ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2021


გოროხი


-რა ჩავაცვათ?- ნაღვლიანად იკითხა ჩემმა ბიჭმა საბამ .
-ის ყავისფერი კოსტიუმი და თეთრი პერანგი,უყვარდა,-უპასუხა ჩემმა ცოლმა ლიამ.
გავბრაზდი! უხ,მკვდარი არ ვყოფილიყავი,ვაჩვენებდი სეირს. მაინც და მაინც ჩემი სიდედრის ნაყიდს დაადგა თვალი,რომელიც სიცოცხლეში ერთხელაც კი არ მცმია.
-რა ყავისფერი კოსტიუმი? ვერ იტანდა მაგას,- უკმაყოფილოდ უთხრა დედამისს.
გენაცვალოს მამა,ისევ შენ,თორემ..ცრემლი მომერია.
-უყვარდა,უბრალოდ უფრთხილდებოდა,იმიტომ არ იცვამდა,-გაჯიუტდა ახალბედა ქვრივი.
-არა,ეს თაგვისფერი ჩავაცვათ!- ნახევრად ობოლმა გაიბრძოლა.
გაქვავებული გული სიხარულით შემიხტა,როდესაც არჩევანი ჩემს საყვარელ ტანისამოსზე შეჩერდა. შვებით ამოვისუნთქე. რა წამიყვანდა სიდედრის ნაყიდი შარვალ-კოსტიუმით?! მეტიც არ უნდოდა,იქ რომ შემხვედროდა,რაღა გაუძლებდა იმის გაბღენძილ გამოხედვას. იმედს კი ვიტოვებდი,რომ მას სამოთხეში არავინ შეუშვებდა,მე კიდევ ჯოჯოხეთის მგზავრი ნამდვილად არ ვიყავი.ვინაიდან ჯოჯოხეთი სიცოცხლეშივე გამომატარა.
-დროზე , სადაცაა მოვა ხალხი,მოიტანეს უკვე ჩასასვენებელი,- ჩემი ქვრივის დის ხმა მომესმა.
აჰა,ჩემი ტრანსპორტიც მოსულა. კიდევ კარგი,თორემ მეტკინა გვერდები ამ გამხმარ ტახტზე.
-დროზე საბა!-დაფაცურდა ჩემი ქვრივიც.
-მოუხარე  მკლავი,ბიჭო,- დამეჯაჯგურა ცოლის დაც.
-დედა,რანაირად არის გაშეშებული?!- გაბრაზდა ჩემი ქვრივი.
-მკვდარია კაცი,მკვდარი!- საბას მოთმინების ძაფი გაუწყდა.
კიდევ კარგი მე მგავს,თორემ დედამისს რომ დამსგავსებოდა,მეორედ მოვკვდებოდი.
ჩემი,აწ ქვრივი ცოლის უკმაყოფილო რეპლიკების ფონზე გამომაწყვეს სტუმრებთან შესახვედრად.
-მზადაა?- ოთახში თავი შემორგო ჩემმა ქვისლმა. 
-მზადაა,შემოიტანეთ,- ბრძანება გასცა ცოლის დამ.
ჩემი შვილის გარდა ვერავის ვატყობდი გულდაწყვეტას..თითქოს ეჩქარებოდათ ჩემი გასტუმრება.
მეწყინა..
ნეტა შემეძლოს ადგომა,უმისამართოდ დავიკარგებოდი..არც ხარჯი იქნებოდა  გასაწევი,არც მოჩვენებითი გლოვა დასჭირდებოდათ.
ზოგი მხრებში დამწვდა,ზოგი ფეხებში და ოთხ ფიცარში ჩამაკვეხეს. თხელი ლეიბი მაინც ჩაეფინათ?! ისევ მკვრივი ზედაპირი არ მესიამოვნა.
-სუდარა შეუსწორე,მოდიან,- ცოლის დამ ჩემი ქვრივი დამოძღვრა.
გულმოდგინედ გადამაფარა თეთრი ქსოვილი და ლამის თარაზოთი გამისწორა.
ნეტავ, ასე მზრუნველობით სიცოცხლეში მომქცეოდა..
მეზობლები მოვიდნენ. ვიგრძენი როგორ დამარტყეს წრე და ჩემს ოჯახს მიუსამძიმრეს ოხვრა-ოხვრით.
გული ამიჩუყდა.. მინდოდა დამენახა ვინ იყვნენ.თავს ძალა დავატანე და ცალი ქუთუთო ოდნავ გავხსენი,რაც საკმარისი აღმოჩნდა,დამენახა რა ხდებოდა.
-ვაიმე!- წამოიკივლა ჩემმა ქვრივმა. ყველამ ჩემსკენ მომართა მზერა და შეშინებულებმა აიფარეს ხელები პირზე.
-ვიღაცას ელოდება,ამის ნიშანია თვალის ღიად დარჩენა,-  მეზობელმა უჩურჩულა ირგვლივ მყოფებს.
-ყველა მოვა შე საცოდავო,შენა,ყველა..-ჩაიქვითინა ცოლის დამ.
გათვალიერებთ ხალხო,არავის ველოდები! ვაჰ,ვინ არიან ესენი?!
გავბრაზდი და უფრო მეტად ავწიე ქუთუთო.
- შაურიანი დავადოთ,- წამოიძახა უბნის მამიდა ციალამ.
შაურიანი ბებიაშენს დაადე!
"შევუღრინე"
კიდევ კარგი ნათესავებიც მოვიდნენ,თორემ დამამსგავსებდნენ საჟეტონეს.
კარიდანვე დაიწყო მოთქმა ჩემმა შორეულმა ბიძაშვილმა.
-ადექი ბიჭოო,შენ ასეთი დახვედრა არ იცოდიი..
ეს მაგარი იციან,ადექი! ხომ არიან ღირსები,მართლა წამოვხტე?!
გამეცინა.. ჩემდაუნებურად გამეხსნა პირი.
-ვაიმე!-მეორედ შეჰკივლა ჩემმა ქვრივმა.
-ეს მგონი ცოცხლდება,- თავზე წამომადგა ცოლის და. ისეთი ავი მზერით დამაკვირდა,როგორ გავბედავდი გაცოცხლებას?! ის კი არა,შემრცხვა კიდეც ასეთი დაუმორჩილებელი მიცვალებული რომ ვიყავი.
ჩემი ქვრივი შორიახლოს ჩამოჯდა. დაეჭვებული მიყურებდა.აშკარად შევაშინე.
არ მეგონა რამე თუ შეაშინებდა,გამიხარდა. ვეცადე უფრო მეტად გამეხსნა პირი,არაფერი გამომივიდა. გავჩერდი და მოჩურჩულე მეზობელ-ნათესავებს მივუგდე ყური. სუფრის სიაზე მსჯელობდნენ.
-ცოცხალს ჩემი მევლუდი მოიტანს,ჰყავს ნაცნობები,-ამაყად თქვა დარეჯანმა.
-უჰ,კარგია,-დიდი ნერწყვი გადაყლაპა ჩემმა ქვისლმა.
ეს მუცლის მონა! მთელი ცხოვრება ასეთი იყო და ჩემი სიკვდილი შეცვლიდა?!
ხასიათი შემეცვალა. აღარ მემკვდარუნებოდა.
- ღვინის ამბავს მე მოვაგვარებ,-კარის მეზობელმა ჯუბამ პატივისცემა გადაწყვიტა.
გამიკვირდა. სარდაფში ლამის დააძმარა და ჭიქა არ გამოუწვდია არასდროს,ეხლა რამ გააკეთილშობილა?!
-ბევრის საშუალება არ გვაქვს,-მიაკნავლა ჩემმა ქვრივმა.
- იაფად მოგცემთ,არ გრცხვენიათ?
ეუჰ! ძმარი უნდა გაასაღოს ჩემზე. სიბრაზისგან ყბები ერთმანეთს დავაჭირე,რასაც ჩემი პირის დახურვა მოჰყვა.
-ვაიმე! - ჩემი ქვრივი ისევ გაფითრდა.
დამსწრე საზოგადოებაც აფორიაქდა.
-იქნებ კლინიკური სიკვდილია,ექიმი იყო?- ნათესავები აღელდნენ.
-ბალზამი აქვს გაკეთებული,რა კლინიკური?- აღშფოთდა ჩემი ცოლის და.
-აბა ,რა ორპირ ქარში  მოყოლილი კარივით ამოძრავებს ამ პირს?!-ყველამ ჩემს ირგვლივ მოიყარა თავი.
- ყბა ავუკრათ!-წამოიძახა ვიღაცამ.
ყბა ბებიაშენს აუკარი!
"მივაძახე გამწარებულმა" და საბას დავუწყე ძებნა თვალებით.
შემოსასვლელში იდგა მარტო და ტიროდა.
ისევ ამიჩუყდა გული და ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა ცრემლი.
-აუჰ! - წამოიძახა ყველამ ერთად.
ჩემი ქვრივი ადგილზე ჩაიკეცა.
-ვიღაცას გაიყოლებს,მაგის ნიშანია!- დაასკვნა უბნის მამიდამ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
ერთმანეთი მალულად შეათვალიერეს,აინტერესებდათ რომლის გაყოლა უფრო მართებული იქნებოდა ჩემი მხრიდან.
- ალბათ ვენერას წაიყვანს,ასაკშია უკვე,- ცოლის დამ უჩურჩულა ჩემს ქვისლს.
ვაი თქვენს პატრონს! ვინმეს წაყვანა,რომ შემეძლოს,იმ გადაყრუებულ ვენერას წავიყვან?!
ისევ "ვიყვირე" გამწარებულმა.
ბევრი იმსჯელეს,თუ ვინ მომეწეოდა უკან. ხან ვინ ამკიდეს,ხან ვინ.  იმდენად მომბეზრდა მათი ყაყანი,ძილი გადავწყვიტე.
ისე ღრმად ჩამეძინა,ვერც კი მივხვდი რა დრო იყო გასული,მაგრამ იმას კი მივხვდი,ჩემი გასვენების დღე,რომ დამდგარიყო.
საგანგებოდ იყვნენ ყველანი გამოპრანჭულები. ჩემს ქვრივს გავხედე. მის თვალებზე ცრემლი შევნიშნე და გულზე მომეშვა.
საბა კედელთან იდგა და წარა-მარა სახეზე ისვამდა ხელს.
კედლის საათმა ორი დარტყმით მანიშნა წასვლა.
საბოლოოდ მოვატარე თვალი ჩემს სახლს და გამოვემშვიდობე.
***
ბევრი ხალხი ირეოდა.
ნახევარზე მეტი ვერც ვიცანი.
ზოგი ჩემზე საუბრობდა,ზოგს ცარიელი კუჭის ბუყბუყი აწუხებდა და ერთი სული ჰქონდათ,დროზე დავეთესე.
ყოჩაღად ამიტაცეს ხელში და გზას გამიყენეს.
ორმოს გვერდზე წამომაწვინეს.
ჩემმა ქვრივმა შუბლზე მაკოცა და უხმოდ გამერიდა.
აღარ მწყენია..
სულერთი იყო..
საბა მომეფერა და ტირილით დამიკოცნა სახე.
ძლივს წამოაყენეს.
არ ვეთმობოდი..
ქვისლმა ,აბა,შენ იცი, მშვიდად განისვენეო მითხრა და მესაფლავეებს მიუბრუნდა,ცოტა დაუჩქარეთ,ხალხი რაიონშია წასასვლელიო.
ხალხს დააბრალა,ვიცოდი რა მუცლის გვრემაც ჰქონდა.
შენი ჯერიც დადგება!
"დავუყვირე"
***
ფრთხილად ჩამიშვეს ორმოში.

სამი  გოროხი მეტკინა.
მეტი ვეღარც ვიგრძენი.
ჩამეძინა..

დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები