ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2021


ოცნება: ავსტრალია ( 9. საბადო )

              თვალები გავახილე...
              ნეტავ საერთოდ არ გამეხილა...
              რეალობამ ზარი ისეთი სიმძლავრით შემომკრა თავში რომ გავბრუვდი. ნამდვილად დროის მანქანაში აღმოვჩნდი და ბედისწერამ რამდენიმე დღით უკან, იგივე სიტუაციაში გადამისროლა. 
            წამოვჯექი, შეკრული ფეხები მოვიზიდე და ზედ ასევე მტკიცედ გაკრული მკლავები შემოვხვიე. თავი მუხლებს ჩამოვადე და მწარე ქვითინი აღმომხდა. ერთიანად ვკანკალებდი და ღვარად მომწყდარ ცრემლებს ვეღარ ვაკავებდი. უკანასკნელი დღეების დაგროვილმა შიშმა, სტრესმა და გაურკვევლობამ ერთიანად ამოხეთქა.
          მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველად ვიგრძენი აღსასრულის ასეთი სიახლოვე. სიკვდილის აჩრდილის ჩემს გვერდით არსებობას იმდენად რეალურად ვგრძნობდი რომ მეგონა, თვალებს თუ გავახელდი დავინახავდი კიდეც. სწორედ ამიტომ თვალებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერდი და ცოცხალი თავით გახელას არ ვაპირებდი.
            პირველად შემაცია მარტოობისგან და პირველად ვეღარ ვიპოვე ის მცირეოდენი საყრდენიც კი რასაც მარკოს ჩემს გვერდით, თუ სიახლოვეს არსებობა მიქმნიდა. ვნატრობდი იმ თუნდაც ნდობადაკარგულ იმედის ნაპერწკალს, რასაც მის ცოცხალ თვალებში ვხედავდი.
          მხოლოდ ახლა ვიგრძენი, თუ რამდენად მყარად მამყოფებდა ფეხზე მისი ჩემს გვერდით შეგრძნება. თვალწინ მისი მკერდიდან გადმომსკდარი სისხლის ნაკადი მედგა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მფარველი ანგელოზი საბოლოოდ დავკარგე.
          ქვეყნის დასალიერში მარტოდმარტო დავრჩი...
          ტირილმა ოდნავი შვება მომგვარა მაგრამ კანკალს მაინც ვერ ვიკავებდი. თვალები ნელნელა და ფრთხილად გავახილე. უზარმაზარ ბეტონის ოთახში ვიმყოფებოდი და სივრცის ერთფეროვნებამ დამაფრთხო. შეგრძნება გამიჩნდა რომ მიწისქვეშა ბუნკერში ვიყავი ცოცხლად დამარხული. კუთხეში მიგდებულ ბინძურ საბანზე ვიჯექი და მისი შმორის სუნი სასუნთქ გზებს მიწვავდა.
              ოთახის ბოლოს მხოლოდ ერთი რკინის კარი მოჩანდა და შუაგულში დაკიდებული გაჩახჩახებული ნათურა.
            უმწეოდ დავიხედე გაკოჭილ ხელ-ფეხზე, მტკიცედ იყო შეკრული. შარვალზე სისხლის ლაქა შევამჩნიე და მხოლოდ ახლა ვიგრძენი რომ შუბლი სასტიკად მტკიოდა. თითებით მოვისინჯე, ამეწვა. წარბსა და თმას შორის, საფეთქელთან მოზრდილ ჭრილობას პირი დაეღო და რიტმულად ფეთქავდა. ხელზე სისხლი წამეცხო და ტკივილსგან სახე მომერყა. მხარიც გვარიანად მტკიოდა, ალბათ შეჯახებისას დავიზიანე.
            საათზე დავიხედე, ჩემდა გასაოცრად, მთელი აღმოჩნდა და კვლავინდებურად განაგრძობდა მუშაობას. ისრები რვას უახლოვდებოდა მაგრამ ამ ბუნკერში შეუძლებელი იყო გაგერკვია, დღის რომელ მონაკვეთს შეესაბამებოდა.
            გონება დავძაბე. დაახლოებით შუაღამე იქნებოდა როდესაც ავარია მოგვივიდა. მეხსიერებამ მხოლოდ უკანასკნელი ფრაგმენტი დაიმახსოვრა და ეს ჩვენსკენ მთელი სისწრაფით დაძრული ხე იყო. მას შემდეგ, ამ დრომდე სრული სიბნელე იყო გამეფებული.
            ვივარაუდე, რომ დილის საათები იქნებოდა, მაგრამ ავარიის ადგილიდან რა მანძილით ვიყავი დაშორებული ამას ვერ ვიგებდი. თუ ისევ იგივე ადამიანებმა გამიტაცეს, ჩემი აზრით დანიშნულების საწყის წერტილში მიმიყვანდნენ. ეს კი კონტინენტის სამხრეთ დასავლეთი იყო და მელბურნიდან თითქმის ნახევარი ქვეყნის დაშორებით.
          სწორედ ამაზე ფიქრისას გამიჩნდა ერთი აზრი... აზრი რომელმაც უარესად შემაშინა. ეს თუ იგივე დაჯგუფება იყო და იმავე ადგილას მიმიყვანეს, სადაც დასაწყისში აპირებდნენ, მარკო ცოცხლებში აღარ უნდა ჩამეთვალა. მისი სიცოცხლის შემთხვევაში, გამტაცებლები ჩემს ისეთ ტერიტორიაზე დამალვას არ იფიქრებდნენ, სადაც მას ჩემი პოვნა შეეძლებოდა.
          ამაზე ფიქრმა ისეთი ტკივილი მომგვარა, რომ სუნთქვა შემეკრა და ცრემლებმა კიდევ ერთხელ გაიარეს უკვე ნაცნობი გზა.
          მხოლოდ იმითღა შემეძლო თავი მენუგეშებინა, რომ ეს სრულიად სხვა ადგილი იყო და მარკოს სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა. ნუგეში ისეთი მცირე იყო რომ თავადაც არ მჯეროდა.
            თერთმეტი საათი ისე შესრულდა ვერ გავიგე. გაბრუებული ვიჯექი და მთელი ეს დრო არ გავნძრეულვარ.
          უცებ კარი მოფრიალდა და მაღალი მამაკაცი შემოვიდა. თავი გაჭირვებით ავწიე და მიუხედავად ჩემი გაორებული მხედველობისა მაინც ვიცანი. მეორე გატაცებელი იყო გემიდან, თავგადაპარსული და საყურიანი, უხეში და ირონიული გამომეტყველებით.
          საკუთარმა თავმა გამაკვირვა. აღმოვაჩინე რომ უკვე სულერთი იყო რა მელოდა. მისი არ მეშინოდა...
          ჩემს წინ დაიხარა და ბავშვობის მეგობარივით შემომცინა.
          -გამარჯობა! აი ისევ ერთად ვართ ხედავ?!
          თვალი ხმისამოუღებლად გავუსწორე.
        -ძველ მეგობრებს ასე ხვდებიან შენს ქვეყანაში?! ცუდია! მომესალმე მაინც... - თავი სინანულით გადააქნია და საუბარი ისე გააგრძელა თითქოს იქ არც ვარსებობდი. -აბა რაო, ბოლომდე ვერ გაქაჩა ჩვენმა გმირმა?! ისე საინტერესო დროს კი შეგვაწყვეტინა, თუ გინდა ისევ იქიდან გავაგრძელოთ... - ამაზრზენად გადაიხარხარა და ხელი ჩემი თმისკენ წამოიღო.
          ინსტიქტმა უკან დამახევინა. კედელს მივაწყდი.
          -ხო, კარგი, კარგი რა შველივით დაფრთხი? ნუ გეშინია! ძალიანაც რომ მინდოდეს ხელს მაინც ვერ დაგადებ, ბოსის ბრძანებაა... ნეტავ ერთი გამაგებინა, ასე ძალიან რატომ წუხს შენზე, იმის ნაცვლად რომ ერთხელ ჩემზეც იფიქროს. ისე კარგად გავერთობოდით, პირობას გაძლევ!
          -მარკო სადაა? -ისე ვიკითხე ვერცკი გავიაზრე.
          -აჰ, მარკო! იქაა სადაც დიდიხნის წინ უნდა ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ისეთი ავარიის შემდეგ და იმ ჭრილობით, უფალი უყოყმანოდ მიიბარებდა. იმედი მაქვს კარგად გაართე და კმაყოფილი მაინც წავიდა. აბა რა ეგონა ცხვირწინ რომ აგვაცალა შენი თავი?! მასეთი საქციელი კი იყო მაგისი სტილი. ზუსტად იმ ლუკმას ეპოტინებოდა ყოველთვის, რაც არ ეკუთვნოდა და ყველაზე ლამაზებს ისაკუთრებდა... - თვალები ისეთი ბოღმით დააკვესა, მივხვდი, მათი მტრობა ჩემამდე ბევრად ადრე იყო დაწყებული.
            ფეხზე წამოიწია.
              -კარგი, დღეს დაგტოვებ, ცოტა მოღონიერება გჭირდება. საკვებსა და მაგ ჭრილობის დასამუშავებლად საჭირო ნივთებს მოგიტან. არ მოიწყინო! -თვალი ჩამიკრა და დამტოვა.
              უკან მალევე დაბრუნდა, ხელები გამიხსნა და შეპირებული ნივთები ფეხებთან დამილაგა. ჩემდა გასაკვირად პატარა სარკეც არ დავიწყებოდა. გაბუჟებული ხელები მოვხარე და სარკეში საკუთარი ანარეკლი შევათვალიერე. ღრმა იარამ შემაშინა, გასაკერი იყო. წითლად ღვიოდა და ირგვლივ გვარიანად შემშუპებოდა.
              სისხლი მდორედ ჟონავდა და შეხება საოცარ ტკივილს მგვრიდა. ბამბითა და სამედიცინო სპირტით გაჭირვებით დავიმუშავე. თეთრი საფენი თავზე წრედ შემოვიხვიე და მტკიცედ შევკარი.
              საჭმელს ვერ მივეკარე, თვალწინ მარკოს სიცოცხლით სავსე თვალები მედგა და არსებული რეალობის მიუხედავად, ვერაფრით ვიჯერებდი რომ ვეღარასოდეს ვნახავდი. საყურიანის სიტყვების და ჩემი შინაგანი შეგრძნებების იგნორირებას ვცდილობდი, მინდოდა დამეჯერებინა რომ გადარჩა და კარგად იქნებოდა.
              ვიცოდი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადავრჩებოდი და აქედან თავს დავაღწევდი, მთელი ცხოვრება არ მომასვენებდა მის მიერ მსხვერპლად შეწირული სიცოცხლე, ჩემს გამო, სრულიად უცხო ადამიანისთვის, უცხო მიწაზე, ჯერ კიდევ ჩემთვის აუხსნელი თავგანწირვა.
            მთელი გულით მინდოდა, მისი უანგაროდ გაღებული მსხვერპლი ამაო არ ყოფილიყო და კიდევ ერთხელ მეცადა გადარჩენა, მაგრამ თავს გამოცარიელებულად ვგრძნობდი. ემოციებმა და მთელმა შემართებამ ერთიანად დამტოვა. ბრძოლის უნარი დავკარგე და ბედს შეგუებულმა ვიგრძენი რომ, საერთოდ აღარ მადარდებდა რა დამემართებოდა.
            კედელთან მივჩოჩდი და გავირინდე. ჭრილობა მონოტონურად და წამმზომივით ზუსტად ფეთქავდა, დაჟეჟილი მკლავი კი თავს არ მავიწყებდა და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა.
              გაყუჩებულს აზრმაც კი გამიელვა, რომ შტორმისა და გემის დაღუპვის შემდეგ ტრავმამ კომაში ჩამაგდო და ამ ჯოჯოხეთს სიზმრად ვხედავდი. მგონი ეს ფიქრი უფრო სარწმუნოდ მომეჩვენა, ვიდრე ის რომ, მთელმა სამყარომ ჩემს მიწასთან გასასწორებლად შეკრა პირი.. განსაკუთრებით ის ფაქტორი ამყარებდა ამ აზრს, რომ ჩემი ასეთი დევნის მიზეზი ვერაფრით ამომეხსნა.
            არც რაიმე უკანონობის მოწმე გავმხდარვარ და არც ისეთ საიდუმლოს ვფლობდი, რის გამოც ჩემი გაჩუმება ანდა ლიკვიდაცია გახდებოდა საჭირო.
            ფეხები მოვიკეცე და საკუთარ თავში ჩავღრმავდი.
            მეხსიერება უკან დაბრუნდა...
            მარკოს სისხლიანი მკერდი, ჩემი განწირული კივილი, მინის ნამსხვრევების წვიმა და მანქანის ფარებით მკვეთრად განათებული ასწლოვანი ხე...
            სამყაროს გრგვინვა ჩვენს თავზე, მუხრუჭების წივილი და ბეტონის შენობის ერთიანად შემოხეთქებული კარი...
            კარში იდგა...
            ძლიერი მკლავით, მკერდზე კვლავ სისხლის შეკავებას ცდილობდა, ფეხზე გაჭირვებით იმაგრებდა თავს და ჩემი დანახვით გამოწვეული შვება სახეზე ცხადად ეწერა.
            ნანახის დაჯერება გამიჭირდა და თვალები დავხუჭე. მისი სუნთქვა სახესთან გარკვევით ვიგრძენი და უცნაურმა ჟრუანტელმა მთელი სხეული წამიერად დაიპყრო.
            შევხედე... კვლავ სახლის მისაღებში ვიდექი, მის პერანგს ჩაბღუჯული ხელებით და თავად თავგზააბნეული, მისი ყურადღების გადატანას ვცდილობდი. თვალებში მომენტალურად რისხვა გაუკრთა, მცდელობას მიმიხვდა და უხეშად მომიცილა...
            ღია კარში მკვეთრად იელვა...  ყურთან გრგვინვა ცხადად გავიგე და გამოღვიძებულმა თავი ისევ აშმორებულ საბანზე მოკუნტული აღმოვაჩინე.
              მფარველი ანგელოზის კვლავ ცოცხლად დანახვამ, ჩემში იმდენად რეალური ემოციები გამოიწვია რომ ისევ სიზმარში დაბრუნება მომინდა. ბინძური საბანი ფეხებზე გადავიფარე და თვალი მივლულე. ამჯერად სრულიად ჯანსაღმა და ღრმა ძილმა ჩამითრია.
              -აბა, პრინცესა, ადგომის დროა! - გონებაზე ძლივს მოვედი. თავზე საყურიანი დამდგომოდა და მეტი ეფექტისთვის, ხელებს ერთმანეთს გამეტებით ურტყამდა. მკლავი კვლავ მტეხდა მაგრამ თავი აღარ მტკიოდა. საათზე დავიხედე, ცხრას უახლოვდებოდა.
            -ადექი, ადექი! საკმარისია ნებივრობა, მუშაობის დროა! - ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი ნათქვამის აზრს ვერ ვწვდებოდი, მისი დახმარებით ფეხზე ავდექი და კარისკენ მიბიძგა. გაუცნობიერებლად დავყევი.
              გრძელი და ნახევრად ბნელი დერეფნის შემდეგ ზემოთ ამავალ, სამ კიბეს მივადექით. არ შევმცდარვარ, მიწის ზედაპირზე ამოვედით. ირგვლივ მიმოვიხედე, მზის სხივებმა თვალი მომჭრა და ხელი მოვიჩრდილე. ბუნკერის გასწვრივ, ორივე მხარეს უზარმაზარი რკინის კონსტრუქცია აღმართულიყო.
              რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ჩემი ყურადღება მიწის უჩვეულო შეფერილობამ მიიპყრო. ზუსტად გამიჭირდებოდა ფერის დასახელება მაგრამ ნიადაგს აშკარა ოქროსფერი დაჰკრავდა.
            ბორძიკით მივდიოდი, ჩემი ძალები ჯერ ისევ აღდგენას მოითხოვდა, თანაც უკვე მეორე დღე დაიწყო, რაც ლუკმა არ მქონდა გასინჯული.
            კონსტრუქციის გავლის და ღია სივრცეში აღმოჩენის შემდეგ, პასუხი უმალ ვიპოვე. ჩემს წინ ოქროს მომპოვებელი საბადო გადაიშალა. რამდენიმე ტერასიანი, თვალუწვდენელი ტერიტორია მზის შუქზე საოცრად ბრწყინავდა.
            პირდაპირ მისკენ მივდიოდით.
            ჩემთვის, ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საბადოს შესახებ, ცნობილი იყო. „სუპერ პიტი“ ერქვა და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებდა ოქროს მოპოვების რესურსით, ისიც ვიცოდი რომ აქაურობა ტურისტებსაც უხვად იზიდავდა, მაგრამ მსგავსი ვერაფერი შევნიშნე. ტერიტორიის მასშტაბებით თუ ვიმსჯელებდი, ეს სწორედ ის ძირითადი ადგილი იყო.
              ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ სპეციალურ მანქანა-დანადგარებს შევავლე თვალი. მიდამო თვალისმომჭრელად კაშკაშებდა და არსებული მწარე რეალობა რომ არა, ვიფიქრებდი, ბავშვობისას ნანატრ ზღაპრულ პლანეტაზე მოვხვდი-მეთქი.
            საკმაოდ დიდი მანძილის გავლის შემდეგ, ერთი ტერასით ქვემოთ ჩავედით და ადამიანთა მცირე ჯგუფი შევნიშნე. ერთი ორმოცდაათ წელს მიახლოვებული მამაკაცი და ორი ქალი მიწისკენ დახრილიყვნენ და გამალებით მუშაობდნენ. ქალებიდან ერთი ალბათ 35-40 წლამდე იქნებოდა, გოგო კი დაახლოებით ჩემი ასაკის ჩანდა. თავზე ერთი ახმახი დასდგომოდათ, იარაღს ხელში დაუდევრად ატრიალებდა და სიგარეტს აბოლებდა.
              საყურიანმა მათთან მიმიყვანა და მოკლედ ამიხსნა, რა უნდა გამეკეთებინა. უსიტყვოდ დავიწყე ბრძანების შესრულება. არც ვინმესთან გამოლაპარაკების თავი მქონდა და არც წინააღმდეგობის გაწევის.
              ნანახი მქონდა როგორ ხდებოდა ძვირფასი მეტალის მოპოვება. ეს საბადო, ჩემს მიერ ავსტრალიაში მოსანახულებელ სიაში ერთერთი იყო. დანადგარების მეშვეობით მიწა იჭრება და ნაწევრდება, შემდეგ მიღებული ქვიშა ცხრილებში ირეცხება და განცალკევებული ოქროს ნამცეცები ცალკე იყრება.
            ხელში საცერის ზომის მოზრდილი ნივთი მომაჩეჩა და მაჩვენა, როგორ უნდა მომეგროვებინა ქვიშა, წყალთან მიმეტანა და გამომერჩია მასში შერეული, თითქმის თვალით უხილავი ოქროსფერი ნამსხვრევები. დანადგარების მიერ, მიწის მოჭრისა და დამუშავების შემდეგ, დარჩენილ ნიადაგში მაინც რჩებოდა ოქროს მცირე ზომის მარცვლები და მას ჩვენი მეშვეობით აგროვებდნენ.
              მეათე კლასის ექსკურსია გამახსენდა. სვანეთში ვიყავით და ადგილობრივების მიერ, ოქროს ტრადიციული წესით მოპოვებით დავინტერესდით. საუკუნეების განმავლობაში, მოსახლეობა ცხვრის სქელმატყლიან ტყავს ფიცარზე ჭიმავდა და მდინარეში უშვებდა. წყლის დინება ზედაპირიდან მსუბუქ ქვიშას სწრაფად დევნიდა, ოქროს ნამცეცები კი მისი სიმძიმის გამო მატყლში ღრმად ეფლობოდა.
            ორმა მოხუცმა, რომლებიც მთელი ცხოვრება ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი საშუალება მოგვცა თავად გვეცადა. ჩვიდმეტი მოსწავლიდან მხოლოდ ერთს გაუმართლა... საბოლოოდ, ის თითქმის უხილავი ოქროს წერტილი ჩემს ხელში მოხვდა. ფრიადოსანმა და მორცხვმა გიორგიმ, ამ ჟესტით გამოხატა ჩემი მისამართით საკუთარი გრძნობები. მორიდებული გიო საქართველოში, ძვირფასი მეტალი კი ჩემთან დარჩა.
            მოგონებამ იმედგადაწურული გული საოცრად გამითბო და ცრემლები მომერია.
            სამუშაო საკმაოდ მძიმე და დამღლელი გამოდგა, განსაკუთრებით ჩემნაირი დასუსტებული ადამიანისთვის, მაგრამ დანარჩენების შემხედვარე, უსიტყვოდ რომ საქმიანობდნენ, ხმისამოუღებლად ვასრულებდი მითითებას.
            შუადღისას მზემ უსაშველოდ დააჭირა და მუშაობა კი არა სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდა. საყურიანი და მისი მეგობარი უდარდელად გვადევნებდნენ თვალს. სიტყვებს უხამსად ისროდნენ და ხმამაღლა ხარხარებდნენ.
            გამოლაპარაკების სურვილი არ გამომიჩენია, მაგრამ ჩემს „კომპანიონებს“ ჩემდაუნებურად ვაკვირდებოდი. მამაკაცი სასიამოვნო შესახედაობის ადამიანი იყო, საფეთქლებთან თმა გვარიანად შეთეთრებოდა, პერანგის მკლავები მაღლა აეწია და მდუმარედ მუშაობდა. დროდადრო მეთვალყურეებს თავმოყვარეობაშელახული მზერით გახედავდა, ღრმად ჩაისუნთქავდა და საქმიანობას აგრძელებდა.
            მეორე, როგორც ვივარაუდე ჩემი ასაკის, საშუალო სიმაღლის ერთი კაფანდარა გოგო იყო. იმდენად გამჭვირვალე კანი ჰქონდა რომ მეგონა, კარგად დაკვირვების შემთხვევაში მის ძარღვებში სისხლის მოძრაობას დავინახავდი. თხელი, ჩალისფერი თმა მაღლა, დაუდევრად შეეკრა. საკუთარ ფიქრებში ჩაღრმავებული ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ,თითქოს ირგვლივ ვერავის ამჩნევდა.
              ქალი, რომელიც ორმოც წლამდე მომეჩვენა, ახლოდან უფრო მეტი ასაკის აღმოჩნდა. ქერა, ალაგალაგ ყავისფერი ზოლებით გაფორმებული თმა ჰქონდა. წარბები ერთად შეეყარა და რამდენჯერმე იმდენად მტრულად შემომხედა რომ გაურკვეველი მიზეზით, რატომღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი. 
              შუადღისას, იქვე სადაც ვმუშაობდით, სამადლოდ მოგდებული, მცირეოდენი საკვებით ვისადილეთ. ამჯერად ვეცადე მეჭამა, რადგან თავს ვატყობდი ასე დიდხანს ვერ გავძლებდი. აღარც უსუფთაო ხელებისთვის მიგვიქცევია ყურადღება და არც მტვრიანი გარემოსთვის, უჩუმრად და გემრიელად ვილუკმებოდით.
            მზის სიმხურვალემ აზროვნების უნარი სრულიად დამიკარგა და საღამომდე, დაპროგრამებული რობოტივით გავაგრძელე მუშაობა.
            შებინდება რომ დაიწყო, ჩვენს იქ გაჩერებას აზრი დაეკარგა და ცხვრის ფარასავით კვლავ ბუნკერისკენ გაგვირეკეს. იმედი მომეცა, ამჯერად მარტო არ ვიქნებოდი და რაიმეს გავარკვეევდი ჩვენი აქ ყოფნის მიზეზზე და გაურკვეველ მომავალზე.
          იმედმა დაახლოებით დერეფნის შუაგულამდე იცოცხლა. სამივე სხვა კარში შეიყვანეს და მე ისევ ძველ ადგილას, მარტოს მიკრეს თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები