ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
27 თებერვალი, 2009


ამბავი, რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა III-IV ნაწილი

III ნაწილი. პროფესორ „ხიმჩისტკას” მონოლოგი,
თეთრი როიალი და  და ვასიკო მთვრალი   


...არ წყენია.  ან რა უნდა წყენოდა? მე მაჭრიდა თითს, მისთვის ხომ არ უნდა მოგვეჭრა.  გაუხარდა კიდეც,  მახსოვს დამირეკა ბენიამ, ჩემს მეზობელ ბიჭს თითი აქვს მისაჭრელი და გიგზავნიო, მაგრამ არ გამოჩენილა არავინ, თქვენ იყავითო?
-  თუ გაქვთ რამე მისაჭრელი, არ მოგერიდოთ, მოგიკვდეთ ჩემი თავი! - მგონი სერიოზულად ამბობს...
-  არა, გმადლობთ. მე არა და თამაზას კი მგონი!  ვხუმრობ ვითომ, მარა  ვის ეყურება?  თამაზა ტელეფონშია ჩამძვრალი, ხიმჩისტკა კი ყვება ცისა და მიწის ამბებს.
-  მართლა ისე კი არ ვაჭრი თითებს, ბენიას რომ გონია, მაგას რა ვუთხარი მე, ყველაფერი განგრენა გონია, სულ მეპატიჟება ამოი ერთი კოხნარში, ადესით უნდა დაგათროო. ახლა ვაპირებდი გავლას,  ეს თოვლი რომ არა გავივლიდი კიდეც. შეშინებული მოვდიოდი, არ ვიცოდი ჯერ ნასაკირალს და მერე ბურნათის პერევალს თუ გადმევივლიდი, ახლა ჭოკნარის დამრჩა ერთი და აწი აღარ მეშინია, საჯოვახოში თუ ჩავედი, ჩავთვლი რომ სახლში ვარ უკვე, ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი...
აქ შეისვენა ცოტა  და მაგნიტოფონი ჩართო.  „ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო...” დაიღვარა მანქანაში. გაჩუმდა, სიმღერას აყვა ნელი, ბუბუნა ხმით. დამთავრდა სიმღერა და ისევ „ქუთაისო ჩემო...” გააგრძელა მაგნიტოფონმა...
-  ჩემს ბიჭს ოც ლარიანი ვაჩუქე, მთელ კასეტაზე ეს სიმღერაა რო ჩაეწერა. მაგრად მიყვარს ეს სიმღერა, ისე  შეცდომა კია, ქუთაისი მამულეთიცაა და დედულეთიც ჩემი. დედაჩემი თეთრ  ხიდთან ცხოვრობდა, მამაჩემი კიდე საფიჩხიაზე. ბაღის კიდესთან გაუცვნიათ ერთმანეთი. მეც ჩემი ცოლი ბაღის კიდესთან გავიცანი, გავყევი გვერდით და სანამ დამთავრდა კიდე, მოვასწარი და ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი. მაშინ გიჟი ვეგონე, მარა ესიამოვნა თურმე... ხო რას ვამბობდი,  ვიცი ასე აკვიატება ერთი სიმღერის, ვუსმენ და ვუსმენ, ხოა  ახლა რადიოში აჩემებული სიმღერა აქვთ, მე კიდე აკვიატებული სიმღერა მაქვს ჩემი.  ცოლი ამიტომ მანქანაში არ მიჯდება, ან ვის გაუგია ცოლი მანქანაში, ცოლი ვიცი სახლში, ან იაროს საკუთარი მანქანით... მარა ეს სიმღერა მაინც განსაკუთრებულია. არა რა ძმაო, სხვაგან დიდი–დიდი სამი  დღე შეიძლება გავძლო, ოზურგეთშიც ვერ გავძელი სამი დღის მეტი, ქუთაისი მომენატრა და გამოვეპარე მზახალს,  თუმცა შვებულება მაქვს ახლა. ის კია არა გერმანიაში ვიყავი მიწვევით კლინიკაში. ბინა მიქირავა კლინიკამ,  მუჭით აღებული ჩემი ეზოს მიწა მქონდა თან წაღებული  და გავხსნიდი ყოველ დილით პარკს, ვეფერებოდი, ვყნოსავდი... ერთიც დილაა, ზარია კარებზე, შემოლაგდა ოცამდე  შავებში ჩაცმული სპეცნაზელი - ხელები მაღლაო,  თავი დაბლაო. აბა კი-მეთქი.  მოკლედ ამიყვანეს, თურმე ვიღაცას დაუნახავს ეს ჩემი დილის რიტუალი, გონიათ ნარკოტიკი მაქვს.  რა არის ესო, ჩემი ეზოს მიწაა-მეთქი ვეუბნები. რომელი ეზოს, მე საქართველოდან ვარ და იქ სადაც ვცხოვრობ იმ ეზოს მიწაა, საქართველო რომ მენატრება ამ, მიწას ვეფერები-მეთქი. ერთმანეთს გადაულაპარაკეს, გიჟიაო.  სპეციალისტი ხიმიკი ყავდათ ერთი, კიო,  მიწააო.  წავიდნენ...  კლინიკის ადვოკატმა ვუჩივლოთ, ფული შეიძლება აგაღებინო, მჩილვლელ კაცს ვგავარ ახლა მე?
-  არა,  – ჩავურთე სიტყვაში. ამასობაში სამტრედიის პერიეზდთან ჩავიარეთ, გზა ჩვენი იყო და  მაგრამ გაატარება უნდოდა ვიღაცის მანქანის, რომელიც ჩქარობდა ეტყობოდა. მობრძანდით ბატონოო – ხელით ანიშნა.  ახალგაზრდა ბიჭი იჯდა რულთან,  იმან,  ხიმჩისტკა, ჯიგარი ხარ,  გენაცვალე სულში,  მარა ვიდეო გვიღებს და ეგერ ზეიდან და წესით შენ უნდა წახიდე ჯერო... აუწია ხიმჩისტკამ ხელი და გავიარეთ...  აგრძელებს.
-  ვიდეოთ  დამყარებულ  წესრიგს რა ვუთხარი მე, კაცს  პატიოსნება  სულში უნდა  გქონდეს.  არა და არ ჯობია  ჩვენ ქვეყანას არაფერი. აქ მოგშივდება, გადახვალ ტყეში, ეკალას მოკრიფავ და შეჭამ, ან რა ჯობია კაი შეკმაზულ  ეკალასა და  ჭადს, ცოტა ყველიც თუ გაქვს მთლად უკეთესი (აქ მომაშივა ცოტა)  და ერთი გრაფინა ადესა, ა როგორიაო (აქ სახლში მომინდა ყოფნა). სამი თვე ვიყავი გერმანიაში, კლინიკაში მიწვევით, იქ რომ მაძლევდნენ დღეში, იქ მაძლევენ წელში, მარა წელმოწყვეტილი დავდიოდი მაინც, ქუთაისი  მენატრებოდა, რა გამაძლებინებდა იქ...
მე უცებ ლექსი გამახსენდა, ავტორი არ მახსოვდა ვინ იყო, მარა რაღაცა ხო უნდა მეთქვა და ვთქვი:
- ლექსი  ვთვაა ერთი...  თემატურია, ჯდება…
- აბა  თქვი, - გაუხარდა, თვალები გაუნათდა...
- „საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა, მიწა მიჰქონდათ მიწა თბილი, მიწა მარადი,  შენ  მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, მშობელო მიწა ალბათ მიტომ დაპატარავდი”...
გაკვირვებულმა შემომხედა...
- ვა მაგარია, შენც რა კაი ბიჭი ყოფილხარ... ეს რა კაი რამე მითხარი,  ჩამიწერო უნდა!
გავიჯგიმე. თამაზას გადავხედე. ის კიდე მესიჯებშია ჩაფლული...
- ჩაგიწერ,  სამწუხაროდ ავტორი არ მახსოვს!
- არა უშავს, მთავარია ლექსი ხო გახსოვს, ისე საინტერესო კია ვისია?!  „ბინდისფერია სოფელი” მიყვარს  ძალიან, მე ხალხური რომ მეგონა, მიხა ხელაშვილის ყოფილა, 24 წლისა დაუხვრეტიათ ეს ბიჭი წითლებს 24-ში. საერთოდ ყველა ხალხურ ლექსს  ერთი ავტორი ყავს, აი „ვეფხი და მოყმის ამბავი”, ხო მაგარია. როგორ არის?! „იქნებ ვეფხის  დედაი, ჩემზედ მწარედა ტირისა, წავიდე,  მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისა”,  ამას რო ვკითხულობ სულ ხორკლები მაყრის ხოშკაკალასავით... მაგრამ  ესეც ერთი ერთი  კაცის, ან შეიძლება ქალის დაწერილია. მე მგონია კაი ლექსი მარტო იწერება, მყუდროებაში, მიწაზე ხარ და ციდან გესმის ბგერები და წერ...
- კი, მეც მგონი მართალი ხარ, - დავეთანმხე,  - აბა იმას ხო არ იტყოდნენ, მოით ხალხო,  დღეს საღამოს შევიკრიბოთ და ვეფხის და მოყმის ამბავი  დავწეროთ ლექსადო?!
- ხო ასეა, უბრალოდ ხალხი ლექსს იმახსოვრებს და ავტორს არა  და ხდება ასე ლექსი ხალხური. შენც ხო მითხარი ლექსი და არ გახსოვდა ავტორი, ხოდა ჩამიწერე,  სანამ კიდე გახსოვს. როგორაა, ორი მოხუცი რო ბაზრობს, კაცო, ოლიფანტე, ქალებში რო დავდიოდით გახსოვს? მახსოვს თეოფილე, მარა რეიზა დავდიოდით არ მახსოვს და მომკალი... - იცინის.  მეც გულიანად ვიცინი, თუმცა  ადამ და ევას დროინდელი ანეკდოტია, მაშინ მგონი ვაშლიც არ ქონდა ჯერ ევას ჩაკბეჩილი, თუცა მაშინ სად იქნებოდა ჯერ თეოფილე...  თამაზა მესიჯებს კითხვა-წერას მოსწყდა და გაკვირვებული გვიყურებს,  რა აცინებთო. ის აშკარად სხვა სამყაროშია, ახლა ბენია რომ ეძახოდა,  ნირვანაში...
ხიმჩისტკამ  რვეული და ფურცელი დააძრო საიდანღაც და მეც დავიწყე ლექსის ჩაწერა, თან ვეკითხები. თუ კაცი ხარ, მითხარი ერთი ამ პროფესორ კაცს, „ხიმჩისტკა” ვინ დაგარქვა-მეთქი. შენც გაინტერსებსო?!  თამაზას ეკითხება. თამაზას ახლამ მარტო თავისი უანახავი შეყვარებული აინტერესებს, ისევ მესიჯებში თავი ჩარგული. ამ დროს  იამაში ჩაარტყა მანქანამ და თავის ჩაკანტურება გამოუვიდა. კაი  მაშინ, მოგიყვებითო ხიმჩისტკამ:
-  ერთიც,  კლინიკაში ვარ და მომიყვანეს მთვრალი, ხერხს გიქებენ შენ და თითი უნდა მიმაჭრაო, განგრენა მეწყება ზედო! არაფერი ნიშანი არ ქონდა ხელზე განგრენის, შენ გიჟი ხო მარ ხარ-მეთქი.  გიჟი იყო აბა რა იყო, მაგრამ ვკითხე მაინც.  არა, უნდა მიმაჭრა, თორემ განგრენა ხო მომკლავს  და თუ არა და ამ თითის ჯავრით მოვკვდებიო. არა, ბოდიში, შევცდი, ჯერ შენ მოგკლავო. სადაა ექიმის დასკვნა-მეთქი, ექიმის დასკვნას არ ჯობივარ მე,  ამხელა კაციო.  არადა მართლა  დიდი იყო, კარებში ძლივს შეემეეტია, მიმაჭერი თუ არა,  გაგინებო.  თუ მაგინებ და დადევი მაშინ აგერ  „თითი”-მეთქი, გავბრაზდი მეც, დადო, და ორ წამში არც ქონია, ვისი ფილმია „ოთხი ოთახი”, ბანდერასი რომ არის და კვენტინ ტარანტინო, თითს რომ აჭრიან ერთს?
-  ტარანტინოსაა! – მთლად დარწმნებული არ ვარ, მაგრამ წაკითხული მაქვს, ტარანტინო ყველა თავის ფილმში მონაწილეობსო...
- მაგრად ვკაიფობ ამ სახელსა და გვარზე - კვენტინ ტარანტინო. მაგარია,  შეირქვა ალბათ, თორემ ასე უხდებოდეს სახელს გვარი არ მსმენია ჯერ! ხო კიდე ნახე, ტერენტი გრანელი, ესეც ხო მაგარია?  ხო,  სად ვიყავი?
-  თითი რომ მიაჭერი...
-  ხო, დაინახა მოჭრილი თითი და  მეუბნება, „შენ გენაცვალე, სუფთა ხიმჩისტკა ხარ, ამ თითის დარდი ამომყარეო”, მერე თითს „ეუბნება, ე, იკვარტალე ახლაო”... ცოტა ხნის მერე შეაწუხა ტკივილმა და  იყვირა, „ვაი ჩემი ძროხა და ვაო ჩემო თითოო”. თურმე ძროხა დაუბამს ყანის ბოლოს, დახვევია ეს ძროხა რაცხას, დაცდენია მერე ფეხი, ცოტა აღმართი ყოფილა, დაგორებულა, მოჭერია ბაწარი და  დახვედრია გაგუდული. ნასვამი ყოფილა ეს კაცი, რომელმა ხელმაც დაგაბა, იმ ხელზე თითი უნდა მიგაჭრაო, ეს კაცი საკუთარ თავს დამუქრებია  და ჩემთან წამოსულა - იასნია, ნასვამი და გაგიჟებული, თორემ, ჭკვიანი რავა მეიფიქრებდა ამას, იცოცხლე მერე ვიწვალე იმ თითის მიკერებაზე, მივაკერე. შეფხიზლდა ამასობაში და წავიდა ხელშეკონილი სახლში.  მოვიდა ერთი კვირის შემდეგ, ღვინო მომიტანა თავკვერი, იმ დღეს თუ ცუდი რამე გაკადრე მაპატიეო. თითი რაფერ გაქ-მეთქი,  ვკითხე. რაც მქონდა იმ თითს სჯობია, რა ოქროს ხელი გქონიაო.  სუფთა სულელი, თითი კი არ შემიცვლია - რაც ქონდა იმას როგორ აჯობებდა. თან მოჭრაზე კი არა, მიკერებაზე მაქვს დაცული სადოქტორო. ჰოდა ქუთაისს რავა დაუმალავ რამეს, „ხიმჩისტკა”-ს მეძახის ამის მერე დიდი და პატარა...
ჩავედით ასე ლაპარაკ-ლაპარაკით ამასობაში ქუთაისში, პრინციპში მარტო ხიმჩისტკა ლაპარაკობდა, თამაზა მესიჯობითაა გართული, მე კომენტარებს თუ ჩავარტყამდი დრო და დრო... გვეხვეწა „რა გინდებიენ თბილისში, ჩემთან წამოით, თეთრ როიალთან უნდა გაქეიფოთო, ცოტა აშლილი კია, მარა სამი ჭიქის მერე ვუკრავთ საერთოდ და ისეთი მაგარი ღვინო მაქვს ვერ ხვდება ვერავინო.  თამაზამ, შეყვარებული მელოდება თუ არა, დიდი სიამოვნებითო, მე არავინ არ მელოდება და  დავრჩები-მეთქი, გავიფიქრე. მარა ძმაკაცი როგორ მიმეტოვებინა თეთრი როიალის გულიზა.  მოკლედ არა უშავს, მხოლოდ გავიფიქრე. ისე კაი იქნებოდა თეთრ როიალთან ქეიფი, მერე რა რომ აშლილია, მე მაინც დაკვრა  არ ვიცი. ისე ერთხელ უკვე ვიქეიფე ქუთაისში, სტუდენტობისას მეზობელს, მანქანიან  ბიზნესმენს დავემგზავრე ერთხელ, იმას კიდე ძმაკაცი ყავდა ქუთაისში, ისიც ბიზნესმენი. იმ ქუთაისელ ძმაკაცს კიდე ძმაკაცი  ქუთაისის „გაი”-ში თუ პატრულში, ამდენი აღარ მახსოვს, ან რა მემახსოვრება, ისე  დავთვერი. იცოდა თურმე ქუთაისი რომ უნდა გაგვევლო,  ხოდა გადააკეტინა გზები ქუთაისის შესასვლელ-გასასვლელები. არც დაგვირღვევებია არაფერი, მაინც გაგვაჩერეს, ღერძულა ხაზის  გადაკვეთის  გულიზა გაპატიმრებთ ორივესო.  რომელია ეს ღერძულა ხაზი, გვითხარით-მეთქი, ესენი მართლა დასაპატიმრებელი ყოფილან ღერძულა ხაზი არ ცოდნიათ  რომელიაო.  ორი მანქანა  გვაცილებდა ექსკორტით, ერთი წინ ერთი უკან. რომ გვეგონა გვაპატიმრებდნენ, პოლიციის შენობის მაგივრად, ერთ კოპწია ორსართულიან  სახლში მიგვიყვანეს. მივხვდი ცუდა რომარ იყო საქმე, იქ სუფრა დაგვხვდა გაშლილი. მოვედი ხასიათზე,  შეუბჯინეთ რამე, თუ არა ჩასკდა სტოლი-თქვა, ვთქვი.  აბა ნარუშენიის გულიზა როდის იყო სუფრას შლიდა ვინმე.  გამევიდა მერე ძმაკაცი, ეჩხუბა ეს ჩემი მეზობელი, გამეიარ შენ კოხნარში, რას გამისკვლიცე გულიო. ხოდა ვიქეიფეთ მაშინ თეთრ როიალთან. ახლა „ხიმჩისტკაც” თეთრ როიალთან გვეპატიჟება, ასე მგონია ქუთაისში ყველას სახლში თეთრი როიალები უდგათ, თან აშლილი. მე კი ვერ ვხვდები, მარამ მასპინძელი მაშინაც ბოდიშობდა, აშლილია ცოტაო. ეს თამაზაც რაღა ახლა აიშალა რა, არადა აშკარად, ცოტა უხერხული კია სათქმელად მარა მშია. გაურკვეველი წარმოშობის ფენოვანი ხაჭაპურები კი არ მხიბლავს, არა, მძღოლი  კი გააჩერებს სადღაც რიკოტის მოდამოებში მაგრამ  მანამდე რა ვქნა.  დიდხანს ვაბიჯე ფეხზე ფეხი, უარი არ უთხრა–მეთქი, მაგრამ გაგიგონია,  კარებს ეტაკებოდა თავით და ვერ ხვდებოდა და ჩემი ფეხის ფეხზე დაბიჯება გააგებინებდა  რამეს? არა კი შეხტასავით ცოტა, მარა ისიც სიყვარულს დააბრალა ალბათ…
დაგვტოვა „ხიმჩისტკამ” ქუთაისის ცენტრალურ  ავტოსადგურში.  დაგვემშვიდობა. მანამდე ლამის იტირა, პაწა ხნით მაინც წამოდითო, წეიხემსებთ და წახვალთო.  ეუო, გეიგიჟა თამაზამ თავი, ჭმულები ვართ, ვიცი მე თქვენი პაწა ხანიო,  შეყვარებული მელოდება, რაფერ ვუღალატოო. კიდე ერთხელ დავაბიჯე ფეხი, კიდე შეხტა, თითქოს ლურსმანი შეერჭოო, მაგრამ გადათქმით არ გადაუთქვამს.  შეყვარებული და ჯანდაბა შენ-მეთქი, კი გავიფიქრე, საიდანაა ნეტა ჭმული, როის მოასწრო, მარა თქმით არ მითქვამს არაფერი.
მივედით „თბილისის” ტრაფარეტიან მარშუტკასთან, რამდენ ხანში გახვალთ-თქო - ვეკითხებით.  ა, გავდივართ უკვეო,  არიქა არ გაგვასწროთო თამაზამ, ორი ადგილი ხო გაქვთო, კიო მძღოლმა თქვენ გინახავდითო  და თოვლის ბაბუასავით გაგვიცინა...  ხო, თოვლი ისევ ისე მოდის და მოდის, თოვს და თოვს. ან არ ეზარება, ან არ დაიღალა!  აპა!  თოვს და თოვს...
- გადავალთ რიკოტზე? – იკითხა ერთმა რომ დავჯექით... 
- გადმოვედი  და გადასვლას ვინ დამიშლის... – დიდი გულზეა მძღოლი.
- კი გადმოხვედი მარა, თოვს მთელი დღეა და...
- წმინდავდნენ  გზას გრეიდერები...
- თამაზა ისევ ტელეფონს ჩაკირკიტებს, ხო მანამდე ბარათიც გააქტიურა...
- რაო, რას გწერს? – ვეკითხები მე...
- ერთი სული მაქვს როდის გნახავო!
- შენ რას წერ?
- მე ვწერ ამ საკითხში ერთსულოვნები ვართ-მეთქი...
- რაღა გიჭირთ...
- მგზავრებს ვათვალიერებ და ვხვდები, რატომაც გაგვიღიმა ტკბილად შოფერმა - მარშუტკა სანახევროდ დაგვხვდა სავსე... ჩვენს წინ ორი მოხუცი ზის, ოთხმოცს არაფერი ეკლებათ არცერთს... შეციებული ბეღურებივით ეხუტებიან ერთმანეთს... მათ გვერდით ახალგაზრდა ბიჭი ზის, „მსოფლიო სპორტით” ხელში, ჯვრებს სვამს, ნიჩიებზე თამაშობს ალბათ. მათ უკან ჩვენ ვზივართ. ჩვენს უკან ორი ქალი ზის. ერთი  ქერათმიანი, ოცდაათი-ორმოცი წლის იქნება ან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები, ქალის ასაკს რას გაიგებ!  მეორე შავგრემანი უფრო უფროსი ჩანს. რაც ამოვედი ამ ქერთმიანს ენა არ გაუჩერებია, ამხანაგს უყვება ამერიკაში ვმუშაობ, დედა მომენატრა და ჩამოვედიო. დედაჩემი „სკაიპში” ვერ შემოვიყვანე, ეშმაკის მოგონილიაო, მე მგონი განგებ არ მენახება რომ თავი მომანატროსო...
    კართან რომ სკამია, იქ ვიღაც გაბრაზებული კაცი ზის. გაბრაზებული რატო ვამბობ, ხმა კი არ ამოუღია ჯერ, რაც ამოვედით, მაგრამ სახეზე ეტყობა რომ გაბრაზებულია...  მთლად უკან კი შეყვარებული წყვილია, 18-20 წლის, სტუდენტები ალბათ, ისინი თავისთვის ჩურჩულობენ რაღაცას, მობილური უჭირავთ, ტელეფონებით სიმღერებს ცვლიან, რაღაც კლიპებს აჩვენებენ  და ფეხებზე კიდიათ გარეთ თოვლი მოდის, წვიმაა  თუ  იქცევა  საერთოდ ქვეყანა... ისე ჩვენს წინაც რომ ორი  მოხუცი  ზის,  ესეც შეყვარებული წყვილია აშკარად, მერე რა რომ სტუდენტები არ არიან და ბლუტუსი არ აქვთ ტელეფონებში ჩართული...  ამათ ალბათ შვილიშვილები მოენატრათ და მიდიან დასახედად, აბა ჯერ ზაფხულამდე შორსაა...
-    ისიდორე, ფერი არ მომწონს რაცხა შენი, სიცხე ხომ არ გაქვს?! – წუხს ქალი...
-    კაი ახლა მარგალიტა, ამ სიცივეში სიცხე თუ მექნა გაგიხარდეს... – ამშვიდებს კაცი...  მარგალიტამ მკვირცხლად დაძებნა ჩანთაში რაღაც, თურმე თერმომეტრი, მზრუნველად ჩაუცურა კაცს იღლიის ქვეშ  და „განაჩენის" მოლოდინში გაიტრუნა. გავიდა 5 წუთი. ამოიგო ისიდორემ თერმომეტრი და ისე გადააწოდა, მარგალიტას, ზედ საერთოდ არ დაუხედია... მოჭუტა თვალები მარგალიტამ,  იტკიცა ლოყაზე ხელი  და ლამის იკივლა...
- ნენა, 37-ს უჩვენებს „გრადუსნიკი", - მერე მე მომიბრუნდა, - შენს გაზრდას, ერთი მინახე ზუსტად რამდენია, ვნახე და 36 დ 9 უფრო იყი ვიდრე 37,  მაგრამ  37-ზე მაინტერსებდა ქალის რეაქცია უფრო... ამიტომ დავეთანხმე კი ოცდაჩვიდმეტია-მეთქი...
-  უსიცხო ანთება არ გქონდეს, არ დევიღუპო, ჭირიმე...  – მიუბრუბდა ისიდორეს...
-  ნუ გეშინია მარგალიტა, პაწა სიცხე კი უნდა გქონდეს ცოცხალ ადამიანს... -  ამშვიდებს ისიდორე...
-  ა, დალიე ეს, ბაღანამ დატოვა, რო შეატყობთ გაცივებთ, მაშინათვე დალიეთო...
-  არ მაცივებს ბეჩა, შენ გვერდით რა შემაცივებს, -  უღიმის ისიდორე...
-  დალიე თუ გიყვარდე... -  არ ისვენებს მარგალიტა...
-  კაი ბეჩა, რავა შეაწუხე აი ხალხი, - ხვდება ისიდორე რომ ყველა მათ ვუსმენთ ახლა...
-  დალიე და არ შევაწუხებ არავის...
დალია ისიდორემ წამალი, ნაბეღლავის ბოთლით წყალი დააყოლა და დამშვიდდა მარგალიტა...
- არ წავალთ აწი? -  გაბრაზდა გაბრაზებული...
- მოვიდეს კიდე ერთი-ორი კაცი და წავალთ... – მოუბრუნდა შოფრის
გვერდით მჯდომი, ეტყობა ნაპარნიკი.
- რომ არ მოვიდეს არავინ რა ვქნათ?
- წავალთ კაცო, წავალთ... – ეტყობა ბუნტს მოერიდა მძღოლი.
- მალე გახვალთ? – კარი გაიღო და იკითხა, ვიღაც მთვრალმა.
- ათ წუთში...
- სად მოვრბოდი, ათ წუთში სამ სადღეგრძელოს იტყოდა კაცი... – ქერათმიანს ელაპარაკება დიდი ხნის ნაცნობივით...  რა ვიცი იქნებ ნაცნობიცაა...
- წადით ბატონო და თქვით, ვინ გიშლით, -  ქერათმიანს აშკარად არ ესიამოვა მთვრალის დაჟინებული მზერა... არც ნაცნობია, აშკარად...
- ალკოჰოლი დაგღუპავსო, საწყალი მამაჩემი მეუბნებოდა,  დღეს  უნდაAA მამაჩემს გავუგონო,  ვასილიჩ, არ ვსვამ დღეს მეტს, - ცას ახედა მთვრალმა და ქერათმიანის გვერდით დაჯდა... ქერათმიანი შეიშმუშნა, ამერიკა მოენატრა ალბათ...
-      ღვინო დაგღუპავს შენ და ქალებიო, ვასილიჩი მაფრთხილებდა. ვსიო,  არ ვსვამ დღეს მეტს... - გააგრძელა მთვრალმა, - შენ ხომ არ დამღუპავ? – მიუბრუნდა ქერათმიანს...
- გამანებეთ ბატონო თავი...  - გაბრაზდა ქერათმიანი...
- კაი, წავიდეთ აბა, თორემ წავალ ახლა ტაქსით, ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი და მოვალ, ჰა,  რას იტყვით – მძღოლს  თუ  მის  ამხანაგს ეკითხება ახლა მთვრალი...
-   გავალთ მალე... – რაღაც უხალისოდ პასუხობს მძღოლი...
-   მოკლედ გავვარდი ახლა მე, საღორიეს ასახოვთამ კალონკა რომ არის იქ დაგხვდებით ათ წუთში... – გადავიდა მართლაც ეს  მთვრალი, თან ცას გამოელაპარაკა, კიდე, -  ვასილიჩ ერთი სადღეგრძელო და მორჩა... არ ვსვამ დღეს მეტს, ხო დაგპირდი...
- ნორმალური იყო ახლა ეს? – ეკითხება ქერათმიანი ქალი მასზე ცოტა უფროსს ამხანაგს...
- კაი რას ერჩი, ნახე როგორ უყვარს მამა... – იცავს მისი ამხანაგი მთვრალს...
    არ დაგვმატებია მეტი არავინ. გაბრაზებულმა, თუ მიდიხართ წადი ბიძია, თუ არ მიხვალთ და ისიც გვითხარიო,  ჩავალთ მაშინ და სხვა რამეს წავყვებითო.  მძღოლმა ალბათ იფიქრა გზაში დავიმატებ ვინმესო  და  როგორც იქნა აამუშავა მატორი და დავიძარით...  კალონკასთან მართლა დაგვხდა მთვრალი, ხუთ კაცთან ერთად. თავიდან ვფიქრობდით ყველა მოდიოდნენ, ქერათმიანმა, ესენი თუ ყველა ამოვიდა, ჩვენ ჩავიდეთო, ამხანაგს.  მძღოლს გაუხარდა ალბათ, შეივსებოდა კიდეც მარშუტკა. თურმე ვასილიჩის ბიჭს აცილებდა ყველა,  „აბა ვასიკო შენ იცი,  აბა ვასიკო შენ იცის” ძახილით,  თუმცა ის ვერ გავარკვიე, რა იცოდა ვასიკომ...
    -  ვასილიჩ არ  დამილევია ერთის მეტი,  ხო დაგპირდი! – ისევ ცას ახედა დაჯდომის წინ ვასიკომ და  ისევ ქერათმიანის გვერდით დაჯდა... 


        IV  ნაწილი.  ეჰ, ანუ „ვარდები არ არიან...”  და  დასასრული



თოვს ისევ,  ძალიან ლამაზია ირვლივ ყველაფერი. ბევრი კარგი მხატვარია, მაგრამ ბუნებასთან ვერ მივა ვერც ერთი. მარა ახლა გრიგალიც რომ მიახატა ბუნებამ თეთრად გადაპენტილ მიდამოს, ეს არ მომწონს... ქარი ისე ატრიალებს ნამქერს, სამი მეტრის იქეთ არ ჩანს დრო და დრო არაფერი... ჩვენ მაინც მივდივართ.  გზა და გზა თოვლში გაჩხირული მანქანები გხვდება უპატრონო ობლებივით მიტოვებულები, რაც ცოტა გვაშინებს, მაგრამ აგვიკლო მძღოლმა ტრაბახით: სულ ახალი პაკრიშკები მაქვს, ნურაფრის გეშინიენ, აქ არ ვარო. მთვრალმა ვასიკომ არაფრის არ მეშინია მე,  ისე ერთი სადღეგრძელო კიდე მინდოდა და უკან ხომ არ დავბრუნდეთ ქუთაისში და მერე წამევიდეთ ისევო,  რაზეც ქერათმიანმა,  რას მოდიოდი გენაცვალე,  ვინ გექაჩებოდა, გექეიფა თუ ასე გინდოდაო. ვერ გავიგეო – ვასიკომ,  თან უღიმის.  რა ვერ გაიგეო, - ქერათმიანმა. რაღაცა კი თქვი, მაგრამ ისე ლამაზი ხარ, ვერაფერი ვერ გავიგეო - ვასიკომ. გაწითლდა ქერათმიანი,  ვერ თქვა ვერაფერი, აბა იმაზე ხომ არ დაუწყებდა ჩხუბს, ლამაზი ხარ რატომ მითხარიო?!  მაგარია ეს ვასიკო...
თამაზა ისევ მესიჯებს წერს, რომ არც დაღლილა, თან უკვე  მერიდება ვკითხო რას წერს - ახლა ალბათ სუგუბო ლიჩნიი რაზგავორები აქვთ. არც თვითონ რომ არ აპირებს ძალიან დიდი აღტაცებით მიწერ-მოწერის შინაარსის გამხელას, ეს ნაღდია. სიხარული დათამაშებს  სახეზე და ხან მესიჯს აგზავნის, ხან კითხულობს, თან ჭმულია, რა ენაღვლება...
გავცდით ამასობაში  ზესტაფონს, თოვლის საფარველი იზრდება და იზრდება.  ვიარეთ ალბათ ნახევარი საათი. მთვრალმა ვასიკომ მომშივდა და მწყურია, კიდე სხვა რაღაცეებიც მინდა და როდის გააჩერებთ მარშუტკასო. მძღოლმა გადავიდეთ  დღიურად რიკოთს და გავჩერდეთ მერე სადმეო და გავჩერდით... ისეთი პრობკაა, თბილისში მარჯანიშვილზე რომ იცოდა პიკის საათებში...  ვიდექით ერთი საათი, ერთი სანტიმეტრი არ წავსულვართ წინ... ამბავი მოიტანეს ტრაილერია ჩახერგილი და ვერც წინ მიდის და ვერც უკანო...  მანქანების მწკვრივს ბოლო არ უჩანს, თან გვემატება და გვემატება, გზის საპირისპირო მხარე კია ცარიელი, მაგრამ იქეთ პატრული არ გვიშვებს, საერთოდ ჩაიხერგება გზა და სამი დღე მოგიწევთ აქ ყოფნაო...
ქერათმიანი თავიდან ყვება, რა კარგია ამერიკა, თითქოს იქ არ იყოს თოვლი და ქარბუქი, და მით უმეტეს პრობკები. იქ რომ გრიგალი იცის (თან ქალის სახელებით, ამ პრინციპით ქალი  გრიგალი გამოდის), ჩვენთან მონაგონია.  ისევ დედა მომენატრა და ჩამოვედიო. ვეხვეწები სკაიპში შემოდი, დამენახე-მეთქი, მაგრამ ვერ შემოვიყვანე ვერაფრით, ამბოობს ეშმაკის მოგონილიაო. მე მგონი განგებ არ მენახება რომ თავი მომანატროს და მე მის სანახავად ამერიკიდან ჩამოსული აგერ ვარ რიკოთზე გაჭედილიო.
-  დედა მომენატრა, საქართველო კი არა... – დაამთავრა მონოლოგი მონატრებაზე.
-  დედა მოგენატრა? – გაუღიმა გვერდით მჯდომმა ვასიკომ,  - მოდი მომეხუტე!
-  მომაცილეთ ეს კაცი! – ვერ მოითმინა და იყვირა ქერათმიანმა...
-  რა ვქნა, ქალბატონო, ამ ყინვაში გზაზე ხომ არ დავტოვებ? -შეშინდა  მძღოლი, თან ფულიც არ მაქვს ჯერ აკრეფილი.
-  მაშოვნინა ერთი კანისტრა ბენზინი გადამავლებია საქართველოზა და დამაწვია! -  ამბობს ისევ ქერთმიანი. ესეც გიჟი, საქართველო თუ დაიწვა, დედამისიც არ დაიწვება?! მერე ვინ მოენატრება?
-  ძვირია ქალბატონო, ძვირი ბეზინი, თან მსოფლიო ბაზარზე მისი ფასი კატასტროფულად მატულობს... – ამბობს ისიდორე.
-  კაი ბეჩა გაჩერდი,  მოიცა სიცხე გაგისინჯო კიდე უნდა, - ამბობს მარგალიტა და ისევ მკვირცხლად ეძებს თერმომეტრს  ჩანთაში.
- …კაი მარგალიტა, ახლა არ გავისინჯე?! რაღას ამომაცალე მაშინ, ყოფილიყო, - უწყრება  მეუღლეს ისიდორე, მაგრამ მაინც მორჩილად იდევს თერმომეტრს.
- ხალხი ხართ თქვენ და ქართველები გქვიათ, საქართველო არ გეცოდებათ და ბენზინი გენანებათ! – ვერ მოითმინა მსოფლიო სპორტიანმა ახალგაზრდამ, ალბათ პატრიოტული ბანაკიდან...
-  შენ ბიძია რა გენაღვლება ახალგაზრდა ხარ, სისხლი გიდუღს. მე გამიდგა ფეხებში უკვე ყინვა, ვინ მიშველის, საქართველო? – ეს გაბრაზებული კაცი გამოვიდა სიტყვით...
- ვინ მოიგონა ახლა ეს ამხელა თოვლი და ქარბუქი, მთავრობამ ალბათ, ესენი რას მოიგონებენ კარგს, მოვლენ მერე გეტყვიან ხმა მომეციო... – იცინის ისიდორე.
-  რას ვშვებით, - მოწყდა თამაზა მესიჯურ რეალობას და მეკითხება, მხოლოდ ახლა შეამჩნია ეტყობა, რომ ვდგავართ...
-  მარშუტკა რომ არის ერთ ადგილზე და არც წინ არ მიდის და არც უკან  ხვდები? – ვეკითხები მე.
-    მართლა? -  გამოფხიზლდა უცებ.
-    სად ხარ ახლა იცი?
-    შევდივართ უკვე თბილისში?
-    თბილისი კი არა რიკოთი არ გადაგვივლია ჯერ.
-    და რა გვჭირს?!
-    პრობკაა, მოსახვევში ტრაილერი ყოფილა გაჭედილი, ვერც წინ მიდის ვერც უკან!
-    აუ, რა პრობკა თუ ძმა ხარ,  შეყვარებული  მელოდება!
-    უთხარი მძღოლს, იქნება ვერტალიოტი გიჩალიჩოს!
თამაზა მართლა  გადავიდა მძღოლთან...
-    რას ვშობით ძამა?!
-    რა უნდა ვქნათ?
-    რა უნდა ვქნათ და თბილისში ჩევიდეთ დღეს უნდა უსიკვტილოდ...
-    ვა, შენ გგონია მარტო შენ გინდა თბილისში?
-    მერე წაი ძამა...
-    ვინ  გიშვებს, ვერ ხედავ პრობკა რომა?
-    აქეთ ხომ არა პრობკა, - მიანიშნაა გზის მეორე მხარეს.
-    მაქეთ პატრული არ გვიშვებს.
-    ვინ კითხავს პატრულს... კაი, პატრულს  მე დაველაპარაკები, შენ წაი..
-    და რას ეტყვი?
-    კაცო შენ წაი, პატრული მე მომანდე... ორსულად არ გვყავს არავინ მარშუტკაში? – მგზავრებს ეკითხება ახლა თამაზა, ვერიჩქა ექიმბაქშთან რიგი გაახსენდა მგონი...
-  კი,  მე, -  გამოეხმაურა ვასიკო მთვრალი, - ერთი სული ხო აქ მაქვს და მეორე სული ახლა ქუთაისში მაქვს სუფრაზე,  სად მოვდიოდი, რა მეჩქარებოდა?!
-  შენ არ დაგიჯერებენ...
-  მალე ჩავალთ? -  იკითხა ახლგაზრდა ბიჭმა მთლად უკანა სავარძელზე, შეყვარებულთან ერთად რომ არის იმან. თამაზას არ იყოს,  მგონი არც იმან იცის,  რომ  მარშუტკას ჯერ გზის  მესამედიც არ აქვს გავლილი...
-  ნენა, მე ვიტყვი, ორსულად ვარ მეთქი, მარა დამიჯერებენ, - ეშმაკურად იცინის მარგალიტა, -  ა, რას იტყვი ბერიკაცო, ვთქვა?
- ქალო, ორსულობა თუ გინდოდა რას მომარბენინებდი ქალაქში? – ყასიდად უჯავრდება ისიდორე და ისიც იცინის.
-  მიჩვენე ერთი გრადუსი, ფერი არ მომწონს რაცხა შენი... – გრადუსი გაახსენდა ისევ მარგალიტას...  ისიდორემ ისევ ისე მორჩილად ამოიღო გრადუსი  და კიდე არ დაუხედია ზედ, ისე გადააწოდა. მარგალიტამ კი ისევ მე მთხოვა,  სანამ აჩკებს დავძებნი,  იქნებ ნახო რამდენიაო. დავხედე გრადუსს, 36  და  ექვსი იყო, 36 და 5-ია-მეთქი, დავაბრუნე თერმომეტრი  წეღან შენახული ერთ  მეათედ გრადუსიანად. გაუხარდათ ორთავეს. მოგხდენია ბეჩა ბაღანეს დატოვებული წამალიო, ცრემლი მოადგა თვალზე  მარგალიტას. 
ამასობაში თამაზა ქერათმიანს უყურებს კითხვის თვალით...
-  იქნებ თქვენ, - მორიდებულია აშკარად, …ე. ი. ახალმა სიყვარულმა ხასიათის ახალი შტრიხები შემატა მის ხასიათს.
-  რას მიყურებ, ორსულად კი არა გათხოვილიც არ ვარ ჯერ, - გაწიწმატდა ქერათმიანი, - გაგიჟდა ყველა ამ ქვეყანაში, რას მოვრბოდი... ვინ მექაჩებოდა...  და საერთოდ, ორი შეყვარებული მყავდა საქართველოში, სხვადასხვა დროს და რა თქმა უნდა, უვარგისი იყო ორივე, ორივეს დავშორდი და ბიჭისთვისაც არ მიკოცნია ჯერ...
-  რატომ მერე? -  გაკვირვებით უყურებს მთვრალი ვასიკო...
-  არაა მაგი თქვენი საქმე... – ისე მიახალა ქერათმიანმა ვასიკოს, ნამდვილად არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას, ანუ ქერათმიანის გვერდით ჯდომას ახლა...
-  ქალბატონო იქნებ ამ ერთხელ ა, იცით აუცილებლად უნდა ვიყო ამ საღამოს თბილისში... თქვენ უნდა მიშველოთ... – ზრდილობად ეტალონად იქცა თამაზა...
-  რა ვქნა ბატონო, თქვენი გულისთვის უნდა დავორსულდე ახლა აქ მანქანაში...
-  მე მზად ვარ გავიღო მსხვერპლი და ამ საქმეში დახმარება გაგიწიოთ, მე არც მახსოვს  რამდენი  შეყვარებული მყავდა და ყველას ვაკოცე... – ამბობს ვასიკო, ეტყობა არ იცის გრიგალს რომ ეთამაშება... 
-  არა, დაორსულება არ იქნება საჭირო, უბრალოდ ორსულის როლი უდა ითამაშოთ... – ეს ისევ თამაზაა.
-  ოღონდ ეს კაცი მომაშორეთ და  თანახმა ვარ! – თქვა უცებ ქერათმიანმა,  - მაინც რა უნდა ვქნა?
-  დიდი არაფერი, უკან სავარძელზე წამოწექით და პატრული რომ შემოყოფს თავს, ერთი-ორჯერ წამოიკვნესეთ...
-  კარგი, -  დათანხმდა უცებ ქერათმიანი... 
სულ ცოტა ხანში ქერათმიანი უკვე უკანა სავარძელზე იწვა, მარგალიტას წამოღებული ადეალა ქონდა გადაფარებული და კვნესაში ვარჯიშობდა. თავზე თანამგზავრი ამხანაგი ადგა  და ვასიკო, რომელმაც განაცხადა, მე ვითომ ქმარი ვიქნები და თვალების ჟღიმლვა დაიწყო, ვითომ ვნერვულობ და ვტირიო, მოკლედ ყველაფერი მზად იყო.
თამაზა, ამ სცენის მთავარი რეჟისორი,  მძღოლებს შეეხმაურა, შეგიძლიათ დაძრათ მანქანაო. მოწყინდა ეტყობა მძღოლსაც პრობკაში ყოფნა,  გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და გარეკა.  გარეკა და სამი მანქანა გამოგვეკიდა პატრულის…უკან. მივედი ამასობაში  გზაში გაჩხურულ ტრაილერამდე  და მოგვადგა უკან სამივე მანქანა...
გადმოდის ერთი მანქანიდან და ჩვენს მძღოლს ეუბნება საბუთებიო, აქედან თამაზა ყვირის, რაის საბუთები, ქალს მშობიარობა ეწყება, იქნებ ხაშურამდე მაინც ჩავასწროთო. პატრულმა მართლა შემოიხედა მანქანაში. მარგალიტამ თავშლით მოიწმიდა ცრემლი, იქნება მოგვეშველოთ თქვენ გენაცვალეთო. ქერათმიანმა, სცენარის მიხედვით როგორც იყო საჭირო, ერთი-ორი კი არა,  ისე დაიწყო  კვნესა, ქვას დაეწვებოდა გული...… ვასიკომ მისი ხელი დაიჭირა და  „ნუ გეშინია შენი ჭირიმე აგერ ვარ  და ნუ გეშინია შენ გენაცვალე, ყველაფერი კარგად იქნებაო”-ს ძახილს მოყვა. ისეთი კადრი იყო, ერთი პირობა მეც დავიჯერე ქერათმიანის ორსულობა, ვასიკოს მისი მოყვარულ-ქმრობა და ეს-ესაა ახალი სიცოცხლე უნდა მოევლინოს უნდა  ქვეყანას-მეთქი...
პატრულმა ნუ გეშინიათ, გამოგვყევით, იქნებ როგორმე გზა გაგინთავისუფლოთო.  მართლაც, როგორღაც მიწი-მოწიეს მანქანები და ჩვენი მარშუტკისათვის გასასვლელი გაანთავისუფლეს,  ერთ პატრულის მანქანას  არც მოვუტოვებვართ რიკოთის გვირაბამდე...

მერე პატრულის მანქანას ეტყობა შეტყობინე მოუვიდა შემთხვევის შესახებ, ბოდიშის მოხდით დაგვემშვიდობნენ, ბიჭიანობა გვისურვეს და უკან გაბრუნდნენ. ყველა საკუთარ ადგილს დაუბრუნდა, ვასიკო და ქერათმიანი ისე ტკბილად აღუღუნდნენ ჩვენს უკან, თითქოს 20 წლის უნახავი  კლასელები შეხვდნენ, სკოლაში რომ უყვარდათ ერთმანეთი,  მერე რაღაცა მიზეზებით დაცილდნენ  და ახლა პირველ სიყვარულს იხსენებენო...
ამასობაში გვირაბიც გავიარეთ და სურამში  ცოტა ხნით შევისვენეთ კიდეც და საერთო სუფრაც გავშალეთ. გაბრაზებულიც არ ჩანდა ისე გაბრაზებული, როგორც თავიდან მეგონა,  ვასიკო გადაყვა ქერათმიანს, აბა რა მოგართვა  და აბა რა მოგართვა, ბავშვი არ დამიჩაგროო, თან იცინოდა, ქერათმიანიც აღარ ბობოქრობდა უკვე, გრიგალიც ჩადგა და ამინდმაც გამოკეთება დაიწყო...  ვასიკომ ბავშვი კი გვყავს უკვე და ბარემ ცოლად გამომყევიო, იქვე სუფრაზე.  ქერათმიანმა,  მერე შენს ცოლშვილს ვინ მიხედავსო, აშკარად ოჯახური მდგომარეობის გარკვევისათვის გადააგდო ანკესი. ვასიკომ ცოლშვილი რომ მყავდეს ასეთ ამინდში ქუთეისს დავტოვებდი და თბილისში წამოვიდოდიო... იყო ერთი სიცილი...
ყველამ იცოდა, თამაზას რომ გულს სწორი ელოდებოდა და დიდხანს არ შევჩერებულვართ... მალე გაილია გზა. თბილისი ჩამოსულები ოჯახის წევრებივით დავცილდით ერთმანეთს. გამოფხიზლებულმა ვასიკო  ქორწილში უნდა დაგიძახოთ უსათუოდ, თეთრ როიალთან უნდა გაქეიფოთ ქუთაისშიო - ხო ვამბობდი ქუთაისში ყველას თეთრი როიალები აქვთ-მეთქი! ქერათმიანი ისე თვალმხიარულად იცინოდა, მგონი ისიც არ იყო  უარზე და რიკოთს აქეთ არც ამერიკაზე უთქვამს რამე.
მე და თამაზამ ტაქსი დავიჭირეთ, კოლმეურნეობის მოედანზე  ყველაზე ლამაზი ვარდები ავარჩიეთ და თამაზას შეყვარებულის კორპუსს მივადექით. მოვედიო, მიწერა მესიჯი... ჩამოვალო, მოვიდა პასუხი... ისე „ამოდის” ველოდი... მერე პატარ ტრილერი  დატრიალდა, ჩემი, თამაზას და მისი შეყვარებულის  მონაწილეობით, რომელიც  რატომღაც, ბიჭი აღმოჩნდა და  „ვარდები არ არიან, მაგრამ რა მევარდება”, ეს სიმღერა გამახსენდა.
- შენ ხარ? -  კითხა თამაზამ.
- კი მე ვარ.
- ბიჭი ხარ?! -  თამაზა ეკითხება ისევ, ალბათ იფიქრა მოლანდებები ხომ არ დამეწყოო.
- კი ბიჭი ვარ. – პასუხობს ის ბიჭი. დაიძაბა სიტუაცია... ჩხუბის სუნი დატრიალდა...  აქ ვიღაცას მოხვდება...
- შენ უნდა გამიკერო იღლიაში გარღვეული პერანგი? – ეკითხება ისვე თამაზა...
- კი, მე უდა  გაგიკერო!
- შენ ხო იცოდი რომ თამაზა ვარ და ბიჭი ვარ... -  დაიბნა თამაზა.
    კი ვიცოდიო, იმან, რა იყო, არავაჟკაცურიაო, ვიცოდი ბიჭი რომ იყავი მაგრამ შენი სპეტაკი სული შემიყვარდაო. გაგიჟდა თამაზა, დამცინი კიდეცო და ხელით, ფეხით, თავით, კბილებით და ვარდებით ერთდროულად გადავიდა შეტევაზე, მარტო იყო ის ბიჭი, თან აშკარად სუსტი ჩანდა თამაზაზე, თან ორი ერთზე ჩხუბი არ მომწონს და  მე შუაში ჩავდექი გასაშველებლად და მაინც ორი-ერთზე ჩხუბი გამოვიდა - ისე გამოვიდა,  ორივე  მე მირტყამდა..., ისე ვანათებდი თვალებით, როგორც საახაწლო ფეიერვერკი. მშვენიერი სურათი იყო, დაბლა ასფალტზე მიყრილ-მოყრილი ვარდები და მაღლა კიდე ჩემი თვალებიდან წამოსული ნაპერწკლები...
ამ ჩხუბსა და ალიაქოთში  პატრულის მანქანა გაჩნდა საიდანღაც... ჯერ ერთი, მერე მას უცებ მეორეც მოყვა, კაი პრისტუპნიკებივით დაგვარტყეს ალყა, მანქანაში უნდოდათ ჩავესვით სამივენი,  ისევ მე დავუწყე მტკიცება, რა ჩხუბი, ვხუმრობდთ მეთქი, რაის ხუმრობა ჩალურჯებული გაქვს თვალებიო ერთმა, ეტყობა ძალიან მაგრად გვიხუმრია-მეთქი. რადგან ნაცემი და გალახული მე ვიყავი მხოლოდ და ჩივილს არ ვაპირებდი, გაგვანებს თავი....  მერე ის ბიჭი წავიდა, ისე რომ ისიც ვერ გავიგე, მართლა უყვარდა თამაზა თუ პროსტო ღადაობდა. წასვლის წინ, კიდე უთხრა „ როგორ შევცდი შენში, შენ კაცი კი არა, შენ ყოფილხარ მხეციო”.  თამაზა კიდე აპირებდა მუშტების ჩართვას საქმეში,  მაგრამ მე გავაჩერე,  გააანებე თავი უყვარდი, ხომ არ ძულდი-მეთქი. ერთი მეც შემომიბღვირა. წამოვედით. მერე მეუბნება, რაღაც ფეხი მტკივაო. რა ფეხი მეთქი, აი რაღაც მარცხენა ფეხი გული მტკივაო, ადრე სიყვარულის ბრალი მეგონა, მეგონა გულით რომ შემიყვარდა ფეხის გულამდე გაჟონა და ახლა ერთი უნდა ვნახო, რამე ხომ არ მაქვს ფეხსაცმელშიო.  მართლაც ნახა და ლურსმანი ქონოდა ტუფლში გაყრილი და ის აწუხებდა თურმე,  თვითონ რომ სიყვარულს აბრალებდა... ძლივს ამოვაძვრეთ ლურსმანი, „ჯემალას” გასაღებები …ქონდა გამოყოლილი და იმით.
უკან მატარებლით წამოვედით იმავე საღამოს. მთელი გზა ხმამ არ ამოუღია თითქმის, დილით ადრე სამტრედიაში ჩამოვედით და იქ ჩვენი სოფლის ავტობუსს რომ ველოდებოდით,  მესიჯი მოუვიდა.  შიშით ამოიღო  ტელეფონი, კიდე ის ბიჭი  თუა,  ახლა გავაფრენო (ვითომ ადრე არ აფრენდა!), დახედა ტელეფონს  და უჰო, ამოისუნთქა,  სად გავახსენდიო?
- ვინ არის?
- პირველი ცოლი.
- რას გწერს-?
- „ცუდო, საზიზღარო, როგორა ხარო?”, ეტყობა კიდევ ვუყვარვარ?!
- კი, თბილი მესიჯია? – დავცინი. არ იტყობს...
- ხო გახსოვს თინიკო, არ იყო ცუდი გოგო, არა და რატო ვეჩხუბე,  ჭადის გადაბრუნება ვერ ვასწავლე  და იმიტომ... არა და რა პრობლემა იყო, მთავარია ხო აკრავდა ტაფაზე და გადმობრუნებით ბოლო-ბოლო მე გადამებრუნებინაო, ახლა საწოლში მაინც მეყოლებოდა ვინმე გადასაბრუნებელი... ისევ თინიკო ხომ არ მოვიყვანო ცოლად?!
-   მე მეკითხები?
- ხო, ასპირანტურა კაცი ხარ, თან ძმაკაცი, აბა ვის ვკითხო?!
- მოყვანე თუ გიყვარს და თუ უყვარხარ, მარა გამოგყვება კი?!
-   კაცო ატვეჩაი ვარ, მარა პაწა შენც დამეხმარე. ხო იცი ცოლისძმას არ ვევასები  და საჯოვახოში რომ ჩავალთ, შენ ჩაგაგზავნი, შენ მაგრად უყვარხარ ყველას (მაბამს მისი ჭკუით), გამოიყვანე თინიკო და მერე მე ვიცი...
- ალაოდ ხომ არ ხარ, შეჩემა, ჯერ შენმა შეყვარებულმა მცემა, ახლა შენი პირველი ცოლისძმას ვაცემინო თავი? – გავბრაზდი მე.
- ხო კაი კაი, მაშინ მესიჯს გავუგზავნი,  გზაზე დამხვდეს სუნკით...
მართლაც გააგზავნა მესიჯი... ეს არაფერი, მაგრამ ყველაზე საკვირველი ის იყო, მართლა რომ დაგვხვდა საჯოვახოს ასახოვთან თინიკო საკმაოდ მოზრდილი ჩანთით ხელში...
მაინც მოიყვანა თამაზამ მეოთხედ ცოლი... შვილო თინიკო რაფერ შენ შენი დაბრუნებით გაგვახარე, შენისთანა რძალი არ გვყოლია ჯერ ჩვენო,  სულ ლოცვა კურთხევით შეგვხვდა თამაზას დედა, ნუცა ბიცოლა... თამაზაც ისე იყო გახარებული, თითქოს პირველად ბედნიერდებოდა...
ეს ყველაფერი კაი. ერთადერთი ის არ ვიცი, ორშაბათს სკოლაში ბავშვებს რა ვუთხრა დასინიაკებულს რომ მნახავენ. არადა მკითხავენ აუცილებლად, „რა გჭირს მასო?” მოვიგონო უნდა რამე, აბა იმას ხომ არ ვიტყვი, თამაზა და მისი შეყვარებული (თან კაცი), ჩხუბობდნენ და მე ვაშველებდი-მეთქი...

    დასასრული
                  5.05.2008 წ



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები