ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2021


სანამ ღამდება

ისევ მორიგი, უსიზმრებო ღამის ნარჩენი
თვალებიდან რომ ამოიღეს დილის თითებმა,
უმისამართო სიყვარულს და ლექსებს ნაჩვევი
გზებით ბრუნდება ჩემს სულში და სისხლში მიჰყვება
კაპილარების მაგისტრალებს, მერე ფეთქდება
ძრავში, რომელიც კვლავ ინელებს დღეთა გალონებს.
როგორც მარცვალი ამომკენკეს დროის მტრედებმა
მიწის გულიდან. ეს საღამო ისევ მაგონებს
სხვა საღამოებს, ამის მსგავსებს, მათშიც არასდროს
არ მიძებნია, რას ნიშნავდა ღამის დადგომა.
ღამე უბრალოდ მოდიოდა როგორც კარლსონი
და ჩემი სახლის სხვენში სურდა მდგუმრად ჩადგომა.
ვერ ვემეგობრე. ვერ მივენდე, თუმცა როდესაც
მისი ნატიფი თითებიდან ვსვამდი ფიქრების
მშრალ სოვინიონს, თითქოს ვგრძნობდი, თითქოს ყოველღამ
ვმთავრდებოდი და ვიწყებოდი. ადრე სიზმრები,
სულ სხვა სიზმრები მაწუხებდნენ, მათი დანახვა
ისე შემეძლო, როგორც ახლა ვხედავ ამ სტრიქონს
და მერე წლებმა სიხარულის წლები ალაგმეს
და შემოადგნენ ჩემი სულის ბოლო ბასტიონს,
ანუ ჩემს ლექსებს. ჩემს ლექსებში ახლა წკვარამი,
ცივი ქარი და ტკივილია. ეს მე არ მსურდა,
ღმერთმა ხომ იცის, რომ არ მსურდა, თუმცა აქამდე
ეს არც ღმერთისთვის არ მითქვია. ახლაც ჩავუთქვამ
ამ ჩემს ლოცვაში მხოლოდ იმას, რაც მომცემს ძალას
გავძლო და როცა დავეცემი, დაცემაც ღირდეს.
დაცემად ღირდეს ნაბიჯები, რომელიც სხვაგან,
სხვაგან მიმიყვანს. ერთ კონკრეტულ ქარაფის კიდეს
არც არასოდეს ვესწრაფოდი. ალბათ ამიტომ,
ყველა ნაპრალში ჩემი ფეხის კვალიც ატყვია.
სადაც მივედი ყველგან ჩემი სისხლი დავტოვე
და ამიტომაც ვწერ ამ ლექსებს, ლექსებს ნატყვიარს,
ლექსებს ნახანჯლარს, სისხლგამოცლილ, მომაკვდავ ლექსებს.
მე არ ვწერ ადრე როგორც ვწერდი. ის დროც ლექსივით,
სისხლში ჩავახშე, ჩემივ სისხლში, ცხელში და მერე
ზურგი ვაქციე. გავერიდე, თუმცა წერილი
მაინც მივუგდე. ამ წერილში სულ არაფერი,
სულ ერთი მკრთალი წერტილიც კი არ დამისვია.
დრომ უჩვეულოდ სწორად იგრძნო ჩემი ნაწერი
და მიპასუხა, ისე როგორც მაშინ იციან,
როცა ზურგს აქცევ. მანაც თითქოს ზურგი მაქცია.
ის წინ წავიდა, მე წავყევი ბილიკს რომელიც
ისევ არსაით გამიყოლებს. დრო თვალთმაქცია,
მაინც მომსდევს და მანადგურებს. მე არ მოველი
მისგან რაიმე შებრალებას. არც მე ვიბრალებ.
ერთმანეთს ვკლავთ და ახლოვდება ნელა შამათი.
დროისთვის სიზმრის ნარჩენი ვარ, დილის სინათლე
რომ ანადგურებს. უაზროა მასთან კამათი
და ამიტომაც მდუმარების ტაქტიკას ვირჩევ.
მხოლოდ ლექსები ხმაურობენ, როცა გაძლება
არის საჭირო და ამიტომ შიშისფერ სივრცეს
დუმილის რისხვით ამოვავსებ, სანამ ღამდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები