ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2021


აოკიგაჰარა

ოდესღაც,
სხვა ტყეთა მსგავსად,
მშვიდი ვიყავ.
დიდრონი ხეებით,
გამოქვაბულებით,
ვიდექი უხმოდ,
ფუძიამას მთის
ჩრდილო-აღმოსავლეთ
ფერდობთან.
მერე გამოჩნდა
პირველი თვითმკვლელი...
მას შემდეგ,
„თვითმკვლელთა ტყე“
ვარ.
მე მოგიყვები სამ თვთმკვლელზე.
კვირის სამ დღეზე.
მე მოგიყვები სამ სიკვდილზე.
მშვიდად იყავი.
ორშაბათი:
ჰაერში ბამბუკის და ცაცხვის სუნი ირევა.
ჩქამიც არ ისმის.
დაცვარულ ბალახს მხის სხივი ეპარება.
აშრობს.
გამოჩნდა კაცი.
თავდახრით მოდის.
აუჩქარებლად.
თითქოს ფიქრშია.
ხელში თოკი აქვს.
დაგრეხილი. მსხვილი.
ძირს იყურება.
თავს მაღლა არ წევს.
მძიმედ სუნთქავს.
ცდილობს ფოთლებს არ დააბიჯოს.
ჩერდება.
წყალს სვამს მათარიდან.
წინ ცაცხვის ხეა.
გამძლე ტოტს არჩევს.
ყულფი მზადაა.
ჯიბიდან იღებს მობილურს.
კრეფს მესიჯს.
„მაპატიე. იმედია, ოდესმე ისევ შევხვდებით“.
უგზავნის შვილს...
ხუთშაბათი:
ის კაცი გუშინ ჩამოხსნეს ხიდან.
ტოტი გაშეშებული მაქვს.
გული მტკივა.
შუადღეა.
ბალახში ხვლიკები სრიალებენ.
ჰაერში სიკვდილის სუნი ტრიალებს.
გამოჩნდა კაცი.
ახალგაზრდა.
წვერგაპარსული.
კარგი აღნაგობის.
მხარ-ბეჭიანი.
ხელში თოფი აქვს.
იქნებ, სანადიროდ იყოს გამოსული?
ჩქარი ნაბიჯით მოძრაობს.
განა ასე, მხეცს არ დააფრთხობს?
ნეტავ, სანადიროდ იყოს გამოსული.
არას ვჩივი.
თანახმა ვარ, შვლის ნუკრიც მოკლას.
ჩერდება.
ირგვლივ იყურება.
თვალები ემღრევა.
მუზლებზე დგება.
ნიკაპს ლულაზე აბჯენს.
თვალებს ხუჭავს.
საჩვენებელი თითი სასხლეტზე უდევს.
...
ტოტებიდან ათასობით ჩიტი აფრინდა.
კვირა:
საღამოა.
გრილა.
საცაა დავიძინებ.
არავინ გამოჩენილა.
თვალები მიმძიმდება.
ვხუჭავ.
ბილიკზე ერთი კაცი გამოჩნდა.
არც თოკი აქვს.
არც თოფი.
მშვიდად ვარ.
სეირნობს ალბათ.
არც თავდახრით იყურება.
სუნთქვა არ მესმის.
ჯერ შორსაა.
მიახლოვდება.
თანაბრად სუნთქავს.
ცალი თვალი მოვხუჭე.
ზურგჩანთა ჰკიდია.
იქნებ სოკოების საკრეფად არის მოსული?
მაშინ, დილით მოვიდოდა.
ალიონზე.
მოჭუტულ თვალს ვახელ.
ჩერდება.
ხსნის ზურგჩანთას.
იღებს კატანას.
იხდის სამოსელს.
ბალახში ხვლიკები სრიალებენ.
ბალახი გაწითლდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები