ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 ივლისი, 2021


ჩემი სცილა და ქარიბდა

ნინო დარბაისელი

ჩემი სცილა და ქარიბდა

  პოეტი, ყოველ შემთხვევაში ჩემი წყობისა, რომელსაც ლექსის პერსონაჟად მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, ძირითადად  სხვები ჰყავს და უნდა, ის სხვები პირველ პირში ამეტყველოს,  ერთ მუდმივ წინააღმდეგობას აწყდება - ქართულ ენაში სქესის უქონლობას.
      თუ პერსონაჟი მამაკაცია, ( მე კი ქალი - გახლავართ) რამენაირად, პოეტური ტექსტის დასაწყისშივე მიხდება რაღაც  ისეთი რეგალიის, სიმბოლოს და ა.შ. შემოტანა, რითაც მკითხველ-მსმენელი თავიდანვე ჩემი, როგორც ავტორის სასურველი მიმართულებისკენ წაიყვანდა წარმოსახვას.
    ასეთი რამ კი იშვიათად როდი ხდება, რადგანაც  ჩემს პოეტურ ტექსტებში - ნარატიულობის წილი იმთავითვე დიდია ლირიკულობასთან შეფარდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ  ლიტმცოდნეობაში ცნობილი, მიღებული  და ტიპობრივი მოვლენა - ლირიკული პერსონაჟის დამთხვევა ავტორთან - ჩემს შემთხვევაში თითქმის არ ხდება და თუ სადმე ხდება - ისიც  მხოლოდ ილუზიაა,  განძრახ შექმნილი მკითხველისათვის.
      რა უნდა ნამდვილ, ადამიანურ გულწრფელობას ლექსში!
        მასზე გულისმაზიდებელი არაფერია!
      ის შეიძლება იყოს მხოლოდ ნედლეული, რომელმაც პოეტური ალქიმიის რთული გზა უნდა გაიაროს, რომ რაიმე ღირებულად იქცეს!
        ...
    ჩემთვის თითოეული ლექსი - წარმოსახული როლია და გულწრფელობაც, თუ მკითხველს ასეთი შთაბეჭდილება შეექმნება - მარტოოდენ მხატვრული, “ნათამაშევი გულწრფელობაა”.
ვატყობ,  ტყეში სოკოს კრეფასავით ფიქრმა მსჯელობის თავდაპირველი მიმართულებიდან სხვა თემისკენ გადამიტყუა და აქ ვჩერდები, რომ არ დავიკარგო!

  მეორე პრობლემა, რომელსაც ვაწყდები როგორც ავტორი, ეს არის  სხვა ევროპული ენებისგან განსხვავებით ე.წ. მთავრული ასოების უქონლობა, რომლის გამოც იძულებული ხდები, ბრჭყალები წამდაუწუმ გამოიყენო.
კომპიუტერულ ეპოქაში მათ დასაწერად შრიფტის (ფონტის) გადართვა-გადმორთვა უფრო და უფრო აუტანელი ხდება.
სხვაფრივ, ქართულ ენასთან ნამდვილად კარგად ვარ შეთვისებული. მით უმეტეს დღეს, როცა  ენობრივად თავისთავად ჩამოუყალიბებელი ქართული მასმედიის წამლეკავი გავლენის გამო, ქართული ენა ისედაც ტოტალურ ადაპტაციას  განიცდის და შესაბამისად, აღარც პოეზიაში გამოიყენება მისი იმდენი, მრავალმხრივი ასპექტი, მიმართება, ნიუანსი  რამდენიც მაგალითად, გალაკტიონს  სჭირდებოდა.
თანამედროვე  ქართული პოეტური ენის ამ ტენდენციის თუ მდგომარეობის გამოსახატავად, ვფიქრობ გამოდგება ინგლისური სინტაგმა “ფლეინ ლენგვიჯ”
(Plain language )
... მაგრამ ეს  - არ ისე ცუდია, სიახლედაც კი გამოიყურება თანამედროვე, ყოვლისწამლეკავი კლიშე—პოეტიზმების,  ,,ზაგატოვკების” ფონზე.
      აი,  ამ ორ  საშიშროებას, უკიდურესობას -  ამ სცილასა და ქარიბდას შუა მიხდება მე,  როგორც  ლექსის ავტორს რაღაც, ბალანსური მდგომარეობის მუდმივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ძიება და დაცვა.
მე ჩემს თავს, როგორც ავტორს, ასე ვხედავ.
თუმცა ეს არ შემოწერს ყველაფერს. არის კიდევ რაღაცეები!
დანარჩენს - მერე გეტყვით.
სხვამ- თავისი ამბისა - თავად იცის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები