ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2021


ტრანსფორმაცია დაბნელებისას

დღე დაბნელებას იწყებდა, როცა ისნის მეტროდან უკმაყოფილო გამომეტყველების მქონე სახედაღრეჭილი კაცი გამოვიდა.

- აბა, თელავი გავიდა, თელავიიი! - გულგრილად ჩაუარა ენთუზიაზმით აღსავსე, ყვირილისგან სახეშეწითლებულ და მგზავრების მოლოდინით დაღლილ მძღოლს, რომლის დამიზნებულ მზერას ვერსად გაექცა, გვერდი ვერ აურა და, მართალია სულ არაფრად ადარდებდა იგი, მაგრამ წამიერად მაინც ჩაიხედა მის თვალებში, ცარიელსა და არაფრის მთქმელში. გზა გააგრძელა. ქვის ცივი კიბე აიარა - სულ რამდენიმე საფეხური. წარმოუდგენლად ნაგვიანი და ბინძური იყო გარშემო ყველაფერი.

ზებრა გადასასვლელთან დაყოვნდა. დრო უჩვეულოდ გაიწელა, ვიდრე მწვანემ ჩაანაცვლა შუქნიშანზე დიდხანს ანთებული წითელი. გვერდით უცხოები ედგნენ და თვითონაც უცხო იყო მათთვის. ყალბი და სასაცილო ეჩვენა ისინი და მათი მოძრაობები, რომელთაც გაწელილი ლოდინის თავდაჯერებულად ატანა ევალათ. ღიმილი ამის გაფიქრებაზე შეეპარა მის სახეს პირველად და გზის მოპირდაპირე მხარემდეც გაყვა შეუცვლელად.

ნაცრისფერი მოაჯირი უკან მოიტოვა. ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოდგა. ფიქრებში ჩაიკარგა. გაყუჩდა. ქალი გამოჩნდა. მის წინ გაიარა. ხმამაღალი სიცილით ელაპარაკებოდა ვიღაცას. მისი სიცილის გამო ფიქრებიდან უცაბედად და ნაძალადევად  გამორკვეულმა ზიზღით სავსე თვალები გააყოლა. ქალმა, როგორც ჩანს, იგრძნო მისი დაჟინებული მზერა და უკან მოიხედა. გაიცინა. მისკენ წამოვიდა და ფართო ღიმილით პირადპირ მიახალა:

- შეგამჩნიეთ, რომ მიყურებდით. რა უცნაური ბატონი ხართ? - საყვედურივით გამოუვიდა. მის ხმაში გაბუტვა იგრძნობოდა. სახე მოეღრიცა. თვალები თითქოს ცრემლების დასაღვრელად მოამზადა, მაგრამ უცებ ყველაფერი წაიშალა მისი სახიდან და კვლავ მხიარულ ქალად გადაიქცა; - იცით, მე ალ პაჩინო ვნახე. ისეთი ბებერი იყო... ვაიმე, თან ისე სასაცილოდ მელაპარაკა, აი აღარ შემიძლია იმდენი ვიცინე. აჰაჰაჰაჰა! ჩაიცვი არ შეგცივდესო.

- ალბათ, თქვენზე ზრუნავდა.

- ეგ არ ვიცი. ბებერი იყო. მეც ბებერი ვარ. ასე მითხრა: "ქლისტინე, მე და სენ, ლოგოლც ბებლები..." აჰაჰაჰა! ისე სასაცილოდ ჩლიფინებდა. აი, ახლაც ვერ ვჩერდები, ისევ ვიცინი. ვაიმე, რანაირი კბილები გაქვთ? მეც არ მივარგა, მაგრამ ჩემები თქვენსაზე უკეთესია.

- ჰმ! ამ კბილების დასწორებას რკინები შეეწირა. იმდენად დეფორმირებულია მათი წყობა, რომ რკინები დავღუნე. ბრეკეტების ჩასმა მჭირდება, მხოლოდ ეგ თუ მიშველის.

- დიახ, ძალიან ცუდად გაქვთ. უშნოდ იღიმით და სახე გიმახინჯდებათ. მე მყავს მეგობარი სტომატოლოგი. ნომერს მოგცემთ და მიაკითხეთ.

- არა, მეთვითონ მივხედავ, მადლობა.

- არ გიხდებათ და უნდა გაისწოროთ, რა.

შეშლილი ქალი ყურადღებით დააკვირდა მის კბილებს, სახე ახლოს მიუტანა და ისე ათვალიერებდა. თვალები მოჭუტა, რომ უკეთ შეემჩნია ყველა დეტალი. მოულოდნელად ისე გაუფართოვდა მზერა და ისე არანორმალური ცეცხლი აბრიალდა მის შავ გუგებში, რომ კაცს შიშისგან შეაჟრჟოლა.

- გამარჯობა თქვენ! - შავგვრემან, ხშირ და ხუჭუჭა თმიან მამაკაცს მიესალმა.

შეშინებამ გადაუარა, როცა მიხვდა, რომ ქალის სახე ნაცნობის დანახვაზე შეიცვალა ასე ელვისებურად და რადიკალურად.

- გამარჯობა; - ხმაში გაკვირვება შეეტყო. იგრძნობოდა, რა გამალებით ცდილობდა მისი გონება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეხსენებინა ვინ იყო ეს ქალი.

- თქვენ ჩემი მეზობელი ხართ, აგერ იმ კორპუსში ცხვრობთ. ფანჯრიდან გხედავთ ხოლმე დილაობით და ახლა რომ გაიარეთ, გიცანით.

- მართალია, მანდ ვცხოვრობ.

კიდევ ერთხელ გაეღიმა ამ დიალოგის შემსწრეს. გადაწყვიტა, რომ ყურადღებით მოესმინა მათი საუბარი.

- შვილები როგორ გყავთ? პატარა ბიჭსაც ვხედავ ხოლმე. ეტყობა მძიმე ჩანთა აქვს, ძლივს მიათრევს ყოველდილით. წიგნები მაინც ამოაცალეთ. დიდი ბიჭი ძალიან მსუქანია. ვხედავ მარტო რომ მიდის სკოლაში და იქიდანაც მარტო ბრუნდება. სიმსუქნის გამო არავის მოეწონება და მაგას კიდევ ცოტა აჭამეთ. მეგობარი მყავს, დიეტოლოგია. ნომერს მოგცემთ და იმასთან მიიყვანეთ თქვენი ბიჭი. თქვენ ქართველი არ ხართ, ხო?

- რავიცი, ქალბატონო, ქართველს არ ვგავარ?

- რა გვარი ხართ? მამა გყავთ უცხოელი, როგორც მახსოვს.

- გელაშვილი ვარ.

- ააა, ანუ დედის გვარზე ხართ და მამათქვენის გვარიც რომ მითხრათ?

- მამაჩემი გელაშვილია, მეც გელაშვილი ვარ და ყველანი ქართველები ვართ ჩემ ოჯახში. უნდა წავიდე, კარგად იყავით.

- დიახ, წადით. შვილები მომიკითხეთ.

მისი მეზობელი უკვე შორს იყო, როცა რაღაც გაახსენდა და ბოლო ხმაზე დაუწყო ყვირილი:

- მოცადეთ, უნდა გაცინოთ. დღეს ალ პაჩინო შემხვდა. უკბილო ბებერი და სასაცილო კაცია. ქლისტინეს მეძახდა ეგ ჩლიფინა ბებრუხანა. მე ვუთხარი მახინჯი კბილები გაქვთ და აუცილებლად უნდა გაიკეთოთ-მეთქი. იცით რა მიპასუხა? ლკინები დავღუნეო. აჰაჰაჰაჰა! აი აქ დგას. თუ არ გჯერათ დაელაპარაკეთ და თქვენც ბევრს იცინებთ მის ჩლიფინს რომ მოისმენთ.

- ამას ჩემზე ამბობთ?

- ვაიმე მაპატიეთ, ხომ არ გეწყინათ? იცით, ძალიან მცივა და სიცივეზე გონება მერევა ხოლმე. შემეშალა ალბათ.ეგ ყველაფერი ჩემმა მეზობელმა მითხრა, მაპატიეთ, რა.

- თუ გცივათ, ჩაიცვით! არ გაცივდეთ.

- აჰაჰაჰაჰაჰა! ალ პაჩინომაც ეგ მითხრა. ვაიმე ახლა მოვკვდები იმდენს ვიცინებ, აჰაჰაჰაჰა!

- ღმერთო, სად არის ჩემი ავტობუსი?!

- ავტობუსს ელოდებით? აგვიანებს თქვენი ავტობუსი? რამდენი ხანია აქ ვდგავართ და არ მოსულა. რა ცოდო ხართ. თან რა ცუდი კბილები გაქვთ.

- კი, თქვენსავით ცუდი კბილები მაქვს; - გაბრაზება დაეტყო, მაგრამ მაინც ძალიან ხიბლავდა ქალის თავხედობა.

- მე და დედაჩემიც ველოდებოდით ავტობუსს. ის მალე მოვიდა. მერე დედაჩემმა გამომამწყვდია. ერთი თვე ვიყავი დამწყვდეული. იცით, რა მითხარით... გარეთ რომ ვარ, ვინმეს ვუშავებ რამეს? იქ წასვლა აღარ მინდა. იცით, რა საშინელებაა ფსიქიატრიულ კლინიკაში ყოფნა? თეთრი პური ცხოვრებაში არ მქონდა ნაჭამი და იქ სულ მაგას მაჭმევდნენ. არა, შავ პურსაც არ ვჭამდი ხოლმე, მაგრამ იქ ძალიან თეთრი პური ჰქონდათ და სულ რაღაც წამლებს მალევინებდნენ. კარგად რომ ვიყავი და წამლებს ვიღებდი, მერე ვითიშებოდი ხოლმე. ვაიმეე, იქ რა ვნახე! მიმიყვანეს და გამოკეტეს იმ გიჟებთან. ჭკუაზე არ იყვნენ ისეთ რაღაცებს აეკეთებდნენ. ერთმა ჭიქა აიღო და ცხოველური ღრიალით მოისროლა და მერე ხმამაღლა ხარხარებდა. იცით, რა ბოროტი ხარხარი სჩვევია იმ გიჟს? არა,როგორ გეცოდინებათ. უიიი, ალ პაჩინოც იქ ვნახე, ახლა გამახსენდა. ძალიან სასაცილო კაცი იყო. "ქლისტინე, მე და სენ, ლოგოლც ბებლები..." აჰაჰაჰაჰა! გავიგუდები.

- აი, თურმე სად გაგიცნიათ ალ პაჩინო.

- მომენატრა ეგ ბებრუხანა. დედაჩემს კიდევ უნდოდა, რომ გამოვემწყვდიე, მაგრამ ჩემმა ბიძაშვილმა გაიგო და იმან დამტოვა სახლში.

- თქვენთან ერთი თხოვნა მექნება. როცა დედათქვენი კვლავ დაგიპირებთ ფსიქიატრიულში წაყვანას, ძალიან გთხოვთ, ყველაფერი იღონეთ და თქვენ ბიძაშვილს დაუკავშირდით და უთხარით,რომ გასაჭირში ხართ, დახმარება სთხოვეთ, რომ ისევ გადააფიქრებინოს დედათქვენს, კარგი? ხომ დამპირდებით, რომ ამას აუცილებლად გააკეთებთ?

- არა, დედა იქ აღარ წამიყვანს. მე მოვუყევი რაც ვნახე და რა სიგიჟეები ხდებოდა კლინიკაში და დამპირდა, რომ აღარ წამიყვანს. იცით, ახლა რა მინდა ძალიან? სამუშაოს ვეძებ. გასაუბრებაზე დამიბარეს ორჯერ, მაგრამ არავინ ამიყვანა. ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ ვერ გამუშავებთო - ყველა ასე მეუბნება. არადა, საკუთარი ფული ძალიან მჭირდება. დედაჩემი კი მაძლევს, მაგრამ მე მაინც ჩემი მინდა, რომ მქონდეს.

- ხატვა ან წერა არ გიყვართ? იქნებ ამაში სცადოთ ბედი?

- დიახ, მე ვხატავ, თანაც საკმაოდ კარგად. კლინიკაშიც მახატინებდნენ. დამსვამდნენ ხოლმე და მეუბნებოდნენ დახატეო. მეზიზღებოდა იქ ხატვა, მაგრამ სახლში რომ ვარ, სიამოვნებით ვხატავ ხოლმე. მაგრამ ხატვით ფული როგორ ვიშოვო?

- მთავარი ეგ არ არის. ხომ გინდათ, რომ ცნობილი გახდეთ?

- მაგრამ მე უკვე ძალიან ცნობილი ვარ. ძალიან ბევრი მიცობს.

- მოვიფიქრე, რაც უნდა ქნათ. ის კაცი დახატეთ, თქვენ რომ მიყვებოდით. ალ პაჩინო დახატეთ, ისეთი, როგორადაც დაგამახსოვრდათ. კიდევ ისიც დახატეთ, როგორ დააბრიალა გიჟმა კაცმა თვალები, რგორ იღრიალა და როგორ მოისროლა წყლიანი ჭიქა. წარმოიდგინეთ, რა მაგარი გამოვა. ხალხი გაგიჟდება თქვენ ნახატებზე, იყიდიან კიდეც და თქვენც ძალიან შეგიყვარებენ.

- ვაიმე, რა ჭკვიანი ყოფილხართ. მოიცა, თქვენ რა გქვიათ? მგონი ტელევიზორიდან გიცნობთ. ააა, გამახსენდა. დუტა სხირტლაძე ბრძანდებით. ისე მიხარია თქვენი ახლოდან ნახვა.

- ხომ დამპირდებით, რომ ყველაფერს დახატავთ, რაც ფსიქიატრიულ კლინიკაში ნახეთ?

- კარგი, გპირდებით, ბატონო დუტა. მაგრამ იცით, რა არის? ჯვარი მეკეთა კლინიკაში რომ წამიყვანა დედაჩემმა და მერე დირექტორმა ჩამომხსნა და თავისთან შეინახა. გუშინ ტელეფონზე ველაპარაკე, დედაჩემმა დამარეკინა და მოვთხოვე, რომ დაებრუნებინა ჩემი ჯვარი. ხოდა, ზეგ უნდა შევხვდე და გამოვართვა. მაგას ეგონა შევარჩენდი!

- ანუ დედათქვენმა იცის ამის შესახებ?

- დიახ, რა თქმა უნდა. მან დამარიგა, რომ მკაცრად მომეთხოვა წართმეული ჯვრის დაბრუნება და ისიც, რომ კლინიკის დირექტროს თავად მოეტანა ჩემთვის. ზეგ მე და დედაჩემი ერთად წავალთ დირექტორთან შესახვედრად. ისევ ავტობუსით უდა წავიდეთ, იცით?

- გემუდარებით, არ წახვიდეთ, რა! ეგ სატყუარაა. ისევ კლინიკაში დაგაწვენენ, არ დაუჯეროთ. ძალიან გთხოვთ, არ წახვიდეთ. თქვენ ბიძაშვილს დაურეკეთ და ყველაფერი მოუყევით. რამე მოიფიქრეთ. სატყუარაა ჯვარი, ისევ იქ გამოგკეტავენ. არ წახვიდეთ, არა!

- არა, არა. რას ამბობთ, რა სატყუარა. დედაჩემი მეხმარება. მე მარტო ვერ წავალ და იმიტომ მომყვება. თან ავტობუსი თუ ისევ მალე მოვა, როგორც მაშინ, მე სახლში გავიქცევი და ვეღარ წამიყვანენ ფსიქიატრიულში.

- ბიძაშვილს სთხოვეთ, რომ ისიც წამოვიდეს.

- უიი, თქვენი ავტობუსი მოდის. ნახვამდის.

- კი მაგრამ, საიდან იცით, რომ ამ ავტობუსს ველოდებოდი?

- ჩემმა მეზობელმა მითხრა, წეღან რომ ველაპარაკე მაშინ.

ავტობუსის ლურჯი ფერი გაზაფხულის ჯერ კიდევ შეყინული და გაუმთბარი მიწიდან ამოწვერილი ენძელასგან მოპარულად ეჩვენა, როდესაც ცვირწინ აღმართულ,  გრძელ და მასიურ სივრცეზე გადატყორცნილ სილურჯეს აესვეტა, როგორც მუზეუმში შესული ცნობისმოყვარე და ხელოვნების მეხოტბე დამთვალიერებელი, რომელმაც ეს-ესაა სიცოცხლით სავსე ფერი ამოიცნო დანარჩენ მკვდრებს შორის. კარი გაიღო. სწრაფად ავიდა ავტობუსში, თითქოს წამითაც რომ დაეგვიანა, ასვლას ვეღარ მოასწრებდა და კარიც უმოწყალოდ დაიკეტებოდა, როგორც საგიჟეთში გამომწყვდეული და ჭკუიდან შეშლილი ქრისტინესთვის დაბრახუდნდა მკაცრად მიჯახუნებული ჩვეულებრივი ცხოვრების წარმოუდგენლად ბევრი და ოდესღაც ფართოდ გაღებული ყველა ლამაზი და ულამაზო, ლაღი და სტრესული, წარმატებული და წარუმატებელი, სიყვარულით გაჟღენთილი და გაუჟღენთავი, ნამდვილი და ყალბი და უღიმღამო კარი. დარჩა მხოლოდ უზარმაზარი ოთახი, სადაც ფანტაზია, უცერემონიო პირდაპირობა და უხეშობა, უკონტროლო გულწრფელობა, აულაგმავი შთაბეჭდილებები და ემოციები და გულუბრყვილობაა ნებადართული და არ არსებობს ადამინური ყოფის სხვა გამოვლინებები.

სკამზე მოკალათებულმა ვეღარ მოითმინა და ვიდრე ავტობუსი დაიძვრებოდა, ფანჯარას ეცა. ისევ სურდა შეშლილი ქალის დანახვა. ის უკვე გზაზე გადასულიყო და მანქანებს სიცილ-სიცილით უცდიდა როდის გაივლიდნენ, რომ თვითონაც გადაეკვეთა მისი მხიარულებით გაყრუებული გზა. ხმა არ ისმოდა ავტობუსში, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ქრისტინე ძალიან ხმამაღლა იცინოდა. ხედავდა, როგორ ჰქონდა თავი უკან გადაგდებული, როგორ უცახცახებდა სხეული და როგორ შრიალებდა მისი გაშლილი თმა ამ უქარო ამიდში მანქანების სწრაფი მოძრაობისგან მობერილ ნიავზე. სულ ბოლო მტკიცებულებად მისი უშნო, უსწორმასწორო და ნაკლული კბილებიც დალანდა ფანჯარაზე ლამის ცხვირით აკრულმა. მერე მინა გაბუნტდა, ორთქლი გადაიკრა ზედაპირზე და კაციც მიხვდა, რომ ზედმეტად მძიმედ სუნთქავდა მის სიახლოვეს.

დღეს უკვე დასრულებული ჰქონდა დაბნელება, როცა მანამდე უჩვეულო აღტკინებით შეპყრობილი და აღელვებული კაცი ლურჯი ავტობუსიდან ჩამოვიდა, ფეხით რამდენიმე მეტრი გაიარა და მძიმე, ძლივს გამოსაღები რკინის კარს მიღმა გაუჩინარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები