ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2020


* * * (ცხოვრება გავიდა იმის მერე)

ცხოვრება გავიდა იმის მერე.
ჰოკუსაი და უემურა
გიყვარდა. ახლა იისფერი
თოვლია. ჩაი უგემურად
ცივდება. ვწუხვარ, მაპატიე!
ჩემი გაუვალი ხასიათი
კაცხის სვეტია, რაბათია-
მუდამ ვამეტებ და ვაზვიადებ.

სახლი, მეჯლისების გასამართად,
გასვენებამდე გამოდგება
და მაინც, ძველი მისამართი,
ძველი ჩვევები გამუდმებით.

წყალსაც წაუღია დანარჩენი,
ლექსებიანად, მაგალითად!
შენი ოსტატი და მარგარიტა.
ასე, თამბაქოს დანაჩვევი,
სახლი კვამლისგან იბერება.
ახლა მთავარია- დამისხამდე!
მერე აღარ ვსვამ გაისამდე.
ვახველებ: „ბელა სიბერეა“.

თოვლში ჩარჩენილ ურმებს, ციგებს
ფუნჯით ეხები, ათანაბრებ,
როგორც უტაგავა ჰიროსიგე,
როგორც, ტოჰაკუ ან ვატანაბე.
ასე, უსიტყვოდ, ასე, უხმოდ,
უდიერად და გულაშვებით,
ლექსებს გიწერდი საპასუხოდ
შენი ფუნჯების და გუაშების.

ცხოვრება გავიდა იმის მერე.
ახლა თოვლია იისფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები