ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 დეკემბერი, 2020


დავით აღმაშენებლის საფლავთან დაკავშირებით

ქუთაისში, ბაგრატის დიდებული ტაძრის ეზოს აწ უკვე ჩამორღვეულ გალავანზე თუ შედგებით და პირს ჩრდილო-აღმოსავლეთით იზამთ, დაინახავთ მომაღლო მთის უბეს მიხუტებულ მეორე დიდებულ ტაძარს, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელთან არის დაკავშირებული.

ეს სახელგანთქმული გელათია.

აქედან რომ გასცქერი, უსათუოდ ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება, თითქოს ტაძარი რაღაცნაირი მოკრძალებით მიჰკვრია მთას, თავს არ გაწონებს, თვალში გეჩრება. აქედან მოშორებით არის, მაგრამ კარგად თუ დააკვირდები, მთავარი შენობის ირგვლივ რამდენიმე ნაგებობას გაარჩევ.

ამჟამად ჩვენ ერთი, შედარებით პატარა ნაგებობა გვაინტერესებს.
ახლოს მივიდეთ და უფრო კარგად ვნახოთ.

ეს კარიბჭეა. სამხრეთის შემოსავალის კარის ბჭე. და ამ კარიბჭის ქვეშ დიდი ლოდი დევს - დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა. ლოდის სიდიდეც კი მიგვანიშნებს, რა ბუმბერაზი კაცი ყოფილა მეფე.
„სიგრძე 4 არშინი და 6 ვერშოკი არს, სიგანე 1 არშინი და 12 ვერშოკიო“. გაუზომავთ ერთ დროს. თავისთავად იგულისხმება, რომ ქვა გაცილებით უფრო გრძელია, მეფე, რაღა თქმა უნდა, ამსიმაღლე არ იქნებოდა; ზუსტად განსაზღვრა - რა სიმაღლისა იყო, ახლა ძნელია, მაგრამ ზოგადად კი ლოდის სიდიდე უსათუოდ მიგვანიშნებს მეფის განსაკუთრებულ ახოვანებაზე. ამას მემატიანეც საგანგებოდ აღნიშნავს.

ახლა ამ ქვის ქვეშ აღარ ასვენია სახელოვანი მამულიშვილი. მოგვიანებით, როცა მისი ღვაწლი უფრო გამოჩნდა და გამოიკვეთა, ამოასვენეს და დიდ ტაძარში გადაასვენეს, ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს.

ესეც დამახასიათებელია - ალბათ მისივე ანდერძით დაკრძალეს კარიბჭის ქვეშ და არა ტაძარში. თვითონვე არ ისურვა, რომ ტაძარში დაეკრძალათ, საკუთარი თავის განდიდებას მოერიდა.


ვახტანგ ჭელიძე - ქართლის ცხოვრების ქრონიკები

................................................................................................................................................

მეფე დავითზე ყოველთვის ჩვენი სასიქადულო პოეტის - ანა კალანდაძის ეს ლექსი მახსენდება:

„ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
- ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი `ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე~...
თუ... ეს... მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
- ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა“...

ბავშვობიდან მიყვარს ისტორია, ისტორიულ გმირებზე წიგნების კითხვა და ფილმების ყურება.

ჩემს მშობლებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ისტორიისადმი სიყვარული ჩემმა პედაგოგებმაც ჩამინერგეს გულში. ჩემი პედაგოგები მე და ჩემს თანაკლასელებს აღფრთოვანებით გვიყვებოდნენ გმირებზე, ქართველ მეფეებზე. განსაკუთრებით აღფრთოვანებით ჰყვებოდნენ დავით აღმაშენებელზე, რომელმაც დიდგორის ომი მოიგო.

ჩვენს დიდ მოურავს - გიორგი სააკაძეს აღმაშენებლის საფლავზე ფიცი ჰქონია დადებული, რომ დავითის საქართველოს აღადგენდა. სამწუხაროდ დიდ მოურავს შადიმანებმა შეუშალეს ხელი დიდ საქმეში, დანაწევრებული საქართველოს გაერთიანების საქმეში.

გიორგი სააკაძეს ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:

„გახსოვდეს: დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას - კარგი მამულიშვილობა!“


ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები