ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: სიტყვის კაცი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2021


ვერპოვნობანა

იმ, მეწამული ხელთათმანით, გამოქექავენ
ჭუჭყიან ამბებს, გაბერილი შენი ნეკნები
და მტრედებისგან სამუდამოდ აუკენკავო,
აღარ მექნები!

დაცარიელდნენ, შიშით სავსე, ნორმატივები
და ივსებიან, ცარიელი ფურცლით, უჯრები.
შენ, წაუკითხავ გვერდებს შორის ნამარტოვებო,
ნუღარ ლურჯდები!

უკვე ადრეა გადარჩენა, ამიტომ ჩემი
მიტოვების გზებს შეგაყვარებ, წასვლას გასწავლი.
მანამ კი, შენი სოფლის პირას მინდა დარჩენა,
მინდა წანწალი!

დაჭერობანა. დათმობანა. გაშვებობანა.
ვერპოვნობანა. საბოლოოდ ფიქრიც გაყუჩდა.
დაიჩივლეს და დაჟანგული შიში მობანე,
თევზებს ლაყუჩთან.

ხელმერამდენედ დაგავიწყდა სახელოების,
იდაყვებამდე აწევა თუ აკაპიწება.
ცხრა ამბავსა და მთას იქით რომ შენი სახლია
არ გავიწყდება!

გზად მრავალჯერად კარგადყოფნებს მიგაშველებენ,
გაამართლებენ საშუალებებს, მივლენ მიზნამდე.
შენ კი, მთელს ტანზე მორბენალი ჭიანჭველებით,
გამოიზამთრებ!

თან უქუდო და ფიქრნაკლული შეეყუჟები,
ჩემს მახსოვრობას, უმარილო მელოდიებით.
დღეგამოშვებით, ნაწვიმარი ჩემი ქუჩები,
გელოდებიან.

ყველა თოლია მოიტოვებს უკან ატლანტას,
ტბისფსკერისფერი ტალახების ღრენენ ღრმულები.
თოლიებს, შენთვის გადანახულ მზეებს ვატან და
მოვიღრუბლები!

არ შემინახეს, არ დამთვალეს საგულდადულოდ,
გაძლებად ქცეულს, ფიქრზე მინდა ახლა მასაჟი.
ან, ნაცრისფერი მარტოობა, რითვერ მოვკალით,
ბაღის ეზოში?!

აღელვებული აღარა ვარ ახლა მინდვრები
და აწმყოები საბოლოოდ დამატყვევებენ.
ჩემს ღამეებში, გამუდმებით, თავ-პირს იმტვრევენ,
შენი დღეები.

მე, ნაამბარი ტანსაცმლების გარდა, ვერ ვიცმევ
ვეღარაფერს და მეცინება თანაც მაშინვე.
შენი მართალი სიზმრებიდან, მგონი, ერთიც ვერ
გადავარჩინე.

ზღვასთან ვერაფერს რომ ვერ გავხდით, ამიტომ მთაში
უნდა წავიდე, როგორც მგლების ხროვის ბელადი.
წავიღებ საგზლად შარშანწინდელ ნეკერჩხლებს და შენ
გააფერადე!

ჩემი ნახვისას სიჩუმეებს ნუღარ მასესხებ,
“გაგიჟებულხარ” მისახსოვრე, ანდა “აფრენშენ”.
ახალი წელი, სიმბიოზი, ძველი ნაძვის ხე - იყოს აპრილში.

ფიფქები ზამთრის ტრილოგიის მუნჯი ყდებია,
დილისკენ, ალბათ მთელი ქუჩა გადათეთრდება.
ორადორი ვართ, ვინც არ იცის, როგორ ხდებიან
ერთადერთები

და მტრედებისგან სამუდამოდ აუკენკავო,
ჩემთან ოთახში მოვიხმობ და ერთად დავაჯენ,
შენი ვერმოსვლის უძინარ და მახინჯ დარაჯებს,
შენ კიდევ - ჩემებს უმასპინძლე, გაუღე კარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები