ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პროზა
15 მარტი, 2021


ოცნება: ავსტრალია ( 8. დევნა )

        სასიამოვნო რწევა დიდხანს გაგრძელდა. ზმანება იმდენად მათრობელი იყო გამოღვიძება არ მინდოდა. გონებამ ბავშვობის წლებში გადაინაცვლა და უკვდავი ფრაგმენტები ამოატივტივა. ბებია-ბაბუასთან სოფელში, ორსართულიანი სახლის ეზოში, უზარმაზარ კაკლის ხეზე დაკიდებულ საქანელაზე ვიჯექი. უდარდელად ვუნაცვლებდი ფეხებს ერთმანეთს და უფრო და უფრო მაღლა ავდიოდი. ბაბუამ ფრთხილად ანაო, გამომძახა. პასუხად გავუღიმე და ხმადაბლა ღიღინი დავიწყე. ის სასიამოვნო შეგრძნება რასაც საქანელის ზევიდან ქვემოთ დაშვება მანიჭებდა არ მინდოდა შეწყვეტილიყო. დიდი სიმაღლიდან დაშვებისას მუცლის პრესი ჟრუანტელით მეკუმშებოდა და მეც შეჩერებას არ ვაპირებდი.
    შეგრძნება მეტისმეტად რეალური იყო, თითქოს ნამდვილად სოფლის ეზოში გადამენაცვლებინოს. რწევა თანაბარი და საქანელისგან განსხვავებით ჰორიზონტალური იყო. რამდენჯერმე სახეზე ფრთხილი შეხებაც ვიგრძენი და გაურკვეველი სიტყვებიც მომესმა.
    გონებას საღი აზრი თანდათან უბრუნდებოდა. ზმანება გაფერმკრთალდა და ბოლოს საერთოდ გაქრა. თვალი გაჭირვებით გავახილე და ნანახმა წამიერად შემაშფოთა. ფეთიანივით წამოვიწიე მაგრამ მკლავში ჩავლებულმა ძლიერმა მარჯვენამ მყისიერად შემაკავა.
    მოძრავ მანქანაში ვიჯექი და დიდი სისწრაფით გადავადგილდებოდით. ჩვენს ირგვლივ ხეები თავბრუდამხვევი სისწრაფით გარბოდნენ უკან. მარცხნივ მიხედვას წამდენიმე წამით ვერ ვბედავდი. ქვეცნობიერად ვიცოდი ვისაც დავინახავდი და თვალის გასწორება მიჭირდა.
    ვერაფრით გამოვარკვიე, ეს სირცხვილის გრძნობა იყო თუ შიშის?! გაურკვევლობა და ნდობის ერთიანად დამსხვრევა მტანჯავდა, მაგრამ ამავდროულად უცნაური ვალდებულების განცდა მაწუხებდა, მარკოს მიერ ჩემი გადარჩენა მგონი უკვე ჩვევაში გადადიოდა. ვისთვის უფრო მეტად, ეს ჯერ კიდევ გასარკვეევი იყო. მფარველ ანგელოზად მომევლინა უცხო ქვეყანაში, ანგელოზად რომლისაც მეშინოდა...
    -როგორ ხარ? -ისევ მისმა დაბალმა ხმამ მაიძულა თვალი გამესწორებინა.
    მარცხენა ხელი საჭეზე ჩამოედო და იმდენად მშვიდი თვალებით მიყურებდა რომ თავი დამნაშავედ ვიგრძენი, იმ ბავშვად რომელიც კუთხეში დაყენებით დასაჯეს. მის მზერაში არანაირი საყვედურის კვალი არ ჩანდა, თითქოს ესმოდა კიდეც ჩემი საქციელის.
      -უკვე რამდენჯერ გადამარჩინე... მადლობა! -ჩავიბუტბუტე ძლივსგასაგონად და თვალი ავარიდე.
      -შენი ნაბიჯი შეცდომა იყო, ვერც კი ხვდები, ასე თავს უარეს საფრთხეში რომ იგდებ მაგრამ მე მესმის შენი, ანა! არ გადანაშაულებ და არც გსაყვედურობ, რთულია ენდო ადამიანს რომელიც შენს გამტაცებლებთან ერთად ნახე, უბრალოდ მინდა დამიჯერო რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შეიძლება მოვიდეს დრო როდესაც ყველაფრის ახსნას და ამაზე საუბარს შევძლებ!
      ღრმად ჩავისუნთქე და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი. უსასრულო დაღლილობას ვგრძნობდი და ამ წამს მხოლოდ ჩემს ქვეყანაში ყოფნაზე ვოცნებობდი. ისიც კი ვიფიქრე ნეტავ არც არასდროს გამეგო ავსტრალიის შესახებ მეთქი. ქვეყნის, რომელის ნახვაზეც მუდამ ვოცნებობდი. ჩემდაუნებურად ვიკვლევდი მასზე ინფორმაციას და რამდენიმე თვის განმავლობაში ვგეგმავდი ზღაპრულ მოგზაურობას, ისეთს რომლის შთაბეჭდილებებსაც ვერასდროს დავივიწყებდი.
      ჰმ! ვერაფერს იტყვი, საუკუნო განცდები კი მომანიჭა. ამ რამდენიმე დღეში ადრენალინის მთელი სასიცოცხლო რაოდენობა მივიღე.
    -როგორ მიპოვე? -ამოვილაპარაკე დაღლილმა.
    -არ იყო რთული შენი გათვლის გათვლა! -გაიცინა. -რასაკვირველია ქართველების პოვნას შეეცდებოდი, სხვა დანარჩენი მხოლოდ ლოგიკისა და დროის საკითხი იყო.
    -რათქმაუნდა!
    -მხოლოდ იმას გკითხავ, ის ორნი ვინ იყვნენ? იცნობ თუ სადარბაზოში შემთხვევით დაგესხნენ თავს? შევამჩნიე რომ ვიღაცას უცდიდნენ.
    -ერთერთი იმ მოხუცის შვილიშვილი იყო ვინც შემიფარა, იგივე სახლშიც სცადა, იქ მარია დამეხმარა. -განცდილის გახსენებამ ცივი ჟრუანტელი მომგვარა, თითები ამიკანკალდა და შესაჩერებლად ერთმანეთში გადავხლართე.
    -კარგი, დამშვიდდი! -შემამჩნია აღელვება. -ჩემი ნუ გეშინია!
    -დარწმუნებული კიდევ არ ვარ რომ არ უნდა მეშინოდეს...
    -გასაგებია! -მშვიდად ჩაილაპარაკა.
    -მაინც რატომ გაიქეცი? -ცოტა ხნის შემდეგ იკითხა. -ამის გაკეთება მანამდეც შეგეძლო და არა საბუთების მოტანის შემდგომ, ვფიქრობ ამას უფრო უნდა დაერწმუნებინე რომ შენთვის არაფრის დაშავებას ვაპირებდი.
  -შენი საუბარი მოვისმინე. -თვალი გავუსწორე.
  კითხვით სავსე მზერით შემომხედა.
  -შენი ტელეფონზე საუბარი. -განვუმარტე. -ვიღაცას იტალიურად ესაუბრებოდი რომ შენთან ერთად ვიმყოფებოდი და ამან დამაეჭვა, რადგან დარწმუნებული ვიყავი არავინ იცოდა ჩემი შენთან ერთად ყოფნის შესახებ, გარდა გამტაცებლებისა.
    -შენ რა იტალიური იცი?! -თვალები გაუფართოვდა.
  -კი, თანაც საკმაოდ კარგად! -პირველად გამეღიმა ორი დღის შემდეგ და მისსავე ენაზე ვუპასუხე. -უკვე შვიდი წელია იტალიაში ვცხოვრობ. უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე და იქვე ვმუშაობ.
  -იტალიაში სად? -სწრაფადვე მკითხა.
  -მილანში.
  რამდენიმე წუთით მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე საკუთარმა ფიქრებმა გაგვიტაცა.
  -ის... კოცნა... თავის დასაძვრენი ხერხი იყო ხომ?! -იმედგაცრუებული ხმით იკითხა ბოლოს.
  -შენი პასპორტი ვიპოვე და ზუსტად მაგ დროს შემოხვედი. -ბოდიშის ტონი გავურიე. -სახელის გარდა კიდევ რაიმე მინდოდა მცოდნოდა, ნამდვილად იტალიელი იყავი თუ ყურმა მომატყუა შენი ზუსტი, უაქცენტო საუბარი.
  ხმა აღარ ამოუღია, ალბათ გაგონილის გააზრებას ცდილობდა რომ მსოფლიოს მეორე კიდეზე შეხვდა ადამიანს რომელიც მისსავე ქვეყანაში და მასთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა.
    -ახლა სად მივდივართ?
  -აეროპორტში წაგიყვან და გაგაცილებ, შენც ხომ ამას აპირებდი?! ტაქსი მგონი შენ გიცდიდა.
  -ჰო, ასეა! -შვებით ამოვისუნთქე იმის გაფიქრებისას რომ მალე თავს სრულიად უსაფრთხოდ ვიგრძნობდი.
    ყურადღება მოვადუნე და სიჩუმეს ჩავუსაფრდი. პირდაპირ ვიყურებოდი მაგრამ გონება ვერაფერს აღიქვამდა. საკუთარ ფიქრებში თავდაღმა ჩავყირავდი და მყუდროდ მოვიკალათე.
    ბუნებამ თითქოს ჩემს განწყობას უპასუხაო მოულოდნელად ისეთი თავსხმა დაიწყო რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. ცამ წვიმის მსხვილი წვეთები სეტყვასავით დაგვიშინა და მანქანის სახურავზე გამაყრუებელი ხმაური ატეხა. მინის საწმენდი ფუნჯები მთელი სისწრაფით მუშაობდნენ მაგრამ ხილვადობა მაინც ჭირდა.
  გარინდებიდან ძრავის უეცარმა ღმუილმა და კატასტროფულად მომატებულმა სიჩქარემ გამომაფხიზლა. მარკოს შეშინებულმა გავხედე.
  -ანა, ღვედი შეიკარი და გამაგრდი! -მკლავები და მზერა ერთიანად დაძაბვოდა და უკანა ხედვის სარკეს თვალმოუშორებლად უყურებდა.
    მაშინვე შევასრულე ნათქვამი, ღვედს ვეცი და ისტერიულად მოვირგე. მარჯვენა ხელით კარის სახელურს ჩავაფრინდი და მიმოვიხედე.
  -მარკო, რა ხდება?
  -ახლა არ უნდა შეშინდე! მოგვდევენ! დავუძვრებით, შენ დამშვიდდი!
    მარცხენა თავისუფალი ხელი, ჩემგან დამოუკიდებლად, სიჩქარის გადამრთველზე ჩამოდებულ მის მარჯვენას ჩაებღაუჭა.
    გამომაცალა...
  წამით შეყოვნდა და თავად მომკიდა ზემოდან, იმედისმომცემად მომიჭირა და ამგვარად შეეცადა ჩემი თითქმის ხელშესახები შიშის გაქრობას.
    უკან მივიხედე. ორი შავი, სპორტული ჯიპი მოგდევდა. დღის ბნელი მონაკვეთი, ქუჩის დაბალი განათება და ერთიანად დაბურული მინები სალონში მსხდომთა გარჩევის საშუალებას არ იძლეოდა. ზუსტად კუდზე გვაჯდნენ და მისხალითაც კი არ თმობდნენ დისტანციას.
  შეშინებული მარკოს მოვუბრუნდი. მისმა გამომეტყველებამ გამაოცა...
  წამის უკან დაძაბული სხეული და მზერა უკვალოდ გამქრალიყო, საჭეს ზედ ჩამოდებული მარცხენა ხელით იმდენად მშვიდად მართავდა, რაღაც მომენტში ვიფიქრე საფრთხე მომეჩვენა და უბრალოდ სასეირნოდ გამოსული წყვილი ვიყავით.
    მივხვდი... ასეთი სიტუაცია მისთვის უცხო არ იყო და თავის სტიქიაში იმყოფებოდა.
    სალონში გამეფებული სიმშვიდე ვერ გავიზიარე და შეშფოთებულს თვალი ისევ უკან გამექცა.
    ორიდან ერთი ჯიპი ჩვენს გადასწრებას და წინ ჩადგომას ლამობდა. მარკო საშუალებას არ აძლევდა და რამდენჯერაც მდევარს სიჩქარის მომატებას და მიმართულების ცვლილებას ამჩნევდა, იმდენჯერ გზას უჭრიდა.
    გზატკეცილის შუა ზოლზე, საავარიო ნათურებანთებულები წარმოუდგენელი სისწრაფით მივქროდით. შემხვედრი თუ იგივე მიმართულებით მოძრავი მანქანები ჩვენი შემჩნევისთანავე გზიდან დამფრთხალი ბუზებივით ცვიოდნენ და პროტესტს სიგნალებით გამოხატავდნენ.
  უკვე იმდენჯერ მივიხედე უკან და შემდეგ წინ რომ თვალები გამიორდა და სასწრაფოდ დავხუჭე. ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და სავარძლის ზურგს ავეკარი. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე ყურადღება წვიმის ხმაურზე გადამეტანა.
  თითქმის გამომივიდა კიდეც მაგრამ სხეულმა ამჯერად ახალი საფრთხე შეიგრძნო. თვალები გავახილე და მანქანის წინ მდებარე მონაკვეთს დავაკვირდი. თქეშს თავისი შედეგი გამოეღო და ქუჩებზე ტალახიანი ნიაღვარი მოდიოდა. დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა მკვეთრი მოსახვევებისას შემაშფოთებლად ცურავდა.
  მარკოს ორივე ხელი საჭისთვის ჩაევლო და პროფესიონალური სიზუსტით ცდილობდა მის შეკავებას. გამოსდიოდა...
    საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში. ქვეყნიერებაზე მარტოდ დარჩენილს მისი იმედი კვლავ გამიჩნდა. ან კი როგორ შეიძლებოდა არ გამჩენოდა როდესაც ჩემს გამო საკუთარი სიცოცხლით რისკავდა. თავს საფრთხეში იგდებდა სრულიად უცხო ადამიანისთვის რომელიც მალე აქედან წავიდოდა და არანაირი გარანტია არ ჰქონდა მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის.
    …და იქნებ სურვილიც აღარ ჰქონოდა! ამის გააზრებამ გულის რომელიღაც კუნჭულში საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმი გაწყვიტა. გაფიქრებაც კი ტკივილს მაყენებდა და მიუხედავად იმისა რომ ხმამაღლა არასდროს ვაღიარებდი, საკუთარ თავთან დამალვა უკვე მიჭირდა.
    იქნებ ჩემი დახმარების სურვილი მისი მხრიდან მხოლოდ ადამიანური მოვალეობის გრძნობის გამოვლინება იყო და სხვა არაფერი, გასაჭირში ჩავარდნილი სუსტი გოგოს დანახვისას მამაკაცის გენეტიკური კოდი და მისი დაცვის ინსტიქტი, ან იქნებ მისსავე სახლში ნანახ ფოტოსურათზე გამოსახულ პიროვნებასთან ჩემი საოცარი მსგავსება მაგრამ ქალური და თითქმის უტყუარი ინსტიქტი მკარნახობდა რომ ეს მხოლოდ თავიდან...
      გამორიცხული არაფერი იყო... სრულიად არაფერი!..
      დევნა თანდათან რბოლას დაემსგავსა.
    თავსხმა წვიმას ქარიც მელოდიასავით აჰყვა, ფრთები გაშალა და უკიდეგანო სივრცეში მთელი ძალით ათარეშდა. სიბნელეში, ელვისგან ალაგ-ალაგ განათებული ცის ფონზე ხეები ქორეოგრაფის ბეჯითი მოსწავლეებივით საოცარ და ჯადოსნურ ცეკვას მონდომებით ასრულებდნენ. თავს ძლიერად გვიკრავდნენ და სხვადასხვა მხარეს რხევას სხარტად აგრძელებდნენ.
    რომაული მითოლოგიიდან რეალურ სამყაროში იუპიტერს გადმოენაცვლებინა და თავის ძალას მრისხანედ გვიჩვენებდა. ცის ტატნობზე საკუთარ თეატრალურ წარმოდგენას წარმატებით მართავდა და რამდენჯერმე იმდენად ძლიერად დაიგრგვინა თითქოს სამყაროზე განაწყენებულმა, საკუთარი კვერთხი დედამიწას დაუნდობლად ახალა.
    ყურებზე ხელი ავიფარე და მუხლებისაკენ გაუცნობიერებლად დავიხარე. მოვიკუნტე და ვიგრძენი შიშმა თმა ყალყზე როგორ დამიყენა. ბუნების ეს სასტიკი რისხვა მდევრისკენ იყო მიმართული თუ მე მაფრთხილებდა რაღაცას ჩემთვის გაუგებრად, მრავალუცნობიანი განტოლებასავით გადამეფარა აზროვნებაზე.
  ზუსტად ჩვენს თვალწინ ჯოჯოხეთივით ჩამუქებულ ცაზე ელვამ დამაბრმავებლად იფეთქა და მოპირდაპირედ მფრინავი ხის მოზრდილი ტოტი თვალნათლივ დავინახე. მარკო არიდებას შეეცადა, ხისტად დაამუხრუჭა და საჭე მკვეთრად მოზიდა. მანევრმა მდევარი აშკარად დააბნია, მოქმედების გასააზრებლად და დროის მოსაგებად მათაც იგივე გაიმეორეს, სიჩქარე შეამცირეს და დისტანცია ჩვენს შორის საკმაოდ გაიზარდა.
    ვიგრძენი მანქანა სველ ასფალტზე როგორ მოცურდა და ორ ბორბალზე აიწია. ინერციამ წინ გადამაქანა და ხელები სხეულის შესაშველებლად, ინსტიქტურად გავშალე. მარკოს ძლიერმა მარჯვენამ უსწრაფესი რეაქციით შემაკავა მაგრამ საჭის დამორჩილება მხოლოდ მარცხენა ხელით გაუჭირდა და ჩემს მხარეს, საგზაო სამუშაოებისგან გამოსაყოფად აღმართულ წყლით სავსე ავზებს მოცურებული მანქანის უკანა კორპუსით ძლიერად მივეჯახეთ.
    სულის გამყინავი ქუხილი და ჩემი კივილი სალონში ერთდროულად და გამაყრუებლად დაირხა. მოვსრიალდით და ერთი სრული ბრუნი გავაკეთეთ. მარკო არ დაბნეულა, მიმართულებადაკარგული მანქანა საბურავების წივილით სწრაფად დაიმორჩილა, წონასწორობა აღიდგინა და უპირატესობა ჩვენი მხრიდან კვლავ გაუმჯობესდა.
    იმდენად სწრაფად მივქროდით რომ სიჩქარის მრიცხველისთვის თვალის გასწორება არც კი მიფიქრია. ახლა უმთავრესი მდევრის ჩამოშორება და უსაფრთხო ადგილას მისვლა იყო.
    ქალაქიდან გავდიოდით...
  კიდევ ერთხელ დაიგრგვინა. შიშისგან გათანგულმა გონებამ შენელებულად მაგრამ ზუსტად გაიაზრა რომ ეს ქუხილი აღარ იყო.
  გვესროდნენ...
    ღმერთო, სად არის პოლიცია?!..
  მარკომ მშობლიურ ენაზე ხმადაბლა შეიგინა და აქსელერატორს ბოლომდე დააწვა. ძრავმა გულისგამგმირავად დაიღმუვლა და თავბრუდამხვევი სიჩქარის გამო გარშემო უკვე ვეღარაფერს ვარჩევდი.
    უკან მიხედვას ვეღარ ვბედავდი მაგრამ ვგრძნობდი მდევარი მისხალითაც არ ზრდიდა დისტანციას.
  -ანა! -დახშულ სმენას იტალიურად ნათქვამი მოსწვდა. -მაპატიე რომ ორმაგ სამიზნედ გაქციე...
  შოკირებულმა აზროვნებამ ნათქვამის სწრაფად გააზრებაზე უარი თქვა და გონებაზე მოსასვლელად საფეთქლები ძლიერად მოვისრისე. შეკითხვის დასასმელად პირი გავაღე და მისკენ შევბრუნდი.
  -ორმაგ სამიზნედ?..
  პასუხის ნაცვლად დაიხარეო, მიყვირა და საჭე მარცხნივ დააბრუნა.
    თავის დაწევა ძლივს მოვასწარი რომ სროლის ხმა სულ ახლოდან მომესმა და მინის ნამსხვრევები მთელს სხეულზე კასკადად გადმომეყარა. მარკოს მარჯვენა ელვის სისწრაფით წაეტანა წელთან დამაგრებულ იარაღს და საპასუხო სროლა ჩვენი მხრიდანაც უყოყმანოდ გაისმა.
    მდევართაგან ერთს ემარჯვა და გზატკეცილის შუა ზოლზე, სრული სიჩქარით მიმავლებს მარჯვენა მხრიდან ამოგვდგომოდა, გზის ჩაჭრას ცდილობდა და ჩვენს მხარდამხარ შავ ლანდად მოქროდა. მეორე მანქანა უკან ისე მოგვდევდა რომ მარკო დამუხრუჭებას ან რაიმე სხვა მანევრის გაკეთებას ვერ ახერხებდა და ფაქტიურად შუაში მომწყვდეულები ამჯერად ტყვიების წვიმის მოგერიებას ვცდილობდით.
    რამდენიმე გასროლას ჩემს ყურთან ყრუ, შეკავებული გმინვის ხმა შეუერთდა და ვიგრძენი მანქანა ფრთამოტეხილი ფრინველივით როგორ მძლავრად შეირხა.
      მხოლოდ თავის ოდნავ აწევა გავბედე. მარკოს საჭისთვის მარცხენა ხელი უხერხულად ჩაეკიდა და მარჯვენით ფართო მკერდზე, გულს ოდნავ ზემოთ გაჩენილ სისხლის ლაქას ძლიერად აწვებოდა. კბილებით ქვედა ტუჩს ჩაფრენილი ტკივილის დაიგნორებასა და გზისთვის თვალის გასწორებას გაჭირვებით ცდილობდა.
      მდევარი და სროლის საფრთხე წამიერად დამავიწყდა, წელში გავიმართე და საჭის მართვაში მისი დახმარება ვცადე. ვეღარ მოვასწარი...
    მარჯვენა მანქანა ჩემი მხრიდან მთელი სიძლიერით დაგვეჯახა. გზას მოვწყდით, რამდენიმე მეტრი სრიალით დავფარეთ, სავალი ნაწილიდან თვალისდახამხამებაში გადავედით და სქელტანიან ხეს მოწყვეტით შევასკდით.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები