ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2020


ოცნება: ავსტრალია (1. ტყვეობა გაგრძელება)

 

      მივხვდი დილამდე აღარავინ მომაკითხავდა და გადავწყვიტე რამდენადაც სიტუაცია მომცემდა საშუალებას ცოტა უკეთ მოვთავსებულიყავი. ზურგსუკან შეკრული ხელები წელსქვემოთ გამოვიტარე, შემდეგ ფეხებიც გაჭირვებით მივაყოლე და წინ მოქცეული მკლავებით ოდნავი შვება ვიგრძენი. უნდა გამომეძინა, სხვანაირად გადარჩენის მცირე შანსიც კი არ მქონდა, საღი გონება მჭირდებოდა. ზურგით კედელსა და კასრს შორის მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, როდის ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.
    თვალები მოკაშკაშე სინათლემ მომჭრა და დაფეთებულმა სასწრაფოდ გავახილე. გათენებულიყო და პატარა სარკმლიდან მზის სხივები პირდაპირ სახეზე მეცემოდა. ჩემი სმენა გაურკვეველმა ხმაურმა მიიპყრო, წინ შეკრული ხელები დავიხმარე და ფანჯარასთან გადავინაცვლე.
      გემი ნავსადგურთან იდგა... მაგრამ იმდენად მოშორებით შეეჩერებინათ რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა სანაპიროზე მყოფი ადამიანების ყურადღებას ვერანაირად ვერ მივიპყრობდი. გამოსავალზე ფიქრში გართულს ზუსტად ჩემს წინ პატარა კატერი წყლის ზედაპირზე დაენარცხა, მოულოდნელობისგან იმდენად შემეშინდა რომ შევხტი, თავი ვეღარ შევიკავე და უკან გადავვარდი. ხმადაბლა შევიკურთხე და ისევ ავდექი. კატერში უკვე ორი ადამიანი იჯდა და ნაპირისკენ მიცურავდა.  ერთერთი მაშინვე ვიცანი, ჩემთვის ნაცნობი გამტაცებელი იყო, მის კისერზე ზუსტად ყურს ქვემოთ მორიელის ტატუ მხოლოდ ახლა დღის სინათლეზე შევამჩნიე. მეორე თავგადაპარსული და საყურიანი, შავგვრემანი მამაკაცი იყო.
      გადავწყვიტე ხელსაყრელი მომენტისთვის დამეცადა, ახლა რაიმე ხმაურის ატეხვა არაფრის მომცემი იქნებოდა და მხოლოდ გამტაცებლებს გავაღიზიანებდი. სავარაუდოდ გემბანზე კიდევ ვინმე დარჩებოდა.
      კატერი ნაპირს სწრაფად მიუახლოვდა და ორივე მამაკაცი მიწაზე გადავიდა. რამდენიმე წუთში თვალთახედვის არედან ორივე ხალხის მასაში დავკარგე. ლოდინი საკმაოდ დიდხანს დამჭირდა სანამ ისევ დაბრუნდებოდნენ. თავის ფეხზე შეკავებას უკვე ვეღარ ვახერხებდი ფეხები თოკისგან ისე მქონდა გაბუჟებული.
      ამჯერად მესამეც ახლდათ, საკმაოდ მაღალი და ბრგე ასე 35 წლამდე იქნებოდა. ნამდვილი სამხედროს მიხვრამოხვრა ჰქონდა. სამივე ისევ კატერში მოთავსდა და გემისკენ წამოვიდა.
      ძველ ადგილს დავუბრუნდი, ვგრძნობდი მალე მომაკითხავდნენ. უკვე ფიქრისა და აზროვნების უნარი დავკარგე, თავის გადასარჩენად ვერაფერს ვიზამდი, ერთადერთ გამოსავლად შეძლებისდაგვარად მშვიდად ყოფნა და გასაქცევად შესაფერისი მომენტის ლოდინი იყო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ტრიუმის ლუკთან ინგლისური საუბარი გაისმა. მთელი ყურადღება დავძაბე და სმენად ვიქეცი.
  - მარკო!
  - ...
  - ლამაზია იცი?!
  - თვითონ შევაფასებ!
      კარი გაიღო და ახალმოსულმა ჩამოაბიჯა. მბჟუტავ სინათლესთან შესაჩვევად ორივე თვალი მოწკურა და ისე შემომხედა თავბრუსხვევა ვიგრძენი. ნელნელა მომიახლოვდა და როცა მივხვდი ჩემი კარგად გარჩევა შეძლო ისეთი გამომეტყველება გაუხდა თითქოს მოჩვენება დაენახოს, თვალები გაუფართოვდა და ყბა დაეძაბა. რამდენიმე წამს გაუნძრევლად მიყურებდა, მაგრამ მალე მის თვალებში ისეთი ტკივილი გაჩნდა მომენტალურად სიბრალული ვიგრძენი. უცებ ჩემს წინ ჩაიმუხლა, მარჯვენა ხელი ნელნელა მაღლა ასწია და ჩემი სახისკენ წამოიღო, მაგრამ როგორცკი მომიახლოვდა თითქოს ძილბურანიდან გამოფხიზლდაო თავი მკვეთრად გაიქნია, ფეხზე სწრაფად წამოდგა და კიბე უკანმოიხედავად აიარა.
      მისი საქციელი ისეთი მოულოდნელი და გაურკვეველი იყო ჩემთვის დიდხანს გაუნძრევლად ვიჯექი და მიზეზზე ვფიქრობდი. ნამდვილად პირველად ვხედავდი, რასაც მისი საქციელიდან გამომდინარე მასზე ვერ ვიტყოდი.
      მალე კარი ისევ გაიღო და ამჯერად მორიელის სვირინგიანმა ჩამოაბიჯა ჩემთვის განკუთვნილი საკვებით ხელში. კვლავ უსიტყვოდ დამიდო წინ, ხელები გამიხსნა და გაბრუნდა.
        ახალმოსული მთელ დღეს აღარ გამოჩენილა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა გამერკვია რას ნიშნავდა მისი საქციელი. რაღაც მომენტში საკუთარი თავი გამოვიჭირე, გაქცევის გეგმაზე მეტად მისი უცნაური ქცევის ამოხსნაზე ვფიქრობდი. სწორედ ამ ცნობისმოყვარეობის დამსახურება იყო ჩემი პროფესიაც, მუდამ რაღაც ახლის აღმოჩენას ველტვოდი, მუდამ მაინტერესებდა ისეთ თემებზე მეფიქრა და მეწერა რაც სხვას ალბათ თავში აზრადაც არ მოუვიდოდა.
      მოსაღამოვებულზე ისევ მორიელი ჩამოვიდა ჭურჭლის წასაღებად. რადგან უკვე ვიცოდი რომ ინგლისურად საუბრობდნენ, როგორცკი მომიახლოვდა ხმადაბლა ვთხოვე ჰაერზე აყვანა. შეკრული შუბლით ამომხედა მაგრამ რატომღაც დაიხარა და ფეხებზე თოკის გახსნა დაიწყო. ხელი მომკიდა და ადგომაში დამეხმარა. ფეხები უმოძრაობისგან იმდენად მქონდა დაბუჟებული რომ ჩვილი ხბოსავით წავიბორძიკე და მისი სწრაფი რეაქცია რომ არა ისევ იატაკზე აღმოვჩნდებოდი. ხელით წინ მიბიძგა და მეც კიბეს მივუახლოვდი, ასე მეგონა ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი ღია გემბანზე. ჰაერი იმდენად ხარბად ჩავისუნთქე რომ წამიერად თავბრუსხვევა ვიგრძენი. ირგვლივ მიმოვიხედე და აღმოვაჩინე რომ სანაპიროს გასწვრივ მივცურავდით. მზერა გემბანზე გადავიტანე და აფრების ძელთან ჩამუხლული ახალმოსული დავინახე. ძლიერი მკლავებით თოკს ღონივრად ახვევდა. გვერდითი ხედვით შეგვამჩნია ალბათ და ამოიხედა. მზერა კვლავინდებურად ჩემზე გაუშეშდა, თითქოს თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალი დაუშრიტესო ისე ჩაუქრა გამომეტყვლელება. ისევ რამდენიმე წამს მიყურა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა.
      ხელი მოაჯირს გავაყოლე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. მორიელმა ალბათ იფიქრა აქედან ვერსად გაიქცევაო, იქვე გემბანის ლუკთან ჩამოჯდა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
    ირგვლივ ვიყურებოდი იმ მიზეზით რომ რაიმე უმცირესი მინიშნება მაინც მეპოვა  რომელიც ადგილმდებარეობის დადგენაში დამეხმარებოდა. სანაპიროს ხშირი ტყის მასივი გასდევდა, მაგრამ ჩემი ყურადღება ხეების უჩვეულო ჯიშმა მიიპყრო, რომელიც ლამიან ნიადაგზე იყო ამოზრდილი. ხეებს ძლიერი, დატოტვილი ფესვების ნახევარი ლამის ქვეშ ჰქონდა გადგმული და ნახევარი წყლის ზედაპირზე  ამოჩრილი, რითაც საკმარის ჟანგბადს იღებდა. ეს უჩვეულო ტყე საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული, მაგრამ მის ბოლოს ჩემმა მახვილმა თვალმა პალმების კორომიც შენიშნა.
      ევრიკა.. სიხარულისაგან ლამის ხმამაღლა წამოვიძახე. საკუთარმა არაბუნებრივმა დაინტერესებამ ავსტრალიის კონტინენტის მიმართ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია დამიგროვა. კარგად ვიცნობდი მის ფლორასა და ფაუნას, მათმა თვისებებმა დაახლოებით მიმახვედრა ჩემი ადგილმდებარეობა. ამ უცნაური ხეების მასივს მანგროს ტყეებს ეძახდნენ და ის ავსტრალიის უკიდურეს ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთში იყო გავრცელებული. სადაც ცხელა და თბილი ტენი მათი არსებობისთვის საუკეთესო კლიმატური ზონაა. ანუ მე კონტინენტის „ზევით“ ვიყავი. ეს ძალიან მწირი ინფორმაცია იყო რაიმეში რომ გამომდგომოდა მაგრამ სულ არაფერს ნამდვილად ჯობდა.
      მოაჯირს ორივე ხელით დავეყრდენი და ფეხების გავარჯიშება დავიწყე, დასუსტებული კიდურები კვლავ არ მემორჩილებოდა.
      მოულოდნელად გემბანს ჩემი მხრიდან უზარმაზარი ტალღა მთელი ძალით დაეჯახა, ძალაგამოცლილი ხელებით თავი ვერ შევიკავე და მოაჯირზე მალაყი გავაკეთე, შუბლში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და ყველაფერი წამიერად სიბნელეში გაუჩინარდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები