ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2021


ტიხარი - 1

ნინო დარბაისელი სტრონი
ტიხარი
- - - - - -

    მე მარტოხელა დედა მზრდიდა.
    სახელად ოფიციალურად ცისანა, შინაურობაში კი ცისია მქვია. სახელი ბებიაჩემს შეურჩევია. ერთ ლამაზ ქალს ერქვაო. გარეგნობით, თქვენც ხედავთ - ბოლო დროს ცოტა, ზედმეტი წონა ავკრიფე, თორემ ისე - არა მიშავს.
      დედა მუსიკის დაწყებითების მასწავლებელი იყო. ბებიაც და მგონი, ბებიის ბებიაც.
სოლოლაკში, იტალიურ ანუ თბილისურ ეზოში გავიზარდე, პატარა ოთახი და რასაც სიგრძეზე გაიტანს, იმხელა შუშაბანდი გვქონდა. ადრე თურმე მთელი ეს სახლი ჩვენი საკუთრება ყოფილა, ჩემი დიდი პაპა - „დერცი კუპეცი“ რევოლუციონერებს დაუხვრეტიათ და ყველანი აქ შემოსახლებულან ოჯახებით. სადაც ჩვენი საძინებელი იყო, იქ ლოგინად ჩავარდნილი ჩემი დიდი ბებია წოლილა, ადგილიდან არ გაუნძრევიათ, არც საძინებლის ავეჯისთვის უხლიათ ხელი, ისე გადაუტიხრავთ.
        ბებიაჩემს რომ გულში მეზობლები არ ჰყვარებოდა და არც ის მოსწონებოდა, რომელიმე ტოლთან რომ ეთამაშა ეზოში მის ერთადერთ შვილიშვილს, ხომ ჰქონდა საკმაო მიზეზი. გარეგნულად კი ძალიან მეზობლობენ, ერთმანეთისთვის სულ ცხელ-ცხელისა და ტკბილ-ტკბილის მოკითხვაში იყვნენ.
      მე როგორც პატარობიდან მაგონებდნენ, დედაჩემი რომ ვერ გათხოვილა, კარგა ასაკში ყოფილა შესული. ერთ ოჯახში დადიოდა, მუსიკაში და რუსულში კერძოდ ამეცადინებდა ორ ბავშვს, ქალ-ვაჟს.
      კარგი ოჯახი ყოფილა, წყნარი, კულტურული, პატივისმცემელი და ბებიაჩემს უთქვამს, ერთი შვილი გააჩინე მაგ კაცისგან, მაინც ვერ თხოვდები და სიბერეში მომვლელი ხომ გინდაო.
      ამ საოჯახო ლეგენდიდან, რომ მოვიზარდე, ერთი ის დასკვნა გავაკეთე, რომ სადღაც და-ძმა მყავდა და ერთ დღეს იქნებ მეპოვნა კიდეც, მაგრამ არა და არ მესმოდა - კარგი, ქალმა გადაწყვიტა, ვინმე კაცისგან ბავშვი გააჩინოს, თან წესიერი ოჯახის მამისგან და ის კაცი - ადამიანი არ არის? გაზიანი წყლის ჩამოსასხმელი ავტომატივით ხურდა ხომ არ უნდა ჩაუგდო და ჭიქა შეუშვირო? ქალმა გადაწყვიტა და მორჩა? რაღაც „გადაწყვიტა და მორჩა“ - ნამდვილად უნდა ყოფილიყო ამ ლეგენდაში, ოღონდ სხვა მომენტში, ალბათ იქ, რომ მე მამაჩემი არასოდეს მინახავს, არასოდეს ჩემზე არ უზრუნია და არც ის იყო გამორიცხული, რომ ჩემი არსებობის შესახებ გაგონილიც არ ჰქონოდა.
      ჩვენი საუზმე და ვახშამი დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან - გაღვიძებულზე - ჩაი ან კაკაო, კარაქიანი, ყველისნაჭრიანი, რეფლექტორზე გახუხული პურით, სადილი - სკოლიდან მოსულზე და ხელებდაბანილზე - პირველ-მეორე-მესამე, ანუ ტყუილი სუპი, კარგ დღეებში -კატლეტი და პიურე, ძირითადად კი ძეხვი ან სასისკი, ბოდიში, სოსისი მაკარონით და რამე კომპოტი ან კისელი, ხილშემოსულზე - მაგალითად, ერთი ლამბაქი თეთრი ბალი. დიდი მჭამელი არ ვიყავი, გემოს გავუსინჯავდი ერთსა და იმავე საჭმელს და თეფშს დამამთავრებლებისკენ მივწევდი. ანუ ერთ სადილზე თეფშეულის სამი მოწყობილობა არც გვჭირდებოდა, ერთი გვყოფნიდა. ბარემ აქვე, უცებ ვიტყვი, გარეთ მშვენიერი მადიანიც ვიყავი, ვგიჟდებოდი ლაღიძის ხაჭაპურებზე და კაფე ,,ნარგიზის’ ნამცხვრეულობაზე, არც ივერიის ცხელ-ცხელ ‘’ჩებურეკებზე’ ვამბობდი უარს. ჰო, იყო დღეები, როცა დედას გავყავდი სადმე და ასეთი ამბებიც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.
      ტიხარსიქით - ოჯახი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარი და ორი ჩემზე დიდი გოგო. გოგოებს ეზოდან ვიცნობდი, იმათ სახლში კი მე არასოდეს ვყოფილვარ, არც ჩემები, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, სად რა უნდა დგომოდათ, რანაირი და ასე შემდეგ. იმათგან ჩურჩულიც კი ჩვენკენ ისე გამოდიოდა, რომ მთელი ბავშვობა რადიოდადგმასავით იყო, სათაურით ‘’ მათი ოჯახი“ . დიალოგები დიდად არ იცვლებოდა და ზეპირად ვიცოდით, ვინ რა დროს რას იტყოდა და ვისგან რა პასუხს მიიღებდა.
      მოსაღამოვებულზე ქალები აფაციფუცდებოდნენ, მოვიდოდა ზუსტად დროზე ოჯახის უფროსი, უხეში და უკმეხი, სიტყვის შებრუნებას როგორ გაუბედავდა ვინმე, შეაგინებდა კიდეც ყველას. ამასობაში სადილი გაშლილი ჰქონდათ, შემთბარი წყლით ემალის ტაშტში ხელებს დააბანინებდნენ, რადგან კომუნალურ ბინებს საერთო ონკანი ჰქონდათ, ისიც ეზოში, ასევე საპირფარეშო. დაჯდებოდა უფროსი სუფრაზე და ოჯახი ნამდვილ ანგელოზების ბუდეს ემსგავსებოდა. ტკბილი მუსაიფის ხმა ისმოდა, მერე ტელევიზორისა, თუ ფეხბურთი არ იყო, სულ მამა გენაცვალოთით ელაპარაკებოდა შვილებს, ფეხბურთის დღეებში ოჯახის ხმას კომენტატორისა ახშობდა ან ალბათ ვერც ბედავდნენ ლაპარაკს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენკენ არაფერი გამოდიოდა.
      ვიჯექი ან ვიწექი ჩემთვის და ვფიქრობდი. აი, გავიზრდები, გავთხოვდები და მეყოლება ქმარი, შემოვა სახლში ისე, რომ კედლებმა იგრძნონ, ჩხუბით, მე დავახვედრებ საჭმელს, მეყოლება ორი შვილი. ისინი მამას ნასადილევზე მიურბენინებენ დღიურს. მამა მოეფერება და ვიცხოვრებთ ასე ბედნიერად!
      აქ კი რა მოხდა!
***
      სკოლას ვამთავრებდი, ჩემმა ტიხარსიქითებმა ბინა რომ მიიღეს და მაშინდელი წესის მიხედვით, ჩვენ შემოვიერთეთ მათი მხარე, გავფართოვდით. მერე დედაჩემი შებინდებულზე ზედ სახლთან, თითქმის სადარბაზოსთან მოსული, ტროტუარზე ამოვარდნილმა მერსედესმა გაიტანა. საავადმყოფომდე სული არ მიჰყოლია. ბებიაჩემმა ამას ვერ გაუძლო და ორმოცამდე მეორე კუბო გავიტანეთ, ძალიან დამეხმარნენ მეზობლები და კლასელების მშობლები, თუმცა იმ დროს უკვე სკოლაში აღარ ვსწავლობდი და მუსიკალურ ტექნიკუმში ვიყავი გადასული. დავრჩი მარტო. მოუხშირეს ძველმა და ახალმა ახლობლებმა ჩემთან სიარულს, საიდანღაც ჩემი ტიხარსიქითა გოგოებიც შემოემატნენ, ზოგი რჩებოდა კიდეც, მარტო ყოფნისა ხომ გეშინიაო, ღია ფანჯრიდან სიგარეტის ბოლი ბოლქვებად ისე გადიოდა, თითქოს ბინა კი არა, კუკუშკა მატარებელი იყო.
  ახლობლებს  შორის, სულ არაფრის გამო, რაღაც ჩხუბივითაც მომხდარა, სასმელმა იცის!
ერთხელ შუაშიც ჩავუდექი და ერთი მწარე შემთხვევით თუ დამთხვევით, მეც მომხვდა, შენ ვინ რას გეკითხებაო, ერთმა, ტატომ მითხრა და ისეთი მომიქნია, კედელზე მიმაწება, მერე ის ტატო სადღაც, გარეთ წამალზე აიყვანეს... მერე უბნის ინსპექტორმაც გამომიარა, გასაცნობად მოვედი, აი, ჩემი ტელეფონი და თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს, დამირეკეო, მერე ისევ თვითონ დამირეკა, როგორა ხარ, რა ხდება შენკენ, ხომ არაფერი გჭირდებაო. მეზობლებმა რაღაც პატარა განცხადებასავით შემოიტანეს, ფანჯრიდან, განსაკუთრებით ნაწვიმარზე, მწარე ბოლის სუნივით გამოდის, მგონი, მანდ უბნის ახალი ბუნაგიაო.
წამალი თუ გამისინჯავს?!
რატომ მოგატყუოთ! გასინჯვით - კი, სულ ერთხელ, მაგრამ არ მომეწონა, რწყევით მოვკვდი და ახლობლებმა, სად არის შენი გასაფუჭებელიო. აღარც დაუძალებიათ.
        ერთ დღესაც კარზე კაკუნია, ვაღებ და ვიღაც, ძალად გაქალაქელებული  ქალი დგას, შემოვიდა. მეო შენი და ვარო. საერთოდ არ მგავდა.  დედაჩემმა სიკვდილის წინ გვითხრა შენი ამბავი და მისამართიც იცოდაო, უკვე ოთხნი ვყავდით, მეხუთე შენ რომ გაჩნდი, მამა სვამდა და მეტის გამზრდელები არ იყვნენ, სამშობიაროდანვე გაგაშვილესო, აი, შენი ნამდვილი მეტრიკაო, ესეც დედაჩემის სურათიო. არ დაიჯერებთ, ტუჩის ზემოთ, ზუსტად იმ ადგილას ჰქონდა პატარა ხალი, მე რომ მოშორებას ვფიქრობდი. სოფელში ძალიან გაჭირდა, რამდენიმე თვეა, თბილისში ჩამოვედით მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა და მეტი ქირის საშუალება არა გვაქვს. შენთან გადმოვალთ, რასაც ვიშოვით, შენც შეგინახავთ, სოფელშიც გავაგზავნით და რამე გზაზეც დავდგებითო.
გამიხარდა?!
არ გამიხარდა?!
ეს ახალი გადასატანიც - გადავიტანე.
თუ ღმერთი არსებობს, ალბათ ეგრე უნდა-მეთქი, ვიფიქრე.
სახელები?!- გია და ია.
    იმათი გადმოსვლა იყო და ჩემი სასტავი გაიკრიფა. უფრო სწორედ, პირველივე დღეებში გიას ერთი გაეჭიმა და თავისიც მიიღო ყბაში. თანდათან დავლაგდით და ავეწყვეთ. მეც იმდენს აღარც ვეწეოდი, აღარც ვსვამდი. სახეზეც ფერი დამიბრუნდა. მუსიკალურ ტექნიკუმშიც დავბრუნდი. დილას გადიოდნენ, ღამე მოდიოდნენ. არ უყვარდა ჩემს და-ძმას სახლში ვინმეს მოყვანა. რაღაცნაირად, მეუფროსებოდნენ.
        ეს ჩემი ქმარი - ვახტანგი, ანუ როგორც სახლში ვეძახი, ვატო - გიას სოფლელი იყო, შრომის მასწავლებლის შვილი. ერთხელ ვაგზალზე შეხვედრია, სახლში მოიყვანა, გამაცნო, ხელი შეგვიწყო და როცა და-ძმამ ორ თვეში ცოტა ფული მოაგროვა და საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, ჩემი თავი ჩააბარეს, ამანაც ჩამიბარა და ჩამიბარა. ბინაც გამარემონტებინა, სველი წერტილები ძალიან გადიდებული შუშაბანდის ერთ კუთხეში ცალფა აგურით მიმაშენებინა, მეორე კუთხეში - თანამედროვე სამზარეულოს თაროები სულ თავისი ხელით გამიკეთა.
      ხელის მოწერიდან თითქმის შვიდ თვეში ბიჭიც გვეყოლა, იკო. ჯანმრთელი ბავშვია, ხანდახან სურდო თუ დაემართა, ეგაა. ვატო ძალიან ოჯახის კაცი გამომადგა. კომპიუტერებში მუშაობს, დღე და რამე გასწორებული აქვს. რასაც აჭმევ - შეჭამს, რასაც დაუდებ - ჩაიცმევს. სახლში სიგარეტსაც არ ეწევა, არც გარეთ, საერთოდ არ ეწევა და არც მოუწევია! არც სვამს.  მე და ბავშვს ხომ არაფერს გვაკლებს, ცალკე ფულს მიდებს მაგიდაზე, წადი, ამით რაც შენს გულს გაუხარდეს, ის იყიდე შენთვისო... მაგრამ ცხოვრებას, როგორ გითხრათ, ისეთი გემო აქვს, გეგონება,  დღე და ღამე ნელთბილ წყალში დამბალ კარდონს ღეჭავო. სიყვარულით,  როგორ არ მიყვარს, ჩემი ქმარია, პატრონი!
      უბრალოდ, ყოველდღიური რუტინაა მოსაწყენი: დილიდან მოსწავლეებთან რაზ-დვა-ტრი, რაზ-დვა-ტრი, იკო ამ დროს ბაღში მყავს. მოვდივართ ერთად სახლში, გავამზადებ სადილს, გადავაფარებ აუცილებლად თეთრ სუფრას, დავაწყობ აუცილებლად საუკეთესო თეფშებსა და დანა-ჩანგალს, რაც ახლა კაპიკები გახდა შავ ბაზარზე და ვუმასპინძლდები თავაზიანი ღიმილით ქმარ-შვილს. მერე ბავშვს ვუკითხავ მოთხრობებს, ხოლო მამა ავსებს კროსვორდს, მანქანაც შევიძინეთ. ძველია, მაგრამ მატორი აქვს ძლიერი. შაბათ-კვირას მივდივართ ქალაქგარეთ სასეირნოდ ან სადმე კონცერტზე ან კინოში... მოკლედ, როგორც უცხოური ენის სახელმძღვანელოებშია ტექსტი იდეალური ოჯახის შესახებ..
      დაგღალეთ ჩემი ამბით. ამდენი დროც დაგაკარგინეთ. აი, თქვენი ავტობუსიც, მგონი, გამოჩნდა!
      არა, სხვა ყოფილა...
        უბრალოდ, არ ვიცი, ახლა რა ვქნა, ჩემი ბავშვის ბიოლოგიური მამა - ტატო გამოსულა ციხიდან, ჯერ მუსიკალურთან მოვკარი თვალი, მეგონა მომეჩვენა. მერე ბაღის შესასვლელის გვერდითაც დავინახე, უფრო სწორად, ვიდრე იქით გავიხედავდი, ჯერ გულმა ბაგაბუგი დამიწყო და მიმატრიალა. ცუდად არ გამოიყურება, ისევ ისეთია, ცოტა ფერი აქვს მოყვითალო, ციხისა. წუხელ კი დამირეკა და ბავშვის ნახვა მინდა, შე ბოზო, რა იყო, ორი წელი ვერ დამელოდეო, ხვალ შემხვდი და ჩემი ნაბიჭვარიც მოიყვანე, თორემ სადაც დაგიჭერ, იქ ... ჰო, ბოდიში, გინების გარეშე ორ სიტყვას არ ამბობს ერთად.
        რაო, გიყვარსო?! არა, როგორ გითხრათ, მეშინია და თანაც მაინც, ბავშვის მამაა.
      აქამდე თუ მიფიქრია მასზე?!
      მართალი გითხრათ, რაც თავიდან მოვიშორე, ერთხელაც არ გამხსენებია, ან რა არის, გახსენებლად რომ ღირდეს! .... არა, ერთხელ იყო, მშობიარობის დროს, გონდაკარგული ქალები იმ დროს რომ თავისი კაცების სახელებს ყვირიან, ბებიაქალმა მითხრა, შენ შენი ქმრისას არ ყვიროდიო. კიდევ კარგი, როგორც უცხოურ ფილმებშია, ქმრებს სამშობიარო ბლოკში ჯერ არ უშვებენ ჩვენთან.... თუმცა კიდევაც რომ შემოეშვათ, რა! მე არაფერი დამიმალავს და თვითონ მითხრა, გააჩინე და შვილად გავზრდიო.. უბრალოდ, მაინც, არ არის სასიამოვნო...
      ჰო, კიდევ ხანდახან დამსიზმრებია, თითქოს სადღაც ვარ და ტიხრის გაღმიდან ტატოს გინება მესმის, მაგრამ გარკვევით არც მესმის, ვხედავ, მაგრამ გარკვევითაც ვერა! მერე ემალის ტაშტში წყლის წვრილ ნაკადად ჩხრიალის ხმა მოსდევს და ტუალეტამდე ძლივს ვასწრებ. ერთხელ - ვერც მივასწარი.
        ერთი სიზმარიც მაქვს, მოდის ტატო, ტკბილად მელაპარაკება, მერე იკოს აძლევს კამფეტს, მოჰკიდებს ხელს, უცებ მტაცებს და გარბის, მივდევ, მივდევ,  ვყვირივარ, ვყვირივარ და ისეთ დროს მეღვიძება ოფლში მცურავს, აღარ ვიცი, დავეწიე და წავართვი თუ არა, მინდა იმ მომენტიდან განვაგრძო, სადაც უცებ გამეღვიძა, მაგრამ ძილს ვეღარ ვიბრუნებ.
      ყველაზე აბდაუბდა მაინც ის სიზმარია, ვზივარ იატაკზე,  სულ შავებში, მარტო,  ირგვლივ თეთრი, სქელი მტვერია, ბუღია. ჩემ წინ, ნანგრევებში ორი მკვდარი დევს პირქვე, სახეებს ვერ ვხედავ, მაგრამ ორივე ვიცი, ვინცაა. მინდა ვიღრიალო, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომდის და შიგნით, ჩემში ვიმეორებ:
    - რა ვქნა მე, ტიხარი ვჭამო?
რა ვქნა მე, ტიხარი ვჭამო?
მართლა აზრზე არა ვარ, როგორ მოვიქცე.
ნეტა ამ დროს ეკლესიები ღიაა?
აი, თქვენი ავტობუსი, ახლა კი ნამდვილად მოვიდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები