ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2021


ვინაიდან, ყოველი ახალი დღე...

დილაადრიან ყვავილს ვუმზერ, 
უხვად დაკვირტულს,
ვამბობ: - აპირებს.
გაშლის ყვავილს და მეცხრე სართულის აივანს
სილამაზით ამოუვსებს ჩარჩო-ნაპირებს...

საკუთარ თავზე კი ვერაფერს ვამბობ,
როგორც წყალი ვერ იტყვის,
ის გზა,
რომელსაც პირველად გადის,
კალაპოტად გადაექცევა თუ არა.
ერთადერთი რისი გაგებაც მაქვს -
ეს სხეული მე არ მეკუთვნის,
სული კი, უძღები შვილივით
წასვლას ლამობს, -
თავის შეცნობას.

„რა დროს ეგაა“, „რაღა დროის!“ -
ვერ შველის შეგონებები,
მითუმეტეს, თუ არავინ უხმობს, მითუმეტეს, 
შანსი აქვს თუ არ,
ისიც არ იცის,
რადგან ჯერ არსად წასულა
და ამით,
იქნებ უკან დაბრუნების სიტკბოს უშვებს ხელიდან...

უცნაურია,
მაგრამ ფაქტია,
მე - ნაკადული,
კალანჰოეს შევნატრი და მშურს,
ხვალ-ზეგ რომ კვირტის გაშლას აპირებს
და სილამაზით შემოისაზღვრავს სევდის ნაპირებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები