ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2021


სათაკილო



არიან ადამიანები და მათზე მზრუნველი ადამიანები,
არიან მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველი ადამიანები
და მათ შორის მთელი უპასიხსმგებლობა მოიაზრება.
არსებობენ შეკითხვის დასმამდე მოარული პასუხები,
ქუჩის ძაღლებივით ჯგუფურად რომ იციან აწკავწკავება
და მაგიერი ადამიანებივით პასუხის გარეშე დარჩენილი აღმოჩენები.
არიან მკვდარი წყლით შეძრული ჭირისუფლები,
მათთვის სამძიმრის თქმა რომ არასოდეს ახსენდებათ.
ამავე დროს არსებობენ  გადაცემები
საამაყო თემებითა და რეიტინგული წამყვანებით,
გაკოტრებული სტუმრებითა და გასაკოტრებელი სტუმრის სტუმრებით,
საკუთარი სახლის აივნიდან არხეინად გადმომდგარსაც რომ შეშურდება
მათი მედიდურობის.
ურყევი მომხმარებლებითა და მერყევი რჩევებით,
იშვიათად - პირიქით;
თუმცა არსებობს მითითება - ,სადაც არ უნდა გადართო, მაინც უნდა გადართო’.
ყველგან არიან პრემიებისთვის რიგში ჩამდგარი მწერლები,
ისინი არასოდეს ცდილობენ ურიგოდ გასვლას.
იცავენ წესებს და ემორჩილებიან ქცევის ეტიკეტს.
ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს,
,,დღეს მზიანსა და ღამეს მთვარიანს’’-აც.
არიან შეთანხმებული წესებით მოთამაშე ავტორიტეტები
და ყველაფერი დანარჩენი მათგან გამომდინარეობს.
არიან სიკვდილით ძალიან დაკავებულებისთვის
საფლავის ჯავშანზე მზრუნველი ცოცხლები,
მიდექი-მოდექი ამპლუის ფუნქციაში
კავშირების გამოყენებას  შედეგიანად რომ ახერხებენ ყოველთვის.
არიან გარითმული ცხოვრებით ტრადიცულად შეფუთულებიც
და ამ ყველაფრის დაკარგვის შიშით ილაშქრებენ თავისუფალი მტრების წინააღმდეგ.
არიან ამღვრეულ სიტყვებში ჩაბუდებული, სიმძიმით ჩაძირული დამცინავები,
მათი არასოდეს უნდა გეშინოდეთ,
ისინი საკუთარ თავში ყველა დანარჩენის ანარეკლს
იმიზნებენ ბრაუნინგივით და სასხლეტზე თითის გამომკვრელად
ერთი მკითხველიც ეიმედებათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები