ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2021


ოცნება: ავსტრალია ( 5. ეჭვი )

   
    თვალის გახელა ვცადე, არაფერი გამომივიდა. ისეთ სიმძიმეს ვგრძნობდი თითქოს საგულდაგულოდ ჩაურაზავს ვინმეს. ვერც თავი ავწიე, ლოდივით მქონდა დამძიმებული და გაბრუებული. სისუსტე და მჩხველეტავი, აუტანელი სიცივე ისე იყო ფესვგადგმული ჩემს სხეულში ოდნავ შერხევასაც ვერ ვახერხებდი. არც ძილში ვიყავი და არც ცხადში, ვერაფრით ვიხსენებდი სად ვიმყოფებოდი ან რა ხდებოდა ჩემს თავს.
    ამ მდგომარეობამ სავარაუდოდ დიდხანს გასტანა, ჩემი დამძიმებული ქუთუთოების მიღმა რამდენჯერმე დაბნელდა და გათენდა. ადამიანის სიახლოვესა და მზრუნველობას ქვეცნობიერად ვგრძნობდი, თავიდან ძილბურანში შემდეგ კი თანდათანობით, უფრო გარკვევით.
    ნელნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ სისუსტემ და გამთანგავმა სიცივემ უკან დაიხია. რამდენჯერმე შუბლსა და სახეზე პეპლის ფრთასავით ნაზი და სასიამოვნო შეხება ვიგრძენი.
    -ანა, ვიცი რომ გესმის! უნდა გამაგრდე, უნდა გაიღვიძო! - შეშფოთებული ხმა საამოდ შეირხა დახშული სმენის მიღმა.
    თვალის გახელას კვლავ ვეცადე, გამომივიდა.. მისი სახე ზუსტად ჩემს თვალსაწიერზე დავინახე. შავი, წკრიალა სფეროები უზომო მზრუნველობითა და მოუთმენელი შფოთით მიმზერდნენ. ჩემს მოქმედებაზე შვების ღიმილი მომენტალურად გადაეფარა სახეზე და ხელზე ხელის მკვეთრი შეხება ვიგრძენი.
    -მადლობა უფალს, დაბრუნდი ანა!
    გამშრალი ტუჩები ერთმანეთს გაჭირვებით დავაშორე და დაკარგული იოგების თავმოყრა ვცადე.
    -რა მოხდა, სად ვარ?
    -ჩემთან ხარ, ჩემს სახლში. გაცივდი და რამდენიმე დღეა უგონოდ ხარ. შენი გამოჯანმრთელების იმედი ლამის გადამეწურა, მაგრამ ყოჩაღი გოგო ხარ, შეძელი.
  -რამდენი დღეა?
  -სამი. ახლა ცოტა უნდა შეჭამო, წყალი დალიო და დაისვენე ისევ, ძალები უნდა აღიდგინო.
    თავი უხმოდ დავუქნიე. ამ მცირე მოძრაობამაც კი საოცარი ტკივილი მომგვარა. ქალაში თითქოს გამლღვალი ტვინი ჩაესხათ და ოდნავ შერხევაზეც კი აქეთ-იქით ეხეთქებოდა.
    ცხელი წვნიანის რამდენიმე კოვზი გაჭირვებით ჩავყლაპე, ორი ყლუპი წყალი მარკოს დახმარებით მივაყოლე და ამჯერად უკვე საღმა ძილმა უკანმოუხედავად გამიტაცა.
    მე ისევ ავსტრალიის კონტინენტზე ვიყავი, ოღონდ ამჯერად როგორც დაგეგმილი მქონდა, მისით ვტკბებოდი. მზე კაშკაშებდა და ჩემს ირგვლივ უამრავი ბედნიერი ადამიანი ირეოდა. ყველა ის ადგილი მოვიარე რისი ნახვაც მიზნად მქონდა. თავსგადამხდარი უცნაური თავგადასავალი სიზმრად ნანახივით თანდათან ხელიდან მეცლებოდა.
    ჩემი მოგზაურობის უკანასკნელ დღეს ვატარებდი და ისეთ სისავსეს ვგრძნობდი როგორსაც ადამიანი ახდენილი ოცნებისას განიცდის. სრული აღმაფრენა და გონებაში კარგად დალაგებული სტატია მქონდა.
    ბოლო ფოტო გადავიღე და ზურგჩანთა მხარზე მოვიგდე. საათის მიხედვით ჩემი აეროპორტში წასვლის დრო დამდგარიყო. უზარმაზარი ცენტრალური პარკიდან გამოვედი და გამვლელ ტაქსს ხელი დავუქნიე.
    მანქანამ ზუსტად ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა. მისალმების შემდეგ სასურველი მისამართი ვუკარნახე და კარი მოხურული არ მქონდა რომ მძღოლს ავხედე. ჩემსკენ შემობრუნდა, საპასუხოდ მომესალმა და ფართოდ გამიღიმა, მარკო იყო...
    უეცრად გამომეღვიძა. ოთახში საღამოს მზე სასიამოვნოდ იღვრებოდა და საოცარი სიმშვიდე სუფევდა. წამოვჯექი და საკუთარ სხეულს დავაყურადე, აშკარად უკეთ ვიყავი და ენერგიის ნაკლებობას აღარ განვიცდიდი.
    ირგვლივ მიმოვიხედე. ვიღაცის მზრუნველ ხელს საწოლის ბოლოს ქათქათა ხალათი და ტუმბოზე წყლის ჭიქა დაედო, ხარბად დავეწაფე. გვერდითმა მხედველობამ და ასპროცენტიანმა მეხსიერებამ მარცხენა მხარეს რაღაც მოინაკლისა. ტუმბოს ზედაპირი ცარიელი დამხვდა, ფოტო გამქრალიყო.
    კარგად დავფიქრდი, ეს ფრაგმენტიც სიზმარში ხომ არ მქონდა ნანახი მაგრამ ის ემოციაც კი რაც უცხო სახლში საკუთარი თავის დანახვისას გამიჩნდა მეტისმეტად ხელშესახები იყო. უეცარი შოკი რაც მისი დანახვისას განვიცადე ამ წამსაც იგივენაირად მაშფოთებდა. ჩემსა და უცნობი გოგოს ფოტოს შორის სხვაობა მხოლოდ თვალის ფერში იყო, ზუსტად მახსოვდა, მას კამკამა ცისფერი თვალები ჰქონდა.
    დაფიქრებისა და გაანალიზებისთვის გონების დაძაბვა გამიჭირდა, ნაავადმყოფარს თავბრუ ისევ სუსტად მეხვეოდა. წამოვდექი, ხალათში გავეხვიე და მისაღებ ოთახში გამავალი კარი გამოვაღე, სახლში არავინ ჩანდა.
    სამზარეულოსთან მივედი და ჩაის გამზადება დავიწყე. ის იყო ქაფქაფა ფინჯანი მოვიმარჯვე და ტელევიზორთან მოვკალათდი რომ კარი გაიღო და მარკო შემოვიდა.
    არ მელოდა, გაოცებულმა შემომხედა მაგრამ წამში შეეცვალა გამომეტყველება და კმაყოფილმა გაიღიმა.
    -მიხარია კარგად რომ ხარ!
    -გმადლობ ზრუნვისთვის, -გულწრფელად ვუპასუხე.
    სუპერმარკეტის ჩანთები მაგიდაზე დააწყო და ეშმაკური ღიმილით გამომხედა.
    -თავს როგორ გრძნობ? სახლიდან გასვლას შეძლებ?
    გარეთ გასვლის წარმოდგენა იმდენად ზაფრის მომტანი იყო რომ შევცბი და ხმისამოუღებლად შევაჩერდი.
    -ნუ გეშინია! - მიხვდა რამაც შემაშფოთა. -აქ ვერავინ გვიპოვის, ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო.
    თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე მაგრამ მაშინვე კითხვა მივაყოლე.
    -აქედან როდის წავალ?
    ჩანთისკენ წაღებული ხელი წამიერად გაუშეშდა, ჩემსკენ ნელა შემობრუნდა და ხანგრძლივად დამაკვირდა. შემდეგ თითქოს ბურანიდან გამოფხიზლდაო თავი გააქნია და ძლივსგასაგონად მიპასუხა.
  -შენი საბუთები სამ დღეში იქნება მზად, მანამდე უნდა მოღონიერდე რომ ხანგრძლივი მგზავრობა შეძლო.
    სამი დღე, გავიფიქრე და ისეთი სიმშვიდე დამეუფლა თითქოს უკვე მშობლიურ სახლში ვიმყოფებოდი.
    მან პროდუქტის დახარისხება გააგრძელა და შემდეგ ვახშმის მომზადება დაიწყო. მე ტელევიზორში ინგლისურენოვან გადაცემას გაუაზრებლად შევყურებდი. ისე მოსაღამოვდა ვერც კი მივხვდი. სამზარეულოში მადისაღმძვრელი სუნი დატრიალდა, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი და მივხვდი საშინლად მომშიებოდა.
    წამოვდექი და მაგიდას მივუახლოვდი. იტალიური პიცა მარგერიტა თავმომწონედ შემომყურებდა.
    მზარეულს გაოცებულმა ავხედე. თვალი ღიმილით ჩამიკრა და მაცივრიდან ლუდის ქილები გამოალაგა. ყველაფერი პიკნიკის კალათში ჩააწყო და ჩაიცვი გავიდეთო, მითხრა.
    ჩემი გარეცხილი ტანსაცმელი საძინებელში ვიპოვე. უცნობი ადამიანის ამდენმა და ამგვარმა მზრუნველობამ გული ამიჩუყა და ცრემლებისთვის ხელი რომ შემეშალა სწრაფად გავემზადე.
    მხურვალე დღის სასიამოვნო საღამო იდგა. მოსახლეობა სახლების წინ მოწყობილ პატარა ბაღებში გამოშლილიყო. ირგვლივ მიმოვიხედე და თვალები გაკვირვებისგან გამიფართოვდა. ქალაქი საახალწლოდ მორთული მხიარულად ბრწყინავდა.. ჩემმა უცნაურმა თავგადასავალმა და ბოლო დღეების ავადმყოფობამ სრულიად ამომაგდო ცხოვრების რიტმიდან და აღარ გამხსენებია რომ ახალი წელი კარს იყო მომდგარი.
  ეს დღესასწაული იმდენად მიყვარდა რომ ამ პერიოდში ჩემი აქ ჩამოსვლის ერთერთი მიზეზი ესაც იყო. ახალი წლის წარმოდგენისას ყველას მაშინვე თოვლი, სიცივე და ზამთარი გვახსენდება. ავსტრალიის მდებარეობიდან გამომდინარე კი წლის ამ დროს მცხუნვარე ზაფხული იდგა და ქვეყანა ეგზოტიკური დღესასწაულის გატარების მსურველ ტურისტებს ვერ აუდიოდა.
    ჩემდაუნებურად გამეღიმა და მარკოს გადავხედე, მაშინვე მიხვდა ჩემი გახალისების მიზეზს და თვითონაც ჩაეღიმა.
    მალე თეთრი ქვიშით დაფარულ, თვალუწვდენელ სანაპიროზე აღმოვჩნდით. აქაიქ ადამიანთა ჯგუფებიც შევნიშნე, მათაც ჩვენსავით ოკეანის ნაპირზე რომ გადაეწყვიტათ ახალი წლის დადგომის აღნიშვნა.
    მოხერხებულად მოვეწყვეთ. მარკოს ლუდთან ერთად ერთი ბოთლი წითელი ღვინოც წამოეღო.
    -პიცას ლუდი უხდება მაგრამ დღესასწაულის აღსანიშნავად ღვინო უკეთესია. შენ თუ გინდა ლუდი დალიე.
  -კი, ლუდი მირჩევნია მაგრამ მართალი ხარ, ღვინით ჩვენ ქართველები შესანიშნავ სადღეგრძელოებს ვამბობთ. -ქართველებს ხაზი გავუსვი და ცნობისმოყვარედ მივაჩერდი.
    როგორც ყოველთვის უთქმელად მიმიხვდა მზერის მიზეზს, ღვინით სავსე ჭიქა მომაწოდა და ოკეანეს გახედა.
    -ადამიანი გასაჭირისას ან უეცარი ელდისას თავისდაუნებურად მშობლიურ ენაზე იწყებს საუბარს. ამას ხშირ შემთხვევაში საფრთხის ჩავლისას ვერცკი იხსენებს მაგრამ ასეა. როცა კეფაზე ტომასის იარაღის შეხება იგრძენი შენს ენაზე წამოიყვირე. დარწმუნებული ვარ ვერც კი გაიაზრე და არ გახსოვს?!
    დავფიქრდი და მართლაც ვერაფერი გავიხსენე.
    -კი, მაგრამ შენ საიდან მიხვდი რომ ენა ქართული იყო? -ჟურნალისტმა გაიღვიძა ჩემში.
    -ბებია მყავდა ქართველი და შენ წარმოიდგინე საქართველოშიც ვარ ნამყოფი.
    კიდევ ერთი გაკვირვება. კიდევ რამდენ საინტერესო რამეს მალავს ეს ბიჭი ნეტავ?! შეკითხვების დასმას რომ აზრი არ ქონდა ამას უკვე მივხვდი რადგან საუბრის მოყვარული დიდად არ ჩანდა, განსაკუთრებით საკუთარ თავზე. მაინც ვერ მოვითმინე.
    -მარკო, ის ფოტო ტუმბოზე... ვინაა ის გოგო ასე საოცრად რომ მგავს?
    შეცბა და ისეთი თვალებით გადმომხედა მყისიერად ვინანე უადგილო კითხვა.
    -ამაზე საუბარი არ გვინდა კარგი?!
    ხმა აღარ ამომიღია. დიდი მიხვედრა არ ჭირდებოდა იმას რომ ეს თემა ტკივილს აყენებდა. საუბრის გადატანა ვცადე, ღვინის ჭიქა მივუჭახუნე და გავუღიმე.
    -ახალ წელს გაუმარჯოს! ასე უცნაურად რომ დგება ჩემს ცხოვრებაში.
    -იგივეს ვიტყოდი! -გაიცინა და დალია.
    რამდენიმე წუთი ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. ოკეანეს გავცქეროდით და იმ ზღაპრული სილამაზით ვტკბებოდით რასაც ავსტრალიის სანაპიროები უხვად გვჩუქნიდა. სასიამოვნო, სიმხურვალეშეპარული ნიავი იძვროდა. ტალღები მშვიდად ხმაურობდა და ჩურჩულით ყვებოდა საუკუნეების განმავლობაში ნანახ უამრავ ისტორიას. მის ზედაპირზე არეკლილი ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები ბრილიანტის ნამსხვრევებივით ანცად ბრჭყვიანებდნენ. სიმშვიდე გარსივით შემომეკრა ირგვლივ, სხეულში ერთიანად გამიჯდა და თავისუფლად ამოვისუნთქე.
  -იცი რამდენჯერაც საღი ძილით ჩამეძინა იმდენჯერ შენ გნახე სიზმარში?! -მისკენ არ გამიხედავს ისე ჩავილაპარაკე. ვიგრძენი ინტერესით შემომხედა. -ალბათ ჩემმა ქვეცნობიერმა დაგიმახსოვრა. -დავამატე რატომღაც.
  -ხო, არ ვარ ადვილი დასავიწყებელი! -გულიანად გაეცინა.
  -ან მხოლოდ შენს იმედად დარჩენილს სხვა ვეღარაფერზე მეფიქრება. -გავწითლდი და ალმურმა ერთიანად ამიარა.
  -რამდენიმე დღეში აქედან წახვალ და ეს ყველაფერი მართლაც სიზმრად ნანახი თავგადასავალივით დაგამახსოვრდება.
  -ჰო, ალბათ! -ჩემი ხმა მთლად მტკიცე არ იყო. -შეიძლება რაღაც გკითხო?
  -მკითხე!
  -ასე თუ ისე ადამიანების ცნობა ვიცი, ამაში ჩემი პროფესიაც მეხმარება. ვფიქრობ არ ხარ ცუდი ადამიანი და ამ საშინელ გარემოში როგორ მოხვდი? -სხაპასხუპით მივაყარე.
  -ანა, არ მინდა ტყუილი გითხრა და ნუ მაიძულებ. როგორც არ უნდა მინდოდეს შენთვის სიმართლის თქმა არ შემიძლია.
    საკუთარმა ფიქრებმა ამრია. ეს რას უნდა ნიშნავდეს?! რომელი სიმართლე ან სხვა რა არ უნდა ვიცოდე?! ჩემთან ერთად რომ ბოროტმოქმედი იჯდა ეს საკუთარი თვალით მქონდა ნანახი. მის მიმართ თანამზრახველების დამოკიდებულება ძალიან ერთგვაროვანი იყო, მარკო მათთვის უცხო ადამიანს არ წარმოადგენდა და არც მარკოსთვის იყო გაუგებარი მათი საქმიანობა. ამას მისი გემზე პირველი გამოჩენა ადასტურებდა როდესაც ტყვის შესახებ გაიგო და პროტესტის გრძნობა არ გასჩენია.
  მხოლოდ ჩემს მიმართ აშკარა საფრთხის დანახვის შემდეგ აემღვრა ფიქრები. ეს გრძნობები კი ტუმბოზე ნანახ ფოტოსთან ჩემმა საოცარმა მსგავსებამ გამოიწვია. ლოგიკურად მსჯელობაც კი აღარ იყო საჭირო იმის მისახვედრად რომ ის გოგო მისი და, შეყვარებული ან ცოლი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ისღა რჩებოდა ჩემთვის გაუგებარი რა დაემართა მას ან სად იყო, რატომ განიცდიდა მარკო ასე ძლიერ მისი ხსენებისას.
    ფიქრებიდან ფეიერვერკის ხმაურმა და ათასფრად განათებულმა ჰორიზონტმა გამომარკვია. ამასობაში დაბნელებულიყო და გასული წელიც უკანასკნელ წამებს ითვლიდა.
    სიხარულისგან თავი ვერ შევიკავე და ფეხზე წამოვხტი. მარკოც ღვინით სავსე ორი ჭიქით ხელში გვერდით ამომიდგა. ირგვლივ ჩვენსავით ჰორიზონტს მიშტერებული ადამიანებიც ფეხზე იდგნენ და ერთმანეთს ბედნიერი სახეებით ულოცავდნენ ახალი წლის პირველ წუთებს.
    -გილოცავ! -ზუსტად ჩემს ყურთან მომესმა მარკოს დაბალი ხმა და ლოყაზე მისი ტუჩების უეცარი შეხება ვიგრძენი.
    ერთიანად ავირიე, თავი დავხარე რადგან ამ წამს მის თვალებში ჩახედვას ნამდვილად ვერ გავბედავდი. მწარე რეალობის მიუხედავად მის მიმართ ჩემს ამოუხსნელ გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებდი. გამოსავალს მხოლოდ აქაურობის დატოვებაში ვხედავდი. არც ის იყო გამორიცხული ჩემი ასეთი უცნაური განცდები ასეთ უცნაურ თავგადასავალს გამოეწვია. არც იმ ფაქტის იგნორირებას ვაპირებდი მარკო ნამდვილად მიმზიდველი მამაკაცი რომ იყო და შესაძლოა სხვა რეალობაშიც იგივე გრძნობები გამჩენოდა მის მიმართ.
    საკუთარ თავზე უზომოდ გავბრაზდი. ყოველთვის ჩამოყალიბებული აზროვნება მქონდა მაგრამ ახლა თითქოს სხვა ადამიანი იდგა ჩემს ნაცვლად და ეს შეგრძნება თავს საოცრად უსუსურად მაგრძნობინებდა.
    -გაგვიმარჯოს, მეც გილოცავ! -ვუპასუხე სასწრაფოდ და საკუთარი ემოციები რომ არ გამეყიდა ჭიქა სულმოუთქმელად გამოვცალე.
  კიდევ ერთი საათი დავყავით უკვე გრილ ქვიშაზე და სახლში დავბრუნდით. საუბრის სურვილდაკარგული მაშინვე საძინებლისკენ გავეშურე.
    მშვიდად და კარგად მეძინა. საუბრის ხმამ და სახეზე აციმციმებულმა მზის სხივმა გამომაღვიძა. წამოვდექი და კარისკენ წავედი მაგრამ რაღაცამ გასვლის საშუალება არ მომცა. იქვე შევდექი და დავაყურადე.
    მონოლოგი მესმოდა, მარკო ტელეფონზე სუფთა იტალიურით საუბრობდა და მეც მყისიერად მის მიერ ჩემს მიმართ ნათქვამი სიტყვა „ბრავა“ გამახსენდა. აქცენტი მეუცნაურა მაგრამ მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ახლა კი ცხადი ხდებოდა, ის ან იტალიელი ან იტალიაში გაზრდილი იყო. მისი უზუსტესი აქცენტი სწორედ ამაზე მიუთითებდა.
    -ამას არ აქვს მნიშვნელობა! -მესმოდა ცალკეული და ჩემთვის გაურკვეველი ფრაზები. -სხვა გზა არ იყო! -მკაცრი ტონით ლაპარაკობდა.
    -კი, ის ჩემთანაა!.. -ამის შემდეგ აღარაფერი გამიგია. ხელფეხი ერთიანად გამეყინა და ავმა წინათგრძნობამ ყელში მახრჩობელასავით წამიჭირა. მის მიმართ გაჩენილი ნდობა წვიმის შემდგომ გაჩენილი ცისარტყელასავით სწრაფად გაქრა.
  „ყველაზე მაღალი კლდე საიდანაც შეიძლება გადმოვარდე, არის ნდობა“ მეხსიერებამ სადღაც ამოკითხული სიტყვები ზედაპირზე სხარტად ამოატივტივა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები