ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2021


ეკალი (მეორე)


როცა ჩემი ტელეფონი რეკავს,
სახლში იწყება
აზიური სერიალის ინსცენირება  -
ერთმანეთზე უფრო გაკვირვებული მზერა,
ყველა ჩემკენ მომართული,
თითქოს ვერ მცნობენ:
- შენთან რეკავენ?
კი, მაგრამ როგორ?
როდის აქეთ?
და თუ შენ შენ ხარ, ვის მოაგონდი? -
უკვირთ და ალბათ არ ტყუიან,
რა თქმა უნდა,
რადგან ჩემები ვერ მცნობენ,
მე ვერ ვიქნები.

წარმოვიდგენ ფოტოს,
მაგრამ  სახეზე,
ვერაფრით ღიმილს ვერ წარმოვიდგენ.
მას კი,
რასაც ფოტო დააფიქსირებს,
არ ვეთანხმები -
არც ეს ვარ,
რადგან ვერ ვცნობ საკუთარ თავს,
მე ვერ ვიქნები...

მეცხრე სართული.
ხედი ფანჯრიდან -
თებერვლის ბოლოს,
ციდან სამადლოდ წამოსული თოვლი დნება.
არ ჩანს მზე,
ცივა,
ჩასველდა მიწა.
თუმცა ხეებში წყლის ჩადგომა
არ იგრძნობა ამ სიმაღლიდან.

როგორ ძლიერ ჰგავს
ამ პეიზაჟს ჩემი ღიმილი.
კი, კი, ზუსტად ის არის.
თუკი მკითხულობ
და თებერვალში იმყოფები,
მიდი,
ახლავე გაიხედე შენი ფანჯრიდან
და გადაიღე,
- გქონდეს ჩემი ფოტოსურათი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები