| ავტორი: ტინნე ჟანრი: პროზა 22 თებერვალი, 2021 |
სხეულის გაკონტროლება გამიჭირდა. კარის გამოღება და გასვლა ძლივს მოვახერხე. თავის ხელში აყვანას ამაოდ ვცდილობდი. მარკომ ჩემი დანახვისას საუბარი სწრაფად დაასრულა და დივანთან მისვლაში დამეხმარა. -რა მოგივიდა? კარგად ხარ? ერთიანად კანკალებ! -არაფერი, ალბათ წნევა დამივარდა. -ენა გაჭირვებით მოვაბრუნე. ჭიქით წყალი მომაწოდა და წნევა გამიზომა. -ნორმალურია, ალბათ სტრესის ბრალია. წამოწექი ისევ, დაისვენე, მე ყავას გაგიკეთებ. ყავა დავლიე და თანდათანობით გონებაზე მოვედი. ჩემი მის მიმართ განწყობის შეცვლა არ მინდოდა რომ შეენიშნა მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, დიდი სიმაღლიდან მიწაზე დახეთქებულის შეგრძნება არ მტოვებდა. მთელი დღე ჩემთვის გარინდული ვიჯექი, მასაც აღარ შევუწუხებივარ. გადავწყვიტე, როგორც კი ჩემს საბუთებს მომიტანდა აქედან გავპარულიყავი და საკუთარი თავისთვის თვითონ მიმეხედა. საბუთები... ზარმა თავში ისეთი ძალით შემომკრა ფეხებამდე გაიარა. რა დარწმუნებული ვიყავი რომ ნამდვილად აკეთებდა და მომიტანდა. არა! ამჯერად ისტერიკაში ჩავარდნა არ მაწყობდა, ნერვები უნდა მომეთოკა და გეგმა მშვიდად შემედგინა. რათქმაუნდა! ეს ხომ ლოგიკური იყო. აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ასე მიამიტად და თვალდახუჭილი ვენდე ადამიანს რომელიც ჩემი გამტაცებელი იყო. მას თავისი საკუთარი გეგმა გააჩნდა ჩემთან მიმართებაში და ღმერთმა უწყის უფრო უარესსაც კი მიმზადებდა ვიდრე მისი თანამზრახველები. სხვა რა გამართლება უნდა ჰქონოდა მის სიტყვებს?! ვიღაცას ამშვიდებდა რომ მას ვყავდი, სხვა შემთხვევაში ამას ვის გაუმხელდა?! მესამე დილის მზის ამოსვლისთანავე გამეღვიძა და ბორგვაც დავიწყე. სახლში მარტო ვიყავი. ყოველ მცირე ხმაურზეც კი კართან მივრბოდი და თვალი გზისკენ მეჭირა. მოიტანა... თითქმის აღარ ველოდი. რატომღაც არც საბუთების დანახვამ დამიბრუნა მის მიმართ ის იმედი და რწმენა რამაც აქამდე მომიყვანა. ვის უნდა სცოდნოდა ჩემი მასთან ერთად ყოფნის საკითხი?! უპასუხო კითხვა ჩაიხვია გონებამ. გადაწყვეტილება მტკიცე მქონდა, ჩემით უნდა გამეკვლია გზა. პასპორტი, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს რა გზებით მოიპოვა, თვითმფრინავის ბილეთი და ფულის რამდენიმე მსხვილი კუპიურა საძინებელში შემომიტანა. რეისი რომელიც მაწყობდა ოთხი დღის შემდეგ იყო. ეს კი იმას ნიშნავდა რომ მხოლოდ ოთხი დღეღა უნდა გამეძლო და აქედან უკანმოუხედავად გავქცეულიყავი. შეგრძნება გამიჩნდა რომ ეს ყველაფერი გაჭირვებით დამიტოვა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა. კართან წამით შეჩერდა, შემობრუნება დააპირა მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა და სწრაფად გავიდა. ახლა მისი სახლიდან გასვლა მჭირდებოდა, მანამდე კი უნდა გამერკვია რომელ ქალაქში ვიმყოფებოდი, რისი გაგებაც აქამდე ყურადღებამოდუნებულს არც გამხსენებია. ქართველები უნდა მომეძებნა.. გეგმის პირველი და ძირითადი ნაწილი ეს იყო, დანარჩენს თანდათან სიტუაცია მიჩვენებდა. ისე დაღამდა სახლიდან აღარ გასულა. საწოლში ვბორგავდი, ფანჯრიდან ჩაბნელებულ ცას გავცქეროდი და ძილი ახლოს არ მეკარებოდა. მე მასზე სახელისა და სავარაუდო ეროვნების გარდა არაფერი ვიცოდი, რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა. აქედან წასული ვეღარასდროს გავიგებდი ვინ იყო ან საერთოდ რა იყო მისი მიზანი, მართლა ჩემი დახმარების სურვილი ჰქონდა თუ საკუთარი გეგმები?! სხვა თუ არაფერი მისი ვინაობა მაინც უნდა გამეგო. თუ ნამდვილად იტალიელი აღმოჩნდებოდა, სტუდენტობიდან მოყოლებული იტალიაში მაცხოვრებელს ჩემი კონტაქტებით არ უნდა გამჭირვებოდა მისი რეალური პიროვნების დადგენა. ამ ფიქრებში ჩაფლულს მოულოდნელად კარის ხმა მომესმა. დავაყურადე, მარკო ეზოში გავიდა, ალბათ მასაც ჩემსავით არ ეძინა. ფეხზე მტაცებელივით წამოვვარდი და კარს უჩუმრად მივუახლოვდი. სად შეიძლება ჰქონოდა საკუთარი საბუთები?! პასპორტი ან მართვის მოწმობა მჭირდებოდა, მოწმობა სავარაუდოდ მანქანაში ექნებოდა. ფიქრის და ლოგიკურად აზროვნების დრო არ მქონდა. ზურგჩანთას ვეცი, არაფერი რათქმაუნდა. შემდეგ კარადას, კვლავ არაფერი. ბოლოს ტელევიზორის მაგიდისკენ გამექცა თვალი. სამი კარი ერთმანეთის მიყოლებით გამოვხსენი. მხოლოდ მესამედან გამოვაძვრინე მომცრო ზომის ყუთი და თავი ავხადე. ფოტოები იყო და ერთიანად იატაკზე წამოვყარე. არ შევმცდარვარ... მათში შერეული იტალიური პასპორტი ჩემს ფეხებთან დაეცა. მარკო მარონე, გაჭირვებით წავიკითხე ქუჩიდან შემომავალ მბჟუტავ სინათლეზე. დაბადებული 1988 წელს, დაბადების ადგილი იტალია, პულია, ქალაქი ბიტონტო. ფოტოები და პასპორტი უკან ჩავალაგე, ყუთი კარადაში დავაბრუნე და მანაც სწორედ ამ დროს შემოაღო კარი. ეზოდან შემოჭრილი განათება პირდაპირ სახეზე დამეცა. მარკო ადგილზე შედგა. თავის გადასარჩენად სასწრაფოდ რაიმე უნდა მომეფიქრებინა. ვერ დავუშვებდი გამოვეჭირე და გეგმა ჩამშლოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, ხელები მაისურში ჩავავლე, შიგნით, ოთახისკენ მოვიზიდე და მის ტუჩებს მივწვდი... მოულოდნელობისგან გაქვავდა და სუნთქვა შეეკრა. ხელის შეხებაც კი ვერ გაბედა. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში, თითქოს ანდამატმა მიიზიდაო ვეღარ მოვწყდი. რამდენიმე წამის შემდეგ მისმა აღდგენილმა სუნთქვამ და ჩემს ზურგზე მისი ხელის აღქმამ სასიამოვნო თავბრუსხვევა რომ მომგვარა მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს. ძალიან გამიჭირდა მაგრამ ორივე ხელი მკერდზე მკვეთრად მივაბჯინე და უკან ნაბიჯ-ნაბიჯ დავიხიე. საკუთარი სურვილის გაცნობიერებისგან დამფრთხალმა საძინებლის კარი გიჟივით შევხსენი და შიგნიდან ჩავკეტე. ზუსტად ვიცოდი ოთახს არც კი მოუახლოვდებოდა მაგრამ ეს ჩემი თავისგან დასაცავად უფრო გავაკეთე. ისე დამათენდა საწოლზე ჩამომჯდარი არც კი გავნძრეულვარ. აზრზე კარის დახურვის და მანქანის ძრავის ხმამ მომიყვანა. ფანჯარას ვეცი, ეზოდან გადიოდა. ან ახლა ან არასდროს! გავიფიქრე სიმწრით, საბუთებსა და ჩემს მწირ ნივთებს ხელი მოვუსვი და მისსავე ზურგჩანთაში ვუკარი თავი. ცოტა ხანს შევიცადე და სახლიდან კატასავით გავსხლტი. საპირისპირო მხარეს გავუყევი, წარმოდგენა არ მქონდა რომელ ქალაქში ვიყავი ან სად მივდიოდი. საკმაოდ დიდხანს ვიარე. მზემ გვარიანად დააჭირა. დაღლამ და დაძაბულობამ დამრია ხელი. ვცდილობდი დასახლებულ ტერიტორიას სწრაფად გავცლოდი. წინ სათამაშო მოედანი და ჯგუფად შეყრილი ბავშვები დავინახე. მათკენ წავედი. მივუახლოვდი და ყველაზე უფროსს, ასე 13-14 წლის გოგონას, ქერა თმა უხვად რომ გაეშალა ზურგზე ინგლისურად მივმართე, გამართულად მიპასუხა. მისგან გავარკვიე რომ ქალაქ მელბურნთან ახლოს პატარა დასახლებაში ვიმყოფებოდი. ახლა ჩემი გზატკეცილზე გასვლა არაფრით არ შეიძლებოდა. ვერც გამვლელ მანქანას გავაჩერებდი, ასე ვერ გავრისკავდი. სახლში დაბრუნებულ მარკოს ადგილზე რომ არ დავხვდებოდი მაშინვე ქუჩების დავლა მოუვიდოდა აზრად. გადავწყვიტე თავი საღამომდე სადმე შემეფარებინა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ პატარა მდინარეს და მასზე გადებულ სამანქანო ხიდს მივადექი. ხიდის ძირას, მდინარის გასწვრივ მწვანე მოლი და ხეების მწკრივი გასდევდა. ბევრი აღარ მიფიქრია და ხიდის ქვეშ ჩავედი. მზისგან დასიცხულმა ზურგჩანთა ძირს მივაგდე, ჩამოვჯექი და თავი ზედ მივდე. საღამომდე დრო უსასრულოდ გაიწელა. გზას მაშინ დავადგებოდი როდესაც კარგად დაბნელდებოდა. ღამით გზატკეცილზე მანქანის დანახვისას სწრაფად შევძლებდი მის გასწვრივ დამალვას რაც დღის მონაკვეთში თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. წინა ღამის უძილობამ თავისი ქნა როდის გავითიშე არ მახსოვს. განთიადის სუსხმა გამომაღვიძა და ფეხზე ფეთიანივით წამოვხტი. საათის მიხედვით დილის ხუთის ოცი წუთი იყო და ჯერ ისევ ბინდბუნდი იდგა ამიტომ დრო აღარ დამიკარგავს. ხიდზე დიდი სიფრთხილით ავედი და გზას გავუყევი. უნდა მომეხერხებინა და სამსახურებისკენ მიმავალ მოსახლეობას ავრიდებოდი, თანაც არც ვიცოდი წინ რა მანძილი მელოდა. მელბურნამდე რამდენჯერმე მომიწია გზის მარცხნივ გადაჭიმულ სიმინდის პლანტაციაში დამალვამ. გამიმართლა რომ მოსავალი ჯერ ისევ არ იყო აღებული და ჩემზე ერთი თავით მაღალი მცენარეები მთლიანად მფარავდა. საათი დილის რვის ნახევარს აჩვენებდა როდესაც ჩემს თვალწინ დიდებული ქალაქი გადაიშალა. შვებით ამოვისუნთქე. აქ მასაში გარევას ისე შევძლებდი ჩემი მოძებნა მარტივი აღარ იქნებოდა. სიცხის მიუხედავად სპორტული მოსაცმელის კაპიუშონი თავზე წამოვიხურე და ვეცადე უდარდელი გამომეტყველება მიმეღო. ქუჩას ნელა მივუყვებოდი და მსხვერპლს ჩასაფრებული ნადირივით გამვლელების საუბარს ვაყურადებდი. ახლა ქართული ლაპარაკის გაგონება მოწყურებულივით მჭირდებოდა. საქართველოს საელჩოს მისამართი შემეძლო მეკითხა მაგრამ არ ვიცოდი აქამდე საქმე ვისთან მქონდა, მათი საცეცები სადამდე იყო ფესვგადგმული, კვლავ ტყვედ ჩავარდნის წარმოდგენაზე სხეულში შიშის გრძელი მკლავები მაშინვე გაშლას იწყებდა. შემთხვევით გადაყრილი ქართველი რატომღაც უფრო მეიმედებოდა, ასე მტრის ხელში ჩავარდნის ნაკლები შანსი იყო. ამასობაში უზარმაზარ, ახმაურებულ დილის ბაზარს მივადექი. წამით არ მიფიქრია და მაშინვე შევედი. საკმაოდ დიდი ხნის წრეზე სიარულის შემდეგ ქართული გემრიელი გინება მომესმა. ხმის მიმართულებით ფეთიანივით შევტრიალდი. ხელჯოხს უხერხულად დაყრდნობილი ასე 70-75 წლის მოხუცი ქალი მიწაზე მიმოფანტულ ხილს გაჭირვებით კრეფდა. მივუახლოვდი და უსიტყვოდ დავიხარე დასახმარებლად, ინტერესით ამომხედა. სავსე ჩანთა მივაწოდე და შევღიმე. მადლობა ინგლისურად გადამიხადა მაგრამ მე პასუხი ქართულად დავუბრუნე, თვალები ერთიორად გაუფართოვდა. მოხუცი მარია როგორც ვნატრობდი ქართველი ემიგრანტი აღმოჩნდა. ჩემი გასაჭირის მოკლედ მოყოლის შემდეგ არცკი უყოყმანია დახმარება ისე შემომთავაზა. სიხარულისგან თავი ვერ შევიკავე და ძლიერად ჩავეხუტე. სახლში წამიყვანა, რომელიც ორი კვარტლის მოშორებით მდებარეობდა. ბინაში შესვლისთანავე საუზმე მომიმზადა და ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა. მასთან სახლში ვიმყოფებოდი და კვლავ ვერ ვიჯერებდი რომ უფალმა ბოლომდე არ გამწირა და ამ ღვთისნიერ ადამიანთან შემახვედრა, რომელმაც სრულიად უცნობი ყოველგვარი ეჭვებისა და ყოყმანის გარეშე შემიფარა, მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი ვიყავი. მარკოს ნაყიდი ბილეთის გამოყენება აზრადაც არ გამივლია. რასაც პასპორტზე ვერ ვიტყოდი, მისი შოვნა მარტივი საქმე არ იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე სხვა მიმართულების ბილეთი რამდენიმე გადაჯდომით მეყიდა. მარია წასვლას და ყიდვას შემპირდა. მის უზომოდ მყუდრო, სამი მხრიდან მზით განათებულ ბინაში თავი მაშინვე კარგად ვიგრძენი. მარია ყოჩაღი და მამაკაცივით მებრძოლი ქალი აღმოჩნდა. სიგარეტს გრძელი მუნდშტუკით ეწეოდა და ქართულ-ინგლისურად მესაუბრებოდა. ჩემი არეული თავგადასავლის მოყოლისას რამდენჯერმე იმდენად გულიანად შეიგინა სიცილი ვერ შევიკავე. მანაც საელჩოში ან პოლიციაში წასვლა მირჩია მაგრამ სასტიკი უარი ვტკიცე, რატომღაც ბილეთის ყიდვა და აეროპორტში მარტო წასვლა ყველაზე უსაფრთხო გზად მიმაჩნდა. მხოლოდ თვითმფრინავამდე მისასვლელი გზა მქონდა გასავლელი, შემდეგ უკვე სრულიად თავისუფალი ვიქნებოდი. როგორც გინდაო, დამთანხმდა და წასასვლელად მოემზადა. პასპორტი და ფული მივეცი, მე გვირილის ჩაი შემომთავაზა დაგამშვიდებსო. ფანჯარასთან მივედი, აივანზე გასვლა ვერ გავბედე. მზეს სახე მივუშვირე და ღრმად ამოვისუნთქე. მშვიდი, თბილი და სასიამოვნო დილა იყო, უცნაური სიმშვიდით ავივსე. სუსტი ნიავი ფარდას ოდნავ არხევდა. ქუჩები უზარმაზარ მწვანე ხეებს დაეფარა და ქვემოთ მოძრავ ადამიანებს ღრუბლებივით გადაფარებოდა. თვალები დავხუჭე და ვეცადე გონებიდან უკანასკნელი დღეების შფოთით აღსავსე კადრები განმედევნა. ვერ შევძელი, მარკოს სახე ვერაფრით მოვიშორე. მის მიმართ გულში ასაფეთქებლად გამზადებული უცნაური ემოცია ტვინის განგაშის სიგნალებს მთელი ძალით ებრძოდა ჩასახშობად. რომელიღაც ქვეცნობიერი დაშვებული შეცდომისკენ ჯიუტად მითითებდა მაგრამ მაშინვე საძინებლის კართან ფარულად მოსმენილი მარკოს სიტყვები ეფარებოდა და უკან ახევინებდა. ჩემში ორი მე ებრძოდა ერთმანეთს... საქართველოში დაბრუნება მქონდა გადაწყვეტილი, ჩემი ემოციური მდგომარეობა ოჯახთან ერთად ყოფნას საჭიროებდა. გარდა ამისა შვებულების დღეები კიდევ მეკუთვნოდა და მილანში, ჩემს პატარა ბინაში მარტო ყოფნას ნამდვილად ვერ შევძლებდი. მარია შუადღისთვის დაბრუნდა. ბილეთი როგორც ვთხოვე თბილისამდე ორი გადაჯდომით ეყიდა. რეისი ორ დღეში იქნებოდა, ბალიზე და დუბაიში მიწევდა ტრანზიტი. სულერთი იყო... უფრო შორ მგზავრობასაც ავიტანდი ოღონდაც დედაჩემის მკლავები რაც შეიძლება მალე მეგრძნო. მარიასგანვე გავიგე რომ ქართველ ემიგრანტთა დასახლებაში ვიმყოფებოდი, რამდენიმე მათგანის გაცნობაც შემომთავაზა მაგრამ თავი შევიკავე. სხვა შემთხვევაში სიხარულით დავთანხმდებოდი მაგრამ ახლა ყოველ ნაბიჯზე საფრთხე მელანდებოდა. საუბარში თანდათან ჩამობნელდა. უეცრად შემოსასვლელი კარი ჩემთვის მოულოდნელად გაიღო. სახლში ასე 22-25 წლის თმააჩეჩილი, ტატუებით აჭრელებული ზორბა და ჩასხმული ბიჭი შემოვიდა. საღეჭ რეზინს გამაღიზიანებლად ატრიალებდა პირში და საშინლად თავხედური გამომეტყველება ჰქონდა. კედები კართან უდიერად მიყარა და ჩვენსკენ წამოვიდა. დაინტერესდა ვინ ვიყავი და უტიფრად ამათვალიერა. მარიამ მოკლე პასუხით მოიშორა თავიდან და სამზარეულოსკენ მიუთითა. ბიჭი გასვლის ნაცვლად სავარძელზე ჩემს გვერდით ჩაეხეთქა. რამდენჯერაც ჩემდაუნებურად გავეცალე იმდენჯერ ახლოს მომეკრო. დაბნეულმა არ ვიცოდი რა მექნა. სხვა შემთხვევაში საკადრის პასუხს გავცემდი მაგრამ მარიას კეთილშობილება ჩემს მიმართ არ მაძლევდა სიუხეშის უფლებას. ისევ მარიამ მიხსნა დაძაბული მდგომარეობიდან, ბიჭს კიდევ ერთხელ მკაცრად გაუმეორა დაგვტოვეო და საკუთარი ყავარჯენი ისე შეათამაშა ხელში მუქარა მეტისმეტად გასაგები რომ ყოფილიყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ბიჭი უხმოდ ადგა ფეხზე, საღეჭი რეზინი დემონსტრაციულად გაბერა მაგრამ გასვლამდე ჩემი თმის კულული საჩვენებელ თითზე დაიხვია და იმდენად ამაზრზენად შემომხედა რომ საკუთარი თავი წამიერად შემძულდა. უსიამოვნო წინათგრძნობამ ტანში ელექტროდენივით დამიარა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მუხა, კი მარია დაეხმარება ბოლომდე პერსონაჟს. რათქმაუნდა, ის ხომ ქართველია!
მანანა, გმადლობთ!
რადგან თქვენი ყურადღება მივიპყარი კარგად მიწუწუნია :D :D
ჩემს ოჯახის წევრებს ნამდვილად ახარებთ ჩემი ნაწერების კითხვა, ანუ მხოლოდ ამისთვისაც ღირს ნამდვილად გეთანხმებით! მუხა, კი მარია დაეხმარება ბოლომდე პერსონაჟს. რათქმაუნდა, ის ხომ ქართველია!
მანანა, გმადლობთ!
რადგან თქვენი ყურადღება მივიპყარი კარგად მიწუწუნია :D :D
ჩემს ოჯახის წევრებს ნამდვილად ახარებთ ჩემი ნაწერების კითხვა, ანუ მხოლოდ ამისთვისაც ღირს ნამდვილად გეთანხმებით!
9. მეც ვერ შემოვდიოდი სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთბაშად წავიკითხე რამდენიმე. ძალიან მომწონს, მშვენივრად შეგიძლია სიუჟეტების შერჩევა და ინტრიგების დახლართვა :( ისე, რომ ინანებდეს მარკოს მიტოვებას, კი არის ღირსი. ველოდები ინტერესით. წარმატებები 5 მეც ვერ შემოვდიოდი სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთბაშად წავიკითხე რამდენიმე. ძალიან მომწონს, მშვენივრად შეგიძლია სიუჟეტების შერჩევა და ინტრიგების დახლართვა :( ისე, რომ ინანებდეს მარკოს მიტოვებას, კი არის ღირსი. ველოდები ინტერესით. წარმატებები 5
8. მე ძალიან დაკავებული ვიყავი, დროის დეფიციტის გამო ვერ წავიკითხე და ა ახლა შევუდექი ვალების წაკითხვას. ერთხელ დაგიწერე და მეტად აღარ გავიმეორებ, წერე და წერე, არ აქვს მნიშნელობა ვინ წაიკითხავს და რამდენი, ერთსაც რომ ესიამოვნოს და რაღაც მისთვის სასაეგებლო ცოდნა გამოიტანოს ამ ნაწარმოებიდან ესეც საკმარისი უნდა იყოს, ეს თავი საინტერესოა ძალიან, რით დამთავრდება?! მარია დაეხმარება პერსონაჟს ბოლომდე ?! მე ძალიან დაკავებული ვიყავი, დროის დეფიციტის გამო ვერ წავიკითხე და ა ახლა შევუდექი ვალების წაკითხვას. ერთხელ დაგიწერე და მეტად აღარ გავიმეორებ, წერე და წერე, არ აქვს მნიშნელობა ვინ წაიკითხავს და რამდენი, ერთსაც რომ ესიამოვნოს და რაღაც მისთვის სასაეგებლო ცოდნა გამოიტანოს ამ ნაწარმოებიდან ესეც საკმარისი უნდა იყოს, ეს თავი საინტერესოა ძალიან, რით დამთავრდება?! მარია დაეხმარება პერსონაჟს ბოლომდე ?!
7. ფი-ფო გამახარე! დიდი მადლობა! :* ფი-ფო გამახარე! დიდი მადლობა! :*
6. დავიწყე და ვეღარ მივატოვე...მადლობა ასეთი კარგი ნააზრევისათვის!
დავიწყე და ვეღარ მივატოვე...მადლობა ასეთი კარგი ნააზრევისათვის!
5. ჩემი მიზანი და ინტერესი სულაც არ არის ქულების პრინციპით შეფასება და თავფურცელზე აღმოჩენა. მხოლოდ პროფესიონალთა აზრი მაინტერესებს წერის სტილზე, აზრის წყობასა და ნაწარმოების სტრუქტურაზე ჩემი მიზანი და ინტერესი სულაც არ არის ქულების პრინციპით შეფასება და თავფურცელზე აღმოჩენა. მხოლოდ პროფესიონალთა აზრი მაინტერესებს წერის სტილზე, აზრის წყობასა და ნაწარმოების სტრუქტურაზე
4. მზია, კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის. დასრულებით ნამდვილად დავასრულებ, მოტივაცია მაქვს საკმაოდ მაღალი, თანაც ამ ნაწარმოების წერის პროცესი მე თავად ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მხოლოდ ამ პორტალზე ატვირთვის ხალისი დამეკარგა. მგონია რომ მხოლოდ პოეზია ფასდება მზია, კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის. დასრულებით ნამდვილად დავასრულებ, მოტივაცია მაქვს საკმაოდ მაღალი, თანაც ამ ნაწარმოების წერის პროცესი მე თავად ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მხოლოდ ამ პორტალზე ატვირთვის ხალისი დამეკარგა. მგონია რომ მხოლოდ პოეზია ფასდება
3. ტინნე, არ გაიტეხოთ გული, აუცილებლად დაასრულეთ ნაწარმოები. ნამდვილად კითხულობენ. აქ რაღაც სხვა მიზეზია, რატომაც არ აფასებენ და არ ანიჭებენ ქულებს.
ტინნე, არ გაიტეხოთ გული, აუცილებლად დაასრულეთ ნაწარმოები. ნამდვილად კითხულობენ. აქ რაღაც სხვა მიზეზია, რატომაც არ აფასებენ და არ ანიჭებენ ქულებს.
2. მზია, დიდი მადლობა ჩემო კარგო :* მგონი თქვენს შეფასებასღა ველოდები ხოლმე თორემ თავების ატვირთვის სურვილი თანდათან მეკარგება :( მზია, დიდი მადლობა ჩემო კარგო :* მგონი თქვენს შეფასებასღა ველოდები ხოლმე თორემ თავების ატვირთვის სურვილი თანდათან მეკარგება :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|