ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2021


დღესასწაულების ზღაპარი

დღესასწაულების ზღაპარი
თუ დავაკვირდებით ყოველი გათენებული დღე სასწაული არ არის? გამთენიისას გაიხსნება ცის ცისფერი ფანჯარა, სინათლეს გამოუჩნდება თეთრი ფრთა და აფრიალდება მზის ყვითელი ფარდა. მერე მთელ  სამყაროს ეფინება სითბო  და სიყვარული....მაგრამ მე ერთ უცნაურ გოგონაზე მინდა გიამბოთ, რომელიც თავად იგონებდა დღესასწაულებს.  მას სურდა ყოველი დღე მზიანი, ფერადი და ბრჭყვიალა ყოფილიყო. ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიდნენ იმ დღეს, ულოცავდნენ, კოცნიდნენ, ეხუტებოდნენ, გემრიელ სადილებსა და ტკბილეულს ამზადებდნენ, ვახშმებსა და სადილებზე იწვევდნენ ერთმანეთს და თან  ღია ბარარათებს უგზავნიდნენ.... ასე წელიწადის ყოველ დღეს ხომ არ ხდება. გოგონა თავად სიხარულით აღნიშნავდა შობა- ახალ წელიწადს, 1 ივნისს- ბავშვთა დაცვის დღეს, საკუთარ თუ მეგობრების დაბადების დღეებს, მაგრამ მისთვის ეს სულაც არ იყო საკმარისი. ერთხელაც თქვა: - დღესასწაულების მოფიქრებას აბა, რა უნდა, თუკი თან ისეთ სკოლაში ვსწავლობ, რომლის ახლომახლოც  ორსართულიანი ფოსტის შენობაა?  ახსენა თუ არა გოგონამ ადამიანებისგან მივიწყებული ფოსტის შენობა, რომელიც საოცრად მოწყენილი იდგა, ძველი შენობა მაშინვე მხრებში გასწორდა. აქა- იქ გატეხილი კრამიტის წითელი სახურავი სწრაფად შეისწორა  და ჩამოშლილი  კედლის ნალესიც  ფეხით შორიახლოს მიყარა, აქაოდა, შემომხედეთ როგორი კოხტა და კოპწია ფოსტის შენობა ვარო, განა მართლა დავბერდიო?!  მერე ისე ძლიერად ჩაახველა,  სხვენზე შემომსხდარი თეთრი მტრედები ხომ წამოშალა და ლურჯად შეღებილ ხის კარზე ამოკაწრული წარწერაც  ვ + თ = შ  გამოაღვიძა.  - აბა, მოემზადეთ, ჩემო ფრთათეთრო ფოსტალიონებო, მგონი სულაც არ დაგვივიწყეს ადამიანებმა, აი, ეს ცუცქნა გოგონა მგონი რაღაცას აპირებსო. ლურჯი კარი ფართოდ გაიღო  და მიტოვებული ფოსტის შენობაში ჩვენი ნაზი და ცუცქნა  გოგონა შევიდა. შიგნით ისეთი სუნი იდგაა : ლურჯი, შავი თუ წითელი მელნის, ლამაზ ნახატებიანი ბარათებისა და .... ფცხიიიკ, უი, გოგონამ დააცემინა. დიახ, ალბათ მიხვდით, ცოტა ქალბატონი მტვერი მოკალათებულიყო იატაკზე, ფანჯრის რაფასა თუ თაროებზე. ეს ფოსტის შენობა ხომ დიდი ხნის მიტოვებული  იყო ადამიანებისგან. არავინ აღარ წერდა ბარათს ერთმანეთს,  შეყვარებულებიც კი. ჰოდა,  იმას გეუბნებოდით, რომ გოგონამ დააცემინა „ფცხიიიიკ“  და ნაირ-ნაირი საფოსტო მარკები თუ ფერად- ფერადი ფურცლები მაგიდიდან იატაკზე მიმოიფანტა. გოგონამ წამოკრიფა ყველაფერი, მაგიდა გადაწმინდა, იქვე ფანჯრის რაფაზე მოწყენილ პრანჭია ვარდსაც  წყალი დაუსხა, გამოაცოცხლა, წვეტიანი კალამი ჯერ ლურჯ, შემდეგ წითელ თუ შავ მელნის ქილებში ჩააწო და შეუდგა ბარათების წერას. ამ დღეს გადაწყვიტა ბებიების დღე ყოფილიყო და ქვეყანაზე რაც კი ბებიები არსებობენ ყველასთვის გაეგზავნა ფერადი, ლამაზ ნახატებიანი მისალოცი ბარათები ტექსტით - „ბებო, გილოცავ ქიშმიშიანი ქადების ცხობის დღეს“ შენი მოსიყვარულე გოგონა. ანდა „ ბებო, გილოცავ მაღალი წნევის უქონლობის დღეს!“- შენი მოსიყვარულე შვილიშვილი .  ან სულაც „ ბებო, გილოცავ ბევრი შოკოლადისა და ჩურჩხელის  ჭამის არ დაშლის დღეს!“ - შენი მსუნაგი გოგონა. და ა.შ და ა.შ.... მისალოც დღესასწაულებს რა გამოლევს? მხოლოდ ბებოებს კი არა, მზრუნველ დედიკოებსაც  უგზავნიდა  ულამაზეს ღია ბარათებს „ დედიკო, გილოცავ, შენი შვილისთვის თბილად არ ჩაცმის დღეს! “ „ დედიკო, გილოცავ ბროკოლისა და სტაფილოს წვნიანის არ ჭამის დღეს!“ „ მამიკო, გილოცავ, სამსახურიდან სახლში ადრე მოსვლის დღეს!“ კიდევ „მამიკო გილოცავ შენი პატარა შვილიკოსთვის ლეკვის ყიდვის დღეს!“ „ მასწავლებლებო, გილოცავთ მოსწავლის შექების დღეს“ "ორიანების არ წერის დღეს!" „ ექიმებო, გილოცავთ კლინიკებში ავადმყოფების არ ყოლის დღეს“ ან " ექიმებო, გილოცავთ ნემსების არ გაკეთების დღეს" „მეგობრებო, გილოცავთ საიდუმლოს გამხელისა და სათამაშოს თხოვების დღეს!“  „გილოცავთ ყოველდღე ბაბუსთან სკვერში სეირნობის დღეს“ გულმოდგინედ წერდა და წერდა გოგონა ახალ-ახალ ღია ბარათებს.  გაასუქდა, გააიბერა ჟანგიანი  საფოსტო ყუთი,  ვეღარ იტევდა წერილებსა და კეთილ სურვილებს, მტრედები დაუღალავად  ურიგებდნენ ადამიანებს და ახარებდნენ. „ შეყვარებულებო, გილოცავთ ერთმანეთის თვალებში სიხარულის ნაპერწკლების ანთების დღეს, ანდა ერთმანეთზე ზრუნვის, დათმობის, არ ჩხუბისა და არ გაბუტვის დღეებს, ერთმანეთის მონატრებისა თუ ჩახუტების დღეს. ფხუკ, ფხუკ, ჩურჩულით გეტყვით  და პირველი კოცნის მისალოცი ბარათებიც კი გაუგზავნა გოგონამ შეყვარებულებს. ადამიანები ხარობდნენ და აღარ იცოდნენ რომელ დღსასწაულზე რა მოემზადებინათ, რა ეჩუქებინათ ერთმანეთისთვის, როგორ გაპრანჭულიყვნენ ან როგორ მოფერებოდნენ ერთმანეთს. მათთან ერთად ხარობდა გოგონაც. ზამთარ- ზაფხულ ფერადი დღეები იდგა:  აყვავებული ხეების, დასუფთავებული ქუჩების, აჩუხჩუხებული შადრევნების, მოვლილი  მოხუცების, ბედნიერი ბავშვების დღეები.
მოხუცი თუ ახალგაზრდა ფოსტის შენობებიც კი ხარობდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, აბა, ვინ უფრო სწრაფად მიაწვდის ადრესატს წერილსო. აჭრიალებდნენ საფოსტო ყუთებსა და აფრიალებდნენ მარკებს. მტრედებმა, წეროებიც მოიხმარეს ბარათების ჩამორიგებაში და წრუწუნებიც.
ბოლოს, გოგონამ გადმოიღო ერთი დიიიდი შეკვრა ფურცლებისა და დედამიწის ყველა მაცხოვრებელს გაუგზავნა მისალოცი წერილი : „ ადამიანებო, ყველას გილოცავთ სიცოცხლის დღეს!“  და დასვა დიდი, ყვითელი წერტილი. მას შემდეგ ადამიანები  ყოველ დილას გახარებულები იღვიძებდნენ, ვიღას ახსოვდა ახალი წლის აღნიშვნა ან სულაც საჰაერო  ფლოტის დღე?!  ერთმანეთს სიცოცხლის დღესასწაულის მისალოც ბარათებს უგზავნიდნენ ხოლმე ყოველ დილით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები