ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
3 იანვარი, 2021


მე დავამარცხე კოვიდი

  მე  დავამარცხე  კოვიდი

კარიბჭესთან ვიდექი, ოღონდ არ ვიცი ჯოჯოხეთისა იყო თუ სამოთხისა. მაყალზე შემწვარი მწვადის სურნელი იფრქვეოდა ირგვლივ. შესვლა დავაპირე,  უარით გამომისტუმრეს.

საგვარეულო კოშკის ნანგრევებთან ჩავიმუხლე. დიდი ლოდები საფლავის ქვებივით მიმოეფანტათ ირგვლივ ... დედა? ...ჩემი დედიკოც აქ ყოფილა! ... ყველაზე ლამაზი დედიკო!  კალთაში შევიყუჟე.

- როგორ გაჭაღარავებულხარო, შვილო?

,,დალის ზღაპარი“ მიამბო დედამ, ბავშვობისას რომ მიკითხავდა ძილისწინ ... ბაბუა მელიტონიც აქ ყოფილა, ჭიანურს უკრავს: 

                                            ,,ვოი, საბ-რა-ლე მი-რან-გუ-ლა,
                                              დე-დეშ, ოვ დე-დეშ“! ...

სამშაბათს, თხუთმეტ დეკემბერს გაღვიძებულზე მძიმე ფიქრები ამყვა, ერთ დღესაც მზე უჩემოდ ამოვიდოდა ... მოგგვიანებით  შევნიშნე, რომ მარცხენა მხარეს ყელი მიღიჭინებდა. მეც  BENET +  შევუღიჭინე.

ნაშუადღევს ყელის მეორე ნახევარი ამტკივდა. კვლავ  ,,ვიშიშვე ხმალი“ ...  მივიქნ-მოვიქნიე და თავი დავიიმედე, რადგან თუ წარსულის გამოცდილებას გავითვალისწინებდი, ავადმყოფობა დაწყებით სტადიაზე უნდა დამნებებოდა ... ის დღე არხეინად გავატარე.

ყელი თონესავით გამფიცხებოდა. თავი ძლივს წამოვწიე და ,,სპრეი“ მთელს სასას ვაფრქვიე. ,,ბისეპტოლიც“ ჩავღეჭე, სიცხეც გავიზომე. მერე მანდარინი გავფცქვენი. სუნისა და გემოს შგრძნება არ დამეკარგა. ისევ გავარხეინდი. COVID-ის ნიშან-წყალიც არ მეტყობოდა, თუმცა შინაგანი შეგრძნებით, მაინც მშფოთვარედ გაიარა იმ დღემ. რაშიც მეუღლემაც შეიტანა თავისი წვლილი.

- წადი კაცო, გაიტესტე და თავი დაიზღვიეო!

სიცილი დავაყარე, ჩემი აანგარიშით მეორე დღისთვის უკეთ უნდა ვყოფილვიყავი.

- ა-ა-ა! - ვთქვი პირდაფჩენილმა და მეუღლეს მივაშტერდი. დამეთანხმა, თითქოს ნაკლები სიწითლე მქონდა.

მოგვიანებით ქორფა ბალახის ნაჭამი ხარ-ირემივით დავიფრუტუნე.  რამდენიმე ხანში სიხშირემ მიმატა და მიჯრით ჭიხვინი დავიწყე. სუნთქვის უკმარისობა დამეწყო, მუდმივ ხველაზეც გადავედი.

ნასამხრალზე ოფლმა დამასხა, თავი ვერა მუხინას  ,,კალხოზნიკ ი კრესტიანკას“ უროსავით გამიხდა, ცხვირშიც გავიჭედე. რამდენჯერმე დამაცემინა.

სიცხე გავიზომე, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად ოცდაჩვიდმეტი აღმომაჩნდა. შევშფოთდი. ათ წუთში მეორე იღლია გამოვიყენე. ოცდათექვსმეტი და ექვსი ხაზი ...  ეს კარგია.

ოთხი საათისთვის ექიმმა სიძემ დამირეკა და  ,,გატესტვა“ კატეგორიულად მომთხოვა. მივხვდი, სიდედრის გავლენას განიცდიდა.

შაბათი იდგა, ამიტომ ,,ემერჯენცს“ მივაშურე. გავიტესტე ... მუხლებში ერთბაშად მოვწყდი და სასო წამერთვა, გაწითლდა ეგ დაწყევლილი ტესტი.

პირველი შეგრძნება სწორედ ის დამეუფლა, .უახლოესი რომელიღაც დღე უჩემოდ რომ გათენდებოდა. ექვსის ნახევარზე მედდამ ანალიზების აღება შემომთავაზა: 

-ჯერ კათეტერს ჩაგიდგამო!- ჩაილაპარაკა.

ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ინფორმაცია სხვაგვარად აღვიქვი. კიდევ კარგი, შარვლის გახდა დავაყოვნე და მოშარდვით შეცვლა მუდარით შეთხოვე.

სიცილი აუტყდა. გავღიზიანდი. ქვეყანა თავზე მენგრევა და ეგ დამცინის-მეთქი.
-ვენაში ჩაგიდგამ კათეტერსო! - ამიხსნა.

კინაღამ გადავეხვიე, ბოდიში მოვუხადე, 

ცხრის თხუთმეტ წუთზე, ანალიზების პასუხს მივაკითხე, სტაციონალში დაწოლა შემომთავაზეს ... ყველა ძვალი, კუნთი, თუ სახსარი მტკიოდა.

მედ.დამ  ,,ისტორია“ ხელში შემაჩეჩა და ,,კოვიდ-სასტუმროში“ გამამწესა. ,,ემერჯენციდან“ სასტუმრო სულ რაღაც ნახევარ კილომეტრშია, მაგრამ ჩემი სახლი სამ კილომეტრში. კომენდანტის საათის დადგომამდე, ჯერ მეუღლე უნდა მიმეყვანა შინ, მერე ჩემი  ,,ხიბაკი“ ამეღო და ისეევ უკან მომეცოცხა.

ცხრას ათი აკლდა სასტუმროს ფოიეში რომ შევაბიჯე. ექიმი, ახალგაზრდა კაცი, იქვე, კარებთან იჯდა. ბიუროკრატიულ პროცედურებს მალე მორჩა, მკურნალობის პროცესი გამაცნო, დამაიმედა და მეორე სართულზე შემასახლა.

ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებულს, ცოტა იმედი ჩამესახა. ათ წუთში პირველი ნემსი გამიკეთეს. განუკითხავი ხველა დამეწყო.  უჭმელ-უსმელი ლოგინზე წამოვწექი და ხველის თავისუფალი ვარდნის აჩქარებაში გადავეშვი.  ,,კოვიდ-გენოსეს“ კი ბოდიში მოვუხადე.
- ოთხი დღის წინ, მეც ამ დღეში ვიყავიო! - დამამშვიდა. მერე საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმითქვა.

ღამით ისეთი ხვრინვა ამოუშვა, ნამდვილად შემშურდა მისი. ჩემი ბუხუნი  ალბათ იავ-ნანასავით ჩაესმოდა ძილში.

დილისკენ ოდნავ შევანელე ხველა. სუნთქვა მიჭირდა, მაგრამ არ ვიცი როგორ, მაინც ვახერხებდი ... კაცსაც და ღმერთსაც ვაგებიებდი, რომ ცოცხალი ვიყავი ...  ეს იყო ჩემი ,,საბრძოლო იარაღი“ - ხველა!

დათოს ღვიძავს და მანდარინს მიირთმევს. ავღანეთში თავსგადამხდარ ამბავს მიყვება. ჯარისკაცის მძიმეწონიანი ჩაფხუტის ტარებისაგან თურმე კისრები სტკიოდათ. ერთ ჩვენს თანამემამულეს ხერხი უხმარია, ჩაფხუტი მუყაოსაგან გამოუჭრია და ზედ ხაკისფერი შალითაც გადაუჭიმავს, ნამდვილისაგან ვერ გაარჩევდით თურმე.

ერთ დღესაც ამერიკელთა ბაზაზე რაღაც ტვირთი წაუღიათ. მერე სასადილოში შეუვლიათ. იქ იმ ჩვენი ცოდვით სავსე ჯარისკაცს, ის ჩაფხუტი მოუხდია, გაუკეცავს და მარჯვენა მუხლზე შემოუდია.

გადარეულა მთელი სასადილო თურმე. ამერიკელებს გენერლისთვის უთქვამთ, რომ ,,ჯორჯიანელებს“ დასაკეცი ჩაფხუტები ჰქონიათ და ასეთები მათაც უნდოდათ ...
სადა მაქვს სიცილის თავი? ... მაინც მეცინება. 

... მეშვიდე, მეერვე, მეეცხრე დღე ...

                                                          ,,ვოი საბ-რა-ლე მი-რან-გუ-ლა!
                                                            დე-დეშ! ოვ დე-დეშ!“ 

მეთვრამეტე დღე! ... უაზროდ ვაცეცებ თვალებს. ფანჯრიდან შემოჭრილ ნათლის შუქს ვხედავ ...
- შენ დაამარცხე კოვიდი! - მეუბნება ექმიმი - ხვალ სახლში იქნები!

- მე დავამარცხე კოვიდი“! ...არა, თქვენ დაამარცხეთ იგი, მე გამიმართლა უბრალოდ. იმ სამოც მილიონს შორის აღმოვჩნდი, ვისაც გაუმართლა. ორ მილიონს კი არა!

კოვიდი თქვენ დაამარცხეთ, ექიმებმა, მადლობა ამისთვის!

                                                        ,,ო ლილეო ისგვამი დიდაბიო რილგვაია
                                                        შილედა ვოიდივო ლილეო
                                                      შაიდივოი ლილედა ოქურაში სამკალიო ღილგვაია
                                                        შილედა ვოიდივო ლილაო“
 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები