ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2021


შეშის მჭრელი

გვქონდა ასეთი ამბებიც:
შვილები ქალწულებს გვეშობა,
მამა არ ჰყოლოდათ,
ვაზსა და ხორბალს ეპატრონა.
შიგა და შიგ წასაკითხი წიგნია ქალი,
ღრმად ჩასაჭვრეტი თხრილია,
ღრმად შესაჭვრეტი გვირაბია, სიბნელეა,
ბოლოს რომ ინათებს.
ჩვენს ტანში მისგან შემოფრენილი ღრუბლები -
ისეთი სუფთები, ისეთი ბლანტები...
თითო სიცოცხლეს რომ სწირავენ 
ჩამოსატყავებლად შემზადებული
ბატკანივით.

აგე, ამნაირი იანვრის დილაც:
სიზმრიდან გამოსული,
საბნიდან გამოყოფილ ფეხს რომ
ისევ თბილ ზეწარს უბრუნებ,
გეშარდება, იკეცები,
გეშარდება, იჭმუჭნები უვარგისი ქაღალდივით,
სუნით არჩევ,
დედის გაკეთებული ბულიონი ქათმისაა თუ - ხბოსი.
იბრძვი, სიზმარს შეუბრუნდე
და ქუჩიდან შემოჟონილ ხმებზე -
კარგად დაკარი, გააპე გაუჩეხე გული!
ა, ეგრე! ა, ეგრე, მოგიკვდა პატრონი! -
ისე ჯავრდები, საკუთარ ყელს გინდა ატკინო
უხეირო თანხმოვნებით და
რაღაც ასეთის წარმოთქმით: ყლჭპყვრტყნჭ!
და იმხობ თავზე დაჩუტულ ბალიშს.

გახვალ ეზოში,
დააშტერდები ტალახიან ნახერხს,
ნელ-ნელა ააყოლებ თვალს უტვინო შეშის მჭრელს,
რომელსაც ვიწრო შარვლიდან ბალნიანი კუდუსუნი უჩანს.
მაღლა ასწევ სახეს და
ცხვირზე მჯდარ ფიფქს სულის შებერვით დააფრთხობ,
და იქვე, მოფარებულში,
ჩაეცუცქები ღობეს,
მოშარდავ,
წვები და ისევ ხმები:
- ა, ეგრე! დაკარი! გააპე! გაჩეხე! ა, ეგრე! მოგიკვდა პატრონი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები