ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: საბავშვო
17 მარტი, 2021


მწვანეხორთუმა სპილო ზიზი (მერიენისთვის მოგონილი ზღაპრებიდან)

იყო ერთი პატარა სპილო ზიზი, რომელიც დედიკოსთან ერთად ტყის განაპირა ქოხში ცხოვრობდა. ზიზი სხვა სპილოებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ მწვანე ხორთუმი ჰქონდა. ზიზის ძალიან უყვარდა ყვავილების კრეფა და გამორჩეულად ლამაზებისგან დედიკოსთვის გვირგვინის გაკეთება.
დედიკო ხშირად აფრთხილებდა ტყეში ღრმად არ შეხვიდე, თორემ დაიკარგებიო. ზიზიც ცდილობდა დედიკოსთვის დაეჯერებინა, მაგრამ ერთ ავბედით დღეს ფუტკრების ზუზუნს მოჰკრა ყური:
-ტყის ბოლოს საუცხოო ყვავილები ამოსულან, მათი სურნელი ცამდე აღწევს და მათი სიკაშაშე მზესავით თვალისმომჭრელიაო.
ზიზის ძალიან მოუნდა მზე-ყვავილებით დაეწნა დედასთვის გვირგვინი, სიფრთხილე დაივიწყა და ტყის ბოლოსკენ გასწია ყურების ფართხუნით.
ბევრი იარა თუ ცოტა, მოსაღამოვდა, მზე-ყვავილები კი არსად ჩანდნენ.
დედა,ალბათ,ძალიან ნერვიულობს. დავბრუნდები და ყვავილების ძებნას ხვალ დილიდან განვაგრძობო გაიფიქრა და სახლისკენ მიმავალ ბილიკს დაუწყო ძებნა, მაგრამ ბილიკი არსად ჩანდა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გარშემო ნაცნობი არაფერი იყო ტყეში კი თანდათან ბნელდებოდა.
სპილო კუნძზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო.
უცებ სად იყო და სად არა, ბაჭია გამოჩნდა.
-რატომ ტირი, პატარა სპილო?
-მე დავიკარგე. დედა, ალბათ, ძალიან ნერვიულობს. გთხოვთ, იქნებ მაპოვნინოთ დედა, ის ყველაზე ლამაზი სპილოა მთელ დედამიწაზე. - ამ სიტყვებზე დედა უფრო მოენატრა და უზარმაზარი ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან.
ბაჭიას ძალიან მოუნდა ზიზის დახმარებოდა, თუმცა მან არ იცოდა რომელ მხარეს იყო სპილოს სახლი.
-მე არ ვიცი სად არის შენი დედიკო, მაგრამ მე ვიცი სად ცხოვრობს ტყის მეფე - ლომი. მან ყველაფერი იცის აქაურობის შესახებ. წავიდეთ მასთან და აუცილებლად გვაპოვნინებს შენს სახლს.
-კარგი, მალე წავიდეთ.

ბევრი იარეს, თუ ცოტა, უზარმაზარ ჭიშკარს მიადგნენ. ჭიშკარზე მაიმუნი იჯდა და იმანჭებოდა.  სპილო რომ ნახა, სიცილი დაიწყო:
-აი, მეფის ვახშამი საკუთარი ფეხით მოსულა, თან როგორი ჩაპუტკუნებულია... იფ! იფ!
-მე ვახშამი არ ვარ, სპილო ვარ და ზიზი მქვია, თან ყველაზე ლამაზი ხორთუმი მაქვს მსოფლიოში. - აჯუჯღუნდა ზიზი.
-მაგასაც ვნახავთ - ნიშნის მოგებით უთხრა მაიმუნმა და ლომის ოთახში შეუძღვა.
-ბატონო ლომო, - დაიწყო ბაჭიამ
- საქმე იმაშია, რომ ამ პატარა სპილომ დედა დაკარგა. თქვენ ხომ ყველაფერი იცით ამ ტყეში და ვიფიქრე, დაგვეხმარებოდით...
-ყველაფერი კი ვიცი, მაგრამ ახლა ძალიან მშია და როცა მშია, ვერაფერზე ვფიქრობ, ამიტომ უნდა ვივახშმო და მერე მკითხეთ, რაც გაინტერესებთო - მიუგო ლომმა.
-რას ინებებთ ვახშად? - სიცილით ჰკითხა მაიმუნმა.
-ეს მსუქანა სპილო მდინარეზე ჩაიყვანე, კარგად დაბანე და ვახშმად მომართვიო - უთხრა ლომმა.
ამის თქმა იყო და მაიმუნმა ზიზის მწვანე ხორთუმში ჩაავლო ძლიერი ხელი და მდინარისკენ გააქნა.
ბაჭიაც უკან მიჰყვა. უნდოდა როგორმე სპილო გადაერჩინა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მაიმუნთან ძალით ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ ჭკუას მოუხმო.
-მაიმუნო, შენ თუ გაიგე, რომ ამ მდინარის გადაღმა უზარმაზარი ბანანის ხეები ყოფილა  ნაყოფით დახუნძლი?
-აბა, სად?
-აი, იქ - ხელით ანიშნა ბაჭიამ.
მაიმუნი წინა დღით იყო მდინარის გადაღმა და იცოდა, რომ იქ არანაირი ბანანის ხეები არ იყო, მაგრამ სიხარბემ სძლია და სირბილით დაეშვა მდინარისკენ.
-ახლა სასწრაფოდ გავიქცეთ, სანამ მობრუნებულა - უთხრა ბაჭიამ და სპილოსთან ერთად სირბილით გასწია ტყისკენ.
დიდხანს ირბინეს.
-მეტი აღარ შემიძლია- თქვა ზიზიმ და მიწაზე დაჯდა.
-აქ გაჩერება არ შეიძლება - უთხრა ბაჭიამ, მწვანე ხორთუმში მოკიდა ხელი და ძალით წაიყვანა.
კიდევ ბევრი ირბინეს. პატარა სპილოს მეტი აღარ შეეძლო,უკვე ფიქრობდა გავჩერდები და მოხდეს, რაც მოსახდენიაო, რომ ცხვირში რაღაც სასიამოვნო სურნელმა მოუღიტინა - ეს დედას სუნი იყო. თვალები დახუჭა და სურნელს მიჰყვა.
თვალები რომ გაახილა, ქოხის წინ იდგა. ქოხის კიბეებზე დედა ჩამომჯდარიყო და ტიროდა.
ზიზი გაიქცა და ძალიან, ძალიან ძლიერად ჩაეხუტა დედიკოს.
ბაჭია შორიახლო იდგა და ტკბებოდა დედა-შვილის ყურებით, თან სიამაყით ივსებოდა იმის გაფიქრებაზე, რომ მათი ერთად ყოფნა, მისი დამსახურება იყო.
-შენ შვილი დამიბრუნე, ამიტომ ჩემი საპატიო სტუმარი ხარ, შეგიძლია ბოსტანში მიბრძანდე და ყველა სტაფილო მიირთვა - უთხრა დედა სპილომ.
ბაჭია სიხარულით წასკუპდა ბოსტნისკენ.
-მაპატიე, რომ არ დაგიჯერე, დედიკო, მინდოდა მზე-ყვავილების გვირგვინი მეჩუქებინა შენთვის... აწი არასდროს წავალ შორს.
-ჩემთვის მზეც შენ ხარ და საჩუქარიც. ძალიან შემეშინდა, მეგონა, ვერასოდეს გნახავდი - უთხრა დედამ და ძალიან, ძალიან მაგრად მოხვია ხორთუმი თავის ნებიერას.
ჭირი იქა - ლხინი აქა...

(ქატოს არაფერს ვერჩი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები