ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
5 იანვარი, 2021


რატომ დგანან წეროები გრძელ ფეხებზე (ზღაპარი)

ძველად, ძალიან დიდი ხნის წინათ, წეროებსაც ბატებივით მოკლე, ბაჯბაჯა ფეხები ჰქონდათ. ისინი სისუფთავის ძალზედ მოყვარულები იყვნენ და ყოველი ნადირობის შემდეგ დიდხანს უწევდათ ბუმბულის დასუფთავება.
ერთი ლამაზი წერუკა, ასე ეძახდნენ მას ახლობლები, განსაკუთრებით კოპწია და პრანჭიკელა ვინმე გახლდათ. ბუმბული მუდამ ბმზინვარე ჰქონდა და ფეხებზეც ნამცეც ტალახსაც ვერ უპოვნიდით. იმდენად ეზარებოდა ჭაობში, შლამში დგომა და ნადირობა, რომ, სანამ შიმშილი ძალიან არ შეაწუხებდა, საშოვარზე არ გადიოდა ხოლმე.
ერთ დღესაც მშიერმა წერუკამ გადაწყვიტა სანადიროდ წასულიყო. წინა ღამის ნაწვიმარი იყო, გზა სამაოდ ტალახიანი, ჭაობი  კი საკმაოდ ჭუჭყიანი ჩანდა. სულ თითის წვერებზე მიდიოდა და ჭაობში შესვლაზე ფიქრიც კი ზარავდა. ბილიკი ფოთლოვან ტყეში გადიოდა. წერუკამ ჩამოტეხილი ტოტი შეამჩნია, რომელსაც შუა ადგილზე კოხტა წამონაზარდი ჰქონდა. მან ყურადღებით შეათვალიერა ტოტი, ფრთის ქვეშ ამოიჩრა და მსგავსის ძებნა დაიწყო. მალევე იპოვა მეორეც. იცით რისთვის უნდოდა? იფიქრა, ოჩოფეხებად გამოვიყენებო. დიდი წვალებით შესკუპდა ამ ოჩოფეხებზე. ჯერ მინდორში დაიწყო სიარული, რადგან ჩამოვარდნისას რამე არ ტკენოდა და არც დასვრილიყო. კარგა ხანს წვალობდა ჩვენი წერუკა. ნელ–ნელა უფრო გამართულად და ადვილად გადაადგილდებოდა. შუადღისკენ მშვენივრად დადიოდა  ოჩოფეხებით.
იმ დღეს მშვენივრად ინადირა, ერთი ბუმბულიც კი არ დასვრია. გრძელი ნისკარტის წყალობით მაღლიდანაც მშვენივრად იჭერდა ბაყაყებსა და ლიფსიტებს. იმდენად კომფორტულად გრძნობდა თავს, სახლშიც კი იმ ოჩოფეხებით წაბაკუნდა.
სხვა წეროები ჯერ ამრეზით უყურებდნენ წერუკას: – ამ მეტიჩარამ ეს რა მოიფიქრა, როგორ ზემოდან გადმოგვყურებს, რა აწოწილია, როგორი უშნოაო– მაგრამ, როცა დაინახეს, რომ ნადირობასაც მშვენივრად ახერხებდა და საერთოდ არ ისვრებოდა, თვითონაც იკადრეს მიბაძვა. მოძებნეს ტყეში ტოტები და მოირგეს ფეხებზე.
მალე ყველა წერო ოჩოფეხებზე დადიოდა. იმდენად კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ღამეც კი არ იხსნიდნენ მათ.
ხომ იცით, რომ ყველა ტყეში ცხოვრობს ცისფერი ფერია. ამ ტყის ფერიას მოეწონა წეროთა მოხერხებულობა და ოჩოფეხები ყველას ნამდვილ ფეხებად უქცია.
მის მერე ყველა წერო გრძელფეხებზეა შედგარი. ისინი მოხერხებულად ნადირობენ ყველგან და თან ისე, რომ ერთ ბუმბულსაც კი არ ისვრიან.
                                                                        2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები