ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2021


ღმერთო ...

არ მძულს არავინ,
მითუმეტეს არ მიყვარს ვეჭვობ,
რადგან მგონია, ნაწვიმარი გზებივით გავშრი...
შენ ადამიანს ნუ ენდობი ბოლომდე ღმერთო,
არ დაგავიწყდეს ადამმაც,რომ გაგცვალა ვაშლში...

მე ნუ დამიცდი ვერ მოგყვები მარტო ვარ ახლაც,
ვზივარ ოთახში შენგან შორს და ვფიქრობ ხანდახან,
აღარც ტირილის თავი მაქვს და
ხეც ჩამომხმარა
ვაშლის,რომლითაც მეც შევძლებდი რომ მეღალატა...

ახლა ქარია და არც წვიმა აყოვნებს მოსვლას,
მინებზე მცირე გუბები დედდება ვხედავ,
მი კი მინდა,რომ მათხოვრობით დაღლილი ლოცვა,
შენამდე გულით მოიტანოს შენსავე დედამ...

და ზღვის ნაპირთან მიტოვებულ  სველი ნავივით,
მტოვებს ყველა და იმედი მაქვს შენ არ დამტოვებ,
და ეს იმედი ერთადერთი არის ნამდვილი,
რომელსაც ჩემთვის ფსალმუნივით დავიმახსოვრებ...


მაგრამ ვიცი რომ ამ რწმენაში ისე დავსუსტდი,
თითქოს არ მინდა გავძლიერდე,
სისუსტეს ვერ ვთმობ
მე ვარ იმ ვერცხლის მჭედელი და მთელი საცდურიც,
რისთვისაც მაშინ შენ იუდამ გაგყიდა ღმერთო...

არ მძულს არავინ,მითუმეტეს არ მიყვარს ვეჭვობ,
რადგან მგონია, ნაწვიმარი გზებივით გავშრი...
შენ ადამიანს ნუ ენდობი ბოლომდე ღმერთო,
არ დაგავიწყდეს ადამმაც,რომ გაგცვალა ვაშლში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები