ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2021


* * *

ახლა ეს ქალაქი, თავის სიმშვიდით და შიშებით
შენი ფანჯრიდან რომ ფრთხილად იყურება დასავლეთს
თითქოს მოგპარეს და რაღაც უსიამოს დიდებით
მეცხრე მთის გადაღმა ზღაპრულ ზარდახშაში დამალეს.

იქნებ სიზმარია, ანდაც ისტორია დიდი ხნის
წინ რომ გიამბობდა ვიღაც სასთუმალთან იდუმალ-
შენი არსებობა, უსინდისობაც და სინდისიც
ადათს მოყოლილი ღმერთიც, სამშობლოც და მშვიდობაც.

იქნებ, მოგიგონეს, თითსაც გაყოლებენ გზა და გზა
და ეს მინისტრები, პროფესორები და გიჟები
ყველა მირაჟია-ყველა ვინცაა და რაცაა-
ანდაც ფანტაზია, წერა, გადაშლა და ფიქრები.

იქნებ ეს სიცოცხლე, თავის გრიმითა და როლებით
ყველა იმ ბაყაყით, რასაც გასწავლიან შეჭამო
არის კინოფირის მცირე მონაკვეთი, რომელიც
ზოგჯერ ცუდადაა დამონტაჟებული. (დეჟავუ...)

იქნებ ტყუილია რაც კი დაემართა ანაბრებს
და ეს ბიძიებიც ხშირად რომ ჩხუბობენ ეკრანთან
სულაც არ ადგენენ შენი მცირე ქვეყნის პარლამენტს
და არ გევალება მათი თვიდან თვემდე შენახვა.

ყველა გადაცემა თავის წამყვანით და სტუმრებით
კადრში რომ ცდილობენ ყალბი ღიმილების დამალვას,
იქნებ გეჩვენება, ანდაც გადატყაულ მუშტებით
თავში ჩაგიტენა სამი კაცისხელა ქალაქმა.

ქუჩის მობნელებულ ჩიხში მობირჟავე თაობა,
გახსნილ "ტისაკით" და დედის გამოგზავნილ "ზმანებით"
მორალს რომ გიკითხავს, აქეთ რომ გასწავლის კაცობას
იქნებ "პრიხოდია" მსუბუქ ნარკოტიკის, ზმანება...

იქნებ ეს ახალი, ძვირადღირებული მანქანაც
მშვიდად რომ ატარებს ჯვარცმულ ქრისტეღმერთის მოსწავლეს,
არის აგონია გარდაცვალების წინ, რადგანაც
არ მოელოდი და გუშინ ციანიდით მოგწამლეს.

ამდენ თავისუფალს, ამდენ ნასწავლსა და შეგნებულს,
უფლებების დამცველს, მებრძოლს სიმართლისთვის ამოდენს,
იქნებ სულ ტყუილად არ უერთდები და შენებურ
მძიმე ფანტაზიით ამძაფრ-ტრაგიკულებ აბორტებს.

არა!!! სიმართლეა რასაც უყურებ და რაც გესმის
რაც შენს თვალებამდე ცხადად არ მოსულა ისიც კი...
ასე შიშველია, ასე ბინძური და ნათრევი
შენი საამაყო, შენი სანუკვარი თბილისი

და თუ გგონია, რომ სხვაზე მაღლა დგახარ მისხალით
შენი მორალია წმინდა, აღმატებულ სტანდარტის
მაშინ სად იყავი, მაშინ სად გეძინა, მითხარი,
როცა გროვდებოდა ირგვლივ ოკეანე ნაგავის.

რატომ არ ყვიროდი, რატომ არ იხლეჩდი იოგებს,
როცა სიცივეში ობლად დატოვებულს დედისგან
ბავშვებს სციოდათ და ზოგჯერ შიმშილისგან ტიროდნენ
და ვერ იძინებდნენ, როცა  უზრუნველად გეძინა.

როცა პროგრესის და რევოლუციების
ქარცეცხლში
მძიმე ხელკეტებით ყველა მოქალაქეს გვხმარობდნენ
შენც სხვას მიბაძე და სიტყვისდაუძვრელად დაწექი,
წიგნიც იკითხე და მშვიდადაც შემოდე თაროზე,

რადგან კიდევ უფრო მშვიდად დაგეძინა... სიზმრებში
უფრო ნაკლებია ცრემლიც, ტკივილიც და ის რასაც
ხშირად ვერ უძლებენ ფიქრში ჩაძირული გიჟები,
რასაც ფანჯარასთან ერთი არჩევანით მიჰყავხარ...

ბინძურ ქვაფენილზე ბოლო ამოსუნთქვით დაწერო
შენი ანდერძიც და მთელი არსებობის არსი:
"შენი საქართველო არ არ დაახურდავო ქართველო,
რა გსურს უკეთესი, რა გაქვს შენი ქვეყნის ფასი!".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები