ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
27 თებერვალი, 2021


ივლიტა (თავისუფლებაზე გაცვლილი)

დიდი გოგოა ივლიტა, უკვე სკოლაშიც მარტო დადის და გაკვეთილებსაც დამოუკიდებლად ამზადებს. სხვა გზა არც აქვს, დედამ უნდა იმუშაოს, რადგან როგორც ის ამბობს, მის საკუთარ მზეს, სამომავლო სხივების გასაკაშკაშებლად, ნიჭთან ერთად ცოტა ფულიც სჭირდება. ამიტომაც თითქმის დღე და ღამე მუშაობს. იშვიათად ხედავს ივლიტა თავის ერთადერთ იმედს და თუ ხედავს, მაშინაც (ხშირ შემთხვევაში) მძინარეს. სამაგიეროდ დედის სურნელით გემრიელად იჟღინთება ხოლმე და ასე იოკებს მშობლის მონატრებას. მამა კი არ ახსოვს გოგონას, არასოდეს უნახავს, არც არასდროს დაკონტაქტებია. დედიკო ეუბნება, რომ მამამისს ძალიან უყვარს თავის ანგელოზი, უყვება, სანამ წავიდოდა სულ მასთან ერთად გეძინა, თუ ის იყო სახლში, მე აღარ მეკარებოდიო. არ იცის ივლიტამ სად წავიდა მეორე მშობელი, დედაც არ თვლის ალბათ საჭიროდ ჯერ რომ ესაუბროს ამაზე. რომ ვთქვათ დიდად არც აინტერესებს გოგონას უცნობი კაცის ადგილსამყოფელი, მაგრამ თუკი დედამისი მართალს ეუბნება და მამას ძალიან უყვარს, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ არ ეკონტაქტება ქალიშვილს? რატომ არასდროს მოინდომა ერთადერთი შვილის ხმის გაგონება? ამის გაგება კი ნამდვილად სურს ივლიტას, თუმცა დედა კვლავაც არაფერს ამბობს, საეჭვოდ დუმს.
.......
ადრეულ ასაკში დაქორწინდა ივლიტას დედა. 16 წლის იყო, როცა თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო. შესრულდა თუ არა ჩვიდმეტის გაჰყვა კიდეც ცოლად თავისზე ბევრად უფროს-32 წლის მამაკაცს. თითქოსდა ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ყოველ შემთხვევაში შორიდან ასე ჩანდა. თავიდან მართლაც ედგათ ნეტარების ხანა, მათი ქორწინების პირველი თვეებისთვის მართლაც შესაძლებელი იყო მზიანი პერიოდი გეწოდებინათ, იის სურნელით გაჟღენთილი და მარტის მდინარეებივით აფეთქებული, მაგრამ მერე, მდინარე კალაპოტში ჩადგა, ჯებირებს აღარ სცდებოდა, საზღვრებს აღარ გადასდიოდა და ძალიან მალე ჩვეულ დინებასაც უკლო, მინელდა... მიჩუმდა... ის ძალა წაერთვა, რომელიც ცხოვრებასთან საბრძოლველად იყო საჭირო. ბოლოს კი უბრალოდ უნარი დაკარგა, სურვილიც-ხელახლა აზვირთებულიყო. იაც მისუსტდა, მოიწყინა, სურნელი გაუქრა, გაფერმკრთალდა და ერთ დღესაც გაფითრდა დასასრულივით.
......
3 წლის იყო ივლიტა, როცა მამამ ევროპაში წასვლა გადაწყვიტა.  მიზეზად ბევრი რამ დასახელდა, უმთავარესი კი ცუდი ფინანსური  მდგომარეობა იყო, რომელიც ოჯახს დღითიდღე უფრო ეტყობოდა. დედას არ უნდოდა ქმარი გაეშვა, ეუბნებოდა რომ ცოტაც მოეთმინა, რომ სექტემბერში ბავშვს ბაღში მიიყვანდნენ და მერე თვითონაც იმუშავებდა, მაგრამ კაცს მტკიცედ ჰქონდა წასვლა გადაწყვეტილი და ვეღარაფერი გადაახვევინებდა დასახული გეგმისგან. თქვა მონა ყველგან მონააო. ჩემს ქვეყანაში კაპიკებისთვის დღე-ღამის გასწორებას, მირჩევნია იქ წავიდე, სადაც შრომის ფასი იციან და შესაბამისადაც აანაზღაურებენო. ცოტა ხანს აქ დარჩით, მერე კი ფეხს რომ მოვიკიდებ თქვენც წაგიყვანთო, უთხრა ცოლს და წავიდა კიდეც. შეკამათება აღარც უცდია 21 წლის გოგონას, გოგონას, რომელსაც სწორედ ახლა სჭირდებოდა გვერდში მდგომი. გოგონას, რომლისთვისაც ფიზიკური თანადგომა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფინანსური, მაგრამ სამწუხაროდ მისი მეუღლე სხვაგვარად ფიქრობდა. ფიქრობდა და გაჰყვა კიდეც თავის გულისხმას უცხო მიწებზე. არ ვიცი ნამდვილად იმის გამო თუ წავიდა ივლიტას მამა, რომ ცოლ-შვილისთვის უკეთესი მომავლის ჩუქება სურდა. არც ის ვიცი საერთოდ ჰქონდა თუ არა მტკივნეული განცდა, როცა ახლად ატიკტიკებული შვილი და აცრემლებული ცოლი განთიადისას აპრილნათოვ ეზოში დატოვა, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ეს იყო უკანასკნელი გაზაფხული, ტყემლის უკანასკნელი ყვავილობა, როცა მან თავისი გოგონები იხილა. მხოლოდ ჩასვლისას აცნობა ოჯახს არ მიდარდოთო და ეგ იყო. წავიდა და წავიდა.
......
დიდი ხანი დასჭირდა ივლიტას დედას იმის გასაცნობიერებლად, რომ ქმარმა მიატოვა. თავს არწმუნებდა, ალბათ რაღაც შეემთხვა, რაღაცაში გაერია და ამიტომაც ვერ მეკონტაქტებოდაო. ერჩივნა საყვარელი კაცის შესახებ ცუდი ამბავი შეეტყო, ვიდრე ის ღალატსა და ორგულობაში გამოეჭირა...
ღალატი მარტო ის კი არაა სხვასთან ერთად გაიქცე ან ვინმესთან ერთად ფაქტზე წაგასწრონ, ღალატია ისიც ორ უმწეო არსებას, ბედის ანაბარა რომ მიაგდებ და არცკი იდარდებ მათ ხვალინდელ დღეზე! სწორედ ამის დაჯერება არ უნდოდა ქალს და ამიტომ ყოველთვის სხვა მიმართულებით მიჰყავდა ფიქრები. მობულურ ტელეფონს გამუდმებით დასცქეროდა, ზარი არ გამომეპაროსო, მაგრამ ოცნებად ქცეული ნომერი არაფრით ფიქსირდებოდა ეკრანზე. ამგვარ უსუსურ ლოდინში გავიდა რამოდენიმე თვე, იმედი ნელ-ნელა ნაცრისფერდებოდა, ხუნდებოდა, იცრიცებოდა, ბოლოს კი მოკვდა... გარდაიცვალა... უცრემლოდ... უემოციოდ... უმტკივნეულოდ... თითქოს ცრუ ქარებმა შეგრძნებებისგან გაძარცვეს ქალი, თითქოს შემოდგომამ უკანასკნელი ფოთოლივით ბოლო მოუღო მის ნაწვიმარ ფარფატს, თითქოს დეკემბერმა მთლიანად გაუყინა სველი მღელვარება.
მერე კი სწავლა დაიწყო... სხვა ცხოვრების სწავლა. დედა მარტოხელა დედად გადაიქცა და ამგვარი სტატუსით გააგრძელა მომავლის ძებნა.
......
როცა ქალმა უთხრა გოგონა გაგვიჩნდებაო, კაცი სიხარულმა ლამის ჭკუიდან გადაიყვანა. შვილი ძალიან უნდოდა. მართალი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ოჯახიც უფრო მეტწილად ამის გამო შექმნა. კიდევ იმის გამო, მშობლებისა თუ ახლობლების სურვილი რომ დაეკმაყოფილებინა და იმის გამოც, რომ "ქალი შეუყვარდა ნამეტნავად!"))) ისე შეუყვარდა, მასთან ყოფნაზე მეტად აღარაფერი უნდოდა. ჰოდა ცოლზე უსაზღვროდ შეყვარებული, ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო გადაირია მასზე. ისე ეთაყვანებოდა, ცოტაც და დააღრჩობდა გადამეტებული მზრუნველობით. ყველაფერს უსრულებდა, რასაც ფეღმძიმე ითხოვდა და არ ითხოვდა. საკუთარი თავი აღარ ახსოვდა, ყოველღამე კი სიზმრად იმ წამს ხედავდა, პაწაწა სხეულს რომ მკლავზე გადაიწვენდა და მისი სურნელით სამუდამოდ "მოიწამლებოდა". ეს დღეც დადგა. ზამთარი უცოდველი არსების დაბადებით დასრულდა და გაზაფხულდა, ბედნიერ მშობლებთან კი ორმაგად გაზაფხულდა. გოგონას ივლიტა დაარქვეს!
......
ბავშვმა მთელი დრო, ენერგია და ყურადღება მიითვისა დედ-მამისგან.
მისი დაბადების დღიდან წყვილის სურვილები და ინტერესები შეიცვალა. ის, რაც აქამდე მნიშვნელოვნად ეჩვენებოდათ, ახლა მეორეხარისხოვნად იქცნენ. წინა პლანზე გოგონას ფიგურამ წამოიწია, მთავარი იყო მას რა უნდოდა, რა სჭირდებოდა, როგორ სჭირდებოდა და ა.შ. მშობლებიც ყველაფერს აკეთებდნენ თავიანთი პირმშოსთვის, მისი ერთი ღიმილისთვის შეეძლოთ ქვეყანა შეეძრათ, სამყარო გადაეტრიალებინათ. შეეძლოთ ყოველგვარი სიგიჟე ჩაედინათ ღვთის ამ საჩუქრისთვის. ასე იყო... ასე ტკბებოდნენ, თვრებოდნენ და იჟღინთებოდნენ პატარას არსებობით და ვერც კი ამჩნევდნენ რომ ერთმანეთისთვის ვეღარ იცლიდნენ, რომ შორდებოდნენ, ცივდებოდნენ, ერთმანეთისგან იკარგებოდნენ. ბოლოს კი ისე აცივდა, მამა, მიუხედავად შვილის უკიდეგანო სიყვარულისა, სითბოს საძებნელად სხვა მხარეს გაუყვა. თავიდან ვერც კი მიხვდა თუ რისთვის დატოვა ოჯახი, ეს მხოლოდ მერე, იქ ჩასულმა გააცნობიერა. როცა თავისუფლების მოყვარულმა თავისუფლად ამოისუნთქა. გააცნობიერა და შერცხვა ამგვარი თავისუფლების, მაგრამ არც იმდენად "ბორკილებს" რომ ვერ შელეოდა. შვილი კი ჰყავდა, თავისი სიცოცხლის ერთადერთი ნათელი წერტილი, იმედი, სუნთქვა და მიზანი. მიზანი, რომელთანაც ადრე თუ გვიან ისევ მიაღწევდა და უამბობდა, თავისი მოუსვენარი ბუნების გამო, სიტკბოსთან ერთად რამდენი ტკივილი მიაყენა საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს. უამბობდა და მიიღებდა კიდეც პატიებას, ამაში დარწმუნებული იყო, რადგან იცოდა გოგონას ჯილდოდ დედიკოს გული და სიკეთე არგუნა ღმერთმა. ის გული, მამას რომ არაფრით უარყოფდა. მანამდე კი შვილის გვერდით ფიზიკურად ვერა, მაგრამ ფინანსურად აუცილებლად იქნებოდა.
.......
ივლიტას დედამ, ქმრის წასვლიდან ერთი თვის შემდეგ, მისგან, სატელეფონო ზარი არა, არც სასიყვარულო ბარათი და არც უბრალო მოკითხვითი შეტყობინება, მაგრამ ფულადი ამანათი კი ნამდვილად მიიღო. მხოლოდ ფული და არცერთი სიტყვა. პირველად მაშინ მოკვდა ქალი, თუმცა მის შიგნით ღრმად ფესვგამდგარი იმედი ჯერ კიდევ არ აპირებდა სიკვდილს. მას სიცოცხლე უნდოდა და ცოცხლობდა კიდეც, ვიდრე მოთმინების ფიალა არ აივსო, ვიდრე ლოდინი არ გადმოიღვარა და ვიდრე დასერილი სხეულიდან დარდმა წვეთ-წვეთად არ დაიწყო ჟონვა.
თვეების განმავლობაში იღებდა მეუღლისგან ხსენებულ ამანათებს, თვეების განმავლობაში კვდებოდა და ცოცხლდებოდა მიტოვებული სიყვარული, თვეების და შემდეგ კი წლების განმავლობაში ინახებოდა ფულით სავსე გაუხსნელი კონვერტები საიდუმლო სკივრში, რათა მერე ისევ პატრონს დაბრუნებოდა. ივლიტას დედამ გადაწყვიტა, რომ გოგონას მამა არ ჰყავდა და იმ ფულსაც არასდროს გამოიყენებდა, როგორც არ უნდა გაჭირვებოდა. ეს მხოლოდ თავის გულში, თავის თავსა და შეგნებაში გადაწყვიტა ასე, თორემ შვილისთვის არასდროს უთქვამს მსგავსი რამ. პირიქით, გამუდმებით არწმუნებდა მამის სიყვარულში და ხშირად ესაუბრებოდა მასთან გატარებულ ფერად დღეებზე.
.....
მერე კი წლები გავიდა... არაღიარებული ჯიუტი მოლოდინით, ჩუმი, საკუთარ თავთანაც კი გაუმხელელი მონატრებით და სიყვარულით, სადღაც, თითქოსდა საუკუნეებს მიღმა მიმალული მცხუნვარე ვნებებით.... წლები გავიდა, ბევრი წელი... სევდიანად... ნოტიოდ... ნისლიანი ცითა და ერთადერთი ვარსკვლავის ბრჭყვიალებით, იმედით, რწმენით!
.....
ერთ დღეს მეგობარმა ივლიტას ჰკითხა: (მაშინ ივლიტა მეხუთე კლასში იყო) მამა არ გყავს, მოგიკვდა თუ რატომ არასდროს გაკითხავსო? გოგონამ უბრალოდ უპასუხა, რომ მამამისი დიდი ხნის წინ წავიდა, რადგან უნდოდა მისთვის ლამაზი მომავალი მოეწყო. ბოლოს როდის დაგირეკაო, დაკითხვას აგრძელებდა თანაკლასელი. არასდროს გვისაუბრიაო, ისევ ჩვეული პახუხი გასცა ივლიტამ. ამ დროს კი მის ყურთასმენას შემდეგი სიტყვები მისწვდა: სულელო, როგორ ვერ ხვდები, ე.ი მამაშენმა მიგატოვათო. ამის შემდეგ აღარაფერი თქმულა, ანერვიულებული, ატირებული გოგონა სახლში დაბრუნდა და დედის სამსახურიდან მოსვლას ატკიებული სულით დაელოდა.
......
რვა წელი იყო გასული, რაც ივლიტას მამა უცხო მხარეში დაეხეტებოდა, ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდა და საკუთარი თავისთვის თავის მიერვე გამოტანილი განაჩენით-თავისუფლებით ტკბებოდა. მისთვის  ყოველი დღე სიახლით იწყებოდა და სიახლითვე მთავრდებოდა, არცერთი წუთი, არცერთი საათი ერთმანეთს არ ჰგავდა და ერთფეროვნებაც შორეულ მოგონებად გადაექცა. თუმცა იყო მომენტები, როცა უსაზღვრო კმაყოფილების დროს, რაღაც უსულო მღრღნელი შეუძვრებოდა ხოლმე შიგანში და გაუსაძლისად კორტნიდა სხეულს. ამ დროს წარსული მთელი რეალობით თვალწინ გადაეშლებოდა და მისგან თავის დაღწევას რთულად თუ ახერხებდა. ჯერ, სულ მთლად ახალგაზრდა ცოლის ლოდინითა და მარტოხელობის ტვირთით დამძიმებული მზერა უწვავდა სულს, მერე კი ერთადერთი შვილის მონატრება, მისი სურნელის შეგრძნების დაუოკებელი სურვილი აკარგვინებდა მოსვენებას. ასეთ წუთებში ყველაზე მეტად ეზიზღებოდა თავი, ეგოისტური ხასიათის გამო რომ გაწირა ოჯახი, თავის უნიათო მისწრაფებას რომ ანაცვალა. მისწრაფებას, რომლითაც მხოლოდ თვითონ თუ იღებდა სიამოვნებას. ან იღებდა კი?
მერე ტელეფონს ეცემოდა, სასწრაფოდ ნომერს აკრეფდა, სუნთქვას დაირეგულირებდა და... მაგრამ დარეკვას ვეღარ ბედავდა, რადგან სათქმელი და საერთო აღარაფერი ჰქონდა იმ ადამიანებთან, რომლებიც მის ოჯახად, უფრო სწორად კი უკვე ნაოჯახარად ითვლებოდა. საკუთარი თავითა და საქციელით იმედგაცრუებული მძიმედ ჩამოუშვებდა აკანკალებულ ხელს, ოხვრას სისხლიან ტკივილსაც ამოაყოლებდა, ფიქრებში გადაეშვებოდა და შემდეგ რეალობას ისევ იმ გეგმით უბრუნდებოდა, რომელიც წლების წინ დასახა. გეგმით, რომლითაც შვილის პატიებას აუცილებლად დაიმსახურებდა. ცოლი? ცოლი კი უბრალოდ გაუგებდა, უსიტყვოდ გაუგებდა. ან იქნებ ესმოდა კიდეც მისი. ამის იმედი ჰქონდა, ამგვარ იმედებს ემყარებოდა კაცი-შუახანს მიტანებული სხეულითა და ყმაწვილურ ასაკში დარჩენილი გულით. ის უბრალოდ ვერ გაიზარდა. ვერ ჩამოყალიბდა. განა კი თვითონ უნდოდა ასე მომხდარიყო?
.......
როგორც ყოველთვის, დედა დაღლილი დაბრუნდა სამსახურიდან. კარი მშვიდად გააღო და ოთახშიც ჩუმად შევიდა. არ უნდოდა შვილი გაეღვიძებინა, მაგრამ ივლიტას არ ეძინა... ან კი რა დააძინებდა? კითხვებით დახუნძლულ მის გონებას დამაკმაყოფილებელი პასუხები ესაჭიროებოდა. ქალი რომ გოგონას დაწითლებულ და ტკივილით სავსე თვალებს გადააწყდა, ძალა გამოეცალა. წამიერად ათასი უბედურება დაუტრიალდა თავში, რაც შეიძლებოდა თავის ერთადერთ სხივს დამართნოდა, მაგრამ ვერაფრით წარმოიდგენდა იმ მიზეზს, რის გამოც გოგონა ამ დღეში ჩავარდნილიყო. უცებ გონს მოეგო, ივლიტას მიუახლოვდა, გულში ჩაიკრა, თმა და სახე დაუკოცნა დილით ნანახ, მაგრამ მაინც არაამქვეყნიურად მონატრებულ შვილს. დიდხანს, ძალიან დიდხანს კოცნიდა და იჟღინთებოდა მისით, შემდეგ კი თავი ააწევინა გაუღიმა და სთხოვა დაწვრილებით მოეყოლა, რაც აწუხებდა. დედა მოუსმენდა, დედა გაუგებდა, დედა დაეხმარებოდა. იარას მალამოდ დაედებოდა, დარდს მოჰპარავდა და თვითონვე შეიფარებდა, დასერილ სულს კი თავისი სისხლის ხარჯზე შეახორცებინებდა სამყაროს, მთელს მსოფლიოს შვილის წინ დააჩოქებდა. ოღონდაც ეთქვა... ოღონდაც გაენდო!
იცოდა გოგონამ მშობლის ხასიათი, მის ძლიერ ბუნებას საუკეთესოდ იცნობდა. ყველაფერზე მეტად ეს ქალი უყვარდა და ერთადერთ იმედსაც ამ ადამიანის არსებაში ხედავდა. ამიტომაც არასდროს უფიქრია დედისთვის რამე დაემალა, მისი უსაზღვროდ სწამდა და სჯეროდა. ცაში ღმერთი, მიწაზე კი დედა ეგულებოდა უანგარო გადამრჩენელად!..
ყველაფერი დაწვრილებით უამბო. სკოლის ინციდენტიც და იმ ინტერესის გაჩენაც, რომელიც წლებთან ერთად თავისდაუნებურად უძლიერდებოდა დედისერთა ასულს. გოგონა მამის შესახებ "ზღაპრის" მოყოლას სთხოვდა მარტოხელად ქცეულ დედას.
ქალს შვილისთვის ტყუილი არასდროს უთქვამს. თუ მისთვის რამის თქმა არ უნდოდა, უბრალოდ არ ეუბნებოდა და ამით მთავრდებოდა კიდეც. მაგრამ არასდროს მოუტყუებია. არც ახლა აპირებდა. თვალსა და ხელს შუა გაზრდილ შვილს ნამდვილი ზღაპარი უამბო უნახავი მშობლის შესახებ. გაცნობის დღით დაწყებული, წასვლის წუთით დამთავრებული. მერე კი ის დაამატა, რომ, მიუხედავად კაცის გაუჩინარებისა, მას შვილი სამყაროზე მეტად უყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე ასე ეყვარებოდა. არც ამჯერად ატყუებდა ქალი, თავის სიტყვებში საოცრად იყო დარწმუნებული და სწორადაც იქცეოდა. მეტი არაფერი უთქვამს. დანარჩენი გოგონას მიანდო. მას არ ჰქონდა უფლება. ივლიტას მამისთვის თვითონვე უნდა გამოეტანა განაჩენი.
და გამოუტანა კიდეც. იმ ბავშვური და ცხელი გულით მშობელი სამუდამოდ დაასამარა გაბრაზებულმა პატარამ!
.......
კიდევ თორმეტი წელი გავიდა. თორმეტი, ქართული სიყვარულით და უცხოური, უფლებააყრილი მონატრებით გაჟღენთილი, თორმეტი წელი. (ბოლო პერიოდში ხანგრძლივი, მაგრამ მდუმარე ზარები ფიქსირდებოდა ცნობილი დედა-შვილის ტელეფონებზე.) მთელი ამ ხნის განმავლობაში შრომა არ შეუწყვიტავს ივლიტას დედას. თავისი ყველა წამი, წუთი თუ საათი, სრული ცხოვრება შვილის კეთილდღეობაზე ზრუნვას მიუძღვნა. სხვა სიყვარული არც კი უძებნია, არც კი უცდია. უბრალოდ არ მოსურვებია.
გოგონას ფერებით არსებობდა, გოგონას ფერებში ხედავდა და გოგონას ფერებად ყვავილობდა თვითონაც, 42 წელს მიტანებული ახალგაზრდობამომწიფებული გულღია  ქალბატონი.
მანამდე კი იყო დღეები: რთული და მარტივი, სველი და მშრალი, ცივი და თბილი და იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღეებიც: ივლიტამ სკოლა დაამთავრა... უნივერსიტეტში ჩაირიცხა... წარმატებით დაასრულა და... გათხოვდა კიდეც. უფრო სწორად,  ორ კვირაში იმართებოდა გოგონას საქორწინო წვეულება!
......
თვითმფრინავი ორი საათით გვიან დაეშვა. აეროპორტში, ახლობლების მომლოდინე, უამრავ შეშფოთებულ მზერას წააწყდებოდით. ჩამომსვლელი და დამხვედრი ყველა ერთმანეთში ირეოდა. ჩემოდნებს ჩაფრენილი ერთი ჭაღარა მამაკაცი კი განსაკუთრებით სწრაფად მოძრაობდა. მან შვილის გაზრდა დააგვიანა და ახლა მის ჯვირსწერაზეც რომ დაგვიანებოდა, თავს ვერაფრით აპატიებდა.
.......
ეკლესიაში პირველი მივიდა. ოცი წლის შემდეგ პირველად დადგა ფეხი ქართულ მიწაზე და ამ მიწაზე აღმართულ ტაძარშიც პირველად შევიდა. ნელ-ნელა დაიწყო ხალხმა მოგროვება, მერე კი პატარძალიც გამოჩნდა. თეთრი კაბაც რომ არ ცმოდა, მამა მაინც იცნობდა ერთადერთ ქალიშვილს, რომელსაც მისი თვალები, ღიმილი და ხშირი თმა ჰქონდა გამოყოლილი. სახით და გულით კი დედას ჰგავდა თეთრი ანგელოზი. სწორედ ამ გულის იმედად, არამიწიერი მონატრებისა და გამთანგავი სინდისის გამო დაბრუნდა კაცი სამშობლოში. ოცი წლის შემდეგაც კი არ გაჭირვებია ქალს  ქმრის ცნობა. ოცი წლის შემდეგაც კი იგრძნო სიბრაზე მის მიმართ. ის სიბრაზე, რომელიც მეუღლის წასვლიდან, მალევე გამქრალი ეგონა. სხვა გრძნობები კი... სხვა გრძნობები უბრალოდ სადღაც გაფანტულიყო, შორეულ წარსულში დაფერფლილიყო, დასამარებულიყო!
ცოლმა არ აპატია... ვერ აპატია... მადლობა კი გადაუხადა იმისთვის, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს რომ შვილის გვერდით აღმოჩნდა.
......
ივლიტას თავიდან გაეცნო მამა...
ერთი ჩვეულებრივი, ვერცხლისფერთმიანი მამაკაცი, ჩვეულებრივ სტუმრებს არაჩვეულებრივად გამოეყო და პატარძალი მთელი არსებით ჩაიკრა გულში. სისხლმა და ხორცმა იმ წამსვე იგრძნო ერთიანობა, მთლიანობა, ახალი სიცოცხლის აშრიალება, აფრთხიალება... სიტყვები აღარ შეიქნა საჭირო... გრძნობებით დახუნძლულმა დუმილმა ყველაფერი გამოააშკარავა. გოგონამ შეუკავებელი  ცრემლებით დაასველა ერთი შეხედვით უცხო, მაგრამ მისთვის საოცრად ახლობელი კაცის აცახცახებული მხრები. მერე კი თვალებში ჩახედა, უყურა, უყურა და გულით გაუღიმა. ივლიტამ ყოველგვარი ახსნის გარეშე აპატია მამას, უთქმელად, უმიზეზოდ. თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კაცმა ეს პატიება დაიმსახურა, სიყვარული იყო და კიდევ დედისგან გამოყოლილი სიკეთე, რომლის იმედადაც დიდხანს იხეტიალა თავისუფლების მოყვარულმა "ემიგრანტმა" ერთი ქვეყნიდან სხვა, მრავალ ქვეყანაში.
.......
ოცი წლის შემდეგ სულმა პირველი და ნამდვილი შვება იგრძნო!
ოცი წლის შემდეგ პირველად გაიღიმა ნამდვილად! იცი წლის შემდეგ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები