ნაწარმოებები



ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პროზა
16 მაისი, 2021


გლუკომეტრი

წლების წინ,
ერთი ბიჭი ფოსტაში მუშაობდა კურიერად.
საქმე კარგად რომ შეისწავლა,
სტაჟიორი მიაბარეს,
ასაკით მასზე უფროსი იყო,
თუმცა ადვილად გაუგეს ერთმანეთს.
ძეხვეულის ფაბრიკაში მუშაობდა კაცი და ძირითადად დახურულ სივრცეში უწევდა ყოფნა. პატარა ბავშვივით უხაროდა ქუჩა-ქუჩა, კორპუს-კორპუს სიარული, თან ბიჭს საქმესაც უმსუბუქებდა.
სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა მათი თანამშრომლობა. შემდეგ ის კაცი სხვა საფოსტო განყოფილებაში გადაიყვანეს.
ერთხელ, როდესაც მუშაობას მორჩნენ და ფოსტისკენ მიდიოდნენ,
გზად მეორადი ტანსაცმელის მაღაზიაში შეიარეს. ბიჭმა თავისთვის და კაცისთვის პერანგი იყიდა. კაცი არ ელოდა ბიჭისგან ასეთ საქციელს. თვალები გაუწყლიანდა და უთხრა, აქამდე ჩემთვის არავის უყიდია რამე, მშობლების გარდაო...
შენც ასე მოიქცეოდი-უთხრა ბიჭმა და წავიდნენ ფოსტაში.
თითქმის ხუთი წელია, რაც ბიჭი ფოსტიდან წამოვიდა, სხვათა შორის კაციც, მაგრამ ერთმანეთი არ დაუკარგავთ, დღემდე მეგობრობენ.
გუშინ კაცმა დაურეკა. მოიკითხა. ბიჭმა უთხრა, შარშან ნოემბერში დიაბეტი აღმომაჩნდაო. ვმკურნალობო. ჯერ აპარატის ყიდვას თავი ვერ დავადგიო.
დღეს კაცმა ბიჭს დაურეკა და უთხრა: მეტროსთან გელოდები, აფთიაქის შესასვლელთან. ჩამოდი და აპარატი წაიღეო...
შენც ასე მოიქცეოდი ჩემს ადგილას, ხომ გახსოვს, შენი სიტყვებიო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები