ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 დეკემბერი, 2020


ჩემს წიგნებზე

ავტორში ყოველთვის უსაზღვრო სიხარულს იწვევს წიგნების გამოცემა, საკუთარი ნაწარმოებების წიგნებად აკინძვა.
ჩემი ლექსების პირველი კრებულის რედაქტორი ჩემივე დეიდაშვილი - ნათია გიორგიძე იყო.

არიან ადამიანები, რომლებიც სამარადისოდ იბევებენ ადგილს შენს გულში, ყოველთვის იმას ფიქრობენ საკუთარი მოყვასი როგორ და რით ასიამოვნონ, მათ შემხედვარეს გინდა რომ სიცოცხლე არასოდეს დასრულდეს, სულ გვერდით გყავდეს... აი სწორედ ასეთი ადამიანების ჯგუფს განეკუთვნებოდა ჩემი დეიდაშვილი - ნათია გიორგიძე. სიცოცხლით სავსე იყო, ისედაც ლამაზი, ღიმილით კიდევ უფრო ალამაზებდა სამყაროს. 31 წლის ასაკში შეწყდა მისი მშვენიერი სიცოცხლე. მინდა რომ ლამაზი სულის ადამიანები უფრო ახლოს გაიცნოს საზოგადოებამ, რომ უფრო მეტად დააფასოს სიცოცხლე, რომ უფრო მეტად გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, რომ უფრო მეტად გაუღვივდეთ სიყვარული და პატივისცემა ნაადრევად გარდაცვლილ კარგი ხალხისადმი. დადიოდა ამ ქვეყნად ლამაზი სულის ადამიანი, ენერგიითა და სიცოცხლით სავსე ყმაწვილი ქალი, მიდიოდა და მიჰქონდა ქუჩა, მისი ღიმილი წამსვე არჩენდა უძლურს.

კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.

თვალები სულის სარკეა, რომელშიც ყველაფერი სჩანს: სევდაც, სიხარულიც, პატიოსნებაც, სიყალბეც.

ნათიას ყველაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა, ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში: სევდაც და სიხარულიც, ტკივილიც და ბედნიერებაც. ჩვენ ხშირად ერთმანეთს თვალებით ველაპარაკებოდით,

მას არასოდეს უღალატნია თავისი მოყვასისთვის. მას უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა ადამიანები, უყვარდა ხელოვნება.

უნიჭიერესი იყო, საოცრად უყვარდა ხელოვნება. 4 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლში ცეკვავდა, ასევე მშვენივრად უკრავდა და მღეროდა გიტარის თანხლებით. განსაკუთრებულად მღეროდა „არხოტო, სამშობლოს!“ ძალიან უყვარდა მოგზაურობა, ხშირად მოგზაურობდა როგორც ბარში, ისე მთაშიც. თავის მეგობრებთან ერთად ლაშქრობებში დადიოდა. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნოს ასეთი ადამიანები, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ. ადამიანები მიდიან, კადრები კი რჩება.


დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:


ჩემო გაფრენილო დაო...


მიყვარხარ... უშენოდ ჩემს სულშიც ღამეა,
ვარდივით დამიჭკნა ბზაო.
ვაგლახ! რა ხანმოკლე აღმოჩნდა ამქვეყნად
გზა... შენი სიცოცხლის გზაო.

უიარაღოდ ვარ ამ მკერდში დაჭრილი,
დამიშრა ოცნების წყაროც.
თურმე არ ყოფილა ცხოვრება ადვილი,
უფალს ვთხოვ: მეც შემიწყალოს.

კვლავ ააფრიალა ქართული მანდილი
ქარმა სიყვარულის გამო.
გულზედ მონატრება მაწვება დარდივით,
რომ მიწა სულ ცრემლით ვნამო.

„წვიმს... ალბათ ეს შენ ხარ ცრემლებად დაძრული
და გინდა არც გაიდარო“...
თვით დედის გულივით კეთილო ასულო,
ჩემო გაფრენილო დაო.


ოთარ რურუა

..........................................................................................................................................................................................................................................
,,ვკითხულობ რა მის პოეზიას, ყველაზე მტკივნეული და გულში ჩამწვდომი,
ცრემლშეუკავებელი ჩემთვის, გარდაცვლილი დედი-
სადმი მიძღვნილი ლექსებია“.

მედეა კაზარაშვილი (ჩემი წიგნის - ჩემი სულის ნაჟური-ს წინათქმის ავტორი)

პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია. რომ არა ლადოს პოეზია, ალბათ არ გავაფრენდი, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა! :) :) :)

სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია. დედაზე დაწერილი ლექსებიდან გოდერძი ჩოხელის ეს ლექსი მიყვარს განსაკუთრებით:

,,დედი,
რაღაც არ მასვენებს, ალბათ ღმერთის წამ-წერა,
დედი,
როგორ შემოგკადრო, შენზე ლექსის დაწერა?!
დედი,
დიდმა ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,
დედი,
ალბათ ამიტომაც, შენთან ყოფნა დამწერა.
დედი,
როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად,
დედი,
ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა,

უკვდავება რომ დაიწყოს,
ღმერთს მოსურდეს აღწერა,
არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,
ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.
ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს,
მაგრამ ერთის არ მჯერა:
სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა“.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

ხშირად ჩაეხუტეთ დედებს... ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.

დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.

დღეს ხშირად გვესმის დედის გინება, რაც ძალიან სამწუხაროა, გინებაზე უარესი არაფერია, დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა.
პოეტი ნოდარ ჯალაღონია თავის ლექსში ,,შეგინებული დედები“ ამბობს:

,,დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“

,,კაცი რომ საკუთარ დედაზე შეიგინება, ის ერთი ჩასუნთქვის ღირსიც არ არის!“ - თქვა თავის დროზე ნოდარ დუმბაძემ.

თვალები სულის სარკეა, რომელშიც ყველაფერი სჩანს: სევდაც, სიხარულიც, პატიოსნებაც, სიყალბეც.

დედაჩემს ყველაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა, ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში: სევდაც და სიხარულიც, ტკივილიც და ბედნიერებაც. ჩვენ ხშირად ერთმანეთს თვალებით ველაპარაკებოდით.

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო;

აღსარება

ვერ ავისრულე გულის წადილი
და ვერ შევმატე მისხალს - მისხალი,
სახსოვრად დამრჩა დედის მანდილი,
ღმერთთან წავიდა სწორედ ის ქალი, -

მე რომ ვუყვარდი ალალად, წრფელად,
არც გაუვლია ღალატი გულში,
არ არსებობდა ჩვენ შორის წყენა,
გაზაფხულზე კი ჰყვაოდა ნუში.

თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას,
ნელ - ნელა ვხდები გულჩათხრობილი,
რა ვქნა, უფალმა ასე ინება,
ვარ ამ სევდიან ამბის მთხრობელი.

ჯანდაბას ჩემი წადილი გულის,
მე ამ სამყაროს ჯერ კიდევ ვხედავ...
და ცოცხლობს ჩემში ის სიყვარული,
რომ მიწილადა მშობელმა დედამ.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები