო.
...და მაინც,ახლა ვდგავარ შუა ოთახში,სახიდან წვეთები იატაკისკენ ისე ეშვებიან თითქოს მე ვდნები პირველი ფანტელებივით და სანამ ბოლომდე გავმქრალვარ,პირველ თოვლს გილოცავ,ბავშვობის ნასესხები ღიმილიდან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|