ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2021


***

ოცდაათი იანვარი. ზღვისუბანი.
*
და აჰა, ეს დღეც ძველებური განცდით გათენდა
და ამ დილისაც აღარ გინდა მარტო დარჩენა.
ირგვლივ ზამთარი მონაცრისფრო ხედებს გიმზადებს
შენ მცირე გულში პოეზიის გადასარჩენად.

რატომ გიყვარდა, ვინც გიყვარდა? რისთვის იომე,
რისთვის იგლეჯდი ვენებს, ნერვებს, გულს და იოგებს?
ან ამ ყველაფრის მნიშვნელობის რატომ გჯეროდა,
თუ სევდა უნდა გამოგეშვა სულის ჩეროდან?
თუ შორ გზებზე მდგომს უნდა გცმოდა მძიმე აბჯარი
და დიდ ომში მყოფს დაგმსხვრეოდა ხმალიც, ხანჯალიც?
ეს უსარგებლო პათეტიკაც იმის ბრალია,
რომ ყველა დილა ქარიშხალი და ხანძარია.
ზამთრის ამინდი ფიქრში ისე მშვიდად მოგიკვდა,
თითქოს შენც მოკვდი და ქუჩებში თოვლი მოვიდა.
თუმცა, არაფერს, სულ არაფერს არ ამბობს სიტყვა,
მაინც გჯერა, რომ ყველაფერი რაღაცად ღირდა
და ამიტომაც კვლავ მიათრევ სხეულს როგორღაც
და დღეს დილიდან კი არ იწყებ, იწყებ ბოლოდან -
დაღამებიდან. მერე როცა ისევ ღამდება,
როცა სიბნელის ერთი ციკლი ისევ მთავრდება,
კვლავაც აჯერებ საკუთარ თავს, არსებობს რაღაც,
წვრილმან-წვრილმანი უაზრობის შეგრძნების გარდა
და ამიტომაც მწარე თასი უნდა დალიო
და აიტანო, მარტო შეხვდე ზამთრის ალიონს.

7 თებერვალი. იქვე.
*
იანვრის ბოლო. ღრუბლიანი ამინდი. გარეთ
სიცივე. ხალხი. საცობები. სასწრაფოს მჭახე
სირენა. მარჯვნივ მაღაზია. მტრედები ტაძრის
გუმბათზე სხედან. არეული გუნებით ძაღლი
მიჰყვება ფართო ტროტუარებს. გრძელ სკამზე ჩუმად
სხედან უცნობი სახეები. ვუყურებ. ვდუმვარ.
ჩემი სახეც ხომ ვიღაცისთვის უცხო სახეა,
იქნებ სხვის თავშიც ილექება მთელი პანგეა
და როგორც მიწა, ებზარება ფიქრის კედლები
და მის სულშიდაც იზრდებიან კონტინენტები
გაუგებრობის, ტკივილების, შეგრძნების დუნე,
რომ კი არ ცხოვრობს, მხოლოდ დადის, სუნთქავს და უძლებს.
რომ ყველაფერმა სამუდამოდ ზურგი აქცია,
რომ მაღლა ღმერთი კი არ ელის, თურმე კაცია
ისიც და როცა ხილულ მიწას ფერი ეცვლება
ამ უცხო კაცთან მივა მისი ანოტაცია
და ისიც განსჯის და თუ განსჯის, მერე ერთია,
ზემოთ თუ ქვემოთ... განსჯა ცალკე ჯოჯოხეთია.

15 თებერვალი. სადღაც.
*
ღამე რუხია, ქალბატონო, არაბნელია.
სადღაც ქუჩაში ქუჩის ძაღლებს მთვარე ანათებთ.
ღამე უსულო ჩემი ხორცის ტანსაცმელია,
მეც მას ვიხდი და ქალაქს ვაცმევ. სადღაც დარაბებს
ხურავენ ახლა. სადღაც ქარი არხევს დარაბას,
სადღაც წვიმაა და შორ მთებში იქნებ თოვლია.
აქ რითმა თითქოს თავად ითხოვს სახელს - ბარაბა!
და სანამ ბილწი ცდუნებანი ჩემთან მოვლიან,
მე ლოცვას ვიწყებ. ჩემებურად, ჩემი ტკივილის
მღვრიე ტალღები სულის კედლებს თითქოს ეხება.
უკრავენ სადღაც მელოდიას, სადღაც ტირიან
და ყველაფერი სულ ერთია, შენი შეხების,
სულ უმნიშვნელო შეხების და შეგრძნების გარდა.
გარემოებებს ეწირება მსხვერპლად განცდები.
შენ ახლა ისე შორეული ლანდივით ჩანხარ,
რომ თითქმის მჯერა, რომ თანდათან თავად ვმთავრდები.

28 თებერვალი. წერეთელი.

მე ახლაც ისევ ძველებურად მიჭირს გაგება
შენი ამბების, კარგადყოფნის, შიშის, იმედის.
ეს ცხოვრებაა - ყველაფერი რაც კი მთავრდება
ასიათასჯერ ძვირფასდება. მე ვერ მივედი
იმ წერტილამდე, საიდანაც ვერ მოვალ შენთან,
(ჩემი სიზმრიდან დიდი გზაა ხშირად დილამდე)
რადგან ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, ამაზე მეტად,
ამაზე მეტად როგორ უნდა გამიძვირფასდე.

12 მარტი. სამსახური.

მორიგი დილა. ისევ ძველი, ნაცნობი განცდა,
რომ ყველაფერი ნათელია, გარდა იმისა
რაც ამ არეულ სინამდვილეს მისცემდა ძალას,
ამოეხეთქა უშენობის მტკიცე სკივრიდან.
დღეები გადის. ცოცხლებია დღეები თითქოს,
თითქოს დღეები საუბრობენ, როდესაც ვდუმვარ
და როგორც შენი, გაზაფხულის ნანატრი სითბოც,
ისევ უბრალო ნატვრად რჩება და სადღაც უკან,
მღვრიე წარსულში ვიმზირები. გპოულობ, გკარგავ,
გპოულობ ისევ, ისევ გკარგავ და კვლავაც ასე...
და რა აზრი აქვს, ჰიპოთეტურ კვერცხსა და ქათამს,
პირველი მაინც ტკივილია, რომელიც გასდევს
ვიწრო ხაზივით არსებობის დაჭმუჭვნილ ფურცელს,
რომელზეც ვწერე შენი სახის ყველა ნაკვეთი
და მაშინ როცა, სიჩუმეში ამ ფურცელს ვუმზერ,
მაგიჟებს კადრი, სველ ქუჩაში როცა გახვედი,
როცა უბრალოდ შეერიე სხვა ხალხის ტალღებს,
როცა იცოდი, არ გინდოდა უკან მოხედვა.
შენ ალბათ ხვდები, რა ბედი გვაქვს უკან დარჩენილ
ადამიანებს: ვისაც მხოლოდ ღმერთი თუ გვხედავს
ისეთი სახით, როგორიც ვართ, როცა ბნელ კედლებს
ერთი სარკეც კი არ ამშვენებს და ჩვენ სრულიად
მარტო მყოფები ჩვენს სხეულსაც ვეღარ ვეყრდნობით
და მაინც ვსუნთქავთ, მხოლოდ ვსუნთქავთ... ისე რთულია
მხოლოდ სუნთქავდე, იჯერებდე რომ რაღაც ისევ
მოხდება მაშინ, როცა თითქოს არაფერს ელი.
მე ახლა მხრებით ამ სამყაროს სიმძიმეს ვზიდავ
და მისხალ-მისხალ ჩემი ლექსის სტრიქონი ვხდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები