ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 აპრილი, 2021


ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონობას

                                                          წინათქმა
                                      (ამონარიდი ჩემი წიგნიდან ,,ლაშა“)

პატივცემულო მკითხველო!

მადლობელი ვარ უფლისა, ისეთ ეპოქაში რომ დავიბადე, რომელშიც ჩემი ადგილის პოვნა არ გამჭირვებია, თუმცა, როგორც ყველა ადამიანის განვლილი გზა, მარტივი არც ჩემი ყოფილა, აღსავსე იყო მოულოდნელობებითა და პრობლემებით.

ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელობა ის გახლავთ, რომ ლაშას წარმატების შესახებ ნაწარმოების დაწერა გადავწყვიტე. აქამდე ექვსი წიგნი გამოვეცი, რაღაც წარმატებას საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსებზec მივაღწიე და ამით გამოცდილებაც შევიძინე, მაგრამ არა იმდენი, რომ სრულიად ახალ თემას შევჭიდებოდი. იმას, rac  ჩემს ცხოვრებაში თანამედროვე პატრიოტიზმის სახელით შემოიჭრა და ეს ცხოვრება კიდევ უფრო გამილამაზა.

ლაშასთვის რიოს ოლიმპიადა ,,დიდგორის ბრძოლა“ იყო. მას ძალოსნობაში თავისი ადგილი ამ ბრძოლის მოგებით უნდა მოეპოვებინა. ეს არ გახლავთ მაღალფარდოვანი სიტყვები, არც მწერლის მხატვრული გამონაგონი. ეს იყო რეალობა, რომელშიც ის აღმოჩნდა.

თავიდან, ვიდრე წიგნის წერის გადაწყვეტილებას მივიღებდი, ბევრი ვიფიქრე, რადგან ფარული შიში ნამდვილად დამეუფლა. რატომღაც მომეჩვენა, წიგნი მოცულობითi არ გამოვიდოდა, არა იმიტომ, რომ ინფორმაციის მიღების მცირე  ტექნიკური საშუალებები გამაჩნდა - მასალის ხელმისაწვდომობამ დამაეჭვა.

წიგნის მთავარი მოქმედი გმირის დრო, მგონი, წამებშია გაწერილი და არა თუ ხშირად, შეიძლება მასთან შეხვედრის შესაძლებლობა საერთოდ არ მომცემოდა. ამასთან, ლაშას შესახებ ერთი წიგნი უკვე გამოცემულია და მე არ გამაჩნდა სურვილი, ძველის ინტერპრეტირებით ისეთი წიგნი შემექმნა, რომელიც უკვე ფაქტობრივად  შექმნილი იყო. ასევე ცუდად ვიცნობდი ,,ძალოსნობის სამზარეულოსაც,“ მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვიცნობდი.

ამიტომ სხვა მიმართულებით წავედი. მშრალი სტატისტიკა სპორტის ისტორიას დავუთმე და  მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოების შექმნა განვიზრახე, რომლის მოქმედი გმირები ჩვენი სასიქადულო სპორტსმენის უახლოესი ადამიანები, მის მშობლიურ ქალაქში მოღვაწე  ძალოსნობის სპეციალისტები და ამ ქალაქში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანები იქნებოდნენ. 

იცოცხლეთ! აქ კი ჰორიზონტზე, მირაჟივით გამოჩნდა უამრავი შესაძლებლობა. მე და ლაშას ოჯახი, საჩხერეში კარგად ნაცნობ ,,ძველი სტადიონის“ უბანში ვცხოვრობთ. ვიცნობ მის მშობლებს,  მეზობლებს, ახლობლებსa და ყველას, ვისაც ლაშა თავის კერპად მიაჩნია.
საკითხის დადებითად გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი იმანაც ითამაშა, რომ წარსულში ლაშას მამასთან  არაპირდაპირი, მაგრამ სამსახურებრივი ურთიერთობა მაკავშირებდა, რომელიც აგებული იყო ურთიერთპატივისცემაზე. ამასთან, ბოლო პერიოდამდე ბატონი კობა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელი ლევან ჩხეიძე გახლავთ. ამავე სამსახურში უანგაროდ შრომობს ზურაბ თურმანიძეც. ორივე ბატონი კობას მეგობრები არიან და მათთან გარკვეული კეთილი დამოკიდებულება მეც გამაჩნია.

ბატონმა ზურამ ამ წიგნის რედაქტორობა ითავა, რამაც ძალიან გამახარა, რადგან მასთან ტანდემში ორი წიგნი გამოცემული მაქვს და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შემპარვია. მას ნაწარმოების სტრუქტურა გავაცანი, მომიწონა და წერასაც შევუდექი. 
ღირსეულ სპორტსმენს ღირსეული წიგნი ეკუთვნის - მაღალმხატვრული ნაწარმოები, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა ინფორმაციით, სტატისტიკითა და მიღწეული შედეგების დაფიქსირებით, მაგრამ სპორტი მხატვრული ლიტერატურა არ არის… მოიგონო სიუჟეტი, შეხვიდე შენს მიერ გამოგონილ სამყაროში და თავისუფლად იმოქმედო ... სპორტი გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მწერალს ...

ამ წიგნში მკითხველი ბევრ საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენს, რომელიც დაკავშირებულია ლაშასთან ან ძალოსნობის ისტორიასთან. ახლოს გაიცნობს გოლიათის მშობლიურ მხარეს - საჩხერეს და იქ მცხოვრებ უბრალო ადამიანებს, რომლებიც ისე ემსახურებიან სამშობლოს, როგორც შეუძლიათ.
                                             

                                                    ლაშას  ფესვები
                               
ლაშა ტალახაძე ქალაქ საჩხერეში 1993 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. 1999 წელს შევიდა საჩხერის გიმნაზიაში, შემდეგ გადავიდა საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში და საშუალო განათლების კურსი კორბოულის მე-2 საჯარო სკოლაში დაასრულა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ვარჯიში თბილისში, გლდანის ,,ოლიმპიური რეზერვის“ ბაზაზე განაგრძო.

საჩხერეში მისი პირველი მწვრთნელი კობა ტალახაძე გახლდათ. სწორედ მამა-შვილის ბრწყინვალე ტანდემმა ჩაუყარა საფუძველი მომავალ დიად გამარჯვებებს.

ბატონმა კობამ საუბრისას აღნიშნა, რომ ორჭიდის ჯამში 500 კილოგრამის აწევის იდეა საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე აღზარდა, ვანო გრიქულოვისაგან მომდინარეობდა. ,,ამის პოტენცია ლაშას გააჩნიაო“- უთქვამს.

ლაშა სკოლაში კარგი მოსწავლე იყო, ბეჯითი. ვარჯიშის პროცესსაც მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა. მწვრთნელის ყველა მითითებას ზედმოწევნით ზუსტად ასრულებდა.

მას ერთი წლით  უფროსი ძმა  და მეექვსე კლასელი პატარა დაიკო ჰყავს. ძმა - გიორგი, როგორც ბავშვების უმეტესობა, ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ შემდეგ სწავლის მიმართულებით აიღო გეზი და უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.

ბატონი კობას მშობლები, აკაკი ტალახაძე და ნათელა ნოზაძე წარმოშობით, შესაბამისად სოფელ ჩიხიდან და ორღულიდან არიან. ხოლო ქალბატონი ჟანას მშობლები, გუგულა თოდაძე და ია ყიფშიძე -სოფელ დუნთიდან  და მახათაურიდან.

სოფელი დუნთა ზღვის დონიდან დაახლოებით 640 მეტრზე რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე მდენარეობს. არის პატარა სოფელი (მისი სახელი სავარაუდოდ დუნ-თა ანუ ,,დუნის მთა-დან“ წარმოდგება, რადგან ,,თა“ - მთა, საჩხერეში სხვა ტოპონიმემბშიც ხშირად გვხვდება. {მაგ. ხიხათა და სხვ.). შედის ჩიხის თემის ტერიტორიულ ორგანოში. 2014 წლის აღწერით მოსახლეობა 133 ადამიანს შეადგენდა. აქედან 66 მამაკაცს და 67 ქალს.
საჩხერიდან სოფლის ცენტრამდე 2-3 კილომეტრი თუ იქნება. დუნთის შესასვლელში, კლდის ქიმზე ცნობილი ქალბატონისა და მეცენატის ელისაბედ წერეთლის სასახლე დგას, რომელშიც ადრე სოფლის დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა.

ამ სასახლის მარცხნივ, დაახლოებით ერთ კილომეტრში, ფრიალო კლდის თავზე, სწორედ ციხე ,,მოდინახეა“ აღმართული. ჩრდილოეთის მხარეს კი, მაღალ გორაზე- სალოცავი ,,გორიჯვარი,“ რომელიც ქალაქ საჩხერიდან თეთრად მოქათქათე წერტილად მოჩანს.
სოფელი ჩიხა თემის ცენტრია. მასში შემავალი სოფლებია: დუნთა, სხვიტორი, ქვედა ორღული და ზედა ორღული. ის ზღვის დონიდან 500 მეტრზე, მდინარე  ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე, მისივე სახელობის მთის ფერდზეა გაშენებული. 

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით სოფელში ცხოვრობდა 1981 ადამიანი, აქედან 978 მამაკაცი და 1003 ქალი.

სოფლის განაპირას მე-12 საუკუნის ეკლესიისა და ციხე-სიმაგრის ნანგრევებია.. თუმცა ისტორიულ წყაროებში ეს დასახლება მე-10 საუკუნიდან მოიხსენიება.

დასავლეთ საქართველოს მეფემ გიორგი I-მა აქ ის ერისთავი, სახელად ტინენ ძე დემეტრესა განაწესა, რომელსაც ქართლის გამგებლობა ევალებოდა.

ამასთან, სოფელში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას  აღმოჩნდა გაცილებით უფრო ადრეული მე-2 მე-3 საუკუნის თიხის დოქი. სოფლის სახელი სავარაუდოდ ,,ჩიხიდან“ ანდა ,,სა-ჩეხიდან.“  არის წარმომდგარი. რაც  შეხება სოფელ მახათაურს, ის შედის არგვეთის თემის შემდაგენლობაში. მდებარეობს მდინარე ლაშურას სათავეში (მდ. ყვირილას მარცხენა შენაკადი), ზღვის დონიდა720 მეტრზე. საჩხერიდან დაშორებულია 11 კილომეტრით. სოფელში ფუნქციონირებს საბაზო სკოლა.

ისტორიულ წყაროებში მე-17 საუკუნიდან მოიხსენიება. მახათაურის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში ცხოვრობდა 620 ადამიანი. 305 კაცი და 315 ქალი.

ისტორიული წარსულიდან ისევ აწმყოში გადმოვინაცვლეთ და ძალოსნობის თემას დავუბრუნდით, მომავალი თაობის აღზრდაზე ვისაუბრეთ.

საუბარი საჩხერის ლაშა ტალახაძის სახელობის ძალოსნობის დარბაზში მიმდინარეობდა, რომლის დირექტორიც თავად ბატონი კობაა. ეს დარბაზი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თაოსნობით აიგო და ექსპლოატაციაში მიმდინარე წელს შევიდა. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვი, რომ ახალი ოლიმპიური ჩემპიონები ,,გამოიჭედონ.“ 

ეს სკოლა, რომ წარმატებული იქნება, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რადგან სკოლის დირექტორი და მწვრთნელთა გუნდი გამოცდილი პროფესიონალები გახლავან, თავიანთი საქმის უბადლო მცოდნენი.

თვითონ ბატონი კობა ყოფილი ძალოსანია, შეიძლება ითქვას, საკმაოდ წონადი სპორტსმენი იყო (საინტერესო შედარება გამოვიდა, მის ფიზიკურ წონას არ ვგულისხმობ). მან თავის დროზე, მძიმე წონაში, ახალგაზრდათა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო. იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და სხვადასხვა (თურქეთი, საბერძნეთი) საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი.

საჩხერეში მას ამირან დვალი წვრთნიდა. შემდეგ- გიორგი თოდაძე, რომელიც ჩემი კლასელია და ბატონი კობას წარმატების შესახებ ბევრი რამ პირადად მისგან მსმენია. მესამე მწვრთნელი კი ელგუჯა დვალი გახლდათ.  თბილისში მას შოთა წერეთელი წვრთნიდა.

ბატონი კობა არა მარტო კარგი სპორტსმენი, არამედ კარგი მწვრთნელიც გამოდგა. მან ლაშას შესაძლებლობები რეალურად შეაფასა და მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის აღზრდა ზედმიწევნით ზუსტად გათვალა- ლაშა მთელი ორი წლით ძალოსნობას ჩამოაცილა და ფეხბურთის სექციაში გააგრძელებინა ვარჯიში.

მამის განმარტებით, ლაშა ზედმეტად მსუქანი და მოუქნელი ბავშვი ყოფილა, ფეხბურთმა კი ეს პრობლემები აღმოფხვრა და  ძალოსნობას ისევ დაუბრუნდა.

გამაოცა ამ გადაწყვეტილებამ, ბატონი კობას მომავლისკენ შეუცდომელმა მზერამ, მისი ეს ნაბიჯი  სხვა სპეციალისტებში ალბათ პროტესტს გამოიწვევდა, მაგრამ პროფესიონალიზმიც ხომ სწორედ ეს არის? იწამო შენი თავის შესაძლებლობებისა და შემდეგ ეს რწმენა აღსაზრდელს შთაუნერგო.

ბატონ კობას პატარა ძალოსნების პერსპექტივის შესახებ ვკითხე. ,,მსურველთა რიცხვი განუზომlად დიდიაო,“- მიპასუხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვებს სკოლაში მხოლოდ შერჩევით იღებენ. მერე დასძინა, რომ თანამედროვე ძალოსნობაში მარტო ღონით ფონს გასვლა შეუძლებელია. ბავშვი მრავალმხრივ განვითარებული უნდა იყოს. განსაკუთრებით ინტელექტის კუთხით, რათა ახალი ტექნოლოგიები სწრაფად და კარგად აითვისოს და ღონესთან ერთად, ერთიან კომპლექსში, წარმატებას მიაღწიოს.

სპორტის ფილოსოფიის შესახებ  ჩემი შეხედულება გამახსენდა, რომელიც ზემოთ გამოვთქვი და მას გავუზიარე. ბატონი კობა დამეთანხმა. ბოდიში და, მთლად ,,ჰარიფი“ რომ არ გამოვდექი, გამიხარდა.

ლაშას სიმაღლე 197 სანტიმეტრია. წონა საშუალოდ 160 კგ-ს ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად გოლიათური პარამეტრებისა, ჰარმონიული აღნაგობით გამოირჩევა და ქართველი მამაკაცის თვალსაჩინო ეტალონს წარმოადგენს.

,,ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა.“  ბუმბერაზი ვაჟას ეს მაქსიმა მახსენდება, როცა ქალბატონი ჟანას - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დედის“- პირისპირ ვზივარ.

- რა დროს საუბარია, ჯერ შეახაზირე რამეო - კი გასცემს, ,,ბრძანებს“ კობა, მაგრამ ეს, ჩემი დაჟინებით, ბოლოსთვის გადაიდება.

აბა, ისე როგორ გავალ ამ თხემით ტერფამდე ქართული ტრადიციების მქონე ოჯახიდან, ფუძე-კერა და შვილები არ დავულოცე (რომც დააპირო ვინ გაგიშვებს?).

- ჩვეულებრივი ბავშვი იყო, თავის და-ძმასავით ანცი, ოღონდ უფრო მიზანდასახული. მე ცდა არ დამიკლია ამ მიზანდასახულობის განვითარებისათვის, სულ ეს არისო.

მერე და, რამხელა დარდი, რამდენი ღამისთევა, დედური ,,მესამე თვალის“ სიფხიზლე იყო საჭირო ამ მიმართულების ცხოვრების წესად დამკვიდრებისათვის!

- ღვთისმოშიშეობით და ღვთის სიყვარულით გამოირჩეოდა კიდევო.
რა ცოტა ჰქონია გამოსარჩევი?!

- რაც უკვე მოხდა, რაც ხდება და რაც მომავალში მოხდება - ყველაფერი ღვთის ნებაა. მე და კობა, განსაკუთრებით ლაშას ფიცარნაგზე გამოსვლების წინა დღეებში, ეკლესიებს მოვილოცავთ ხოლმე. საკუთარ ოჯახზე და შვილებზე საუბარი მიჭირს, სხვებზე, რამდენიც გნებავთ, ნალაპარაკეთო.

რა დამღლის ამ მშვენიერ ქალბატონთან საუბრით, მაგრამ ,,სხვებზე“ საუბნოდ არ მოვსულვარ და სხვა რა გზაა.

,,ჭიქა ღვინის აწევის“ შემდეგ ოჯახიდან გამოსულს თვალი ჰორიზონტისკენ გამირბის {ამას ჩვეული ვარ}, სადაც ,,მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,“ გორიჯვრის სალოცავი დგას და უეცრად მაგონდება ერთი უცხოელის გამონათქვამი: ,,ლაშა რომ შტანგასთან მისვლის წინ პირჯვარს გადაიწერს ხოლმე, ძალა ემატებაო“.

დაილოცოს, ღმერთო, შენი სამართალი!

ლაშამ 2018 წლის აპრილში ანა დემურიაზე იქორწინა. საჩხერელთა რძლის დანახვაზე აკაკის სიტყვები გამახსენდა: ,,მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი ედემს ალვად ასულია.“ სიმრავლე და სიკეთე მინდა ვუსურვო ახალშექმნილ ქართულ ოჯახს.   
                             
                         
                                                  ღრუბლებში ამაღლებული

ვფიქრობ, სამოთხე დედამიწაზე, ალბათ, საჩხერის სამანებს მოიცავდა, ღვთისმიერ კურთხეულ მიწას, რომლის უმშვენიერესი ბუნებით ტკბობას ვერასდროს ამოწურავთ. მის შესახებ თამამად შეგვიძლია გავიმეოროთ ერთი ცნობილი გამონათქვამი, მცირედი პერეფრაზირებით: ,,ვისაც საჩხერე არ უნახავს, მას არ უნახავს არაფერი.“

საჩხერე იმერეთის მხარეში შემავალი მუნიციპალური ცენტრია. ქალაქად 1964 წელს გამოცხადდა. გაშენებულია მდინარე  ყვირილაs ორივე სანაპიროზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო- დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძველი, ძირითადი უბანი (ზღვის დონიდან 550 მეტრი) მდინარის მარჯვენა ფერდზეა შეფენილი, მარცხენა სანაპირო კი ვაკეს, გაშლილ ტერიტორიას წარმოადგენს.

დედაქალაქამდე საავტომობილო გზით 170, რკინიგზით - 232 კილომეტრია, ხოლო ქუთაისამდე 90 კილომეტრი. ქალაქში ფუნქციონირებს წმინდა ნინოს სახელობის ,,სობოროს“ ეკლესია, რომელიც ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მეუფის რეზიდენციაა. 
საჩხერის დასავლეთ ნაწილში ადრეული ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი - ,,ნაჩერქეზევი“ მდებარეობს. ისტორიული წყაროების მიხედვით  ქალაქზე აღმოსავლეთ-დასავლეთის (ირან-ინდოეთის) საქარავნო გზა გადიოდა. ამის შესახებ ცნობებს  ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც გვაწვდის. თუმცა საჩხერის ისტორია ანტიკური ხანიდან, ,,ოქროს საწმისის“ ეპოქიდან იწყება - მედეასა და იაზონის ღვთაებრივი სიყვარულის ლეგენდადქცეული ისტორიიდან. მართალია, ამ  ჰიპოთეზის პირდაპირი ,,სამხილები“ ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება, მაგრამ შედარებით გვიანდელი, სხვადასხვა წერილობითი და არქეოლოგიური წყაროები მცირე, მაგრამ თავისი შინაარსით საკმაოდ წონად ცნობებს მაინც გვაწვდიან.

წინა წლებში ,,მოდინახესა“ და სოფელ საირხის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტი-ფაქტები (ჩვენი თანამემამულის ჯურხა ნადირაძის წლების მანძილზე განხორციელებული მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად) ზემოთ აღნიშნული ჩემი სურვილისა თუ ჰიპოთეზის ირიბი ან შესძლოა, პირდაპირი დადასტურებაც კი იყოს, მაგრამ ეს მომავალ დროს დავუტოვოთ გადადასაწყვეტად და ლაშას დვრიტას მამულ-დედულეთს, საჩხერეს ქედი დავუდრიკოთ.

მდინარე ძირულას ღორღიან ნაპირს ლანგ-თემურის - ლიჩის ხეობით დასავლეთ საქართველოში გადმოსული მსოფლიოს დამაქცევრის მხედრიონის ცხენთა ფლოქვების ნატერფალი ატყვია.

ქვაბულ-მღვიმეთა კედლებს ჯერაც ამჩნევია მასში შეხიზნულ ქართველ მამულიშვილთა სისხლის შემხმარი წვეთები. თუ ყურს მივუგდებთ ცრემლებად მომდინარე ძირულას დუდუნს, აუცილებლად გაიგონებთ წინაპართ სისხლის ყივილს, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს იმას, ,,ვისი გორისანი“ ვართ, საიდან მოვდივართ და გეზი საით უნდა გვედოს.

მოჭარბებული პატრიოტული გრძნობით აღვსილები გაღმა-გამოღმა არგვეთში ვინაცვლებთ და თავს მოწიწებით ვუხრით: გიორგი წერეთლის, მუხრან მაჭავარიანისა და პაოლო იაშვილის სულებს. ვსტუმრობთ სულმნათი აკაკის ძიძისეულ კარ-მიდამოს სოფელ სავანეში.

ქრისტიანულ-მართლმადიდებული რწმენა ჩვენში ღმერთთან მისვლის სურვილს აღძრავს და ქვეცნობიერად მიგვიძღვის ქორეთის მეათე საუკუნის ბაზილიკისკენ.
მოლივლივე სანთლის შუქზე გაცრეცილ მიზანს: - ერთიანი სამშობლოს ტკივილს- თავს ვუყრით და შემოქმედს მამულს ვავედრებთ ... ,,ღმერთო, მამული მიცოცხლე, მძინარიც ამას ვდუდუნებ“...

ხურჯინად აკიდებული ეს ლოცვა ხვავრიელ საგზლად მოგვაქვს ტაძრიდან და მგლისმუხლა ჟინით მაღლით ავუყვებით ჯრუჭის დედა-მონასტრისკენ აღმავალ, ფენებად დაგრეხილ, კუნელის ფესვებში გახლართულ ვიწრო ბილიკს.

აქ იგრძნობა, რომ სხვა განზომილებაში მოვხვდით, ორ სამყაროთა მიჯნაზე, ლაჟვარდოვანი ზეცის შემყურე სულს ფრენა სწადია, წინაპრებთან ასვლა, მაგრამ დამძიმებულ  ხორცს არ სურს მიწიერი ნეტარების დათმობა ...

ხვდები, რომ ადამიანი ხარ, ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომლითაც არც დაწყებულა სამშობლო და არც დასრულდება, თუმცა მერმისი: ალგეთს ნაშობი მგლის ლეკვების ყელში ბოღმად გაჩრილი ომახიანი ყეფა - ,,კიდევაც დაიზრდებიან“- ,,ნიკოფსიითგან-დარუბანდამდე“ განფენილ მარადიულ ტკივილს მალამოდ ეფინება, დაუოკებელი სურვილი, სრულიად საქართველოს მოფერებისა, შეგვახსენებს, რომ ქვემოთ, მდინარე ჯრუჭულას ხეობის მარცხენა ფერდზე, სოფლების: სარეკისა და ქორეთის გზაგასაყარზე, სამშობლოს გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს ...

ამ ნიშნულთან  მუხლმოყრილი საგზლად წამოღებულ ლოცვას ისევ იმეორებ და ,,მერცხლის ბუდეს“ ციხე ,,მოდინახეს“ თვალმოჭუტული, ხელისმოჩრდილვით შეჰყურებ:

                                                ღრუბლებში ამაღლებულა, როგორც ოცნება კაცისა,
                                                შორიდან ასე გგონია, არც მიწისაა, არც ცისა,
                                                მოდი, მნახე და იცანი, არც შენ ინანებ, არც ისა.“

იხსენებ აკაკის საკრალურ სიტყვებს და სხვიტორთან შეხვედრას ესწრაფვი ... სულმნათის ბაკე: გვალვადაკრული მინდორი, სამი კაკლის ხე, ვენახის ზვარი; ,,ენაგაკტელილი“ მდინარე ჩიხურა. საბუდარში მოკაკანე მატყუარა ქოჩორა ... შე დალოცვილო! აქ ხომ, ჩვენც შეგვიძლია ლექსად გავიკრიფოთ? ...

                                                მაინძელო! დაიძახებ საჩხერელის ბაკეში,                                                                         
                                                წაუყრუებს საჩხერელი,  ჩაიხედავს სარკეში,
                                                ულვაშს გვერდზე გადაიგრეხს, შეისწორებ ღილ-კილოს,
                                                  არ გაგიღებს ოდის კარებს, თუნდაც შურთხმა იკივლოს.
                                                როცა შენი გადაგივა, ხმას სიბრაზით მოგუდავ,
                                                გამოგხედავს ფანჯარაში: ,,ბოშო, ეს ვინ მოსულა" ! -
                                                ხელებს გაშლის, ჩამოირბენს ხის კიბეებს ჭრაჭუნით
                                                და კარებში გამოყვება ცოლი გულისფაჩუნით.
                                                მოგეხვევა, გადაგკოცნის, სიტყვას გეტყვის გულიანს,
                                                რიხიანად შეუძახებს ქარაქუცა მურიას,
                                                ,,შემობრძანდით აქეთ ხესთან" (მიგითითებს ჩეროზე),
                                                ცოლს უბრძანებს- გაგვიშალე შენებურად მდელოზე
                                                კაი სუფრა მადლიანი, ხემსითა და თუნგულით -
                                                - ახლავეო! - იტყვის ცოლი, გაბრუნდება კუნკულით.
                                                გამოცხვება ხაჭაპური, ,,ჩაცივდება" დედალი,
                                                დაიკვლება ინდაური და თიკანი ცვედანი;
                                                - აუჰ! ამას რას ჩადიხარ - შეიცხადებ სტუმარი,
                                                მაგრამ უცებ მიგახვედრებს საკუთარი გუმანი,
                                                რომ საჩხერელს შეურაცხყოფ, ცუდ დროს იჩენ მარიფათს
                                                და ბღარივით დარცხვენილი, მიუჯდები მაგიდას.
                                                მოგისვამენ იქეთ-აქეთ, ერთ-ორ კაი მეზობელს,
                                                ,,ტოლუმბაშად" შეარჩევენ ქეიფობის მეხოტბეს,
                                                ამღერდება ორშიმო და ხმას შეუწყობს ჭინჭილას,
                                                მასპინძელის შეძახილზე მოგართმევენ წიწილას
                                                კეცებს შუა დაბრაწულს და ნიორ-წყალით ნაპკურებს,
                                                არომატი შეგაფხიზლებს კულით ღვინის ნასმურევს,
                                                  როცა ყელში ამოგივა სიმაძღრისგან ნობათი,
                                                  მასპინძელი წყნარად გეტყვის: ,,აჰა! მწვადიც მოგართვით!-
                                                  ჩვენებური, საჩხერული, კაი მწვადი წერეთლის“ -
                                                  ნეტარებით აღვლენილი სიტყვა ზეცას შეერთვის:
                                                  - აგაშენათ ძმაო ღმერთმა! სუფრა უნდა ამგვარი -
                                                შემოსძახებ  ,,საპოვნელას" შეირყევა ცარგვალი ..
                                                საჩხერელი რატომ არის საჩხერელი, ბიძია?
                                                არ ეშლება ქიცმაცური, არ ეშლება ქიცია.
                                                - მაინძელო! - არ შესძახო საჩხეreლის ბაკეში,
                                                დამიჯერე, ნაღდად ვიცი, გაებმები მახეში.

შეიძლება ჩემი ეს ექსპრონტი, დიდი მხატვრული ღირებულებით არ გაოირჩევა, მაგრამ ემოცია და საჩხერლებისადმი სიყვარული უცილოდ მოაქვს.

საჩხერის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთით  ქარძმან-პერევის; დასავლეთით  სარეკ-ქორეთის; სამხრეთით- ლიჩისა და ჩრდილოეთით  მოხვა-უზუნთას სოფლების სამანებში განფენილი.

მოუშუშებელი ჭრილობა,- პერევ-ქარძმანის გზაგასაყართან გავლებული საოკუოაციო ხაზი,-  გულზე მძიმე ლოდად ადევს ყოველ საჩხერელს. ამ ტკივილის შეგუება შეუძლებელია, მაგრამ იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ტანდემი გახდა, რომლითაც ვაღამებთ წარსულს და ვათენებთ მომავალს.

აი, ამ კუთხiს, ზემო იმერეთის ულამაზესი მხარის, პატარა ქალაქის მკვიდრია პლანეტა დედამიწის ყველაზე ძლიერი ადამიანი - ლაშა ... ექვს მილიარდ ადამიანთა შორის ყველაზე ძლიერი.

ამ პატარა და კოპწია ქალაქს დღეს ორი ოლიმპიური ვარსკვლავი ამშვენებს,-გიორგისა და ლაშას ვარსკვლავი.                                     

                                       
                                                საინტერესო რეკომენდაცია

ოცდამეერთე საუკუნეში ძალოსნობა, როგორც სპორტი მეცნიერების დონემდე ამაღლდა და მისი სხვადასხვა სფერო მოიცვა: მედიცინა, ინჟინერია, ბიოლოგია, ანატომია ფსიქოლოგია და სხვ.

ყველა იმ სფეროში, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ძალოსნობასთან, შემუშავებულია ისეთი მეთოდოლოგია, რომლის გამოთვლითი პარამეტრები პატარა მოლეკულის დონემდეც კი დაიყვანება.

სულ მცირე, მისხალ ნიუანსაც აქვს მნიშვნელობა, ზოგჯერ გადამწყვეტიც, მაგრამ თუ ადამიანი ბუნებით არ არის ძალოსანი, გენეტიკურად მასში არ ძევს სამშობლოს სიყვარული, შეუპოვრობა, მიზნისაკენ სწრაფვა, წინაპართა  სისხლის ყივილი და სპორტსმენი მყარად არ დგას მშობლიურ მიწაზე, არამგონია რაიმე მეთოდებმა და შელოცვებმა უშველონ. თუმცა გარკვეული რეკომენდაცია ძალოსანს საშუალო სპორტსმენად, ალბათ, მაინც აქცევს და ბედის გაჭრის შეთხვევაში, უმაღლეს მწვერვალებსაც დააპყრობინებს.

ძალოსნობაში მეცნიერული მეთოდების გარდა, ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერებაც არსებობს, რომლის აღმოჩენამდე მე თავად მივედი, თუმცა არ არის გამორიცხული პირველაღმომჩენის საპატიო ტიტული სხვას ეკუთვნოდეს.
მცირეწონოსანი სპორტსმენები, მძიმეწონოსნებისაგან განსხვავებით, თავის წონაზე ორნახევარჯერ მეტ წონას ეწევიან, რაც მეცნიერულადაც და ლოგიკითაც აუხსნადი მოვლენაა.

თუ სამოც კილოგრამამდე წონის სპორტსმენი აკვრაში საშუალოდ ასორმოცდაათ კილოგრამ შტანგას ეწევა,  ოთხმოცდაათი და ზემოთ წონოსანი მხოლოდ ერთნახევარჯერ მეტს.

მატერიალურ სამყაროში, რადგან ახსნა ყველაფერს მოეძებნება, ამ კანონზომიერებასაც მოუხერხებს ადამიანი რაღაცას, მაგრამ მე, ეს მოვლენა თუ ფაქტი, მინდა სხვა კუთხით დაგანახოთ. რა საინტერესო იქნებოდა ის გარემოება,თუ ასოცდაათ-ასორმოცდაათ კილოგრამიანი სპორტსმენი სამას კილოგრამ შტანგას თავისუფლად აწევდა, როცა შესაძლებლობა წონის პროპორციულად გაიზრდებოდა.

მაშასადამე, როგორც სჩანს, ადამიანის შესაძლებლობას ზღვარი ნამდვილად გააჩნია, მაგრამ სად მთავრდება იგი, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ზღვრამდე მიღწევისთვის შეიძლება რაღაც ვერ გაითვალისწინო და ადრეულად აიღო ხელი ან შესაძლებლობიდან გამომდინარე, ძალები ვერ გათვალო და ვერ მიაღწიო იქამდე. ორივე შემთხვევაში სპორტსმენი წაგებული დარჩება.

ძალოსნის მიერ მუდმივად მაღალი შედეგის ჩვენება შესაძლებლობის ზღვრის ამოუწურვადობის ერთგვარი მაჩვენებელია. სწორედ ამაშია ლაშას ფენომენის თვითმყოფადობა. ის შედეგების მუდმივი გაზრდით ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის და წინ კიდევ ბევრი წარმატება ელის.

როცა ძალოსნობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ვეცნობოდი, ერთმა რეკომენდაციამ დამაინტერესა, რომელიც ყოფილ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ამერიკელ პიტერ ჯორჯს ეკუთვნის.

გადაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს რეკომენდაციის ავტორი, მომიტევეთ და ,,დიდი მჯღიბავი“ იყო და ეს ტექსტი, რაღაც მზა ფორმულას წარმოადგენდა, რომლის დაცვის შემთხვევაში, ძალოსანს გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა. 

არის ამ რეკომენდაციაში ბევრი საგულისხმო და მნიშვნელოვანი რაღაც, რომელიც ზოგადად სპორტსმენს და არა მარტო ძალოსანს გამოადგება, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მაინც ღვთით ბოძებული ნიჭია, ნიჭი არა მხოლოდ რაიმე საქმისადმი, სპორტისადმი მიდრეკილებისა, ნიჭი იმისა, თუ როგორ გამოიყენებ ბოძებულ ღვთიურ მადლს შენი განვითარებისთვის.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ლაშას ორივე ნიჭი ერთდროულად აღმოაჩნდა.  დიდ ადამიანთა უმეტესობას, ,,მეორე მადლი,“ შენში აღმოჩენილი განსაკუთრებული ფენომენის შეფასებისა ან არ გააჩნიათ, ან გააჩნიათ, მაგრამ დანიშნულებისამებრ ვერ იყენებენ. ამიტომ მხოლოდ მათი ტანდემია წარმატების საწინდარი, ხოლო ნიჭის რეალიზება როგორ მოხდება ეს ტექნიკური მხარეა, დეტალი.
რეკომენდაცია: 

,,პირველ რიგში თქვენ უნდა გააკეთოთ:

1 იფიქროთ მხოლოდ წარმატებაზე. იფიქროთ იმ მაღალ შედეგზე, რომელიც დღეს თქვენ აჩვენეთ და უფრო მეტად იმაზე, რომელსაც აჩვენებთ ხვალ. გახსოვდეთ! თქვენი ქვეცნობიერი აზროვნებით, უმცირესი ფერთა გამაც კი აკუმულირდება გონებაში და ის ყველაზე არსებითი საშუალებით კვებავს თქვენს ფსიქოლოგიურ განწყობას.

2 მუდმივად შეახსენეთ თქვენს თავს, რომ თქვენ იმაზე უკეთესი ხართ, ვიდრე სინამდვილეში ხართ. მუდმივად უმტკიცეთ თქვენს თავს, რომ თქვენ იმაზე უკეთესი ხართ, ვიდრე სინამდვილეში ხართ. მუდმივად უმტკიცეთ თქვენს თავს, რომ თქვენ გაქვთ ამოუწურავი ძალები, რომელთა გამოყენებაც ჯერ არ დაგიწყიათ.

3 არ დახურდავდეთ წვრილმანზე.

4 არ გააღმერთოთ ჩემპიონები. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და თქვენიდან იმით განსხვავდებიან, რომ უფრო გონივრულად აორგანიზებენ თავის სავარჯიშო პროცესს.

5 გახსოვდეთ, რომ განსხვავება ჩემპიონსა და ჩვეულებრივ ძალოსანს შორის, არა კუნთების მოცულობაშია, არამედ მიზანმიმართულების სხვაობაში.

ბატონი პიტერის ფილოსოფიური აზროვნების სიღრმეებში შესვლის სურვილი, ნამდვილად არ გამაჩნია, მაგრამ ზოგადი განმარტებით ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ ეს რეკომენდაცია უფრო შაბლონური სახის რაღაც დამოძღვრისნაირი ,,ჭკუის დარიგებაა,“ ვიდრე სერიოზული მსოფლმხედველობითი შეხედულება, თუმცა სრულიად ნორმალური.
ზემოთ მოგახსენეთ, თუ რატომ გახდა სპორტი ერთგვარი ფილოსოფია, მისი მიმდინარეობა და გამოვთქვი მოსაზრება, რომ დიდი სპორტსმენი, ამავდროულად ინტელექტუალური ადამიანია, ფილოსოფიურად მოაზროვნე. რადგან სხვაგვარად სპორტში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი სიტყვების ნათელი დასტური ლაშას დამოკიდებულებაა ძალოსნობისადმი და იმ სასპორტო იარაღისადმი, რომლითაც ძალოსანი წარმატებას აღწევს.

ძალოსანსა და შტანგას შორის არსებულ უხილავ კავშირზე მეც მსურდა ფილოსოფიური აზრის გამოთქმა, მაგრამ უფრო უკეთ, ვიდრე ეს ლაშამ თქვა, ვერ შევძლებდი.
აი, ეს საკრალური ფრაზაც, რომელიც იდეალურად ესადაგება ძალოსნის როლს და ადგილს სპორტის ფილოსოფიაში: 

,,ზოგს შტანგა უსულო არსება ჰგონია, ჩემთვის კი ის სულიერია, უნდა მოარჯულო, დამჯერი გახადო. ძალოსანსა და რკინას შორის ჰარმონია უნდა დამყარდეს, უნდა მოგენდოს, რომ მოძრაობისას სასურველ წონაზე წამოგყვეს, თორემ თუ გაგიჯიუტდა, არაფერი გამოვა.“

არ ვიცი, რა ვუწოდო ამ გამონათქვამს, ძალოსნობისადმი მსოფლმხედველობითი მიდგომა, რომელიც ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილია, თუ თავად ფილოსოფია? ... იქნებ ერთიცა და მეორეც? ...

მიჭირს განმარტება, ოღონდ, ვფიქრობ, რომ აზრი, ჩადებული ლაშას გამონათქვამში, უფრო აღმატებულია ვიდრე თავად ფილოსოფია, რომელიც მხოლოდ გონებით განისჯება.
ეს სხვა განზომილებაა, გაცილებით რაციონალური და ტევადი, ამასთან უდაოდ ფილოსოფია, მსოფლმხედველობითი მდგენელით,  რადგან ეს უკანასკნელი მხოლოდ მეცნიერული მოსაზრებაა და გონითი შესაძლებლობის ერთგვარი მახასიათებელი, ხოლო პირველი კი ამ ყველაფერთან ერთად აღებული ცხოვრების წესი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები