ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2021


სიონური ჯაკუზული

#თავშესაქცევი

ნინო დარბაისელი

სიონური ჯაკუზული

ამერიკაში  ფეხით რომ  ბევრს დავდივართ, ბევრსაც რომ ვმოგზაურობთ, როგორც ამერიკელ პენსიონერებს სჩვევიათ და ვერც კორონამ აგვაღებინა ხელი ამ საქმეზე, კი იცით.
  განსხვავებით ჩვენი წრის ხალხისგან, უფრო ჩემი ქართული ყაირათიანობის გამო, ძალიან ძვირფას სასტუმროს ნომრებს არ ვირჩევთ.
    მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა გადავიხადოთ ათჯერ მეტი ერთ პატარა ნომერში, სადაც მხოლოდ ღამე უნდა მივიდეთ დასაძინებლად.
  გეტლინბერგი - აქაური კურორტია, წუხელ ჩამოვედით.
    ჰილტონში გვქონდა აღებული ერთი ჩვეულებრივი ნომერი.
    შეგვიყვანეს და ჩემმა ქმარმა შეიცხადა, მე შტეფსელი საწოლის მარჯვნივ მინდოდა, ამიტომ ავირჩიე კომპში ეს ნომერიო (გაირკვა: ტიპიურ ნომრებს  ჰილტონის ვებ საიტზე ერთი და იგივე  ფოტო უდევს, რეალურად - შეიძლება განსხვავდებოდნენ  ფოტოსა და ერთმანეთისგან).
    შეწუხდა სასტუმროს მენეჯერი. გადარეკა-გადმორეკა და დიდი ბოდიშებით გვითხრა, “როიელ სვიტში” - ანუ სამეფო ნომერში ხომ არ ინებებდით გადასვლასო...
და აი ასე!
ჩვენი ნომერი რამდენი ოთახისგან შედგება,  ზუსტად ვერ გეტყვით, აბაზანა და ტუალეტი კი ორი გვაქვს, ერთი - ჩასაწოლიანი,  ,,ვანიანია”, მეორე- ჯაკუზით, ჯაკუზულში - ვანა არაა,  შხაპია.

      ***
      ჯაკუზული,  ჯაკუზული -  ან რა ქართულია, ან რატომ მეცნობა!...
ააა, ეს  - ახალგაზრდობაში ერთ ზაფხულს ჟარგონად გვქონდა.
მაშინ ჯაკუზი  სულ ახალი ხილი იყო და გაგონილი კი გვქონდა, მაგრამ ნანახი - არა. უბრალოდ “ჯაკუზული ცხოვრება”  დაახლოებით იმასვე  ნიშნავდა, რასაც  ,, ფაშისტობა”,  დღეს კი  ,,ლაქშერის” ვეძახით, არა?
  ერთ ზაფხულს სიონში ვისვენებდი,  თეო ხუთი წლისა იქნებოდა. კერძო სახლის ზედა სართული გვქონდა დაქირავებული, სახლის პატრონმა ქირა წინასწარ გამოგვართვა, მერე მთელი კვირა იწვიმა, ისე რომ გარეთ არ გავსულვართ და უცებ, კვირის თავზე  გამოგვიცხადა, პირველ სართულზე უნდა ჩაგიყვანოთ, (ანუ სარდაფში) ჩემი ქმარი სკოლის დირექტორია და განათლების სამინისტროდან მისი რევიზიის  სამმართველოს უფროსი ჩამოდის ოჯახით და შვილიშვილით, მაგათით გვიდგა სულიო.
თანაც დაგვაყვედრა:
- ეხლა, თქვენ რო მაგ ოთახში გიშვებთ, ხუთ სულსა, მე ჩემი ოთხ სულიანი ოჯახით აემანდ ეზოში რო ფიცრულა გვაქ, იქ უნდა გადავიდეო.
    იტყვი რამეს და გაგივა თუ რა!
    სახეზე მაინც შემატყო, ბედნიერი რომ არ ვიყავი ამის გამო და მეუბნება:
- თუ არ გინდათ და რა ვქნა, თქვენი ფული კატლავანის ჩასასხმელათ ეგრევე მუშებ მივეცი, წადი, აქ რამე იპოვე, ქირაზე მოელაპარაკე და შემოდგომაზე ცოტა ფულის შემოსვლას ველოდები და გავისტუმრებო.
  უნახავად შემეჯავრა იმ ვიღაც სამინისტროს თანამშრომელის ოჯახი.
    თან რომ მეორე სართულიც მე დამალაგებინა და პოლებიც მომარეცხინა!
    თქვენ უკან ჭუჭყს და ნაგავს  ხო არ  დაახვედრებთო.
    არ ვხუმრობ.
    გაჩერდა მეორე დილას ჩვენი ეზოს წინ დაფეხვილი ლურჯი ჟიგული ( დაუფეხვავიც რომ ყოფილიყო, იმ ქვაღორღ- ორმოებიან თავდაღმართში მაინც ისეთი გახდებოდა) და რას ვხედავ!
ჩემი ოჯახის  ახლო.... არა, უახლოესი გოგო თავისი ბავშვით! აი, ცირკსა და ზოოპარკშიც ერთად რომ დაგვყავს ერთიკბილა ბავშვები!
ვეფრცქვენით ერთმანეთს წივილ-კივილით.
    გოგოო, - მეუბნება, - ბავშვი ვერ გავიყვანე ქალაქიდან, დედაჩემის კურსელია ამ სახლის პატრონი, სამინისტროსთან შეხვედრია, სიონში სკოლის დირექტორი გავხდი და ჩამოდი, მნახეო. დედაჩემს უპასუხია, მე არ მცალია, ვმუშაობ და  თუ გინდა, ერთი კვირით ჩემს შვილ-შვილიშვილს გამოგიგზავნითო.
    ხომ იცი, სამი თვეა, უმუშევარი დარჩა, სამინისტროში ვიღაც დაპირებია, ჯერ პიონერთა ბანაკის სათადარიგო მასწავლებლად ადგილს გიშოვი და მერე რამე გამოჩნდებაო.
    -რას ამბობ, გოგო, თქვენი გულისთვის პადვალში შეგვყარეს, სამინისტროდან ჩვენი პატრონი ჩამოდის ოჯახითო.
  ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენმა ახლობელმა სახლის პატრონის გასაგონად გამოაცხადა, ახლავე ზემოთ ამობარგდით, რა მინდა მთელს სართულზე  მარტო, პატარა ბავშვით, ღამე ხომ გამისკდა გულიო!
დიასახლისი კმაყოფილი გვეუბნებოდა:
- აგე, ხო გითხარით, გთხოვთ,  ერთი ღამით დაბლა ჩაგიყვანთ და ისეთი ძვირფასი ხალხი ჩამოდის, იქ როგორ დაგტოვებენ-მეთქი!
    რომ გაიგო, ლამის ნათესავებიც ვიყავით,  დილიდან ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით დაგვდევდა.  მთელ სამეზობლოში გამოაცხადა, მეორე სართულზე  სულ განათლების სამინისტროს  ოჯახები  მიყენიაო.
    ყველა კრძალვით ჩაგვივლიდა ხოლმე, აბა რა!
    სად განათლების სამინისტროს სარევიზიო სამმართველოს თანამშრომელთა შვილები და სად - ვიღაც მოპოეტო, რაღაც გაუგებარ დისერტაციაზე მომუშავე გოგო, ხუთწლიანი შვილით,  დით, დისშვილით და კიდევ იმათივე კბილა ბავშვით, ამხანაგის ბიჭით!
    მთელი დღე სიონის წყალსაცავის პლატინაზე ვეყარეთ, მერე მთელი დღე და ღამე ბუზებს დავდევდით, კოღოებს ვეკბენინებოდით და ქვეყანა ჩვენი გვეგონა!
სააბაზანოო?!
არა, რა სააბაზანო!
დიდი, ცინკის ლახანკით მზისგულზე ვათბობდით წყალს.
ეზოს ბოლოში მდგარი ფიცრული საპირფარეშოსკენ წყვილად მივდიოდით შებინდებულზე და რომ მიგვეხვედრებინა ერთმანეთი, გამომყევიო,  საჭორაოდ  ჩამსხდარ, პირგაქაფულ  სამეზობლოში შერეულებს, ერთმანეთს გადავულაპარაკებდით:
- ისე,  ჯაკუზულზე რას იტყოდი!
მე - რა,  ამას  უფრო ჩემი მეგობრის გულისთვის ვაკეთებდით და კიდევ იქაურებისთვის, რადგან ეს იმდროინდელი ამბავია, ნახევარ სიონს ისევ რომ სჯეროდა, მასწავლებელი საპირფარეშოში არ დადისო და ახლა მთლად მასწავლებლების უფროსის, სკოლის დირექტორის სახლში დირექტორის კიდევ უფრო ზემდგომთა რიგით  მოკვდავად წარმოდგენა  ხომ გაუჭირდებოდათ?
ესეც ასე, ჯაკუზულისაც ვთქვით.
ახლა დავიძინებ.
დილაადრიან ტყეში სახეტიალოდ მივდივართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები