ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2020


La vita amara

სულ ორი წუთია, ახალი დღე დადგა და გარეთ
ღამეა ისეთი, სულ აღარ გათენდეს, გგონია.
რამდენი მათარა ღვინო და არაყი ჩავცალეთ
და მაინც მარტო ვართ. ჩელოს და კლასიკურ როიალს
უკრავენ სადღაც შორს, ვიცით, რომ უკრავენ, თუმცაღა
ჩვენ ვუსმენთ ეკრანის ნაცრისფერ ზედაპირს მილურსმულ
ფიგურებს. შენ რაღაც ძველებურ ხალისით ვეღარ ხარ
და ისე ჩამქრალი მზერით და თვალებით მიყურებ
მგონია ვმთავრდებით. ისედაც მორჩება ოდესმე
La vita amara. ნუ შფოთავ, ასეთი ბედი გვაქვს
ორივეს და ჩვენს მსგავს ასი ათასობით იდიოტს.
გაჩენისთანავე სიცოცხლე სიკვდილით გვწყევლიდა
და ლოცვა თუ იყო, სულ მცირე და ისიც ჩვენივე
და თუკი არ გვინდა უმადურ ღორებად მოგვნათლონ,
გვლოცავდნენ დედები და მათი დედებიც გვლოცავდნენ,
მაშინაც, როდესაც ღვინით და ბალახით მთვრალები
ღამეში ვებრძოდით დანტესებს მუშტით და ტყვიებით,
რომლებიც არც იყვნენ იქ სადაც ჩვენ დიდხანს ველოდით.
მე და შენ ერთად ვართ, რაც ჩვენთვის სამყარო დაიწყო,
ასე რომ ნუ დგახარ ძველ კართან. ღიაა. შემოდი
ამ შენთვის მშობლიურ ღარიბულ კედლებში მოთავსდი.
მისმინე, მოვყვები ძველ ამბებს, რომლებიც ამ კედლებს
თვალით არ უნახავთ, იციან ბოლომდე, თუმცა კი,
რადგანაც ამათთან ვსაუბრობ, როდესაც სათქმელებს
თავს ვეღარ ვუთოკავ. როდესაც მეგობრებს თვალებში
ვუყურებ და ვხედავ დემონებს, რომლებსაც ჩემებშიც
ვხედავდი ხანდახან. ხანდახან ტყუიან თვალებიც,
როდესაც ტუჩები უთქმელად ამბობენ სიმართლეს.
შენ არ თქვა, თუ გიჯობს, არცერთი სიტყვა და თუ ასე
აჯობებს, თუ გინდა, ყურებიც თითებით დაიცე.
რადგანაც აქა ხარ, მე მაინც გაგიყოფ შუაზე
ჩემს მცირე ყველაფერს და მერე ვუყუროთ აისი
რა სხვაგვარ იმედებს ამოწვავს ფანჯრების რაფებზე.
ვუყუროთ, სულელი კაცების ოხვრას და მცდელობას.
არ უნდა მოვკვდეთ და მით უფრო არ უნდა დავეცეთ
ჩვენ ორნი. სიკვდილი სიკვდილის შემდგომაც გვეყოფა
ღამეა... ღამეა... ღამეა ისეთი ვერაგი,
რომ თითქმის მჯერა, რომ ფარსია la vita amara
რომლითაც სავსე ვართ ორივე ჩვენგანი ყელამდე
ჩვენივე სულელი, კეთილი თავების ამარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები