ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2020


სიჩუმე

დარდი დარდია, ქვის ხიდიდან მღვრიე ტალღებში
გადახტები თუ ჭადრის ტოტზე შემოანასკვამ
მარყუჟის ბოლოს. შედეგია ერთი - მთავრდები,
შენივე ნებით, ტკივილების დასამარხავად.
რა დააძინე აღარყოფნით? ნუთუ შვებაა,
შვებაა რამე, თუ იპოვნი მიზეზს, რომელიც
შენს აუტანელ სატკივარებს ისე კვებავდა,
როგორც მზრუნველი დედა შვილებს? თუმცა ყოველი
მცდელობა მაინც მიდიოდა ერთი არხისკენ,
ერთი ტოტისკენ, ტყვიისაკენ, დანისკენ, ცისკენ
და ახლა, როცა დედამიწა ბნელში ჩაიქცა,
შენ სამუდამო არყოფნას იწყებ.

დარდია ისიც, ოთხ კედელში თავს რომ ჩაკეტავ.
კედლების მუცელს შენს სისხლს მისცემ სასმელად, ხორცს კი
მიუგდებ როგორც ძაღლს უგდებენ ძვალს დასახრავად
და ამის მეტი არაფერი არსებობს. შორს კი
წარსულებს მიღმა იმარხება სიცილის ექო.
წევხარ და ფიქრობ. ზიხარ - ფიქრობ. ნაბიჯი - ფიქრი...
და უფრო მეტად მლაშე ცრემლი, რომელიც ერთობ
ამოუხსნელად გამოდევნის რაც შენში იწვის
და ამ ნამწვავით იჟღინთება ოთახი ახლა,
ესეც დარდია - დარდითა და ტკივილით დაღლა.

დადიხარ, ცხოვრობ, გაიცინებ, თამაშობ, იბრძვი,
ბედავ ოცნებას, იშვიათად გრძნობ, რომ ცოცხალი
ისევ და ისევ ცოცხალი ხარ. სირცხვილი, შიში
და სიმარტოვე გეუფლება, თითქოს მოკალი
ვინმე. არადა, არაფერი, მხოლოდ სიცოცხლე
სიცოცხლე გძაბავს, გაძაბუნებს, არც იცი, როგორ
ან რა უფლებით და შეგრძნებას ვეღარ იშორებ,
რომ შენ კი არა, შენს მაგივრად სხვა კაცი ცხოვრობს
მიწის ნაგლეჯზე, სადაც ახლა დაღამდა. ახლა
სადაც ყველაფერს ძველებური ნიშანი ადევს
და არაფერი, არაფერი არ ბრუნავს წაღმა.
შენ ცოცხალი ხარ. ვიღაც აღარ. ღამე იმატებს.

ესეც დარდია, გამოაკრა აბგაში სული,
მოიგდო ზურგზე და შეუყვე მთების ბილიკებს.
საგზლად სხეული გაიყოლო, ფიქრებად რთული
წარსული, რასაც არ იხსენებ. მხოლოდ ივიწყებ,
რისი განგდებაც შეიძლება შენგან, თუმცაღა,
აგეყოლება სევდა ასე დაუღალავი.
იცრიცებიან ღამეები. შენ კი უკან ხარ
ყველა სიტყვის და მოქმედების, რასაც ვერავინ
ვერ მოისმენს და დაინახავს, რადგან არცერთი
ბგერა არ დაგცდა და არ გადადგი მცირე ნაბიჯიც.
მისდევ მირაჟებს, დღეებია ერთი ნამცეცი
დროის, რომელსაც ულუფებად იღებ. არ იცი,
წინ რა იქნება. ხვალინდელის არაფრის გჯერა,
ვეღარც ოცნებას ვეღარ ბედავ, რადგან ფაქტია,
რისიც ყველაზე მეტად გწამდა, ფერფლია ! ხედავ
რომ ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ასლია
იმის, რაც იყო წარსულამდე. რაც იყო დღემდე,
როცა მოგაკლდა სიხარულის დიდი ნაწილი
და სიცოცხლე კი, რაც გავიდა იმ წუთის შემდეგ
არც კი არსებობს. ცხოვრებაა, ეს კი ადვილი
არც არასოდეს არ ყოფილა. გადის და გადის.
ძარღვებში სისხლი სანთლის ბოლო ღვენთად ანთია.
ვიღაც არ არის! ეს ფაქტია, უცვლელი ფაქტი
და რომ არ არის, ეს ყველაზე დიდი დარდია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები