ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: აგლაია
ჟანრი: საბავშვო
25 აპრილი, 2021


ანბანთა ქვეყანა

იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც არც სახელი ჰქონდა და არც მმართველი ჰყავდა. ამ ქვეყანას თანხმოვნები დაპატრონებოდენ. ისინი  ერთმანეთს გამუდმებით  ემტერებოდნენ და  ეომებოდნენ. იქაური მაცხოვრებლები შეწუხებული და დაუძლურებული დადიოდნენ, გაუთავებელი ქიშპისა და გაუგებრობების გამო.
ხუთი უცნაურობა სჭირდა ამ უსახელო ქვეყანას. იქ არ თენდებოდა, მაცხოვრებლელი  ერთმანეთის საუბარს ვერ იგებდნენ, მხოლოდ ტიროდნენ, ღიმილი არ იცოდნენ და ყველა მათგანს უნდოდა ამ ქვეყნის მმართველი გამხდარიყო.
ბევრი წელი გავიდა სრულ სიბნელეში, ქაოსსა და ვაი-ვიშში. ერთხელ, ცაზე პოლარულმა ვარსკვლავმა ცხრაჯერ მეტი სიკაშკაშით დაიწყო ნათება, ვიდრე მანამდე ანათებდა. შეშინდნენ უსახელო ქვეყნის მაცხოვრებლები, ავის მომსაწავებლად ეჩვენათ და გამოქვაბულებში დაიმალნენ. თანხმოვნებს ერთმანეთთან ომისთვის აღარ ეცალათ. შეწყდა ომი, ტირილი. ავის მოლოდინში გაისუსა მთელი  ქვეყანა. ცხრა თვის განმავლობაში იკაშკაშა პოლარულმა ვარსკვლავმა; ცხრა თვე არ გამოსულა გამოქვაბულიდან სულიერი; ცხრა თვე სიჩუმე სუფევდა; და აი ქვეყნის ყოველი მხრიდან ახალშობილის ტირილის ხმა გაისმა.
პოლარულმა ვარსკვლავმა ენა აიდგა და მთელი ქვეყნის გასაგონად ბრძანა:
-დასრულდეს ამა  ქვეყნის ყოველგვარი უბედურება და გაუგებრობა. დღეს მოგივლინეთ ხუთი ახალშობილი.რომლის მსგავსიც აქამდე არ არსებულა. მათ ხმოვნებს ვუწოდებ. ისინი დაამყარებენ წესრიგს ამ ქვეყანაში და ბოლოს მოუღებენ ყოველგვარ დაპირისპირებასა თუ გაურკვევლობას. მათი სახელები იქნება: ა, ე, ი, ო, უ .
მაღლიდან მონიჭებული უფლებით ვბრძანებ:
აღმოსავლეთით მოვლენილი ახალშობილი მოიყვანს დღეს ამ ქვეყანაში. ის იქნება ალიონი.
სამხრეთის ახალშობილი  „ე“  დაგეხმარებათ, რომ ერთმანეთის საუბარი გაიგოთ. შექმნის დამწერლობას. მას ვარქმევ ენას.
დასავლეთის ჩვილი „ი“ ბოლოს მოუღებს თქვენს გამუდმებულ ტირილსა და ცრემლის ღვრას. ის იქნება იმედი.
ჩრდილოეთის „ო“ გასწავლით გაღიმებას. იგი ოცნებაა.
დაბოლოს, ზეციდან მოვლენილი ახალშობილი „უ“ თითოეული თქვენგანის სულსა და სხეულში, სახლსა და ეზოში, პურსა და ღვინოში, ცრემლსა და ღიმილში, წყალსა და მიწაშია. დღეიდან იგი ყველგან და ყოველთვის იქნება. თქვენ უნდა გჯეროდეთ მისი. შეგიძლიათ ენდოთ და ნებისმიერ დროს დახმარებისთვის მიმართოთ.იგი დაგიცავთ და იზრუნებს თქვენზე.  ხმოვანი „უ“  ამ ქვეყნის მმართველადაა მოვლენილი. ის უფალია.
მოვიდა იგი უფალი ქვეყანასა ზედა საბატონოდ და ქუეყანასა ამასა უწოდა ანბანთა ქვეყანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები