ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2021


სიმთვრალის ლექსი

სინათლის ნატეხს, იმ სინათლის, რომელსაც ყველა
ვეძებთ ჩვენს სულში, როცა ღამე გაშლის თავის ფრთებს,
ვეძებ და ისევ ვერ ვპოულობ. მე მაინც მჯერა,
რომ არსებობა ყველა ჩვენგანს გაგვითავისებს.

ჯანდაბას რითმა. რთული არის პირველი პწკარი,
პირველი განცდა სიარაფრის და მერე გრძნობა,
რომ ყველა სიტყვის უკან მყოფი უცნობი კარი
შეიღება და რაღაც მსგავსი - სიმართლის - მოვა.

თუმცა არაფერს, სულ არაფერს არ ამბობს ეს გზა.
რამდენჯერ მოკვდი. რამდენ გზაზე ატყვია შენი
ნაბიჯის კვალი, რაც არ მიდის არსად და ზეცა
კვლავ რჩება შორი და იმედი ნათელი ზეცის

ხილვის, კვლავ რჩება. ეს სტრიქონიც უცხოა ისევ.
შენს თითებს თითქოს აჯადოვებს უცნობი ჯადო.
უშეგრძნებობით სავსე არის ხილული სივრცე
და თავადაც კი აღარ გჯერა, რასაც შენ ამბობ.

მოისხი ღამე და მიჰყევი უცხო ხეობებს.
თქვან შენზე ძვირი ლეგენდები იმათმა ვისაც,
არ შეუგრძვნია სიკვდილის და გლოვის ზეობა...
ჰო ასე, ასე, ასე იქმნა პირველი სიტყვა...

და სიტყვა იყო ღმერთი და აქ ღმერთივე იშვა.
ამ ჩემს მაჯებში ღმერთი დადის დღესავით ცხადი.
მე ღმერთი მსჯის და ყოველ ნაბიჯს ღმერთივე მიცავს
და თუ შენც შეძლებ, ადექი და უბრალოდ წადი

იქ სადაც ყველა მუშტისხელა სიფიცხით თვალში
გიმზერს და ვერსად ვერ წაუხვალ ამ მღვრიე რენტგენს,
სადაც ლექსები სამსჯავროა, სიცოცხლე ვალი
და შენს სიტყვებში არაფერი, უბრალოდ გზებზე,

უცნაურ გზებზე გაბიჯების სურვილი დაძრწის.
მოიმტვრევ თითებს (სულ უბრალოდ) რომ აღარ წერო,
რომ არსებობის ოკეანის შორეულ ნაპირს
მიაღწიო და განადგურდე. ასე რომ, შენ რომ

შეგეძლოს სიტყვის ფართო ხნულებს ჩაეკრა გულში
როგორც მარცვალი ღმერთის ნაზი, თეთრი პეშვიდან -
გადარჩებოდი. გადარჩენა რთულია, რთული!
თუმცა სხვა რა გზა დაგვრჩენია... ესეც მეშვიდე

ან მეშვიდასე მცდელობაა მოგწერო რამე.
ჩემო უცნობო, უსახო და უღმერთო ძმაო.
მე წავალ, როცა დამიძახებს უძილო ღამე
და ლექსს დაგიდებ განშორების უცნაურ კართან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები