ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2021


***

სულ არაფერი, მხოლოდ მცირე, ისიც აქა-იქ,
შეგრძნება იმის, რომ ვსუნთქავ და თითქოს ამიტომ,
ვაძალებ ჩემს თავს, დავიჯერო - სხვა გზა არ არის,
რომ საჭირო ვარ ჯერაც შენთვის. მეტად საჭირო,
მაინც შენ დარჩი... შორს ქალაქი იწვის, როგორღაც
ჯერაც სრული და ფეხზე მდგომი. ისევ ცხადია,
რომ გიჟები და ჭკვიანები თავის სოროდან
გამოდიან და ძველებურად ერთად დადიან.

რა ხდება, როცა აქ აღარ ვართ - მომწერე, თითქოს,
მხოლოდ მანძილით გამეყავი, თითქოს მხოლოდ და
მხოლოდ საფოსტო კომპანიის ბრალია, ის რომ
აგვიანდება შენს ბარათებს. იქნებ როგორღაც,
მოახერხო და დამირეკო. ვიცი, ნამდვილად,
რომ რასაც ვწერ და რასაც ვფიქრობ, არის სრულიად
აბსოლუტური სისულელე... შენ თუ ადვილად,
შეძელი ის რაც მოიფიქრე - ჩემთვის რთულია,
ფიქრებითაც კი გავარღვიო დროის ნატიფი,
მაგრამ უწყვეტი მიმდინარება, რომელიც ყველას,
განურჩეველად ყველას გვიტევს. თუმცა ასეთი
კითხვის უფლება მეც მეძლევა. მე კიდევ ნებას
ვერ ვრთავ ჩემს სხეულს ჩამოვხედო შენს ღრმა და ვიცი -
მყუდრო სამყოფელს. ამიტომაც, მინდა შენ თავად,
დამეხმარო და მომაწვდინო თუნდაც სულ ერთი,
სიტყვა, რომელიც დამამშვიდებს. თუმცა ერთთავად
და უტყუარად ვიჯერებ, რომ ცდილობ, როგორმე
შეძლო და მჯერა, ყველაფერი ისე ძალიან
რთულია შენთვის, რომ მაგიჟებს. ახლაც ბოლომდე
მფიტავ და ვიცი, შენი არა, იმის ბრალია
ეს ყველაფერი, ვინც ახლა კი არის პირველი
შენი მფარველი, შენი მამა, ვინც ჩემზე ძლიერ,
წარმოუდგენლად ძლიერ გიცავს. მე კი შიშველი
და საზიზღარი ვგდივარ მის წინ. თუმცა შენს მიერ
ჩემზე მიტანილ კეთილ ამბებს, ვიცი, ნამდვილად
შეუძლიათ, რომ გამიწიონ ალბათ სულ მცირე
სამსახური და მაპოვნინონ რაღაც სიმშვიდის
მსგავსი. შენც იცი, არაფერი, (ჯერაც ვერ ვხვდები,
ამ სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობას) აღარ არსებობს,
რაც მანათებდა. ჩამწყდარია ბეწვის ხიდები -
შენ მანდ ცხოვრობ და მე კი აქეთ მხოლოდ ვარსებობ.

ვფიქრობდი გუშინ ყველაფერზე, მაგრამ როგორც კი
შენ მოგადექი, დამწვარია, ვიცი, ის რასაც
ტვინში გაძლების ფუნქცია აქვს. ახლა მხოლოდღა
ინსტინქტები თუ მამოძრავებს... ასე მშვიდად და
მოულოდნელად დავემსგავსე ძაფებზე ნაკიდ
ხის მარიონეტს - მეთოჯინე რომელსაც ასე
უბრალოდ ქარში ათამაშებს. მაშინვე თავში
გამიელვა, რომ დრო არ არის, მარტივად წავხდე -
ვიცი, შენც იცი, ვერ ვიქნები კაცი, ისეთი,
ვინც საკუთარ თავს შეიცოდებს - ასე იოლად
კაცი არ მზარავს. მაპატიე, როცა მცირედით
გავიღიმებ და შევიყვარებ. თითქოს ვილოკავ
მძიმე ჭრილობას, თითქოს წვიმა ალბობს გვალვისგან
დახეთქილ მიწას... რატომ გიხსნი, როდის მომხდარა,
დაგჭირვებოდა ჩემი ახსნა? ახლა მარტივ და
ამ ჰიპოთეტურ კითხვებსაც კი შენთან მოვყავარ
და რეალობაც ისეთია - თითქოს აბსურდის
ტრაგედიაში მოგვანიჭეს როლი მცირედი -
გკითხულობ: "სად ხარ"? - არსაიდან ისმის პასუხი
მე კი ნელნელა მეწურება ყველა იმედი,
შენი პოვნის და ჩახუტების. აქამდე, ალბათ,
შენ შენიშნავდი, სენტიმენტებს ასე თუ ისე
გავუმკლავდი და ეს პატარა ცრემლია, სადაც
მთელი ეს ბოდვა ილექება. ღამეა ისევ...
ღამე ყოველთვის მამარცხებდა, ახლაც რთულია
მასთან ჭიდილი. უფრო მეტად რთულია, ის, რომ
შენც არ მოდიხარ. ფხიზელი ვარ, თუმცა სრულიად
შემიძლია, რომ აგიტანო, შეგეხო, გიგრძნო,
თუნდაც ისეთი, როგორიც ხარ და ვიცი, რომ ხარ!
შენი არყოფნის მიკროსკოპულ შანსსაც ჯერ კიდევ
ვერ დავუშვებ და მაპატიე, თუ სხვების მსგავსად
შენზე ცრემლები თვალს კი არა სტრიქონებს მივსებს -
სადაც მე ვკვდები შენს სანაცვლოდ, შენ კი შენებურ
სიცილის ივიწყებ და დამტირი,
მერე მგონია,
ისე ძლიერი სიყვარულის განცდა შეგეძლო,
მოდი, დაგტოვებ სადაც ხარ და ერთ დიდ ლოდიან
გაშლილ მინდორში გავიქცევი, სადაც მხოლოდ და
მხოლოდ ქარია, ფიქრებია, სადაც არ სძინავს
შენს მოკვდავ სხეულს და ვიწყებით სადაც ბოლოდან -
სიკვდილიდან და სიცოცხლემდე მშვიდად დავდივართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები